x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
არსებობს თუ არა რეალურად 25-ე კადრის ეფექტი?

საწყის ეტაპზე გავარკვიოთ რა არის ეს 25-ე კადრი? ტრადიციულად ითვლება, რომ ჩვეულებრივ ადამიანს წამში 24 კადრის აღქმის უნარი აქვს. 25-ე კადრი აღქმის ზღურბლს ქვემოთ არის, შესაბამისად შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. რეალურად კადრი არსებობს, მაგრამ ადამიანის თვალი მას ვერ აფიქსირებს და ვერ გამოყოფს მხედველობის ინერტულობის გამო. 25-ე კადრი სუბლიმინარული ანუ ქვეცნობიერი რეკლამაა, ადამიანის ქვეცნობიერზე მოქმედი რეკლამის მეთოდია, ასე ვთქვათ, კადრებს შორის ჩასმული დაფარული რეკლამაა.
სინამდვილეში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანის თვალი წამში მხოლოდ 24 კადრს არჩევს, მცდარია. კადრების გარჩევის შესაძლებლობა დამოკიდებულია კადრის სიმკვეთრის ხარისხზე და ეკრანზე ობიექტების მოძრაობის სიჩქარეზე. აქიდან გამომდინარე, ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ 26 კადრიც კი და ზოგჯერ, 20-ზე მეტიც ვერა. ციფრი „24“ სტატისტიკურად მიღებული მონაცემების გასაშუალოების შედეგია და სხვა სერიოზული დატვირთვა არ გააჩნია.
25-ე კადრის ეფექტის თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ 25-ე კადრში გადმოცემული ინფორმაცია აისახება ადამიანის ქვეცნობიერში, ის ვერ ხედავს მას, მაგრამ ამახსოვრდება და რადგან ამახსოვრდება, ე.ი. ტვინი ინახავს და შესაბამისად, რომელიმე მომენტში ამოატივტივებს კიდეც.
XX საუკუნის 50-იან წლებში კვლევითი ფირმის, სააგენტოს „ქვეცნობიერი პროექტების კომპანია“ (Subliminal Projection Company) მფლობელმა ჯეიმს ვაიკერმა (James M. Vicary, ამერიკელი ბიზნესმენი, მარკეტოლოგი, 25-ე კადრის თეორიის შემქმნელი) საზოგადოებას შესთავაზა სარეკლამო საქმიანობაში დაენერგათ ტექნიკა, რომელიც დაფუძნებული იყო ტაქისტოსკოპის მოქმედების პრინციპზე. ამ მექანიზმს „ ქვეცნობიერი რეკლამა“, უწოდა. ვაიკერის თანახმად, ისევე როგორც ტაქისტოსკოპის გაელვებას შეუძლია სწრაფადმოძრავი ობიექტის დაფიქსირება, ვიდეოფირის დახმარებით შესაძლებელია მაყურებელს მივაწოდოთ რეკლამა ისე, რომ ტვინმა დააფიქსიროს ის, რის ნახვასაც თვალი ვერ ასწრებს.
ჯეიმს ვაიკერის ფირმამ ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ თეატრში ჩაატარა ექსპერიმენტი 45699 მაყურებელზე და გრძელდებოდა 6 კვირა. მაყურებლებს უჩვენებდნენ იმ დროისათვის ცნობილ ტრილერს- Picnic. ფილმის მსვლელობისას მაყურებლები ქვეცნობიერად იღებდნენ 2 მესიჯს: „ ჭამე პოპკორნი“ და „ დალიე კოკა-კოლა“.

მესიჯი ეკრანზე ჩნდებოდა 0.0033 წამის (3/1000) განმავლობაში ყოველ 5 წამში, რომელთაც ადამიანის თვალი ცნობიერად ვერ აღიქვამდა, ანუ ფილმის ცქერას

