x
ფარისეველთა აღლუმი საქართველოში

არჩევნები ახლოვდება. პოლიტიკოსებმა უკვე დაიწყეს ქულების დაგროვების მცდელობა, რომელიც, ტრადიციულად, სხვა პოლიტიკური ძალის ლანძღვა-გინებაში გამოიხატება. არცერთი პოლიტიკური ძალა არ ცდილობს საკუთარი პროგრამის (თუ ასეთი გააჩნიათ) უპირატესობა წარმოაჩინონ ნათლად და ამით დაუმტკიცონ საზოგადოებას, მათი არჩევისას უკეთესი ცხოვრება ექნებათ თანამოქალაქეებს, ვიდრე ახლა აქვთ. თუმცა, ხალხის ამაში დარწმუნება, ნამდვილად გაუჭირდებათ, რადგან ხალხს უკვე მტკიცედ სწამს, პოლიტიკოსს ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის სჭირდება. ამიტომ, ამომრჩეველი იმას აძლევს ხმას, ვინც მას ან მის ახლობელს აძლევს შანსს თანამდებობაზე მოხვდეს.
ჩვენმა პოლიტიკოსებმა დაივიწყეს, ან არ იციან, რისთვის არსებობს სახელმწიფო და რატომ შეიქმნა იგი. სახელმწიფოს არსებობა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ამ სახელმწიფოში მცხოვრებთ უკეთ შეეძლოთ თავის დაცვა გარეშე მტრისგან, განავითარონ თავისი მეურნეობა და ამ გზით შეძლონ უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნა. თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი ქვეყნის გავლენის გაფართოება სხვა ქვეყნებზე; ეს ბაზრის გაფართოების შესაძლებლობასაც იძლევა და სხვა ქვეყნის ბუნებრივ თუ ადამიანურ რესურსებზე წვდომასაც აადვილებს. ამის მისაღწევად ორი გზა არსებობს: ან უნდა გაგაჩნდეს ძლიერი სამხედრო ძალა, ან უნდა ფლობდე დიდ პოლიტიკურ ცოდნას. პირველი შემთხვევა ჩვენი ქვეყნისათვის უტოპიურია; მეორეს მისაღწევად საჭიროა ძლიერი განათლებული საზოგადოების არსებობა.
საგანმანათლებო სისტემის გაძლიერება, აუცილებელი პირობაა ქვეყნის გასაძლიერებლად. ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2400 სასწავლო დაწესებულებაა, მაგრამ მათი უმეტესობა ელემენტარულ ტექნიკურ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს, რათა მოსწავლემ კარგი ცოდნა მიიღოს. ამას ემატება ისიც, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ფასიანია. საქართველოში სასწავლო დაწესებულებებზე რამდენჯერმე მეტი ეკლესიაა. ახალი თაობა ხედავს, რომ ეკლესიის მსახურნი უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე მეცნიერები. ამიტომ, ისინი თავს აღარ აკლავენ რთული საგნების შესწავლას და ლოცვების ცოდნით ცდილობენ გაიკაფონ გზა ცხოვრებაში.
ეკლესიის განვითარებას და პოპულარიზაციას ჩვენი პოლიტიკოსები და უმაღლესი თანამდებობის პირებიც უწყობენ ხელს: პრეზიდენტმა სახალხოდ აკურთხებინა თავისი კაბინეტი, პრემიერი და მინისტრები კი ცდას არ აკლებენ საზოგადოების წინაშე ღრმად მორწმუნის სახელი დაიმკვიდრონ. ამით ისინი ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვონ და ამით უზრუნველყონ ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობა.
მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებს, რაც სხვა აღმსარებლობის მორწმუნეებს და ათეისტებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ჩვენი კონსტიტუციით კი ყველა ადამიანი თანასწორია. ის მიზეზი, რომ მართლმადიდებლური ეკლესია სსრკ-ს დროს მიყენებულ ზიანის საკომპენსაციოდ იღებს ბიუჯეტიდან ფულს, სრულიად აბსურდულია, რადგან სსრკ-ს დროს მარტო მათ არ მიუღიათ ზიანი და საერთოდაც, სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთია. შესაბამისად, თუ კომპენსაცია ეკუთვნით, რუსეთს უნდა მიმართონ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
გარდა დაფინანსებისა, რელიგიური ორგანიზაციები განთავისუფლებულნი არიან გადასახადებისაგან, ამით ქვეყნის ძირითადი სიმდიდრე მათ განკარგულებაში გადადის ნელ-ნელა. ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გადასახადის გადამხდელ მეწარმეთა რაოდენობა ძალიან მცირეა. ეს მეწარმეები საბანკო თუ სხვა საფინანსო წყაროების ვალებით მუშაობენ და მათ მიერ გადახდილი გადასახადები არ ხმარდება მათივე ბიზნესის განვითარებას.
ამიტომ, უფრო გონივრულია, თუ პოლიტიკოსები და ხელისუფალნი თავს დაანებებენ აშკარა ფარისევლებას და უფრო პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგავენ ქვეყნის განსავითარებლად.
ჩვენი ქვეყნის ერთერთი უბედურება დიდი ბიუროკრატიული სახელმწიფო არმიაა. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 70-მდე კაცი მუშაობს, მაშინ როდესაც ჩვენს სოფლის მეურნეობის ერთ დეპარტამენტში 250-ზე მეტი კაცია დასაქმებული.
ბიუროკრატიული აპარატის შემცირება თავისუფლადაა შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. დღევანდელი საინფორმაციო ტექნოლოგიები სრულად იძლევა საშუალებას, რუტინული საქმიანობით დაკავებული სახელმწიფო მოხელე ჩაანაცვლოს კომპიუტერმა. ეს ყველა ხელისუფლებას კარგად ესმის, მაგრამ უმუშევართა რიცხვის გაზრდის შიშით, ამას არ აკეთებენ, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ბიზნესის განვითარებაზე.
ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი თავდაცვის მინისტრი ინიშნება, მინისტრობის კანდიდატი პირობას დებს, რომ გააუქმებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს; მაგრამ იგი მალევე ავიწყდებათ, რადგან ამით დაფინანსება შეუმცირდებათ და ბევრი თანამშრომლის განთავისუფლება მოუწევთ სამსახურიდან.
იმ თანხებით, რასაც პოლიტიკური პარტიები ხარჯავენ წინასაარჩევნოდ, სრულიად არაა ძნელი კვალიფიციური, პრაგმატული, დასაბუთებული საარჩევნო პროგრამის შესაქმნელად თითოეული დარგის მიხედვით თუ რა ღონისძიებებია გასატარებელი ქვეყანაში. თუმცა, პარტიები, ამ თანხების დიდ ნაწილს, ყოვლად უსარგებლო სარეკლამო რგოლებსა და ბანერებში ხარჯავს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის და პერსპექტივის დასაბუთებული სურათი გააცნოს საზოგადოებას, რადგან ისინი არც კი განიხილავენ ასეთი გზით წარმატების imageმიღწევას არჩევნებში. ამიტომ, მოსალოდნელია, წინასაარჩევნოდ ისევ ვიხილოთ, ყველა სახის
მედია საშუალებებით, პოლიტფარისეველთა აღლუმი ფარისევლური დაპირებებითურთ.

0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0