x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რეიტინგული ტოკ შოუები სხვა რაკურსით

ტელევიზია
- ეს ის ადგილია, სადაც იქმნება საზოგადოებრივი აზრი, პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები,
იგი საკმაოდ ეფექტური ფორმებით ახერხებს საზოგადოებაზე მანიპულირებას. მედიამ მაყურებლის
წინაშე ობიექტური რეალობა უნდა ასახოს. ეს გასართობ შოუებსაც ეხება, ისინი ქმნიან სანახაობას,
ემოციურ მუხტს, რომლებსაც გადამდები ეფექტი აქვს. მაყურებელი ეკრანიდან წამოსულ ინფრომაციას
ზოგჯერ კრიტიკული დამოკიდებულების გარეშე აღიქვამს, მაგრამ, ზოგჯერ არცერთ დეტალს არ
პატიობს ჟურნალისტს და ჩასაფრებული თვალით აკვირდება მას. ჟურნალისტურ კრიტიკას თავს
გართობის მიზნით შექმნლი შოუებიც კი ვერ აღწევენ. სტანდარტი სტანდარტია, რომლის დაცვა
ნებისმიერ დროს მოეთხოვება ჟურანალისტს, რა სახის პროდუქტსაც არ უნდა ქმნიდეს ის, მაინც
უნდა მოახერხოს ყველაფერი ეთიკის ნორმებს მოარგოს და ხარიასხიანი მასალა შესთავაზოს
მაყურებელს.


საქართველოში
მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც თვითრეგულაციის ისეთი მექანიზმია, სადაც
შედის განცხადებები შოუებში დაშვებული შეცდომებისა და ჟურნალისტური გადაცდომების შესახებ.
ამ დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები ქართულ სატელევიზიო სივრცეში არცთუ ისე იშვიათია.
ბოლო დროის გახმაურებული განცხადება „ნანუკა
ჟორჟოლიანის შოუს“ უკავშირდება, როდესაც წამყვანს სტუმრად ყავდა პროექტ „ნიჭიერის“
ერთ-ერთი მონაწილე და იაჰოვას მოწმეებზე მოუწიათ საუბარი.


საქართველოს
რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის (ინტერვიუს
ჩეწერის დროს იყო ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი) თქმით, რეგულაციები გადაცემების დაგეგმვისა
და წაყვანის შესახებ კანონშიცაა, ის „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუსთან“ დაკავშირებით ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე ამბობს, რომ
„გადაცემის აგებულება ზოგჯერ არ ჯდება ეთიკურ სტანდარტებში, თუმცა, შოუსთან დაკავშირებით
ეთიკის ქარტიაში განცხადება იაჰოვას მოწმეებზე საუბრის შემდეგ შევიდა, ამ ფაქტმა და
წამყვანის განცხადებამ გამოიწვია ერთგვარი დისკრიმინაცია რელიგიური ჯგუფების მიმართ.
ამ საკითხზე წამყვანის რეაგირება კი ქარტიის კრიტიკაში გამოიხატა, თუმცა მგონია, რომ
ეს განცხადება მასზე მომავალში იქონიებს გავლენას.“ ნათია კუპრაშვილის აზრით, ჟურნალისტი
პირველ რიგში ადამიანია, რომელმაც უნდა იფიქროს, როგორ ჯობია გადაცემის გაშუქება. „ყველა სიტყვისა და საქციელის კონტროლი რთულია პირდაპირ
ეთერში, მაგრამ, როდესაც გადაცემა ეთერში ჩაწერის შემდეგ ხვდება, ყველანაირი დარღვევის
გამოსწორებაა შესაძლებელი. ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ ეთიკურობა და მაღალი სტანდარტები
აზარალებს რეიტინს, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის, სტანდარტების დაცვითაც შეიძლება
სასურველი და საინტერესო პროდუქტის მიღება.“ - ამბობს ნათია კუპრაშვილი.