ჩანართები ხელს არ უშლიდა, მაგრამ პირდაპირი ზემოქმედების ეფექტი ქონდა: პოპკორნის გაყიდვათა რიცხვი გაიზარდა 57.7%-ით, კოკაკოლის კი 18.1%-ით. მაყურებლები გამოკითხვისას აცხადებდნენ, რომ ეკრანზე განსხვავებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი არაფერი უნახავთ, ხოლო კოკაკოლის ან პოპკორნის ყიდვას ხსნიდნენ იმით, რომ უბრალოდ მოუნდათ ისინი.
ამ სიახლემ დააინტერესა მეცნიერები და ვაიკერის სთხოვეს წარმოედგინა ექსპერიმენტის მონაცემები და აღწერა, თუმცა მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მას შესთავაზეს გაეკეთებინა ექსპერიმენტის კიდევ ერთი დემონსტრაცია, რაზეც ვაიკერი თანხმობა განაცხადა. განმეორებითი ექსპერიმენტი ჩატარდა 1958 წლის იანვარში, მის მსვლელობას აკვირდებოდნენ კონგრესმენები, სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები, კინოოპერატორები, კინოთეატრის ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფის სამსახური და ჟურნალისტები. შედეგი იყო ზუსტად ისეთი, რასაც ნეიროფიზიოლოგები ვარაუდობდნენ - დემონსტრაცია ჩავარდა. მოგვიანებით ვაიკერი დათანხმდა ჩაეტარებინა საჯარო ექსპერიმენტი კანადის სამაუწყებლო კომპანიის (Canadian Broadcasting Company) ყველა ტელესადგურში. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში: საათნახევრიანი შოუს მსვლელობისას 25-ე კადრის ეფექტით 352-ჯერ ჩასვეს შეტყობინება: „დარეკე ახლავე“. მაგრამ შემოსული ზარების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა არც შოუს მსვლელობისას და არც გადაცემის დასრულების შემდეგ. ამის ნაცვლად CBC-მ მიიღო ათასობით წერილი მაყურებლებისგან, რაც იტყობინებოდა, რომ მათ გაუჩნდათ აუხსნელი სურვილი აეღოთ ლუდის ბოთლი, გასულიყვნენ საპირფარეშოში, ან გადაერთოთ სხვა არხზე და ა.შ. ვერავინ გამოიცნო ნამდვილად რა ეწერა „დაფარულ კადრზე“.
25-ე კადრთან დაკავშირებით 70-იან წლებში პროფესორი ბარნაბ ხაჭაპურიძე ცდებს ატარებდა თსუ-ს სუბსენსორული კვლევის ლაბორატორიაში. კეთდებოდა ასეთი ცდა: ეკრანზე უშვებდნენ ფირს, რომელზეც არაფერი ჩანდა, სინამდვილეში ეკრანზე იწერებოდა უცხო სიტყვები, რომლებსაც თვალი ვერ აღიქვამდა. ფირის რამდენჯერმე ნახვის შემდეგ, ცდის პირს მიუტანდნენ უცხო სიტყვებს და აღმოჩნდებოდა, რომ მან ისინი იცოდა ან ძალიან სწრაფად

ითვისებდა. გარდა სიტყვებისა ბარნაბ ხაჭაპურიძე ექპერიმენტს ატარებდა გეომეტრიული ფიგურების ამოცნობაზეც. ცდის პირები დროის მცირე მონაკვეთში ეკრანს შესცქეროდნენ, სადაც მხოლოდ თეთრი და რუხი სინათლის ციმციმს ხედავდნენ. ბოლოს, მათ ასარჩევად გეომეტრიულ ფიგურებს აძლევდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი სწორედ იმ ფიგურებს ირჩევდნენ, რაც ეკრანზე ისე „ჩანდა“, რომ ცდის პირები მას ვერ აღიქვამდნენ და მაშასადამე, ვერც აცნობიერებდნენ.
ჩვენს კვლევაში იქნება განხილული 25-ე კადრად გამოყენებული „მესიჯის“ გავლენა ინდივიდების ქცევაზე(წყლის დალევაზე ამ შემთხვევაში).

ჰიპოთეზა

კვლევის ჰიპოთეზა: H1. 25-ე კადრად გამოყენებული შეტყობინება აღიბეჭდება ადამიანის ფსიქიკაში და განაპირობებს ადამიანის ქცევას.
კონტრ-ჰიპოთეზა: 25-ე კადრად გამოყენებული შეტყობინება არ აღიბეჭდება ადამიანის ფსიქიკაში და არ განაპირობებს ადამიანის ქცევას.

ნულოვანი ჰიპოთეზა: H0. 25-ე კადრად გამოყენებული შეტყობინება და ექსპერიმენტის შემდეგ განხორციელებული ქცევა არ არიან ერთმანეთთან კავშირში.


მეთოდი

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 70-მა ცდის პირმა. შემთხვევითი შერჩევის მიხედვით ცდის პირები თანაბრად გადანაწილდნენ საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში. დამოუკიდებელ ცვლადად გვევლინება ამ შემთხვევაში 25-ე კადრად ჩასმული ფოტო წარწერით „დალიე წყალი“, ხოლო დამოკიდებულ ცვლადად _ წყლის დალევა.

