x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ღიმილი:10 დაფარული სარგებელი

ღიმილი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სიამოვნების გამოხატვა. ფსიქოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე გზა, თუ როგორ შეიძლება ღიმილი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
ჩვენ ხშირად ვხედავთ გაღიმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით ჯგუფებში, მაგრამ ეს ყოველთვის ბედნიერების გამომხატველ სიგნალს არ
წარმოადგენს. ღიმილს ხშირად ვიყენებთ სპეციფიკური სოციალური მიზნებისთვის, რადგან მას შეუძლია გარკვეული მესიჯების გაგზავნა, რაც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის.

მოცემულია 10 გზა, თუ როგორ შეიძლება ღიმილმა გასცეს სიგნალები ჩვენს
სანდოობაზე, სოციალურობაზე, მიმზიდველობაზე და ბევრ სხვა თვისებაზე.

1.როგორ უნდა გავიგოთ ვის ვენდოთ? ერთ-ერთი სიგნალი, რომელიც ჩვენს სანდოობაზე
მეტყეველბს სწორედ ღიმილია. მომღიმარი ადამიანები შეფასებულნი არიან, როგორც მეტად გულუხვი და ექსტრავერტები.
ეკონომისტების აზრით, ღიმილს თავისი ღირებულება აქვს. ერთ-ერთ კვლევაში ადამიანები მეტად ენდობოდნენ მომღიმარ ადამიანებს და ღიმილი 10%-ით ზრდიდა სხვების მხრიდან ნდობის მზაობას.
2. როდესაც ადამიანები უარყოფითი მოქმედებიბით არიან დაკავებულნი და
შემდგომ ამაში სხვა ადამიანები "დაიჭერენ", ისინი საპასუხოდ ხშირად
იღიმიან. შეუძლია თუ არა ღიმილს ამ შემთხვევაში მათთვის სარგებლის მოტანა?
1995 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეუძლია. იმ ადამიანებს, რომლებიც წესებს არღვევენ, ჩვენ მეტად შემწყნარებლურად ვეპყრობით, თუ ისინი შემდგომ გაგვიღიმებენ.
არ აქვს მნიშვნელობა ეს ყალბი ღიმილია თუ გულწრფელი, ორივე შემთხვევაში სურვილი გვიჩნდება მივცეთ მათ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მომღიმარი "წესების დამრღვევი" ადამიანი ჩვენში მეტ ნდობას იწვევს, ვიდრე არამომღიმარი.
3.ღიმილს შეუძლია სოციალური შეცდომების ანაზღაურებაც. თუკი დაგავიწყდათ მეუღლისთვის საჩუქრის ყიდვა, დაგავიწყდათ მნიშვნელოვანი კლიენტის სახელი ან პატარა ბავშვს შემთხვევით შეეჯახეთ, თქვენი ემოცია უხერხულობის განცდა იქნება. უხერხულობის განცდის ფუნქცია სოციალური "ლაქის" მოშორებაა. უხერხულობის ღიმილს ხშირად თან ვურთავთ თავდახრილ მდგომარეობას ან სიცილს. ეს ყველაფერი კი მიმართულია სხვებში გარკვეული თანაგრძნობის გამოწვევისკენ, შედეგად ისინი ჩვენს შეცდომაზე ნაკლებად ფიქრობენ და უფრო სწრაფად გვპატიობენ.
ამდენად, დარცხვენილი ღიმილი გვეხმარება არ დავისჯოთ ჩვენი დანაშაულისათვის.
4. ზოგჯერ ღიმილი ჩვენი თავაზიანობის გამომხატველია და ამით თავიდან ვირიდებთ შემდგომ უარყოფით გრძნობებს. ერთ კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს, რომ გაყინული სახე ჰქონოდათ, როდესაც სხვა თავის კარგ ახალ ამბებს უყვებოდა მათ. შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ ეს მონაწილეები თავს ცუდად გრძნობდნენ, რადგან ჩათვალეს, რომ მათი თანამოსაუბრე მათზე ყველაფერს ცუდს იფიქრებდა.
