x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508589
გულაგი - საბჭოთა პერიოდის "სიკვდილის ბანაკები", რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
გულაგის ისტორია - ეს ათიათასობით ადამიანის დანგრეული და განადგურებული ცხოვრებაა, ახლობლების და მეგობრების დაკარგვა, ადამიანების ჯანმრთელობის განადგურება და სასტიკ პირობებში გატარებული წლებია. ესაა ისტორია ობლად დარჩენილი უამრავი ბავშვისა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმმა დააობლა და ბავშვობის ულამაზესი წლები ბავშვთა სახლებში გაატარეს. ესაა ისტორია დაუწერელი წიგნებისა, განუხორციელებელი მეცნიერული აღმოჩენებისა, დამსხვრეული ოცნებებისა. ესაა ისტორია ტანჯვა-წამებისა, ისტორია იმის შესახებ, თუ სამართლიანობის და წესრიგის დამყარებისაკენ მიმავალი გზა როგორ შეიძლება გადაიქცეს უკანონობად, წამებად და ტერორად.


image

თავად სიტყვა გულაგი ბანაკების მთავარ სამმართველოს ნიშნავდა ( ГУЛАГ - Главное Управление ЛАГерей). საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გულაგის პირველი ბანაკები 1918 წელს გაჩნდა. საბანაკო სისტემის შექმნის მთავარი პრინციპი მდგომარეობდა იმაში, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები იზოლირებული უნდა ყოფილიყვნენ პოლიტპატიმრებისაგან, სწორედ ამ უკანასკნელებისათვის შეიქმნა გულაგი-ეგრეთ წოდებული "სიკვდილის ბანაკები".



image


1917 წლის ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ, თავისუფლების მინიჭების ნაცვლად, არნახულ გიგანტურ რეპრესიებს დაუდო სათავე. მილიონობით ადამიანი აჩრდილივით გაქრა ცეცხლში ტოტალიტარული ტერორისა, რომელიც ათობით წელიწადი გრძელდებოდა.
„ქვეყანა ეკლიანი მავთულების მიღმა", „ქვეყანა რკინის ფარდის მიღმა" - ასე უწოდებდნენ მთელ მსოფლიოში საბჭოთა კავშირს. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმართლეს შეესაბამებოდა. საბჭოთა ხელისუფლების შექმნის შემდეგ ჩნდებოდა საკონცენტრაციო ბანაკები. ლენინი ერთ-ერთ ტელეგრამაში ვინმე ე.ბოშს სთავაზობდა: „გაატარე დაუნდობელი მასშტაბური ტერორი კულაკების, სასულიერო პირებისა და თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. საეჭვო პირები საკონცენტრაციო ბანაკებში განათავსეთ".
უკვე 1918 წლიდან სსრკ ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება „იძულებითი სამუშაო ბანაკების" შექმნის შესახებ, რომელშიც პირველად გაიჟღერა აზრმა, რომ ბანაკებისა და ადმინისტრაციის ხარჯების უზრუნველყოფა პატიმრების იძულებითი შრომის შედეგად უნდა განხორციელებულიყო. შემდგომში საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პლაცდარმი გახდა. რამდენად მოსწონდა ეს ხალხს, არავინ კითხულობდა.


image
ყველასათვის ცნობილია, რომ 20-იანი წლების დასასრულს და 30-იანების დასაწყისში ქვეყანაში მეტად რთული ვითარება შეიქმნა ფორსირებული ინდუსტრიალიზაციის და ხელოვნურად დაჩქარებული სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის წყალობით. საბჭოთა ხელისუფლების და კოლექტივიზაციის მტრებს დაუყონებლივ გზავნიდნენ ბანაკებში, სადაც მათ იყენებდნენ, როგორც უფასო სამუშაო ძალას. 1933 წლისათვის გულაგის სისტემაში შედიოდა 53 საბანაკო გაერთიანება ათასობით ბანაკითა და პუნქტით, 425 კოლონია, 90 კოლონია არასრულწლოვანთათვის, 100-მდე ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც რეპრესირებული მშობლების დაობლებული პატარები იზრდებოდნენ.

