x
image
პროფესორი
ჯანღმა დაჰფარა ქვეყანა

ჯანღმა დაჰფარა ქვეყანა

მკვდარნი საფლავში სტირიან;
ია არ მოჰყავს გაზაფხულს,
ამოვარდნილა ძირიან.
ხეს არ მოუსხამს ფოთოლი,
მთა აღარ ამწვანებულა;
სიტკბოთ ნაქები თაფლიცა
წამხდარა, გამწარებულა.
მზე ვეღარ ათბობს ქვეყანას,
მიმქრალა, გაშავებულა.
მატლად ირევა ჩემს თვალ-წინ,
რაც ქვეყნად დაშავებულა.
გუნდი ცოდვათა წყეული,
ავსულთა ჩანადინარი,
მეხვევა თვალში და გულში,
სისხლს მადენს, როგორც ისარი.
გრძნობა წინ მიმეზიდება,
უკან მიმათრევს გონება,
მახვილმა გამჭრა შუაზე,
მჭირს ამის გამო ღონება.
არსად სჩანს ჩემთვის წამალი,
არსად სჩანს ჭირთა ფონება.
ძნელია, მეტად ძნელია
შავის ბედისა მონება!
გული მომიკლა სევდამა,
ხედვამ გონება არია,
ყველასთან გულწრფელობამა
გამხადა ცოცხალ-მკვდარია:
ჩემს ბედს თავს ადგა ავდარი,
ჯერ არ უნახავს დარია.
სიყვარულისა ფიალში
შხამი ჩამისხეს მწარია.
ვეღარ მშველს გულის სიმხნევე,
ვერც ხმალი, ვეღარც ფარია.
არაგვო, მოიშველიე
ზლაზვნით მდინარი მტკვარია.
თქვენ მაინც რამე მითხარით
გულისა მოსაფხანია.
სთქვით რამე ძველი ამბავი:
სად გაწყდა ქართლის ჯარია,
რას ფიქრობს საქართველოზე
ურჯულო თათრის ხანია.
რა გვექნა დროშა, რა გვექნა,
რომ აღარა სძრავს ქარია?
ვინ მოსჭრა ძუძუ დედასა,
დახშო სამოთხის კარია,
კერაზე წყალი დაგვისხა,
გამოგვიჯარა კარია?!
ზღვა გადმოგვიგდო მარჩობლად,
თავს დაგვცა ნიავ-ღვარია?!.
ისიმც წაწყმდება სულითა,
გვარით წყეულიმც არია!
მოგვტაცა ჩირაღდანები,
აღარ გვაღირსა კვარია,
გაგვხადა ძვირი სამოსი,
ტანზე ჩაგვაცვა ჩვარია…
აგერა ჯადოქარები,
შხამის, ბოროტის გუდები!
იმათ ნაჟლეტის ხალხისა
სისხლისა მოსჩანს გუბები!
არ მოეწყინათ ბოროტთა
საქმე და ქცევა ცუდები!
რამ ამოაგდოს ჩვენს შორის
ავსული დანაბუდები?!.
ვერ შეგიყვარებ, ბოროტო,
რაც უნდ მეჩვენო კარგადა,
მაინცა მძულხარ, მაინცა,
მოსიარულე კრავადა.
ათი-ათასჯერ დაგწყევლი,
მოგიხსენიებ ავადა.
არ მინდა შენი სალამი,
არ მინდა შენი ძღვენია.
დაჩაგრულების მჩაგვრელო,
მზარავს, მძულს სახე შენია!
არგასაჩენი უფალსა,
ნეტავ, რად გაუჩენია?!.
ბევრმა იჭაკა ბოლოსა,
თუმც ბაქიობდა თავშია,
და დღეს-კი ტვინ-გაყინული
აღარ ეტევა კანშია.
ავი და კარგი ქვეყნისა
მას აღარ მოსდის ჭკვაშია,
„პრინციპი“ – „იდეიები“
გადუსროლია წყალშია,
მამა-პაპათა ანდერძი
მიკიტნებს მისცა ვალშია.
დღეს იგი ქვეყნის მოზარეს
ცეცხლს უდებს, როგორც ჩალასა,
მის აზრს და წრფელსა გრძნობასა
