x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ბიზნესის გზამკვლევი II
ბიზნეს საქმიანობის დაწყების შემდეგ, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე ხშირად გვჭირდება სხვადასხვა სტანდარტების გამოყენება.ხშირად ჩვენი საქმიანობა საჭიროებს ლიცენზიას, პატენეტს ან /და პროდუქციაზე გვჭირდება შტრიხკოდის გამოყენება.

ვის ჭირდება ლიცენზია?

ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება საჭიროა ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც რეგულირდება სახელმწიფოს მიერ და ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან.არსებობს ლიცენზიის შემდეგი სახეები :

საქმიანობის ლიცენზია, სარგებლობის ლიცენზია, გენერალური ლიცენზია და სპეციალური ლიცენზია.


საქმიანობის ლიცენზია - ლიცენზიის სახეობა, რომელიც საჭიროა კანონით ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის განსახორციელებლად. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მაძიებლის მიერ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და უკავშირდება სუბიექტს. საქმიანობის ლიცენზიის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია.

სარგებლობის ლიცენზია - ლიცენზიის სახეობა, რომელიც საჭიროა სახელმწიფო რესურსებით სარგებლობისათვის (მაგ: სასარგებლო წიაღისეული, ხე-ტყე, მიწისქვეშა რესურსი და სხვა). სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით;

გენერალური ლიცენზია - უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია

სპეციალური ლიცენზია - უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს ლიცენზირებადი საქმიანობის რომელიმე ვიწრო საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია.

საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტო“ .სააგენტო გასცემს შემდეგი სახის ლიცენზიებს :მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია, თევზჭერის ლიცენზია, ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია.

რა არის შტრიხკოდი? 1977 წელს მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა შექმნეს პროდუქციისა და მომსახურების საერთო აღმრიცხავი სისტემა.მონაცემთა ელექტრონული გაცვლის პროცესში ყველანაირი სავაჭრო დოკუმენტაცია წარმოდგენილია GS1 (Global Standarts 1) სისტემაში დადგენილი სტანდარტული გზავნილების სახით. დღეისათვის საერთაშორისო ორგანიზაციაში GS1 გაწევრიანებულია 110 ქვეყნის ორგანიზაცია.GS1 სტანდარტების შტრიხ-კოდების გამოყენება უამრავ ხელსაყრელ პირობას უქმნის, როგორც პროდუქციის მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს, ასევე მომხმარებლებს, კერძოდ:
უზრუნველყოფს მარაგების მოწესრიგებულ და ეფექტურ მართვას;
უზრუნველყოფს გაყიდვათა შესახებ მონაცემების ავტომატურ მიღებას და ახალი შეკვეთების დროულად შესრულების შესაძლებლობას;
ამცირებს შეცდომების დაშვების შესაძლებლობას საცალო ვაჭრობაში მომხმარებელთან ანგარიშსწორების დროს;
იძლევა საშუალებას განისაზღვროს არსებული პროდუქციის წარმატება ბაზარზე;
ამცირებს საინვენტარო, შრომით და ადმინისტრაციულ დანახარჯებს;
უზრუნველყოფს ლოჯისტიკური ოპერაციების მოწესრიგებას და პროდუქციის პროდუქციის იდენტიფიკაცია აუცილებელი პირობაა ექსპორტისათვის, მნიშვნელოვანი პირობაა მონაცემთა ელექტრონული გაცვლისა.

