x
ავტორიტეტისადმი მორჩილება

imageზოგიერთ სოციალურ სიტუაციაში, ჩვენ პიროვნებას ან ჯგუფს აღვიქვამთ, როგორც ჩვენს ქცევაზე გავლენის მოხდენის კანონიერი ძალაუფლების მქონეს. მთავრობას უფლება აქვს მოქალაქეებს გადასახადების გადახდა მოსთხოვოს;ომის დროს, გენერლები მოითხოვენ ჯარისკაცებისგან მათი ბრძანებების შესრულებას და მკაცრად სჯიან დაუმორჩილებლობისათვის.მორჩილება ეფუძნება რწმენას, რომ უფლებამოსილ პირებს მოთხოვნების გაკეთების უფლება აქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები მეტად მიდრეკილნი არიან, ანგარიში გაუწიონ ძალაუფლების მქონე პირებს, მაგ. დამქირავებელი ან რელიგიური ლიდერი, როდესაც ისინი სარგებელს იღებენ ამ ორგანიზაციისა ან ჯგუფის წევრობიდან. ძალაუფლების მქონე პირებისადმი მორჩილება ასევე იზრდება, როდესაც ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათ სამართლიანად ექცევიან, ენდობიან ძალაუფლების მქონე პირების მოტივებს და ჯგუფთან ან ორგანიზაციებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ.
სტენლი მილგრემმა გამოიკვლია ავტორიტეტისადმი მორჩილება.ექსპერიმენტის არსი ასეთია: უნდა გარკვეულიყო რა ზომის ტანჯვა შეიძლება მიაყენონ ჩვეულებრივმა ადამიანებმა სხვებს, თუ ეს მათ სამუშაო მოვალეობაში შედის. ექსპერიმენტის მონაწილეები დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფათ: "ჯალათები" და "დასაკითხნი", რომლებიც წინასწარ მომზადებული მსახიობები იყვნენ და საცდელ მოხალისეებს თამაშობდნენ. "ჯალათებმა" არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ მათ მიერ დასაკითხი მოხალისეები იყვნენ ნამდვილი მსახიობები.თავიდან მილგრემმა გამოიყენა 40 მამაკაცი, შემდეგ ექსპერიმენტი განმეორდა ქალების მონაწილეობითაც. ერთ მონაწილეს, რომელსაც მსახიობი თამაშობდა, უნდა დაემახსოვრებინა სიტყვების დიდი რიგი, ხოლო მეორე მონაწილეს ("ჯალათს", რომელმაც მსახიობის შესახებ არაფერი იცის) -შეემოწმებინა პირველის (ანუ მსახიობის) მეხსიერება ისე, რომ არასწორი პასუხისთვის "დაესაჯა" მაღალძაბვიანი დენის დარტყმით. ამისთვის პირველ მონაწილეს (მსახიობს) ამაგრებდნენ ელექტროდებიან სკამზე, ხოლო გამომცდელი, ანუ მეორე მონაწილე, იგივე "ჯალათი", რომელიც სხვა ოთახში იმყოფებოდა, თანდათანობით ზრდიდა ძაბვას 45-დან 450 (!) ვოლტამდე. სინამდვილეში მსახიობი მხოლოდ გარეგნულად ღებულობდა ისეთ სახეს, თითქოსდა მას დენმა დაარტყა, თუმცა ძალზედ დამაჯერებლად აკეთებდა: 150 ვოლტზე ის ყვიროდა, რომ გამოდის ექსპერიმენტიდან, და გარეთ გაშვებას ივედრებოდა, ხოლო უფრო მაღალ ძაბვაზე - გამოსცემდა გულისგამგმირავ "წინასასიკვდილო" ყვირილს, რის შემდეგაც "გული მისდიოდა" და ჩუმდებოდა.შედეგი: პრაქტკულად, მიუხედავად "მომაკვდავი" საცდელი ადამიანების ყვირილისა, ექსპერიმენტის ყველა მონაწილე აგრძელებდა ძაბვის ზრდას. ექსპერიმენტში მონაწილე გამომცდელთაგან ("ჯალათთაგან") (26-მა 40-დან) ძაბვა ასწია 450 ვოლტამდე, ანუ "მოჰკლა" დასაკითხი (მსახიობი). ავტორიტეტისადმი (ამ შემთხვევაში მეცნიერისადმი, რომელიც სთავაზობდა მათ ძაბვის გაზრდას) მორჩილება მორალურ დაეჭვებაზე მაღლა აღმოჩნდა. „ნორმალური“ ზრდასრული ადამიანების უმრავლესობა გამოიყენებდა ძლიერ ელექტროშოკს უმწეო მსხვერპლზე, თუ ამის გაკეთებას მკვლევარი უბრძანებდა.
დაიანა ბაუმრინდმა მკაცრად გააკრიტიკა მილგრემი ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის მიყენებული ფსიქოლოგიური დისტრესის, მათთვის უხერხული სიტუაციის შექმნისა და ღირსების გრძნობის შელახვის გამო. ბაუმრინდი ასევე მიუთითებდა ექსპერიმენტის ხანგძლივ ეფექტზე – მილგრემის ექსპერიმენტის მონაწილეებს შეიძლება მომავალში დაქვეითებოდათ თვითშეფასება და ექსპერიმენტში გამოყენებული მანიპულაციების გამო, ნდობა დაეკარგათ ძალაუფლების მქონე პირების მიმართ.
მილგრემმა თავისი კვლევის დასაცავად ძლიერი არგუმენტები მოიყვანა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კვლევა საბოლოოდ ცდისპირებისთვის საზიანო არ ყოფილა. მან აღნიშნა, რომ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ცდისპირებს კვლევის შესახებ დაწვრილებითი და ღრმა ახსნა-განმარტება ეძლეოდათ. მან ასევე შენიშნა, რომ კვლევის ერთი წლის შემდეგ ცდისპირებთან გასაუბრებამ არ აჩვენა დროში ხანგძლივად მოქმედი ფსიქოლოგიური ზიანი. მან აღნიშნა, რომ არც თვითონ და არც მისი კოლეგები არ ელოდნენ მორჩილების ისეთ დონეს, რომელიც ნახეს და ამ კვლევით ადამიანის ქცევის შესახებ მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია მიიღეს.ფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ მილგრემის კვლევის ძლიერ კრიტიკას გაუძლო და ამ პროცესისგან ბევრიც ისწავლა.საეჭვოა, რომ დღეს მილგრემს კვლევის ჩატარების ნებართვა მიეღო.ფსიქოლოგებმა შეიძლება განაცხადონ, რომ მილგრემის კვლევებით მიღებული ინფორმაციის მნიშვნელოვნება ამ კვლევას ეთიკურად გამართლებულს ხდის.

0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯავახაძე
ანი ჯავახაძე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0