x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სოციალურ ქსელში ქცევის 10 ოქროს წესი ანუ როგორ არ შევაძულოთ თავი მეგობრებს

სოციალურმა ქსელებმა იმდენად მყარად მოიკიდა ფეხი ჩვენს ცხოვრებაში, რომ თანდათან საჭირო ხდება მათთვის ერთგვარი ქცევის კოდექსის შემოღება. ქვემოთ გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელიც მომხმარებელთა უმრავლესობას აღიზიანებს და რომლებიც, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს ქსელებში ერთგვარი ეტიკეტის დადგენას.

image1. "საკვებით პორნო" - ფრთხილად იყავით ამგვარი თემატიკის ფოტოების დადებასთან.
საკვების ფოტოსურათების რიცხვი, განსაკუთრებით ინსტაგრამზე, ყოველგვარ ნორმას სცილდება. რა საჭიროა მაინცდამაინც სურათი გადაუღო სადილად მომზადებულ წიწიბურას ან მაკარონს და, უფრო მეტიც, ქსელში ყველას სანახავად დადო? საკვების ფოტოების დადება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაშია გამართლებული:
1) თუ ეს თავად მოამზადეთ და ფოტოს რეცეპტსაც ურთავთ.
2) აქვეყნებთ თქვენს "შედევრს" კულინარიულ გვერდზე ან ჯგუფში და მომხმარებლებს უმხელთ მისი მომზადების "საიდუმლოებებს".
3)თუ ამ კერძთან დაკავშირებულია რაიმე ისტორია და თან ყვებით ქსელში ამ ისტორიას.
4) თუ ეს მართლა კულინარიული შედევრია ან ფართო საზოგადოებისთვის უცნობი საინტერესო კერძი.

ყველა სხვა შემთხვევაში თქვენს მიერ ატვირთული კერძის სურათებს უბრალოდ უგემოვნობად მიიჩნევენ.

image

2. ზომიერება დაიცავით სელფების დადებასთან დაკავშირებითაც.
საკუთარი თავისთვის ფოტოების გადაღება ანუ სელფი უკვე იმდენად გავრცელებული მოვლენაა, რომ ამ სიტყვამ 2013 წლის "ოქსფორდის ლესიკონშიც" კი დაიმკვიდრა უკვე ადგილი.
პრინციპში ამაში არაფერია ცუდი, რა უნდა ქნათ, მაგალითად თუ ეიფელის კოშკთან დგახართ და არავინაა, ვისაც სურათის გადაღებას სთხოვთ... მაგრამ როცა სახლში, ხალიჩაზე წამომჯდარი, სამზარეულოს ფონზე ან გასარუჯად წამოწოლილი, ტუჩებგამობურცული უღებთ საკუთარ თავს ფოტოს და შემდეგ ამას სოციალურ ქსელში ფენთ, ეს უკვე ბევრისთვის გამაღიზიანებელია.

image

3. თავი შეიკავეთ ლიფტებსა და ტუალეტებში გადაღებული სელფების ატვირთვისგან. დიახ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ბოლო დროს ეს ორი ადგილი სელფების გადაღებისთვის ძალიან პოპულარული გახდა. მაგრამ დაფიქრდით, ვის შეიძლება დააინტერესოს ტუალეტში გადაღებულმა თქვენმა სელფმა?... სოციალური ქსელი კი ნამდვილად დანაგვიანდება.

4. ნუ გამოიყენებთ ყველგან ე.წ. "ჩეკინს". ეს არის თქვენი მიმდინარე ადგილმდებარეობის მონიშვნა. სხვათა შორის, ახლა იკიდებს ფეხს ახალი სოც. ქსელი, სახელწოდებით Foursquare, სადაც ეს ფუნქცია ნამდვილად აუცილებელია. ასე რომ, თუ მაინცდამაინც თქვენი ლოკაციის გასაჯაროება გსურთ, ნუ გააკეთებთ ამას ფეისბუქზე, არ ღირს წამდაუწუმ აცნობოთ "ფრენდებს" სად იმყოფებით - აეროპორტში, გინეკოლოგთან თუ სავაჭრო ცენტრში. თუმცა თუ ნიაგარას ჩანჩქერზე ან ვერსალის ბაღში აღმოჩნდით, ამის აღნიშვნა ნამდვილად შეგიძლიათ...

5. ნუ გააღიზიანებთ მეგობრებს იმაზე საუბრით, რა კარგი ამინდია კურორტზე, სადაც ამჟამად იმყოფებით. 2013 წლის ბოლოს The Daily Telegraph-მა სოციალურ ქსელებში ყველაზე გამაღიზიანებელ პოსტად დაასახელა ფოტო, რომელიც გადაღებული იყო კურორტზე და თან ამინდის პროგნოზი ახლდა.
მართლაც, როცა თქვენი მეგობრების უმეტესობა ყინვიან ზამთარში გარეთ ძლივს გამოდის, ნუ გააღიზიანებთ მათ მაგალითად დუბაიში არსებული +30 გრადუსით.

6. მოერიდეთ მოწონების და გაზიარებების თხოვნას. რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, როცა, მაგალითად ფეისბუქზე ერთ-ერთი თქვენი მეგობარი რომელიმე კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს და მორჩა, საშველი აღარაა, მოდის და მოდის მოწონების და გაზიარების თხოვნები. უარსაც ვერ ეუბნებით, უხერხულია...არადა უკვე ყელში გაქვთ ამოსული... რა თქმა უნდა სხვა საქმეა, როცა ვინმეს ნამდვილად დახმარება სჭირდება და ამისთვის ითხოვს ფოტოს გაზიარებას.

7. ნუ "გენიოსობთ". დიახ, სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ამგვარ "ფილოსოფიურ", "ყველაფრის მცოდნე" პოსტებს, რომელთა ავტორებს ძალიან ჭკვიანებად სურთ გამოჩენა. სჯობს იყოთ უბრალო, ასე უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავთ.

image

8. თავი შეიკავეთ ზედმეტი "სმაილიკებისგან". გეთანხმებით, დღეს მიმოწერა წარმოუდგენელიც კია ამ პატარა გრაფიკული სიმბოლოების გარეშე, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. მაგალითად კომენტარი, რომელშიც მხოლოდ ზედიზედ ჩაწერილი რამდენიმე ფრჩხილია - (((((((((((((( - უბრალოდ გამაღიზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.




image




9. ნუ მონიშნავთ მეგობარს არც თუ ისე კარგად გამოსულ ფოტოზე. იქნებ მას სულაც არ მოსწონს ფოტო? მიეცით საშუალება თავად გადაწყვიტოს მონიშნოს თუ არა მასზე საკუთარი თავი.

10. ნუ დადებით გაუმართავ ტექსტს. ბოლოსდაბოლოს ეს ხომ საქვეყნოდ გამოდებული ტექსტია, ამიტომ პატივი ეცით საკუთარ თავსაც და მომხმარებელსაც და გამოქვეყნებამდე ერთხელ მაინც გადაიკითხეთ რაც დაწერეთ. სასვენი ნიშნებიც არ დაგავიწყდეთ, მეგობრებს მკითხაობა რომ არ მოუწიოთ სად რომელი წინადადება მთავრდება და რისი თქმა გსურდათ.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ სულ უფრო მეტი კომპანია, სამუშაოზე აყვანამდე ეცნობა თქვენს პროფილს სოციალურ ქსელში. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ გასართობი გვერდი, ამიტომ ნუ დაანაგვიანებთ მას!


0
169
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0