x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სტიგმა და მასთან დაკავშირებული საკითხები

image

ძველ საბერძნეთში სტიგმა მონის ან დამნაშავის სხეულზე დასმულ დაღს აღნიშნავდა, დღეს იმავე მნიშვნელობით ეს სიტყვა აღარ გვხვდება, თუმცა სტიგმატიზაციის მსხვერპლნი მასტიგმატიზირებელთათვის დღემდე რჩებიან „დამღის“ მატარებელ ადამიანებად. უპირველეს ყოვლისა საჭიროდ მიმაჩნია განვმარტოთ, თუ რა არის სტიგმატიზირება. სტიგმა სოციალური ფენომენია, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში არსებულ ღირებულებასთან. სტიგმატიზირება ნიშნავს საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას გარკვეული ჯგუფის პიროვნებების მიმართ, როცა ერიდებიან მათთან ურთიერთობას და მეტიც, უარყოფენ კიდეც, მათ როგორც პიროვნებებს. სტიგმა ბევრად უფრო „საშიშ“ და ნეგატიურ ტერმინად შეიძლება აღვიქვათ, ვიდრე დისკრიმინაცია, რადგან მას საბოლოოდ მთლიანი, სრულყოფილი პიროვნების გაუფასურებასთან მივყავართ.
როდესაც ვსაუბრობთ სტიგმატიზაციაზე, იქვე ჩნდება ტერმინები სტიგმატიზირებული და მასტიგმატიზირებელი, რაც თავის მხირვ წარმოშობს კითხვას რა ნიშნით შეიძლება მოხდეს ადამიანის სტიგმატიზირება? ამ მხრივ ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია გოფმანის მიერ შემოთავაზებული სტიგმის დეფინიცია, როგორც ნიშნისა, რომელიც მის მატარებელს, სხვა ადამიანებისაგან განსხვავებით, ნაკლებად ღირებულს ხდის. მან შემოგვთავაზა სტიგმის 3 ფორმა: 1. ექსტერნალური დეფორმაცია: ფიზიკური უუნარობა, სიმსუქნე...; 2. პიროვნული თვისებების გადახრები: ფსიქიკური აშლილობები, ნარკოტიკების ავადმოხმარება, კრიმინალური წარსული და ა.შ.; და 3. "ტომობრივი სტიგმები": ეთნიკური ჯგუფი, რელიგია, ეროვნულობა და ა.შ. ეს საკითხიც გარკვეულ კითხვებს გვიჩენს, მაგალითაც ჩამოთვლილთაგან რომელია მეტად გავრცელებული სტიგმის ნიშანი დღევანდელ რეალობაში?
ზოგადად სტიგმა ნეგატიურ ტერმინად აღიქმება, ამიტომ ფუნქციები, რომელთა მნიშვნელობაზეც ყურადღების გამახვილება მსურს, ორმაგად საინტერესოდ შეიძლება ჩაითვალოს. სტიგმის ფუნქციებს შორის არის თვითშეფასების ამაღლება, კონტროლის გაძლიერება და შფოთვისაგან თავის დაცვა, დიახ, სტიგმას შეუძლია მასტიგმატიზირებლის თვითშეფასებაზე დადებითად იმოქმედოს, იგი თითქოს „თავდაცვის მექანიზმს“ გავს, რომელიც ამავდროულად მასტიგმატიზირებლის „გამორჩეულობას“, „უპირატესობას“ უსვამს ხაზს, უმაღლებს მას თავის თავში დარწმუნებულობის გრძნობას და საჭიროების შემთხვევაში შფოთვას არიდებს. თუმცა ეს საკითხიც აჩენს კითხვას, რომელიც მონეტის მეორე მხარეს დარჩენილებს_სტიგმატიზირებულებს უკავშირდება.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხებია სტიგმის სტიგმის ხილვადობა და სტიგმის მართვადობა. ის თუ რამდენად ძლიერია სტიგმა და რამდენად ძლიერადაა აღქმული იგი საზოგადოების მიერ სტიგმის მართვადობაზეა დამოკიდებული, რაც შეეხება სტიგმის ხილვადობას, არსებობს უხილავი და ხილული სტიგმა.