ეძახის ხათაბალასა.
ზოგმა გაყიდა ნამუსი,
დღეს ის სულ-ხორცით სხვისია,
მისგან რას კეთილს მოელით,
ვინც გულ-გონებით მქისია?!.
აღარც ქვეყნის ხმა აშინებს,
აღარც რომ მსჯავრი ღვთისია!
სათქმელად ფრიად ძნელია, –
უფრო სასმენლად ყურითა:
ყვავთა ხელთ იგდეს ბულბული,
ჰსტვენს დაკოდილის გულითა.
ყვავნიც ყურს როდი უგდებენ,
გონება-ბრმანი შურითა.
ისინი თავ-მომწონედა
უფრო ძლიერად ჩხავიან, –
სიტურფის მწვერვლად უცვნიათ,
თუ დაიყვირეს ძალიან.
სადღაა ბულბულის სტვენა
და მისი ტკბილი ჰანგები?
დაჩრდილულია მისი ხმა,
რაკი ჩხავიან ყვავები!..
ერთი რამ საცოდნელია
და სასწავლელი მტკიცედა:
ძმანი რომ ვერ რიგდებოდენ,
ერთმანეთს მოარიდეთა.
წავიდნენ სხვადასხვა მხარეს,
იარონ კიდით-კიდეთა.
ერთი გახდება სამგლეთა,
მეორეს შეჰხვრენ ტურანი,
ჩამოიქცევა ოჯახი,
თავს დაეხვევა ბურანი.
ჭკვა დიდი საქონელია,
ბრიყვისთვის მიუწვდომელი,
ფიქრი და აზრი კეთილი
არს მისთვის მიუხვდომელი.
ნუთუ ცალ-ხელა მუშასა
არა სჯობია ორ-ხელი?!
ბრიყვი ჭკვიანის ბარგია,
ზურგით სათრევი გუდადა,
უნდა ჭკვიანმა ასწოროს
ბრიყვის ნათალი მრუდადა.
მაგრამ ჭკვიანთაც იჭაკეს,
მოსწყინდათ მრუდის სწორება,
მიტომ ნავარდობს უბირი,
ეტყობა თავმოწონება,
გათამამებულს სიბრიყვეს
ან-კი რა შეეწონება?!.
დაძვრება მელასავითა,
დღეს ფეხს არ ადებს ჭიასა,
თუ ჰნახავს უპატრონოს სახლს
და კარს შეამჩნევს ღიასა,
შეძვრება, გამოალაგებს,
რაც-კი რამ მოსახელია,
წაიღებს, დაისაკუთრებს,
თუ ღამეც შეჰხვდა ბნელია;
მაგრამ ჯერ ცოდვა თავისი
არვისთვის გაუმხელია.
ყველას თავს ისე აჩვენებს,
რომ დიდის მადლის მქნელია.
არავის სჯერა, თუ მართლა
იგი მშიერა მგელია.
იგი ჩვენია, ჩვენი ძმა,
ჰგონია, კაი კაცია;
მოლა-მასრადინს ვამსგავსე
ის წვერ-ცმაცუნა ვაცია.
ჭორტიკაც არის, ყბედიცა,
ხანდახან კიდევ – ცეტია,
რა ბევრი ვაჭიანურო, –
სწორედ ორფეხა მხეცია.
მოტვლეპილი აქვს კინკრიხო,
ზედ ასჩენია ქეცია;
თვალებს ძირიდან აცეცებს,
ერთის შეხედვით ბეცია.
კაი-კაცობით ამ სოფლად
ვეღარვინა სჭამს ლუკმასა,
წავართოთ სხვასა, ავგლიჯოთ,
ავნი ფიქრობენ სულ მასა.
კარგნი უცქერენ სეირსა,
ასტეხენ ოხვრა-სულთქმასა,
მაგრამ ბეჩავის საშველად
არა ფიქრობენ არასა;
ვერ აბრუნებენ თვის ჭკვაზე
უკუღმა მბრუნავს ჯარასა.
თუ მაინც ცარცვა მიერგოთ,
ავს ვერ ეტყვიან: „კმარა“-სა.
დავმსგავსებულვართ ყველანი
ცხვრის უპატრონო ფარასა.

image

0
78
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0