ეთიკის
ქარტიის შენიშვნის მიუხედავად,
„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ წამყვანს ეს დარღვევა მნიშვნელოვნად არ მიაჩნია. ის ბედნიერია,
რადგან ეთიკის ქარტიაში 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი განცხადება შევიდა შოუს სტანდარტების
დარღვევასთან დაკავშირებით. „იმ ქვეყანაში, სადაც ნანუკას შოუს დიდი გამადიდებლით აკვირდებიან
და ჩასაფრებულები არიან ეთიკის ქარტიაში 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი განცხადება
შევიდა. შეიძლება სხვა წამყვანს რაღაც აპატიონ, მაგრამ იმას მე არ მპატიობენ, ალბათ
ეს კარგიცაა, რადგან ასეთი მაღალი სტანდარი აქვს მაყურებელს ჩემს მიმართ. მეამაყება,
რომ ამ 5 წლის მანძილზე ჩემს წინააღმდეგ განცხადება არ ყოფილა, რადგან ოპრას ქვეყანაშიც
კი შედის მილიონობით განცხადება, მე მოვიძიე ეს ვიდეოები და ვნახე, რომ ოპრას ძალიან
ბევრჯერ მოუწია ბოდიშის მოხდა. ეს კარგი პროცესია, რადგან საზოგადოება ასე ამახვილებს
ყურადღებას, დამერწმუნეთ 10 წლის წინ იაჰოვას მოწმეებზე რაც არ უნდა ცუდი გეთქვათ მაშინ ეს კარგ ტონად ითვლებოდა და დღეს თუ ოდნავ მეტი
გადაცდენა გაქვს ამას არ გპატიობენ. ეს ნიშნავს, რომ მაყურებელი გაიზარდა, მაგრამ ეს კრიტიკა რომ მაყურებელს ეთქვა ამას კარგ ტონად
მივიჩნევდი. კრიტიკა კონკრეტული ენჯეოებისა და ადამიანებისგან წამოვიდა, მათ შორის
ძალიან აქტიურობდა თამარ ჩორგოლეიშვილი. ვიღაცას უნდა გრანტი მიიღოს, ვიღაცა ობიექტურად
ზრუნავს მათ ბედზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ საყვედური ქარტიაში.“ - ამბობს ნანუკა
ჟორჟოლიანი.


გადაცემის
წამყვანის აზრით, ქვეყანაში, სადაც ადამიანს გვარს უსომხურებენ, იმიტომ, რომ დააკნინონ,
ქვეყანაში, სადაც „ასავალ-დასავალისთვის“ ბოდიშის მოხდა არ მოუთხოვიათ სტანდარტებზე
საუბარი ცოტა სასაცილოა. მედია ბეჭდავს პირადი ცხოვრების სურათებს და მას არ აიძულებენ
ბოდიშის მოხდას, აი, ამ ყოველივედან გამომდინარე ნანუკა ჟორჟოლიანი ქარტიის საყვედურს
არ იღებს. „როდესაც გადაცემა ეთერში გავიდა,
მე თვითონ არ მომეწონა და დაახლოებით 11 წუთში გავაკეთე რეაგირება, იმიტომ რომ მეხამუშა,
მაგრამ ამას ვერ ვიღებ ქარტიიდან, იმიტომ, რომ ეს ის ქარტიაა, რომელიც მედიის სხვა
საშუალებებს არ აძლევს შენიშვნებს იმაზე, რაზეც უნდა მისცეს. ესაა დისკრიმინაცის სხვადასხვა
ფორმა, ან ის შემთხვევა, როდესაც კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სიცილით აქვეყნებენ
და აი აქ თუ არ ირღვევა სტანდარტები, მაშინ ნამდვილად აღარ არსებობს არაფერი. მე ვფიქრობ,
რომ ჩემს მიმართ ძლივს, როგორც იქნა ქარტიას
კომპრომანტი ჩაუვარდა ხელში და როგორც იქნა ნანუკას მისცეს შენიშვნა. მე არ ვიღებ მათ
შენიშვნას ამ სტანდარტების გათვალისწინებით, მაგრამ ვირებ მაყურებლის შენიშვნას. მე
მიყურებს ბევრი იაჰოვას მოწმე და მათ ვუთხარი, რომ ვწუხვარ, თუ ჩემი ნათქვამი მიიღეს, როგორც ჩემგან გამოთქმული რაღაც არასწორი
პოზიცია.“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.