პროცედურა

ექსპერიმენტი ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ერთ-ერთ აუდიტორიაში. ინტერნეტპუბლიკაციის საშუალებით გავავრცელეთ ინფორმაცია, რომლითაც ვაცნობეთ სხვადასხვა ინდივიდებს კინოჩვენების შესახებ. კინოჩვენების პირველი სეანსი ჩატარდა ერთ დღეს საკონტროლო ჯგუფის ცდისპირებისთვის, მათ უბრალოდ მხოლოდ ფილმი ვაჩვენეთ, არანაირი 25-ე კადრის ეფექტი ამ შემთხვევაში არ გამოგვიყენებია, ასევე აუდიტორიაში დავდგით წყლის აპარატი და დავაკვირდით რამდენმა ადამიანმა დალია წყალი ფილმის დასრულების შემდეგ. საკონტროლო ჯგუფის წევრებს ვაჩვენეთ კიშლიოვსკის ტრილოგიის პირველი ნაწილი „სამი ფერი _ ლურჯი“. აღმოჩნდა რომ 35 ადამიანიდან პირველი კინოსეანსის შემდეგ წყალი დალია მხოლოდ 4 ადამიანმა. რაც შეეხება ექსპერიმენტულ ჯგუფს მესამე დღეს იმავე აუდიტორიაში ვაჩვენეთ კიშლევსკის ტრილოგიის მეორე ნაწილი „სამი ფერი_წითელი“, ( თუ რატომ არა იგივე ფილმი ამას ქვემოთ მოგახსენებთ) ისევ დავდგით წყლის აპარატი და დავითვალეთ რამდენმა ადამიანმა დალია წყალი, ფილმი შედგებოდა 5 ფოტო-შეტყობინებისგან, წამის მეასედში ეკრანზე ჩნდებოდა სურათი, რომელზეც იყო წარწერა „დალიე წყალი“. კინოჩვენების შემდეგ წყალი 14-მა ადამიანმა დალია.


ექსპერიმენტის შედეგების აღწერა და ანალიზი:
ემაჩვენებლები ასახავს ქცევის გაზომვას და არა თვითონ ქცევას, ამიტომ ისინი ინტერვალების სკალის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდნენ, ამიტომ მე
გადავწყვიტე ისინი რიგის სკალაზე განმეთავსებინა და გამომეყენებინა მან უიტნის კრიტერიუმი საბოლოო დასკვნის გამოსატანად.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ კინოსეანსის პირველ დღეს გაცილებით უფრო ცოტა ადამიანმა დალია წყალი, ვიდრე კინოსეანსის მეორე დღეს როცა ფილმს თან ერთვოდა 25-ე კადრად გამოყენებული ფოტო წარწერით „დალიე წყალი“, ცდის პირების მიერ დალეული წყლის რაოდენობა პირველ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ექსპერიმენტულ ჯგუფში, შედეგების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ გაზრდილა, შესაბამისად ჩვენი ჰიპოთეზა, რომ 25-ე კადრის გამოყენება გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე (ამ შემთხვევაში წყლის დალევა და მისი რაოდენობის გაზრდა) და რომ „მესიჯი“ ფსიქიკაში ილექება, არ გამართლდა.

ნაკლი

შევეცადეთ ცდის პირები თანაბარ პირობებში მოგვეთავსებინა, თუმცა იმის გამო რომ კინოსეანსის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ-პუბლიკაციის მეშვეობით გავავრცელეთ, იყო შანსი რომ ორივე ჩვენებაზე რამდენიმე ერთი და იმავე ადამიანი მოსულიყო, ჩვენ ხომ შემთხვევითად ავირჩიეთ ცდის პირები, ამიტომ ერთი და იგივე ფილმი რომ არ გვეჩვენებინა მათთვის, ვაჩვენეთ ტრილოგიის ორი ნაწილი, ერთი ერთ ჯგუფს, მეორე მეორე ჯგუფს, გარდა ამისა ექსპერიმენტი არ ჩატარებულა ერთსა და იმავე დროს, ერთი ჩატარდა ლექციების დასრულების შემდეგ, როდესაც პირველ შემთხვევაში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა წასულიყვნენ სახლში და თუნდაც წყალი დაელიათ და დასვენებულები მოსულიყვნენ ჩვენებაზე, მეორეს რაც შეეხება იგი ლექციების მიმდინარეობის დროს ჩავატარეთ, რადგან პირველი კორპუსის ადმინისტრაციამ სხვა დროს არ დაგვითმო ჩვენთვის საჭირო პროექტორიანი, კომფორტული აუდიტორია. ამ დამატებით ცვლადს შესაძლოა ემოქმედა ექსპერიმენტის მიმდინარეობაზე, ჩვენ არ შეგვეძლო დამატებითი ცვლადების კონტროლი. კიდევ ნაკლი ის გახლავთ, რომ რადგან წყლის აპარატო უფასოა, შესაძლოა ადამიანს ყოველგვარი 25-ე კადრის ზემოქმედების გარეშე დაელია წყალი, მაინცდამაინც 25-ე კადრის მოქმედებას წყლის დალევას ვერ მივაწერთ და ამ შედეგებს ვერ
განვაზოგადებთ მთელს პოპულაციაზე, რადგან დანამდვილებით არავინ იცის რეალურად მოქმედებს თუ არა 25-ე კადრის ეფექტი.


0
338
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0