შემდეგ ასევე ფუნდამენტურ საკითხად სტიგმისა და სტერეოტიპების ინტერაქცია მიმაჩნია. სტიგმატიზირების პროცესი უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია
საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებთან. მასტიგმატიზირებელ ადამიანებს აქვთ საკუთარი უარყოფითი ემოციების სხვაზე გადატანის და საკუთარი საქციელის გამართლების ტენდენცია, რაც თავის მხრივ სტერეოტიპიზაციას წარმოშობს. საინტერესოა სტერეოტიპები ყალიბდება სტიგმისგან თუ პირიქით, ჯერ არის სტერეოტიპი და მათ საფუძველზე ვითარდება სტიგმა? ფაქტი ერთია, ისინი მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან.
თითქმის დასაწყისშივე დავსვი კითხვა რა ნიშნით ხდება ადამიანის სტიგმატიზაცია და რა შეიძლება იყოს მიზეზი მასტიგმატიზირებლის ამგვარი ქცევისა? სტიგმა თავისი არსით სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენია, იგი უკავშირდება რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობას და მჭიდრო კავშირშია ჯგუფურ იდენტობასთან, ზოგიერთი თეორია ადამიანის გარიყვას ჯგუფიდან სოციალური „ჰომეოსტაზის“, ჯანსაღი სოციალური ფუნქციონირების რღვევასთან დაკავშირებული შიშის ტერმინებში ხსნის. მაგალითად როდესაც რომელიმე ინდივიდი, უმრავლესობის აზრით, საფრთხეს უქმნის ზოგადად ჯგუფის ფუნქციონირებას და მისი პირადი იდენტობა წინააღმდეგობაში მოდის ჯგუფის იდენტობასთან, ეს ყოველივე უბიძგებს ადამიანებს მიმართონ სტიგმატიზაციის პროცესს.
მივადექით ყველაზე უფრო ემოციურ და მნიშვნელოვან საკითხს, უნდა დავინახოთ სამყარო სტიგმატიზირებულთა თვალით, მერწმუნეთ ეს ძალიან რთული, თუმცა საინტერესოა. როგორ ფიქრობენ და რას ფიქრობენ სტიგმატიზირებული ადამიანები? რას გრძნობენ ისინი? უპირველეს ყოვლისა უნდა დავუბრუნდეთ სტიგმის ხილვადობის საკითხს, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ისევ თავიანთი უსაფრთხოებისთვის სჯობს რომ სტიგმატიზირებულმა ადამიანებმა შენიღბონ თავიანთი სტიგმა, რათა არ გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი, მათაც ურჩევნიათ იყვნენ ფარული სტიგმის მატარებლები, ვიდრე ხილულისა, რადგან ამით უფრო დაცულად გრძნობენ თავს, საზოგადოებაც სრულყოფილ წევრებად აღიქვამს მათ და თვითშეფასებაც ბევრად მაღალია, ვიდრე ხილულის შემთხვევაში, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია და რაც მთავარია მუდამ თან სდევს დისკომფორტისა და შიშის გრძნობა, რომ ერთ დღესაც მათ „გაშიფრავენ“. მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ფარულ სტიგმასთან დაკავშირებული ფიქრები ცნობიერების ჩართვის გარეშე ახდენენ გავლენას ადამიანის ქცევაზე, ის შემდგომში შეიძლება გამოვლინდეს კოგნიტური დარღვევების სახით, გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილები, იგი იწვევს ინდივიდის შეხედულებების ცვლილებებს და ა.შ. ალბათ სტიგმის დაფარულობასა და ხილვადობის უპირატესობაზე საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
სტიგმა დაკავშირებულია კულტურასთან, არსებობს გარკვეული მასტიგმატიზირებელი ნიშნები, რომლებიც მხოლოდ გარკვეული კულტურებისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად მუსულმანურ ქვეყნებში ან რომელიმე კონკრეტულ ტომში ეს შეიძლება იყოს ქორწინებამდელი სექსუალური გამოცდილება. თუმცა ასევე არსებობს მასტიგმატიზირებელი ნიშნები, რომლებიც უნივერსალურია ყველა კულტურისთვის, ზოგიერთი მათგანი საზოგადოების განათლებისა და ინფორმაციულობის დაბალ დონესთანაა დაკავშირებული.
