x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
თბილისის საშიში და მისტიკური სახლები. არქიტექტორ შიმკევიჩისა და სომეხი ვაჭრის საიდუმლო

თბილისში არაერთი ადამიანია, რომელიც ამტკიცებს, რომ სახლი, სადაც ცხოვრობს, მისტიკური და საშიშია. ამასთან, ცნობილია: 10 შენობა ისეა განლაგებული, რომპენტოგრამას ქმნის (პენტოგრამა სატანიზმის მთავარი ნიშანია). შეიძლება, უბრალოდამთხვევაა, მაგრამ ამ ათივე სახლის ნომერში 6-იანი დომინირებს. თითოეულ სახლს, შესაძლოა, გვირაბიც აქვს, რომელიც კონკრეტულ ადგილს უკავშირდება..

„ეშმაკის სახლის“ ძიებაში, ფურცელაძის ქუჩაზე აღმოვჩნდი, სადაც დამწვარ სახლს წავაწყდი, თუმცა ხანძრის მიუხედავად, საყოფაცხოვრებო ნივთები - საწოლი, ტელევიზორი, კარადა აღმოვაჩინე. აქაურობა კატების საცხოვრებლადაა ქცეული და მისტიკურ არსებებს ჩემი სტუმრობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

„სახლი თავდაპირველად ფრენბურთის ფედერაციას ეკუთვნოდა, შემდეგ, ერთი კაცი შესახლდა, ლოთი იყო და აქაურობა ლოთების თავშესაყარად აქცია. ერთ ღამეს ხანძარი გაჩნდა, თუმცა ხანძრის მიზეზი არ დაუდგენიათ. ის კაცი დაიწვა... სხვა უცნაური არაფერი შეგვინიშნავს... ამჟამად სახლს ახალი პატრონი ჰყავს“, - მეუბნება დამწვარი სახლის მეზობლად მცხოვრები ციცო ერისთავი, რომელსაც კვერს სხვა მეზობლებიც უკრავენ...

ხალხს სიტყვა პენტოგრამაზე ჩამოვუგდე. ინგოროყვას ქუჩის გაგონებაზე ერთ-ერთმა თანამოსაუბრე მამაკაცმა სახე შეიჭმუხნა, ეგ სახლი უცნაური ისტორიებით ცნობილიაო.ეშმაკის სახლი
„ჩემი ბიძაშვილი გოგიტა, რომელიც გორის რაიონში, ჭალის უბანში ცხოვრობს და ეს სახლი არასოდეს უნახავს, 11 დღე კომაში იყო და თბილისში მდებარე „ეშმაკის სახლს“ ხედავდა. არადა, სინამდვილეში, ეს სახლი არასოდეს უნახავს. კომიდან რომ გამოვიდა, ყველაფერი დეტალურად აღწერა. მერე, ნათესავი გარდაგვეცვალა, რომელიც ინგოროყვაზე, ამ სახლთან ახლოს ცხოვრობდა. გასვენებაში რომ ჩამოვიდა, გოგიტამ კომაში ნანახი „ეშმაკის სახლი“ იცნო“, - მიყვება უცნობი მამაკაცი.

სახლი, რომელიც ინგოროყვას ქუჩაზე დგას, მართლაც შემზარავია: გარე ფასადს იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და დიდყურება ფიგურა „ამშვენებს“, რომელსაც მრისხანე გამომეტყველება აქვს... სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული.

ამ სახლის ერთ-ერთი იდუმალი ადგილი სხვენია, სადაც გადმოცემით, მრავალი წლის წინ, სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. ლეგენდის თანახმად, სახლი მე-19 საუკუნეში, კერძოდ, 1888 წელს, სომეხმა ვაჭარმა იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილ არქიტექტორს, ალექსანდრე შიმკევიჩს ააშენებინა. შიმკევიჩსვე ეკუთვნის თბილისის ყველაზე ლამაზი შენობები: ისლამური სახლი (1885 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.)... ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიც, არქიტექტორ ტატიშჩევთან ერთად, შიმკევიჩის, ასე ვთქვათ, ნახელავია. სხვათა შორის, ერთხელ, კონცერტის დროს, თეატრში დავიკარგე - მეგობართან ერთად, სარდაფის მსგავს ადგილას აღმოვჩნდი. იქაურობა სარკოფაგს ჰგავდა - ჰაერს მოლურჯო-შავი ფერი ჰქონდა. შემეშინდა... მოგვიანებით ითქვა, რომ რუსთაველის თეატრში მოჩვენება გამოჩნდა...

შიმკევიჩი მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდა და არა - კერძო სახლებზე. საინტერესოა, სომეხ ვაჭარს, რომელიც შესაძლოა, სატანიზმის მიმდევარი იყო, ზემოხსენებული სახლის აშენებაზე რატომ დასთანხმდა? გოგონა, რომელმაც სხვენზე თავი ჩამოიხრჩო, ერთი ვერსიით, ვაჭრის ცოლი იყო, მეორე ვერსიით კი, - ქალიშვილი.