მაინც როგორ ხვდებოდნენ ადამიანები გულაგში?


image


დაპატიმრება ხდებოდა მყისიერად, მოულოდნელად, რომელიც ადამიანს ცხოვრების ნორმალური მსვლელობიდან წყვეტდა. ზოგჯერ დაპატიმრებულს იმის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ, რომ საჭირო ნივთები შეეკრიბა და თან წაეღო, ზოგი კი ოჯახის წევრებთან და ცოლ-შვილთან გამომშვიდობებასაც ვერ ასწრებდა. იყო შემთხვევები, როცა მთელ ოჯახს აპატიმრებდნენ და დედაბუდიანად გზავნიდნენ ბანაკებში, საიდანაც დაბრუნების იმედი უმეტეს შემთხვევაში აღარ არსებობდა.


image


დაპატიმრების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო აბსოლუტურად ყველაფერი, სულ უმცირესი დარღვევაც კი: არაპროლეტარული, არისტოკრატული წარმოშობა, უკვე დაპატიმრებულ ადამიანებთან ახლო ნათესაობა ან მეგობრობა, საპასპორტო რეჟიმის დარღვევა და სამუშაოზე დაგვიანებაც კი, მაგრამ ყველაზე ხშირი იყო დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით: ერთი გაუფრთხილებლად, ცუდად წამოსროლილი სიტყვა, თან უცნობებთან კი არა, მეგობრების წრეში ნათქვამი ადამიანს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. ქვეყანა სავსე იყო ეგრეთწოდებული "დამსმენებით"-უსაფრთხოების ორგანოების საიდუმლო თანამშრომლებით, რომლებიც რეგულარულად ახორციელებდნენ აგენტურულ დასმენებს და ხშირ შემთხვევაში თავადაც ხდებოდნენ სხვისი ენის მსხვერპლნი. "მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ და თავისუფალ" ქვეყანაში დასმენის ინსტიტუტი აყვანილი იყო სამოქალაქო მოღვაწეობის რანგში.

დაპატიმრებები ხდებოდა დღისით და ღამით, ოჯახში თუ სამსახურში, გზაში თუ სტუმრად ყოფნისას. ის შეიძლება ყოფილიყო ერთეულოვანი და ჯგუფობრივი, პირველადი და განმეორებითი. დაპატიმრებული, როგორც წესი, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა კომისრებს, რადგან წინააღმდგობას აზრი არ ჰქონდა. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პოლიტპატიმრებს ადგილზე დახვრეტა ელოდათ. დაპატიმრებულებს ართმევდნენ ყველანაირ საბუთს, ფასეულ ნივთებს და ხალხით გადაჭედილი მატარებლის ვაგონებით აგზავნიდნენ ბანაკებში, სადაც მათი სახელი და გვარი დავიწყებას ეძლეოდა და ადამიანებს მხოლოდ ზურგზე დაწერილი ნომრით ასხვავებდნენ ერთმანეთისაგან.


image


1933 წლის 1 იანვრის სტატისტიკური მონაცემებით გულაგში სასჯელს იხდიდა 1 317 195 პატიმარი, მათ შორის 11 723 ქართველი.


სტალინის პერიოდში რეპრესირებულებს "ხალხის მტრებს" უწოდებდნენ. სასჯელი ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ დახვრეტას ან გულაგებში გაგზავნას, ძალადობრივ გადასახლებას და სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას. გარკვეულ პერიოდში „სამშობლოს მოღალატეთა" ოჯახის ყველა წევრი ისჯებოდა, ბავშვების ჩათვლით, როგორც „სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი".


image
რეპრესიები შეიძლება დაიყოს როგორც ქრონოლოგიურად (პერიოდებად), ასევე თემატურად: წითელი ტერორი, კოლექტივიზაცია, დიდი წმენდა, ექიმთა საქმე, მეგრელთა საქმე... მათ ახორციელებდნენ ჩეკა, მისი მემკვიდრე უწყებები და სხვა სახელმწიფო ორგანოები. რეპრესიები ხორციელდებოდა როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს წითელმა არმიამ „გაათავისუფლა", ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით.


image


1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. ბანაკებში დაიღუპა 1, 6 მილიონამდე ადამიანი. გულაგებში პატიმართა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა დიდი ტერორის დროს, 1936-1938 წლებში, და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულაგში გაამწესეს მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც ცოცხალი გადაურჩა ნაცისტების სამხედრო ტყვეთა ბანაკებს.


image


დაპატიმრებულებს საშინელ და სასტიკ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. ბანაკებში მყოფთ უხეიროდ კვებავდნენ, მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, არ უზრუნველყოფდნენ ხშირი უამინდობისათვის საჭირო ტანისამოსით, არ არსებობდა თანამედროვე სამუშაო იარაღები და დანადგარები. ბევრი პატიმარი იღუპებოდა შიმშილითა და სიცივით.
გულაგის ადგილმდებარეობა ეკონომიკურ მიმართულებებს ესადაგებოდა. ბანაკების უმეტესობას ევალებოდა კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების შესრულება ინდუსტრიალიზაციის ჩარჩოებში - ხე-ტყის დამზადება, მაღაროებში მუშაობა და სამრეწველო პროექტების მშენებლობა.


image



მოგონება I


ბარბარე ანდრიასოვა შალვა კიღურაძის მეუღლე იყო. შალვა კიღურაძე 1937 წელს დააპატიმრეს და „მავნებლობის" ბრალდებით დახვრიტეს, ბარბარე კიღურაძე კი, როგორც „ხალხის მტრის ოჯახის წევრი", შრომა-გასწორების კოლონიაში გადაასახლეს. მან ყაზახეთში, ტემნიკოვსკის ბანაკში, ხუთი წელი გაატარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა არქიტექტორად. 1999 წელს გამოიცა მისი წიგნი „Eтому преступлению нет срока давности".