GS1 საქართველო” არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ახდენს ქართული პროდუქციისა და მომსახურების უნიკალურ იდენტიფიკაციას საერთაშორისოდ აღიარებული საიდენტიფიკაციო სისტემის მიხედვით.იმისათვის, რომ კომპანია გაწევრიანდეს "GS1 საქართველო"-ში, კომპანიის ხელმძღვანელის, ან უფლებამოსილი პირის მიერ "GS1 საქართველო"-ს ოფისში წარდგენილ უნდა იქნას:
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (reestri.gov.ge);ორგანიზაციის ბეჭედი;
კომპანიის ლოგო (ელექტრონული ვარიანტი);
ჩამონათვალი საიდენტიფიკაციოდ განკუთვნილი პროდუქციისა და ამ პროდუქციის
შესახებ შესაბამისი ინფორმაცია: (სავაჭრო დასახელება, პროდუქტის სახეობა, წონა/მოცულობა, შეფუთვის სახეობა);
საჭიროა შეივსოს "GS1 საქართველო"-ს საწევრო განაცხადი;

GS1 სტანდარტების შტრიხ-კოდები გამოიყენება, როგორც სავაჭრო პროდუქციისა და მომსახურების, ასევე, მატერიალური აქტივებისა და ფიზიკური ადგილმდებარეობის უნიკალური იდენტიფიკაციისათვის. არსებობს GS1 სისტემის შემდეგი სახის სტანდარტები: სავაჭრო პროდუქციის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი (GTIN).

ადგილმდებარეობის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი (GLN), ლოჯისტიკაში გამოყენებული საიდენტიფიკაციო ნომრები (SSCC), მომსახურების გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი (GSRN).

რა არის პატენტი?

პატენტი არის გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებული მონოპოლიური უფლება, რომლის საფუძველზეც პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონებით ან სასარგებლო მოდელით სარგებლობა. ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება დასტურდება საპატენტო სიგელით (პატენტით), რომელსაც გასცემ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - “საქპატენტი“. პატენტი შეიძლება გახდეს გაყიდვის ან ლიცენზირების ობიექტი.

პატენტი გაიცემა:

მოწყობილობებზე (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელ.სქემები და ა.შ.);

ნივთიერებებზე (ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები, ნარევები და ა.შ.);

ბიოლოგიური მასალებზე (მიკროორგანიზმების შტამი, მცენარეთა და ცხოველთა ასოციაციები, უჯრედების კულტურები და ა.შ.);

ხერხზე (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.).


პატენტი იცასვ შემდეგ გამოგონებას :

სიახლე
1.გამოგონება ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის მსოფლიოში ტექნიკის არსებული დონიდან გამომდინარე და რომელიც ცნობილია წერილობით, ზეპირი აღწერით ან სხვა გზით გამოგონებაზე განაცხადის შეტანის თარიღამდე.

2.საგამომგონებლო დონე გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ იგი სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან

3.სამრეწველო გამოყენებადობა გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სფეროებში.

გამოგონება არის იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტის იდეა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას.

სასარგებლო მოდელი იგივე გამოგონებაა, რომელსაც დასაცავად ნაკლები მოთხოვნები

პატენტის საფუძველზე წარმოიშობა საპატენტო უფლებები, რომლებიც ორი სახისაა

პირადი არაქონებრივი;

ქონებრივი.

პირადი არაქონებრივი საპატენტო უფლება ეკუთვნის მხოლოდ გამომგონებელს. გამომგონებელს გააჩნია გამომგონებლად დასახელებისა და აღიარების მოთხოვნის უფლება, აგრეთვე, გამოგონების ან სასარგებლო მოდელისათვის სპეციალური სახელწოდების შერჩევის უფლება. ეს უფლებები განუსხვისებელია. ქონებრივი საპატენტო უფლებები საპატენტო სამართალში განსაკუთრებული უფლებების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ უფლებებს შეიძლება ფლობდეს გამომგონებელიც და ნებისმიერი სხვა პირიც, თუ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოში გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად საჭიროა განაცხადის საქპატენტში წარდგენა, სადაც ტარდება კანონით გათვალისწინებული ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც გაიცემა ან არ გაიცემა პატენტი.საქპატენტში განცხადება შეტანილი უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები - ნებისმიერ ენაზე; ამასთან, საგანაცხადო მასალების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა შეტანიდან ორი თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქართული თარგმანის წარდგენა. image


0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია87
ხატია87
189