სტიგმა თავისი არსით სტრესთანაა დაკავშირებული, თუმცა სტიგმის ქონა აპრიორი სტრესის ქონას სულაც არ ნიშნავს. სხვადასხვა ინდივიდი სტრესულ გარემოზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს, განსხვავებას გვაძლევს პიროვნული მახასიათებლები, სტიგმის კოლექტიურობა და ჯგუფურობა. საინტერესოა არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული გზები სტიგმასთან დაკავშირებული მავნე ფიქრებისა და სტრესის თავიდან ასაცილებლად? დიახ და ესენია: უარყოფა, სტიგმის თავიდან აცილება, გონებრივი განთავისუფლება, ემოციური მხარდაჭერის ძებნა და ა.შ. სტრატეგიები ძირითადად პრობლემაზე და ემოციაზეა ორიენტირებული. ის, რომ სტიგმა სტრესორის ფუნქციებს ასრულებს, იმ უხერხული მომენტების აღნიშვნისას ნათლად ჩანს, რომელიც ხშირად ჩნდება ხოლმე სტიგმატიზირებულებთან ურთიერთობისას.
დასაწყისში დასმულ კითხვას მინდა გავცე პასუხი, გოფმანის კლასიფიკაციის მიხედვით რომელი ნიშნის სტიგმაა ყველაზე მეტად გავრცელებული დღევანდელ რეალობაში, უნდა ვისაუბროთ საქართველოს მაგალითზე და ვთქვათ, რომ ადამიანთა გაუფასურების პროცესი ძირითადად ინდივიდუალური ნაკლოვანებებით იმართება, სტიგმატიზაციის პროცესს ჩვენს ქვეყანაში არსებული მენტალიტეტი, ზოგიერთი დრომოჭმული ტრადიცია და ხშირ შემთხვევაში ხალხის დაბალი ინფორმაციულობის დონე განაპირობებს. ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ სტიგმა არსებობს არამხოლოდ გარკვეული ჯგუფის ადამიანების მიმართ, არამედ ზოგადად, იმ ყველაფრის მიმართ რის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ღირებულებები, ტენდენციები, ფასეულობები, სიახლეები თუ ა.შ.ისევ ჩემივე ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე ვივარაუდე, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის სჯობს, რომ ადამიანებმა სტიგმა შენიღბონ, დღეს მეტად გავრცელებული და უჩვეულო მასტიგმატიზირებელი ნიშანი შეიძლება იყოს ჰომოსექსუალიზმი, ათეიზმი, ამინისტირებული პატიმრობა, მთებში, სადაც ჯერ კიდევ დრომოჭმული ტრადიციებია შემორჩენილი ქორწინებამდელი სექსუალური გამოცდილება გოგონებში და ა.შ თუმცა ეს მცირე ჩამონათვალია და არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშნით, მთავარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები არიან სტიგმატიზირებულნი, ისევე როგორც სხვაგან, აქაც ცდილობენ დამალონ თავიანთი სტიგმა, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი არ უტყდებიან და ეს რათქმაუნდა უარყოფითად მოქმედებს მათ მე-კონცეფციაზე.
ჩემი აზრით საზოგადოება ერთიანი ძალებიც უნდა შეეცადოს ცნობიერების ამაღლებას და სტიგმატიზაციასთან ბრძოლას, რათა ყველას შეეძლოს ნორმალური ფუნქციონირება და არსებობა.

1
663
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე
663
  
0 1 1