„დედა დააპატიმრეს ამ სახლში და ორთაჭალის ციხეში მიიყვანეს. როგორც მიყვებოდა, როცა საკანში შეიყვანეს, ყველა მისი ნაცნობი და მეგობარი იმ საკანში დახვდა. სამი თვე იყვნენ ეს ქალები საქართველოს ციხეში. მერე ღამე - თოვდაო, როგორც ამბობდა - ღია საბარგო მანქანებზე დასვეს და რკინიგზის სადგურისკენ წაიყვანეს. როგორც ჩანს, გაჟონა ინფორმაციამ, რომ გადასახლებაში მიჰყავდათ, აქა-იქ ხალხი იყოო შეგროვილი, რომლებიც ხელის აუწევლად და უსიტყვოდ გვანიშნებდნენ, რომ მათ ყველაფერი იცოდნენო. შემდეგ ჩასვეს, „ტავარნიაკს" რომ ეძახიან, ისეთ მანქანაში, რომლითაც ადრე ალბათ საქონელი გადაჰყავდათ. დიდხანს მიდიოდნენ, არაადამიანურ პირობებში მგზავრობდნენ, მაგრამ თან წერილებს წერდნენ, რომლებსაც სადგურებზე ყრიდნენ იმ იმედით, რომ ვინმე მიხვდებოდა, ისინი საფოსტო ყუთში ჩაეყარა. თუმცა ჩემს ოჯახს არც ერთი წერილი არ მიუღია. დედა ერთადერთი იყო იმ ქალებში, ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდა და მას აძლევდნენ საშუალებას, ბანაკიდან გასულიყო, სადაც აშენებდა საღორეებს, საქონლის სადგომებს", - ჰყვება ბარბარე ანდრიასოვა-კიღურაძის შვილი ნინო კიღურაძე.


image


მოგონება II

რაისა აბრამია-მიქაძე 1937 წელს დააპატიმრეს მეუღლესთან, არჩილ მიქაძესთან ერთად. არჩილ მიქაძე იყო საბჭოთა პარტიული მოღვაწე, რომელიც გადაასახლეს და შემდეგ დახვრიტეს. რაისა აბრამია-მიქაძე მოქანდაკე გახლდათ. ის, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლი, მოხვდა რეპრესირებული ქალების სპეციალურ ბანაკში - სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკში (алжир), საიდანაც რვა წლის შემდეგ დაბრუნდა.

„მახსოვს ვიღაც კაცები ჩემს სახლში. მამა მეფერებოდა, თეთრი ლაბადა ეცვა. დედა როცა გადასახლებაში მიჰყავდათ, ფიცრის საწოლები იყო, სადაც ქალები თევზებივით იყვნენ ჩაწყობილნი. საშინელი პირობები, ბღავილი, ტირილი. დედამ საკუთარი პერანგის ნაჭერი მოხია, რომელზეც ფანქრით დაწერა, რომ გვასახლებენ, მივყავართ აქა და აქ, თბილისის მისამართიც დააწერა და სთხოვდა, ვინც იპოვიდა, გადაეგზავნა, მერე ეს ნაჭერი ასანთის კოლოფში ჩაადო და ერთ-ერთ სადგურზე დატოვა. ჩვენ მივიღეთ ის. მახსოვს, როგორ გავშალეთ რუკა და ბიძაჩემი და ოჯახის წევრები ეძებდნენ იმ ადგილს. მახსოვს, როგორ წამიყვანეს დედასთან ციმბირში, სულ სამი საათით შემოჰყავდა ბადრაგს... მაგრამ მე ეს უცხო ქალი მაწუხებდა, ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდა ამ ქალს ჩემგან. მახსოვს, როცა უკვე მოვდიოდით, დედა აღარ გვაჩვენეს, მოშორებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იყვნენ, მაგრამ მე გავყავი ხელი და მახსოვს, როგორ დაესივნენ ქალები ჩემს ხელს, მეფერებოდნენ და ტიროდნენ", - იხსენებს ჯინა მიქაძე-კალატოზიშვილი, რაისა აბრამია მიქაძის შვილი.


image


1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური სახელმწიფო გულაგის სისტემის დემონტაჟს შეუდგა. 1954 წელს დაიწყეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სისტემა ოფიციალურად გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეკრეტით, რომელიც 1960 წლის 25 იანვრით თარიღდება.


