x
image
Lerato
10 ანიმაცია, რომელსაც ბავშვთან ერთად უნდა უყუროთ

თითოეული ეს ანიმაცია გარდა იმისა რომ შედევრია, ასევე საინტერესო, შემეცნებითი, სახალისო, ემოციური, ადვილად გასაგები და უბრალოდ ლამაზია. ბავშვთან ერთად ამ საოცარი ფილმების ყურებით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. დარწმუნებული იყავით, რომ ეკრანს თვალს ვერ მოწყვეტთ!


თავსატეხი (2015)


image


რაილი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა და როგორც ყველა ჩვენთაგანზე, მის ქცევაზე ზეგავლენას ახდენს ხუთი ძირითადი ემოცია: სიხარული, მოწყენილობა, შიში, მრისხანება და ზიზღი. ემოციები გოგონას ცნობიერებაში არსებობენ და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში ეხმარებიან, აკონტროლებენ რა ყველა მის ქმედებას. რაღაც პერიოდის მანძილზე მისი ემოციები მეგობრულად თანაცხოვრობდნენ, მაგრამ მოულოდნელად ისე ხდება, რომ რაილი და მისი მშობლები პატარა წყნარი ქალაქიდან დიდ ხმაურიან მეგაპოლისში გადადიან. თითოეული ემოცია თვლის, რომ სწორედ მან იცის სხვებზე უფრო მეტად თავი როგორ გაართვას არც თუ ისე მარტივ სიტუაციას. შედეგად, გოგონას თავში ყველაფერი არეულ-დარეული აქვს. იმისათვის რომ დიდ ქალაქში ცხოვრებას შეეგუოს, შეეწყოს ახალ სკოლას და თანაკლასელებს, რაილის ემოციებმა ისევ უნდა ისწავლონ მეგობრულად მუშაობა.



ზღვის სიმღერა (2014)


image


ამ ანიმაციაში ბენისა და მისი დის საორისის არაჩვეულებრივი ისტორიაა აღწერილი. ისინი მამასთან ერთად პატარა კუნძულზე ცხოვრობენ. სამივე მათგანი ძალიან განიცდის დედისა და ცოლის სიკვდილს. ბებიასთან გადასვლის შემდეგ ბავშვები გამორბიან და ზღაპრულ თავგადასავალში ეხვევიან – უძველესი ლეგენდებისა და მაგიის სამყაროში მოგზაურობას იწყებენ. "ზღვის სიმღერაში" არაჩვეულებრივი პერსონაჟები არიან წარმოდგენილნი და ამასთან, უჩვეულო მოვლენებიც ხდება. მისი სიუჟეტი ძალიან განსხვავდება სხვა თანამედროვე ანიმაციებისგან. ფილმი არის ლამაზი, თბილი და მას თან გასდევს საოცარი ირლანდიური სიმღერები.


სიცოცხლის წიგნი (2014)


image


ანიმაცია გადაიღო დებიუტანტმა მექსიკელმა რეჟისორმა ხორხე რ. გუტიერესმა გილიერმო დელ ტოროსთან ერთად. მასში მოთხრობილია ამბავი ახალგაზრდა მონოლოზე, რომელიც მუსიკოსობაზე ოცნებობს, თუმცა, მის ოჯახს სურს ის ტორეადორი გახდეს და ამით ოჯახური ტრადიციები განაგრძოს. ფილმში წარმოდგენილია მექსიკის, ამ კაშკაშა და თვითმყოფადი ქვეყნის, კოლორიტულობა და მითოლოგია. ის გამოირჩევა ორიგინალური ანიმაციით – პერსონაჟები ხის თოჯინებს გვანან, მაგრამ ამავდროულად ფილმი დახვეწილი და ძალიან ლამაზია.


ცივი გული (2013)


image


როდესაც უძველესი წინასწარმეტყველება ახდება და მთელს სამეფოში ზამთარი გაბატონდება, ამის შემდეგ სამი უშიშარი გმირი – პრინცესა ანა, გულადი კრისტოფი და მისი ერთგული მეგობარი ირემი სვენი მთებში მიდიან რათა ანას და პრინცესა ელზა იპოვონ, რომელსაც შეუძლია ქვეყანას ეს საშინელი წყევლა მოხსნას. გზად მათ ელოდებათ უამრავი სათავგადასავლო და სახალისო ისტორია. ანას და კრისტოფს ერთად მოუწევთ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა სამეფოს და იმ ადამიანების გადასარჩენად, ვინც მათთვის ძვირფასია.


ერნესტი და სელესტინა (2012)


image


სელესტინა პატარა თაგუნაა, ხოლო ერნესტი დიდი დათვი. ანიმაცია მათ მეგობრობაზე და თავგადასავლებზე მოგვითხრობს. სელესტინა მხატვრობაზე ოცნებობს, თუმცა მისი სამყაროს წესებიდან გამომდინარე კბილის ექიმი უნდა გახდეს. ერნესტი – პოეტი და მუსიკოსი, რომელიც სავსე ცხოვრებით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს. ისინი ორ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ: თაგვების სამეფოს მაცხოვრებელთათვის მიუღებელია "დიდ ცუდ დათვთან" ურთიერთობა და ვერც დათვის მეზობლები გაიგებენ, თუ რა საერთო აქვს მას თაგვთან. თუმცა, მეგობრობა და სულის მონათესაობა ყველა ბარიერს გადალახავს.