ნანუკა
ჟორჟოლიანის თქმით, ქარტიას ორმაგი სტანდარტი აქვს, ისინი ზუსტად არ არიან ჩამოაყლიბებულნი
უმცირესობა საზოგადოების განსაკუთრებულ წევრებად უნდა მივიჩნიოთ, თუ ისე უნდა განვიხილოთ,
როგორც საზოგადოების სხვა წევრები, ანუ უმრავლესობა. „ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში
ტენდენციად იქცა უმცირესობების რადიკალური დაცვა. მაგალითად, თუ სტუმრად მყავს სექსუალური
უმცირესობის წარმომადგენელი და მივცემ მას რაღაც შენიშვნას, რომ შენ ახლა ეს არასწორად
თქვი, ლაპარაკი მაშინვე მიდის დისკრიმინაციაზე. მე მგონია, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები
განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებენ ამ უმცირესობებს, რატომ უნდა მიუდგე მათ, როგორც
განსაკუთრებულს, მერე რა რომ იაჰოვას მოწმეა, მერე რა რომ სექსუალური უმცირესობის წევრია,
თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ისინი არიან ისეთები, როგორებიც არიან ყველა, მაშინ ისე
უნდა ვაკრიტიკოთ ისინი, როგორც ვაკრიტიკებთ ყველას. რა მნიშვენელობა აქვს, თუ იაჰოვას
მოწმე იქცევა ცუდად არ უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ დისკრიმინაციაში ჩაგვეთვლება, მარაზმში
ვართ. ენჯეოები გვეუბნებიან ჟურნალისტებს, რომ უმცირესობის წარმომადგენლები არ უნდა
ჩავაყენოთ განსხვავებულ პოზიცაში, მაშინ მოდით და ისინი ვაკრიტიკოთ ისე, როგორც ჩვეულებრივები,
მაგრამ, თუ ისინი გვეუბნებიან, რომ არიან განსხვავებულები, გამორჩეულები და ხელშეუხებლები
, მაშინ შეეგუენ, რომ მათ შეხედავენ, როგორც გამორჩეულებს და განსხვავებულებს. ჩამოყალიბდნენ ეს ენჯეოები რა უნდათ ამ ადამიანებისგან.“ - აღნიშნავს
ნანუკა ჟორჟოლიანი.


წამყვანი
კრიტიკის მიუღებლობას კიდევ იმ მიზეზით ხსნის, რომ მას კომენტარები ნაკუწ-ნაკუწ ამოუღეს,
ჩაძიების მიზნით დასმული კითხვები ისე დაუდეს, თითქოს თვითონ ყოფილიყო თემის დაწყების
ინიციატორი. „რესპონდენტი ამბობს - ზომბირებული ვიყავიო, მე ვეკითხები იაჰოვას მოწმეებში
ზომბირება ხდება? - ანუ ჩავეკითხე მის რეპლიკას, მათ კი მარტო ჩემი კითხვა ამომიღეს
და გამოვიდა, რომ თემა მე დავიწყე, მაგრამ სრულ კონტექსტს თუ მოვუსმენთ, ის თვითონ
ამბობს ამას და მე მხოლოდ ჩავეკითხე.“ - ამბობს ნანუკა