სახლს სარდაფი და საიდუმლო გვირაბიც აქვს, რომელსაც სარიტუალო დარბაზში მივყავართ. ზოგი ამბობს, რომ სახლს მთლიანად ეშმაკის ფორმა აქვს, რომლის ფეხებიც სარდაფია, თავი კი - სხვენი, თუმცა სიმართლე გითხრათ, სახლის არქიტექტურა ეშმაკს ნამდვილად ვერ მივამსგავსე... სხვათა შორის, სახლში ბუხრის მსგავსი „ნივთია“, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი.

კითხვა-კითხვით მეზობელ სახლში მცხოვრებ 68 წლის ბატონ ავთოსთან მივედი. რომ ვუთხარი, „ეშმაკის სახლზე“ უნდა გესაუბროთ-მეთქი, ღიმილით მომიგო, რომელ ეშმაკებზე უნდა მკითხოთ, ამჟამად მთავრობის სათავეში რომ დგანან, თუ ადრე რომ იდგნენო.

ბატონი ავთოს თქმით, უცნაური არაფერი შეუნიშნავს, გარდა იმისა, რომ სახლზე მძრომიალე გოგო-ბიჭები დაბლა „პანტა პუნტით“ ენარცხებიან.

„ისე, გიორგი მარგველაშვილი, როცა 6 წლის იყო, ამ ქუჩაზე ცხოვრობდა და მამამისმა იწინასწარმეტყველა, ჩემი ბიჭი პრეზიდენტი გახდებაო“, - ამბობს ბატონი ავთო.

ამბობენ, რომ ამ სახლის ისტორიით ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, რომელიც უკვალოდ გაქრა. იმასაც ამბობენ, რომ „ეშმაკის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატელეფონო კავშირი წყდება, ითიშება ვიდეო და აუდიო აპარატურა... შეიძლება, დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სახლთან საღამოს კიდევ გავიარე და იისფერი კალამი ვიპოვე. მოგვიანებით კი, აღმოვაჩინე, რომ ყველა რესპონდენტის აუდიოჩანაწერი მეხსიერების ბარათიდან წაიშალა, თუმცა ნაწილის აღდგენა მოვახერხე.

მართლა არსებობს თუ არა თბილისში „სატანური არქიტექტურა“? ამ საკითხზე მამა თეიმურაზ თათარაშვილს გავესაუბრე...

- მამა თეიმურაზ, რას იტყვით თბილისში არსებულ პენტოგრამაზე?

- საყოველთაოდაა ცნობილი, რომ თბილისში, გარკვეული სახლები, ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამ კავშირში შეიძლება, ე.წ. პენტოგრამაცაა. ეს შენობები ქრისტიანული არაა, თუმცა ეკლესიას გადაჭრით არ შეუძლია, თქვას, თბილისში პენტოგრამა მართლა არსებობს თუ არა, მაგრამ ეკლესია, რა თქმა უნდა, არ უარყოფს, რომ თბილისში გარკვეული სატანური დაჯგუფებები არსებობდა და დღემდე არსებობს, სადაც გარკვეული ძალები შავ-ბნელ მსახურებას ეწეოდნენ...

- თუკი დავუშვებთ, რომ ესა თუ ის სახლი სატანურია, ეს ამ სახლში მცხოვრებლებზე რა გავლენას მოახდენს?

- თუ ადამიანი ისეთ სახლში ცხოვრობს, რომელიც მაგიურია და ჯადოქრული მიზნით შეიქმნა, მასზე, რა თქმა უნდა, გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა მოხდება, მაგრამ თუ ადამიანი მართლმადიდებელია, ეკლესიურად ცხოვრობს და სახლიც ორგზისაა ნაკურთხი, შეუძლებელია, ყველაფერმა ამან მასზე ზეგავლენა მოახდინოს. ნამდვილი ქრისტიანული რწმენა ყოველგვარ შიშს და უარყოფით აურას განდევნის.

- ამბობენ, რომ ასეთ სახლებში ადამიანები გაურკვეველი მიზეზით დაიღუპნენ...

- არსებობს ცნობა, რომ თვითმკვლელობით სიცოცხლე ძალიან ბევრმა დაამთავრა. არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვების მსხვერპლშეწირვაც ხდებოდა. ამ ლეგენდებზე სერიალიც კი გადაიღეს... ისე, მათ, ვისაც მსგავსი საკითხები აინტერესებს, ვურჩევ, რელიგიური თემებით დაკავდნენ...

0
269
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ალაფიშვილი
ლიკა ალაფიშვილი
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0