მფრინავი სახლი (2009)


image



78 წლის ბუზღუნა კარლ ფრედრიკსენი თვლის, რომ ცხოვრებამ გვერდზე ჩაუარა. იმ მიზნით რომ გარდაცვლილი მეუღლისთვის მიცემული პირობა შეასრულოს, ის გადაწყვეტს განახორციელოს თავისი ოცნება და დიდ თავგადასავალში გადაეშვას თავის სახლს აბამს ათასობით ბუშტს და სამხრეთ ამერიკაში მიფრინავს. მაგრამ ჰაერში ყოფნისას მოხუცი აღმოაჩენს, რომ შემთხვევით წამოიყვანა სიცოცხლით სავსე და იმავდროულად საშინლად ყბედი 8 წლის ბიჭუნა სახელად რასელი.


ნემოს ძიებაში (2003)


image


დიდი ბარიერული რიფის რაიონში, ტროპიკულ წყლებში ცხოვრობს თევზი სახელად მარლინი, რომელიც ზრდის ერთადერთ ვაჟს ნემოს. ოკეანე და მასში არსებული საფრთხე ძალიან აშინებს მარლინს, ამიტომ ის ყველანაირად ცდილობს დაიცვას შვილი ამისგან. თუმცა, პატარა ნემო ზედმეტად ცნობისმოყვარეა – მას ყველაფრის გაგება სურს იმ ადგილის შესახებ, სადაც ისინი ცხოვრობენ. როდესაც ნემო ბედის ირონიით სახლიდან შორს ამოჰყოფს თავს, მარლინი მის მოსაძებნად გაემგზავრება. მაგრამ ის აცნობიერებს, რომ ამას საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებს და დახმარებისთვის სამეფო ცისფერ თევზს დორის მიმართავს, რომელსაც მართალია, მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ მასზე კეთილი არსება ოკეანეში თითქმის არ ბინადრობს. ასე რომ, ჩვენი გმირები მოგზაურობას იწყებენ და გზად მათ უამრავი სირთულე და განსაცდელი ხვდებათ.


ლილო და სტიჩი (2002)


image


ლილო პატარა გოგონაა, რომელიც ჰავაიზე ცხოვრობს თავის დასთან ნანისთან ერთად. მას ცხოველები უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მეგობრბს ერთ პატარა ძაღლთან, რომელსაც სახელად სტიჩი ჰქვია. თუმცა სინამდვილეში ის ძაღლი კი არა, შენიღბული უცხოპლანეტელია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ერთი დამნაშავე სახელად სტიჩი გადააგზავნეს ინტერგალაქტიკურ ციხეში, მაგრამ მან მოახერხა გაქცევა და დედამიწაზე დაჯდომა, სადაც ის შეხვდა ლილოს. სტიჩმა თავი ძაღლად მოაჩვენა ყველას, რათა ინტერგალაქტიკის პოლიციისთვის დაეღწია თავი. ახლა ის სწავლობს იმას, რაც აქამდე არ იცოდა – სხვებზე ზრუნვას.


სპირიტი–პრერიების სული


image


ეს სათავგადასავლო ანიმაცია გვიყვება ველური ულაყი მუსტანგის, სახელად სპირიტის, ისტორიას, რომელიც მთელს ამერიკის ტერიტორიაზე მოგზაურობს. ის უმეგობრდება ახალგაზრდა ინდიელს და ამავდროულად სიყვარულს პოულობს. ყველაფერი კარგად მიდის და ყველა ბედნიერია მანამ, სანამ ადამიანები სპირიტს თვალს არ დაადგამენ, რომელთაც სურთ რომ ის მოათვინიერონ და საბრძოლო ცხენად აქციონ. თუმცა, სპირიტი ხომ თავისუფალი სულია.


მონსტრების კორპორაცია (2001)


image


“მონსტრების კორპორაცია”- ყველაზე დიდი ფაბრიკაა მონსტრების სამყაროში, რომელიც ბავშვების შეშინებითაა დაკავებული. რადგანაც მათი ყვირილისგან ისინი ელექტროენერგიას იღებენ. სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გვიყვება კრიზისზე მონსტრების სამყაროში, მათ ცხოვრებაზე. ერთ დღესაც მათი მშვიდობიანი არსებობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება – ყველაფერი თავდაყირა დგება, რადგან მათთან ერთი პატარა მოუსვენარი გოგონა სრულიად შემთხვევით ხვდება, ეს კი მათი წარმოდგენით დიდ საშინელებას წარმოადგენს. თუმცა, მთავარი გმირები – მონსტრები მაიკ ვაზოვსკი და განსაკუთრებით ჯეიმს სალივანი დიდ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენენ ამ უსაყვარლესი არსების მიმართ და ცდილობენ პატარა სახლში უსაფრთხოდ დააბრუნონ.

1
541
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
541
  
2015, 13 სექტემბერი, 23:25
უმეტესობა ვიცი,ამ ბოლოს ვუყურეტ მე და ჩემმა შვილმა თავდაყირას და ორივე აღფრთოვანებულები ვართ
0 1 1