x
Porto Bello
imageწითელი ორშაბათი
შავ კარებზე თეთრი ასოებით იყო გამოსახული “ფსიქოანალიტიკოსი”. დედ-მამამ სახელური ჩამოსწია და 7 წლის ბიჭუნა ძალდატანებით ოთახში შეიყვანა.


- რა სიმპტომები აღენიშნება პაციენტს?, - კითხულობს შავ მაგიდასთან მჯდომი თეთრხალათიანი ექიმი.


- ჩვენი შვილი ტანსაცმელს სულ უკუღმა იცვამს მაისურს, შარვალს, ქურთუკს…


-ფეხსაცმელსაც კი სიტყვას აწყვეტინებს მამა, რომელსაც შუბლზე ძარღვი ისე დასჭიმოდა, იფიქრებდით საცაა გაუსკდებაო.



- გარდა ამისა ამტკიცებს, რომ ბალახი იასამნისფერია, ხეები იისფერი, მზე ლურჯი, - აგრძელებს შეშფოთებული დედა. ვის გაუგონია ლურჯი მზე ვის უნახავს ექიმო? საუბრის დროს კი ყოველთვის აორმაგებს ასობგერებს, არ წყნარდება დედა…


- ბიჭუნა, შეგიძლია მითხრა ასე რატომ იქცევი? – კითხვით მიმართავს ექიმი პაციენტს.


- მმომმწოონს, – მოკლედ პასუხობს ბიჭი და შავ-თეთრ კედელს თვალს არ აშორებს.


- გასაგებია. ამბობს დიდსათვალიანი ექიმი და შავი კალმით თეთრ ფურცელზე იწყებს პაციენტის ისტორიის შევსებას.


ჩივილები: პაციენტი ურევს ფერებს, აორმაგებს ბგერებს, ვერ არჩევს მარჯვენასა და მარცხენას.
დიაგნოზი: მწვავე მიდრეკილება განსხვავებულობისაკენ.
დანიშნულება: დღეში 3 ჯერ ნორმალური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა აუცილებელია ხშირად იაროს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
ხელს აწერს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ფსიქოანალიტიკურ დარგში დ. ჩვეულებრივი.


ნარინჯისფერი სამშაბათი
როგორც მშობლები აღნიშნავდნენ, მკურნალობის სეანსი პირველივე დღეს წარუმატებლად დაიწყო. ნორმალურობისკენ მიმავალ გზაზე ბიჭმა მოინდომა გამვლელი გოგონასათვის ეთხოვა, რომ ლიმონათის ცარიელი ქილა ტროტუარზე კი არა იქვე მდგარ სანაგვე ურნაში ჩაეგდო. მშობლები დამწუხრდნენ.


ყვითელი ოთხშაბათი
ბიჭმა თავისი გემრიელი ფუნთუშა მეტროს შესასვლელთან ქუჩის მიუსაფარ, გაძვალტყავებულ, მშიერსა და მოუვლელ ძაღლს გაუნაწილა. მშობლები კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მეტად დამწუხრდნენ.


მწვანე ხუთშაბათი
ამჯერად 7 წლის ბიჭმა თავისი დანაზოგი თანხით ქუჩის კუთხეში მდგარი მოხუცისგან იასამნები იყოდა და სკამზე მარტოდ მჯდომ გოგონას აჩუქა. ამჯერად მშობლების წუხილი ბრაზში გადაიზარდა.


- მე ვფიქრობ, რომ ბიჭი განზრახ იქცევა ასე, რათა ჩვენ ცუდად ვიგრძნოთ თავი – მკაცრი ტონით თქვა მამამ.


- ვერ ვხვდები ასე ვინ იქცევა, ნამდვილად ჩვენი დასჯა სურს?!, - დაეთანხმა დედა.
ბიჭის “უცნაური” საქციელი გრძელდებოდა ცისფერ პარასკევსა და ლურჯ შაბათსაც. სამარშუტო ტაქსიში ჯერ ადგილი დაუთმო მძიმე პარკებით დატვირთულ ჭაღარა ქალბატონს, შემდეგ სრულიად უცხო გამვლელებს უღიმოდა ქუჩაში.
დედ-მამამ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ბიჭის გამოსწორებაზე. “მას არ უნდა სხვებივით ნორმალური და ჩვეულებრივი იყოს. ჩვენ ვერაფერს შევცვლით”, - დაასკვნეს ერთხმად.


იისფერი კვირა
დილით დედამ შვილის ოთახის კარი შეაღო და მუქ კედელზე ფერადი რკალები დაინახა. ბიჭი ოთახში არ იყო. თეთრ მაგიდაზე კონვერტი იდო, რომელსაც გარედან წარწერა ჰქონდა “ვინ მოგვისაჯა მდელოთ სიმწვანე, მოდი, გავისეირნოთ იასამნისფერ მდელოზე”.

შეშინებულმა მშობლებმა კონვერტი სასწრაფოდ ექიმ-ფსიქოანალიტიკოსს წაუღესს. ექიმმა ცისფერი ფურცელი ამოაძვრინა და წითელი ასოებით დაწერილი სიტყვები ხმამაღლა ამოიკითხა – ” Porto Bello “


- მაინც რა არის ეს Porto Bello? – იკითხა და პასუხს არც დალოდებია ისე დაიწყო ინტერნეტში განმარტების ძებნა.


Porto Bello – ეტიმოლოგია წარმოიშვა გამორჩეულთა ქვეყნიდან და ნიშნავს იცხოვრე სიკეთით.
დედამ შავი კედლის ფონზე მჯდარ თეთრხალათიან ექიმს თვალი მოარიდა და ცას ახედა. წვიმას მთლიანად გადაეღო და ფერადი რკალები, რომლებიც დილით შვილის ოთახში ნახა, ახლა ცის ფონზე შვიდ რიგად იყო განაწილებული. ახლა უკვე დედაც ლურჯად ხედავდა მზეს!!

0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანუკა მაღლაკელიძე
ნანუკა მაღლაკელიძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0