გადაცემის
წამყვანის აზრით, სტანდარტები შეიძლება მაყურებლმაც გიკარნახოს. ჟურნალისტი მოღვაწეობისას
ქმნის ოქროს ფონდს, რის გამოც ზოგჯერ რეიტინგზეც კი უწევს უარის თქმა. „ხშირად არის დავა იმაზე, თუ ვინ კარნახობს სტანდარტს
- მაყურებელი თუ წამყვანი, ეს თემა რთული და საკამათოა, თუ მე ვაკეთებ გადაცემას, რომელიც
მიწერს რეიტინგს დიდია ალბათობა, რომ იგივე რესპონდენტი სხვა გადაცემაშიც გამოვიყენო,
იმიტომ რომ მე კომერციული პროექტი ვარ. არსებობს ადამიანები, რომელებიც სხვა შოუებში
წერენ რეიტინგს, მაგრამ მე არ მოვიწვევ, არ ვამღერებ და არის ვიღაცები, ვისგანაც სახეებს
არ შევქმნი. მგონია, რომ დანაშაულია 21-ე საუკუნეში გია სურამელაშვილისგან რეიტინგული
სახე შექმნა. იყო შემთხვევა, როცა ჭაბუა ამირეჯიბის
ინტერვიუს ჩემს გადაცემაში მოუგო გია სურამალეშვილმა სხვა შოუში რეიტინგით, მაგრამ
დრო რომ გავა ეს დაფასდება, ჩემს ოქროს ფონდს აუცილებლად მოაკითხავენ და მეტყვიან,
რომ ჭაბუა ამირეჯიბის ბოლო ინტერვიუ მივცე. ყველა დროს ყავს თავისი კლასიკოსი და გმირი,
მე ყოველთვის ვიამაყებ, რომ ადამინებს ეს ოქროს
ფონდი შევუნახე. გია სურამელაშვილს კი არცერთი ოქროს ფონდი არ დაიცავს. ხანდახან მიდიხარ
უარზე რეიტინგზე რომ სამაგიეროდ შექმნა შენი ისტორია, რაც დარჩება შენგან. მაყურებელს
ძალიან უყვარს სიყვითლე. მაყურებელმა ნანუკა მიიღო ასეთი, შოუ, დადმა, ამბავი და შენგან
სხვა რაღაცებს არ ეგუება. მაყურებელს არ უყვარს ხულიგანი ნანუკა, რეიტინგს ძალიან წერს უცხოეთში გასვლები, ის რაც ძალიან ჩვენია. ახლა
ახლა წელს მინდა რო იყოს ნანუკა იმდენად ახალი, რომ ჯერ არ ყოფილა, მაგრამ თან მინდა,
რომ ეს გავდეს 5 წლის წინანდელ ნანუკას.“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.


ჟურნალისტური
სტანდარტებიდან გამომდინარე ეთიკის ქარტიაში განცხადება მაია ასათიანის „პროფილთან“
დაკავშირებითაც შედის, როგორც ქარტიის წევრი ნათია კუპრაშვილი აღნიშნავს, განცხადებები,
ძირითადად, ერთი შინაარსისაა და ის სტერეოტიპების გავრცელებას უკავშირდება. „მაია ასათიანი
აპერირებს ქალზე, როგორც სუსტ სქესზე და როგორც დიასახლისზე, იმაზე, თუ როგორ შეაყვარლოს
მან მამაკაცს თავი. როდესაც საუბარია სტერეოტიპულ საკითხებზე მაია ასათიანი მათ შორის
ხშირად არის, ამის გამო მერე საზოგადოებას უკვირს ის ფაქტი, რომ წამყვანი ქალთა უფლებების დამცველად
გამოდის. გადაცემას აქვს სოციალური ფუნქცია და მნიშვნელობა, ეს დასაფასებელია, თუმცა
ის სწორად უნდა მიეწოდოს მაყურებელს. წამყვანი თავად უწყობს ხელს სტერეოტიპების გავრცელებას,
ის აძლიერებს სტიგმას, მასთან მამაკაცი ყოველთვის სასურველი სასიძოა, ხოლო ქალებს მაშინ
შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, როდესაც არიან ლამაზები და მშვენიერები.“ - აღნიშნავს
ნათია კუპრაშვილი.


„პროფილის“
ჟურნალისტური სტანდარტებსა და ქარტიაში შესულ განცხადებებზე გადაცემის წამყვანთან დაკავშირება
ვერ მოხერხდა, პროდუსერმა კი კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.





მაყურებლისა
თუ სპეციალისტების კრიტიკას თავს ეკრანზე ახლახანს გამოჩენული შოუებიც ვერ აღწევენ
თავს, მათ შორის აღმოჩნდა გადაცემა „სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად“. ეთიკის ქარტიის წარმომადგენლის თქმით, გადაცემა
ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის გარეშე ჯერ არ გასულა ეთერში. „ეს გადაცემა სულ
ახლახანს გამოჩნდა ტელეეკრანებზე, თუმცა პრეტენზიები უკვე არის. თითქმის არცერთი გადაცემა
არ გასულა ეთიკური გადაცდომების გარეშე, ირღვევა მაუწყებლობის ქცევის კოდექსი, თუ გადაცემამ
ამ ფორმატით განაგრძო არსებობა კანონის დარღვევის წინაშეც აღმოჩნდება. გადაცემაში არის
უხამსი სცენები, ხდება დისკრიმინაციის წახალისება სექსუალური კუთხით. შოუ იმდენად ყვითელი
და რეიტინგზე გათვლილია, რომ ეს ეტყობათ კიდეც.“ - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.