პირველად გულაგის ბანაკებში გამეფებულ სისატიკეს და ადამიანების ენით აუწერელ ტანჯვა-წამებას ფარდა ახადა რუსმა დისიდენტმა მწერალმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა. "არქიპელაგი გულაგი" — სოლჟენიცინის მხატვრულ–ისტორიული კვლევაა საბჭოთა რეპრესიულ სისტემაზე 1918–1956 წლებში. წიგნი ეყრდნობა თვითმხილველთა მონათხრობებს, დოკუმენტებსა და ავტორის პირად გამოცდილებას, რომელმაც არაერთი წელი გაატარა სიკვდილის ბანაკებში.


image


(ფოტოზე: ალექსანდრე სოლჟენიცინი პატიმრის ფორმაში. ეკიბასტუზი, 1953 წელი).


სოლჟენიცინმა "არქიპელაგი გულაგი"–ს წერა დაიწყო საიდუმლოდ სსრკ–ში 1958 წელს და დაასრულა 1967 წლის 22 თებერვალს. პირველი ტომი გამოქვეყნდა პარიზში 1973 წლის დეკემბერში. მასში დეტალურადაა გადმოცემული სიკვდილის ბანაკების მკვიდრთა ყოფა - ცხოვრება.

გულაგის ტუსაღთა ყოფა - ცხოვრება ასევე საუცხოოდ აღწერა ჩვენმა სასიქადულო მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა თავის რომანში "გორა მბორგალი".


image


ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი იყო ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” წევრი, რის გამოც მწერალს 25 წელი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ამ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მას სასჯელის უმაღლესი ზომა- დახვრეტა მიუსაჯეს. ის სამთვენახევარი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში, რის შემდეგაც სასჯელი კვლავ 25-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ამირეჯიბი პატიმრობიდან სამჯერ გაიქცა, მეორედ დაპატიმრების შემდეგ კვლავ დახვრეტა მიუსაჯეს, რაც შემდეგ კვლავ შეუცვალეს, საერთო ჯამში მას 83 წელი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბანაკების დაშლის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი გაათავისუფლეს და რებილიტაცია უბოძეს. 2010 წელს მწერალი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.
რომანი “გორა მბორგალი” დაიწერა 1984-1994 წლებში. რომანი მოგვითხრობს იაგორ კარგარეთელის, იგივე გორა მბორგალის შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ “ხალხის მტრად” შერაცხა. იგი რამოდენიმეჯერმე გარბის პატიმრობიდან. რომანში ბევრი ისტორია სინამდვილეს შეესაბამება. აი როგორ გადმოსცემდა მწერალი გულაგის პატიმრების ფსიქოლოგიურ სახეს:

“პატიმარს უფლება სრულიად არაფრისა ჰქონდა. ყველაფერი აკრძალული იყო და როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია. ასეც გახლდათ, ყველაფერი შეიძლებოდა და ამის გამო იყო ის დრო მშვენიერი! ამაში ცუდი არაფერია. განა ვინმეს, სადმე, როდისმე, ვითვისმე და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია?უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, მიითვისო, გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მოიპარო, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა, სავარძელში ჩამჯდარი მუცელზე მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს.”


image

იმედი ვიქონიოთ, რომ კაცობრიობა არასოდეს აღარ გაიმეორებს ამ საშინელ ისტორიას და ისინი, ვის ხელშიცაა ძალაუფლება, ბოროტად არ გამოიყენებენ ამ ძალას უბრალო, რიგითი ადამიანების წინააღმდეგ.

"უნდა გამოსცადო ომის საშინელება, რომ იცოდე მშვიდობის ფასი", -ყველამ უნდა გაითავისოს ეს საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა.

6
1172
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1172
  
2017, 30 ივლისი, 22:28
პირადში როგორ მოგწეროთ, ამიხსენით!
2017, 27 ივლისი, 17:28
მანჩო თქვენი დახმარება მჭირდება, პირადში მომწერეთ
2015, 27 აპრილი, 13:55
ეჰ, რას ვიზამთ...საზოგადეოების უმეტესი ნაწილი ეგრე ფიქრობს...
2015, 27 აპრილი, 13:47
არ ვიცი მანჩო,სხვაზე როგორ ვილაპარაკო როცა ჩემს ახლობლებში ვინც ვიცი რომ ინტერმედიით სარგებლობს ასეთი თემები კ არა ბომონდი აინტერესებს
2015, 27 აპრილი, 12:47
ინ...მეც არ ვიყავი დალხინებული, როცა ამას ვწერდი. მაგრამ ერთი კითხვა მაწვალებს: რატომ არ აინტერესებს ხალხს ასეთი ამბები? ეს ხომ ჩვენი ისტორიაა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს :(
2015, 27 აპრილი, 11:18
გული მეწვის,ამატირე
0 1 6