ამიტომ ჩვენ გვიწევს თავაზიანად გავიღიმოთ, რადგან თუ ასე არ მოვიქცევით, ამას შემდგომ ვინანებთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქალები მეტ "ზეწოლას" გრძნობენ გაიღიმონ თანამოსაუბრეების ბედნიერი ამბების მოსმენისას, ვიდრე მამაკაცები.
5. ღიმილი ერთ-ერთი გზაა უარყოფითი სიტუაციისგან გამოწვეული დისტრესის შესამცირებლად.ამას ფსიქოლოგები მიმიკური უკუკავშირის ჰიპოთეზას უწოდებენ. ძალდატანებითმა ღიმილმაც კი შესაძლოა ოდნავ მაინც გააუმჯობესოს ჩვენი განწყობა, მიუხედავად იმისა გვეღიმება თუ არა.
თუმცა მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა, რომ დისტრესულ სიტუაციებში ღიმილი კარგი შეიძლება აღმოჩნდეს თავად პიროვნებისთვის, მაგრამ ცუდად ჩანდეს გარშემომყოფებისთვის. ანსფილდის კვლევაში, სადაც მონაწილეებს აყურებინებდნენ სტრესულ ვიდეოს, ის მონაწილეები, რომლებიც იღიმოდნენ, სხვებმა შეაფასეს ნაკლებად მოსაწონ ადამიანებად.
6.როდესაც ვნერვიულობთ ჩვენი ყურადღება ვიწროვდება. ვეღარ ვხედავთ რა ხდება ჩვენს გარშემო და მხოლოდ იმას ვამჩნევთ, რაც ჩვენს წინაა. ეს ჭეშმარიტებაა პირდაპირი და მეტაფორული გაგებითაც: ნერვიულობისას ვეღარ ვამჩნევთ იდეებს, რომლებიც ჩვენი
ცნობიერების კიდეშია. მაგრამ ხშირად პრობლემის გადასაწყვეტად სწორედ პერიფერიული იდეები გვჭირდება .
ღიმილი გვეხმარება თავი კარგად ვიგრძნოთ, რაც ხელს უწყობს ყურადღების მოქნილობას და გლობალურად ფიქრის უნარს. როდესაც ეს იდეა გამოსცადა ჯონსონმა
2010 წელს, შედეგები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მომღიმარი მონაწილეები უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ ყურადღების დავალებაზე, რომელიც მოითხოვდა მთლიანი ტყის დანახვას და არა ცალკეული ხეების.
ამდენად, ღიმილი შესაძლოა დაგვეხმაროს პრობლემის გადაწყვეტაში.
7. ქალბატონების ღიმილს მაგიური ეფექტის მოხდენა შეუძლია მამაკაცებზე. ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ბარში ჩატარდა, მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ როგორ მიდიოდნენ მამაკაცები ქალების გასაცნობად. როდესაც ქალი მხოლოდ თვალით კონტაქტს იყენებდა, მასთან მიდიოდნენ შემთხვევათა 20%-ში, როდესაც იგივე ქალი თვალით კონტაქტს ღიმილსაც ურთავდა, მასთან შემთხვევათა 60%-ში მიდიოდნენ.
თუმცა, მამაკაცების ღიმილს მსგავსი ეფექტი არ აქვს ქალებზე. ღიმილი ზრდის ქალების
მიმზიდველობას მამაკაცებისთვის, მაგრამ მამაკაცებზე იმავეს ვერ ვიტყვით. არსებობს მტკიცებულებები, რომ მამაკაცები უფრო მიმზიდველები არიან ქალებისთვის, როდესაც სიამაყეს ან მორცხვობას გამოხატავენ, ვიდრე მაშინ, როდესაც ბედნიერები არიან. ნაკლები ღიმილი კაცებს მეტად მამაკაცურს ხდის.
