x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თბილისის საქალაქო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება სუროგაციასთან დაკავშირებით

image

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელოვნური განაყოფიერება
ტექნიკური კუთხით დაახლოებით 2000 წლიდანაა შესაძლებელი და სუროგაციის გზით დღემდე არაერთი ბავშვი მოვლენილა ქვეყანას, 15 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება და დღემდე ხელოვნურ განაყოფიერებას და სუროგაციას ქართული კანონმდებლობის რამოდენიმე მუხლი იცნობს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევებს განსაზღვრავს, თუ როდის არის დასაშვები ხელოვნური განაყოფიერების პროცესების დაწყება და როგორ ხდება ხელოვნური განაყოფიერების
შედეგად დაბადებული ბავშვების რეგისტრაცია. ქართული კანონმდებლობა არ არეგულირებს ისეთ შემთხვებს, როგორ უნდა მოხდეს ემბრიონის განკარგვა, როდესაც წყვილი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში გადაწყვეტს განქორწინებას ან წყვილიდან ერთ-ერთს აღარ სურს შვილის ყოლა და ითხოვს საკუთარი ბიოლოგიური მასალის გამოყენებით შექმნილი ემბრიონის განადგურებას.


ცოტა ხნის წინ მგავსი პრობლემის წინაშე დადგა თბილისის საქალაქო სასამართლო. კერძოდ, ლ.გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მოპასუხე ი.ჩ-სთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2010 წლიდან. ქორწინების განმავლობაში, ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, მოპასუხის ინიციატივით, წყვილმა მიმართა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ინ-ვიტრო განაყოფიერებისათვის, სუროგატი დედის მეშვეობით. შედეგად, მოხერხდა ორივე მშობლის ბიოლოგიური მასალით შექმნილიყო 1 ემბრიონი, რომელიც სუროგატი დედის ორსულობისათვის მოსამზადებელი პერიოდის გავლამდე, გაყინეს. ქორწინებაში ყოფნის განმავლობაში წყვილს შორის არსებული უთანხმოება გამწვავდა და მოპასუხე ი.ჩ-მ უარი თქვა საერთო ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანაზე. მოსარჩელემ
სასამართლოს მიმართა საერთო ემბრიონზე მისი უფლების აღიარებისა და სუროგატის სხეულში გადატანის, სუროგატთან ხელშეკრულების დადებისა და სუროგატისა და კლინიკის შერჩევის ი.ჩ-ს თანხმობის გარეშე განხორციელების უფლების მოპოვებისათვის.

მოპასუხე, წარმოდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა დავა 2 იდენტურ უფლებას შორის - გახდე ან არ გახდე მშობელი. თითოეული მათგანი თავისი მნიშვნელობიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ადამიანის არჩევანის თავისუფლების მნიშნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, არჩევანის გაკეთებისას უნდა შეფასდეს ის კონტექსტი რის გამოც ეს უფლებები უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. სასამართლომ მიუთითა, რომ ბუნებრივი ჩასახვის პირობებშიც, შესაძლოა ამ უფლებათა კოლიზიის საკითხი დადგეს, რა დროსაც კანონმდებლობა ემბრიონის ბედს დედის დისკრეციის სფეროში აქცევს. შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მამაკაცის პირადი ცხოვრების ასპექტი ქალისა თუ ემბრიონის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით გარკვეულწილად იზღუდება. ამასთან, მოსარჩელე ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო ემბრიონი წარმოადგენს მის ერთადერთ შანსს გახდეს დედა და იყოლიოს გენეტიკური შვილი. ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები და აღიარა მისი უფლება გაყინულ ემბრიონზე, მისცა შესაძლებლობა მოპასუხე ი.ჩ-ს თანხმობის გარეშე განახორციელოს ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანა, სუროგატთან ხელშეკრულების დადება, სუროგატისა და კლინიკის შერჩევა.


სასამართლოს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ საქართველოში არ არსებობს სურაგაციის შესახებ ამომწურავი კანონმდებლობა, ერთი ორად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი აყალიბებს ერთგვარ პრაქტიკას, თუ როგორ უნდა მოხდეს ანალოგიურ სიტუაციებში საკითხის გადაწყვეტა და რა უნდა ჩაითვალოს პრიორიტეტულად.



0
910
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
910
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0