ქარტიის
კრიტიკის საპირისპიროდ, გადაცემის მიზანი თემებისა და ადამიანების სხვა რაკურსით ჩვენებაა.
გია ჯაჯანიძე ქართულ ტელესივრცეში გამოჩენას მისი ასაკისათვის შესაფერისი ადგილის არსებობით
ხსნის. „ქართულ ტელესივრცეში ნიშა იყო თავისუფალი იმისა, რომ 53 წლის ადამიანს წაეყვანა
შოუ, მე ეს შანსი გამოვიყენე და ძალიან მინდა
წარმოვაჩინო სხვა რაკურსით ადამიანები და თემები. მე ვაჩვენებ ფაქტს რა ხდება საქართველოში, მე ვსვამ კითხვას რა აინტერესებს
საზოგადოებას და ვახმოვანებ ხალს.“ - ამბობს გია ჯაჯანიძე.


გადაცემის
წამყვანი შოუში არ აფიქსირებს, მის, როგორც მოქალაქის პოზიციას. ფიქრობს, რომ არ არღვევს
კანონებს და ახმოვანებს მხოლოდ იმას, რაც სტკვა ხალხს. ამართლებს ჟურნალისტური ქარტიის
პოზიციას, თუმცა არ იღებს მას. „არასოდეს ჩემი
გადაცემიდან არ ჟღერს პროპაგანდა, მხოლოდ ფაქტი დაგანახე და ამით დამთავრდა, უბრალოდ,
მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტურ ქარტიას აქვს ჩასაფრებულის პოზიცია, რომ უნდათ ვინმე რამეში
გამოიჭირონ, ამ გამოჭერის შემდეგ ატყდეს სკანდალი. მე მრჩება შთაბეჭდილება და ვფიქრობ, რომ არც უამისობაა,
რომ მათ უნდა ატეხონ ხმაური, ჩვენ ან თავი უნდა ვიმართლოთ, ან გამოვეპასუხოთ, ან ისევ
დავარღვიოთ, ან წამოგვცდეს რაღაცა ისე რომ კიდევ ატეხონ ამბავი, მე მესმის მათი, თუ
ამბავს და სკანდალს არ ატეხავენ ხელფასს როგორ აიღებენ, ამიტომ თუ ამ პოზიციით წავა
ეს ყველაფერი არ დამთავრდება ეს პროცესი. ჟურნალისტური
ქარტია როცა კითხულობს, როგორ მაყენებენ შეურაცხყოფას მე, რატომ არ მესარჩლება? აი
მაინტერესებს ეს, გამომესარჩლოს მე, ატეხოს ამბავი და ის გამხაურდება ანუ ახლა მე მათ
რჩევას ვაძლევ. მე ყველა შენიშვნას მივიღებ. ყველაზე კარგი იქნებოდა რომ გინდა ოფიციალურად,
გინდა არაოფიციალურად დავკავშორებეოდით ერთმანეთს, მათ ეთქვათ, ერჩიათ რომ ეს არ შეიძლება,
აი ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ალბათ არ აწყობდათ.“ - ამბობს გია ჯაჯანიძე.