8. ფსიქოლოგები ფიქრობდნენ, რომ ჭეშმარიტ, გულწრფელ
ღიმილში არასოდეს შეცდებით. ყალბი ღიმილი მოიცავს მხოლოდ ტუჩებს, როდესაც ნამდვილი ღიმილი (დუშენის ღიმილი) თვალებამდე აღწევს. ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, ადამიანების 80%-ს შეუძლია გააყალბოს ღიმილი მასში მოჭუტული თვალების ჩართვით, რაც ცენტრალურია დუშენის ღიმილისთვის.
ამრიგად, ღიმილი შესაძლოა გამოვიყენოთ იმის დასაფარად, რასაც რეალურად ვფიქრობთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მარტივი არ არის, რადგან ღიმილისთვის
საჭირო დროს სწორად გათვლა სჭირდება. გულწრფელი ღიმილისათვის დამახასიათებელია ის, რომ აქვს ნელი დასაწყისი, უფრო ზუსტად კი, საჭიროა წამის ნახევარი, რათა მთელ სახეზე გავრცელდეს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ღიმილის სწრაფად გავრცელებასთან
შედარებით (წამის მეათედი), ნელი დასაწყისი უფრო სანდოდ და აუთენტურად განიხილება.
9. ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ეკონომისტებმა ღირებულება მისცეს ღიმილს, მაგრამ შეუძლია თუ არა ღიმილს ნაღდი ფულის მოტანა? აშკარად შეუძლია რესტორანში მომუშავე მომღიმარი
მიმტანი ქალებისთვის. ტიდმა და ლოკარდმა აღმოაჩინეს, რომ ის მიმტანები, რომლებსაც ღიმილი სულ ჰქონდათ სახეზე, მეტ თანხას იღებდნენ მომსახურებისთვის.
უფრო ზოგადად კი, მომსახურების ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები დიდ თანხას იღებენ კლიენტებთან გაღიმებისათვის. თუმცა მუდმივი უთანხმოება იმას
შორის, რასაც რეალურად გრძნობს პიროვნება და რასაც გამოხატავს- ემოციური შრომის სახელწოდებით ცნობილი ფსიქოლოგებისთვის- შესაძლოა დამქანცველი აღმოჩნდეს და გამოიწვიოს პროფესიული გადაწვა.
10.ერთ-ერთი მარტივი სოციალური სიამოვნება ცხოვრებაში, რომელსაც ვერც ვამჩნევთ, რადგან ავტომატურია, ისაა, რომ თუ სხვას გავუღიმებთ, ისიც საპასუხოდ გვიღიმის.
თუმცა, შესაძლოა კიდეც შეგინიშნავთ, რომ ყოველთვის ყველა არ გვპასუხობს ღიმილით. კვლევის შედეგებით ნათელი გახდა, რომ შემთხვევათა 50% რეციპროკულია, იმასთან შედარებით, რომ მოღუშულ სახეს თითქმის არავინ პასუხობს მოღუშული სახით.

საინტერესოა ისიც, რომ მომღიმარი ადამიანები მეტ ხანს ცოცხლობენ.


არსებობს უამრავი კულტურული და გენდერული განსხვავება რატომ და როგორ
ვიღიმით. ქალებს მეტად ახასიათებთ ღიმილი, თუმცა ესეც სიტუაციაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება კულტურულ განსხვავებებს, რუსები ყველაზე იშვიათად მიმართავენ ღიმილს,
ხოლო ამერიკელები ყველაზე ხშირად. თუმცა, ამერიკელების ღიმილი უფრო მეტად
"ყალბია", რადგან ძირითადად შემოიფარგლება მხოლოდ ტუჩების მოძრაობით.


1
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
65
  
2015, 22 ივლისი, 20:49
სტატიას ფოტო დაურთეთ! ასე არ შეიძლება შენიშვნას მიიღებთ!
0 1 1