x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რას ნიშნავს იყო მოხუცი?!
რატომ ხდება, რომ ზოგიერთი მოხუცებული ადამიანი სიცოცხლით სავსეა, ზოგი კი - ბნელი უფსკრულის სიღრმეებისკენ მიექანება და სევდით ივსება.? რატომ არის ზოგიერთი ხანშიშესული უფრო ენერგიული და მომზადებული ცხოვრების სირთულეებისთვის, ზოგი კი - მანამდე აწერს ხელს სიკვდილის კონტრაქტს, სანამ მიქელ-გაბრიელი თავისი გალესილი ცელით მოაკითხავს?

მეცნიერთა უმეტესობა მოზრდილობის ეტაპს 3 პერიოდად ყოფს: 1. ადრეული მოზრდილობა (20-40); 2. შუა ხანი (40-60); 3. გვიანი მოზრდილობა (60 და მეტი).

როგორც ხვდებით, ჩვენ ვისაუბრებთ უკანასკნელ - გვიანი მოზრდილობის ეტაპზე.

აღსანიშნავია, რომ არსებობს მოხუცების მიმართ ეიჯიზმი (მოხუცების მიმართ გამოხატული დისკრიმინაცია) და სტერეოტიპები, რომელთა ნაწილიც უარყოფითია, (მაგ: მოხუცებულთა უმრავლესობა მარტოხელაა და ცხოვრობს სოციალურ იზოლაციაში) ნაწილი კი დადებითი ხასიათისაა (მაგ: მოხუცებულთა უმრავლესობა ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია, აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე. მათთან ურთიერთობა საინტერესოა.)


მთავარია გვახსოვდეს, რომ მოხუცებიც ინდივიდუალურები არიან და ისინიც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მოზარდები ან შუა ხნის ასაკის წარმომადგენლები.

მკვლევრები გამოყოფენ გვიანი მოზრდილობის 4 ქვეპერიოდს:

1. მოხუცებამდელი (60-69) - ფიზიკური და ემოციური მხარე ნორმალურია, კოგნიტური განვითარებაც სასურველ დონეზეა.

2. მოხუცებულობა (70-79) - შესამჩნები ცვლილებები ფსიქიკურ პროცესებსა და ფიზიკურ ძალასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ცვლილებებიც ინდივიდუალურია.

3. გვიანი მოხუცებულობა (80-90) - დაბერების ნიშნები თვალსაჩინოა. ბევრს სჭირდება განსაკუთრებული ცხოვრების პირობები და დახმარება.

4. უძლურება (90-+) - ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთლობის პრობლემები.

დაბერებაზე გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესი, გადატანილი ავადმყოფობა, სტრესი და სხვ. ჩნდება პიგმენტური ლაქები, ნაოჭები, მცირდება კანის ელასტიურობა. თმის ბოლქვები ვეღარ მარაგდება სისხლით და თმა ჭაღარავდება.

მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოს შეგრძნება სუსტდება. მოხუცებს სჭირდებათ მეტი დრო ინფორმაციის მისაღებად და გასააზრებლად.

მცირდება კუნთრი მასაც, შესაბამისად მცირდება ფიზიკური ძალა და გამძლეობა. ასაკთან ერთად მცირდება ადამიანის წონაც, ხოლო სიმაღლეში იკლებს 3-5 სანტიმეტრით, რადგან მჭიდროვდება ხერხემლის დისკები და ძვლებში მცირდება კალციუმი. ძვლები ადვილად მტვრევადი ხდება და ნელა ხორცდება - ოსტეოპოროზი- განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქალებში, რადგან მენოპაუზის გამო სისხლში ესტროგენების დონე მცირდება.

ასაკოვან ადამიანებს უჭირთ ადაპტაცია სიცივისა და სიცხის მიმართ. მოხუცებს ნაკლები საკვები სჭირდებათ, რადგან ფიზიკურად აქტიურები აღარ არიან და ნივთიერებათა ცვლაც მცირდება, თუმცა ვიტამინები და მინერალები თითქმის იმავე რაოდენობით სჭირდება რაც ახალგაზრდებს.

ასაკოვანი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე და ისინი პრობლემის სწორად გადაწყვეტას ცდილობენ და არა სწორი პასუხის გამოცნობას.

გვიან მოხუცებულობაში არ განიცდის ცვლილებას სენსორული მეხსიერება, სადაც ინეახება გარემოდან შემოსული სენსორული იფორმაცია რამდენიმე წამით; ხანმოკლე მეხსიერება, სადაც შემოსული ინფორმაცია ინახება მცირე დროით და მისი მოცულობა შეზღუდულია; ისტორიული მეხსიერება - ცხოვრების ადრინდელი მოვლენები; თუმცა სუსტდება ხანგრძლივი მეხსიერება, სადაც მასალის ორგანიზება, გამეორება და კოდირება ხდება და ინახება უამრავი ინფორმაცია დიდი ხნით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც დამახასიათბელია მოხუცებისთვის, ეს არის დემენცია - შძენილი ჭკუასუსტობა და ხასიათდება მენტალური აქტივობის დაქვეითებით.

არსებობს 3 სახის დემენცია: 1. სისხლძარღვოვანი - ჭკუასუსტობა გამოწვეულია თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებით, რაც იწვევს ტვინის ქსოვილის დაღუპვას ანუ ინფარქტს, ერთჯერადი ინფარქტი არის ინსულტი. 2. მულტიფაქტორული დემენცია - გამოწვეულია ბევრი ინფარქტებით თავის ტვინში. ინფარქტების ერთიანობა იწვევს დემენციას, ცალკეული მათგანი არ არის ცვლილების გამომწვევი. 3. ალცჰაიმერის ტიპის დემენცია - თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება, მისი გამომწვევი მიზეზი ცნობილი არაა.

არსებობს დემენციის 3 კატეგორია: მსუბუქი, როდესაც ადამიანი არ საჭიროებს კონტროლს; საშუალო, როცა ხანდახან საჭიროებს კონტროლს და მძიმე, როდესაც მუდმივად საჭიროებს კონტროლს.

დემენციის სიმპტომებია: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება; ინტელექტის უნარების შეფერხება; შფოთვა, აგრესია, მეტყველების დარღვევები; გაგების უნარის დაქვეითება; ემოციების დაკარგვა და სხვ.

გვიანი მოზრდილობის ეტაპზე ცვლილებები თვალსაჩინოა, თუმცა შეგვიძლია ახალგაზრდული სული და მხნეობა დიდი ხნით შევინარჩუნოთ, თუ ვივარჯიშბთ ფიზიკურადაც და გონებრივადაც, თუ სწორად და ჯანსაღად ვიკვებებით და თუ დროულად მივაკითხავთ სამედიცინო დახმარების ცენტრებს.

საკმაოდ დიდია განსხვავება ადრეულ მოზრდილსა და გვიან მოზრდილს შორის. ბევრი მოხუცებული სინანულით შჰნატრის იმ ახხალგაზრდულ სულისკვეთებასა და ძალას, რაც ჰქონდა სიჭაბუკის პერიოდში, თუმცა ასეთია ბუნების კანონზომიერება და ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს, რომ მოხუცებიც ისე განსხვავდებიან ერთმანეთსგან, როგორც მოზარდები ან შუა ხნის წარმომადგენლები და მათი ერთ ქვაბში მოხავრშვა არ შეიძლება.


0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ჯამასპიშვილი
ნატო ჯამასპიშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0