25
წლის თათიას (სახელი შეცვლილია), შეფასებით გია ჯაჯანიძის შოუ ავრცელებს უხამს სცენებს, გადაცემაში
შიშველი ქალის ჩვენება, ეს არის გარყვნილება და დარღვევა ჟურნალისტური სტანდარტების.
„ტელევიზიით მსგავსი სცენები არ უნდა ვრცელდებოდეს, გასართობი შოუებიც კი ისე უნდა
იყოს შეფუთული, რომ მაყურებელში უსიამოვნების გრძნობა არ გამოიწვიოს.- ამბობს თათია. ამ საკითხს ერის შეურაცხყოფად არ აღიქვამს გია ჯაჯანიძე,
მეტიც ეს ფაქტი მას ხელოვნებად მიაჩნია. „ჯერ ერთი ის შიშველი არ ყოფილა, მერე მეორე,
როცა მიდის ლამის პორნოგრაფია ეს რატომ უკვირთ?
ის ქალი იყო ნახევრადშიშველი და არ ყოფილა შიშველი. წევს ქალი, ბიკინით და თმით დაფარული მკერდით და აქ მაქვს ტექსტი „ყველა
სიშიშვლე გარყვნილება არა არის, ზოგიერთი სიშიშვლე შეიძლება გახდეს ხელოვნების ტოლფასი“
და იქ მხატვარი ხატავს. შენ რომ ხარ გონიერი ადამიანი და შეგიძლია გადაშალო ცნობილი
მხატვრების რეპროდუქციები და იქ არის სულ მთლად შიშველი, რომელსაც ბიკინიც არ აცვია
რა? ტელევიზიით ჩვენება ამ ხელოვნებას არ ცვლის.“ - ამბობს გია ჯაჯანიძე.


ეთიკის
ქარტიის განცხადების მიუხედავად, გია ჯაჯანიძე უარყოფს ფაქტს, რომ მისი გადაცემა რეიტინგზეა
გათვლილი, რადგან აშუქებს საზოგადოებისათვის საინტერესო თემებს. „ჩემი გადაცემა გათვლილი
არ არის რეიტინგზე, მე
გამომაქვს რა ხდება დღეს
საქართველოში, მაგალითად,
ნარკომანიასთან დაკავშირებით, ეს სააფთიქო ნარკომანია
რომ ზენიტშია, მე თქვენ ამას გაჩვენებთ.
პაციენტივით ვარ, ექიმს თუ
არ აჩვენე რა გტკივა, რას
გიმკურნალებს ან რა რეცეპს
გამოგიწერს. ნარკომანიის თემის განხილვისას მე არ მოვიწვიე
არც სამართალდამცავები, არც ფსიქიატრები, არც
ფსიქოლოგები, მე მოვიწვიე მხოლოდ
საზოგადოების წევრები. მე მინდოდა მხოლოდ
საზოგადოების აზრი მოესმინა მაყურებელს
და ეს ენახა ყველას.
მე მივესალმები ჟურნალისტური ქარტიის მუშაობას, თუ ეს მუშაობა
ნაყოფიერი იქნება. მე რომ ვიყო
ქარტიაში ასე მოვიქცეოდი, შევხდებოდი
მთელ ჯგუფს, ვეტყოდი, რომ აი აქ,
ეს არა, ეს არა,
მაგარამ მათ უნდათ სკანდალი
და ისკანდალონ. მაოცებს
ის ფაქტი, რომ ისეთი ადამიანები
მაკრიტიკებენ, რომლებიც უყურებენ, შენ თუ არ
გინდა გადართე. მე
ყველა ადამიანის კრიტიკას მივიღებ და ვისწავლი, ოღონდ
ეს იყოს ჯანსაღი. ზოგჯერ
გულწასულ ადამიანს სახეში რომ ურტყავ ატრიალებ,
ნემსს რომ უკეთებ სტკივა,
მაგრამ აჯანმრთელებ, მეწყონოს ოღონდ მასწავლონ.“ - განაცხადა
გია ჯაჯანიძემ.


20
წლის ანა მაისურაძე სატელევიზიო შოუების დიდი მოყავრულია, მისი თქმით გია ჯაჯანიძის
შოუ ქართულ ტელესივრცეში განსაკუთრებულია. „ვარ აღფრთოვანებული, ეს შოუ განსხვავებულია,
სახელის სხვა რაკურსით ზუსტად შეეფერება გადაცემას. გია ჯაჯანიძის შოუ ჩემთვის განსაკუთრებულია, ვუყურე ყველა გადაცემას
და ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩი.“ - ამბობს ანა მაისურაძე.


ქართული
გასართობი შოუების წამყვანები ერთხმად თანხმდებიან, რომ მხოლოდ ჯანსაღი კრიტიკაა მისაღები,
ჟურნალისტური ქარტიის კრიტიკას
კი ამ რიცხვში არ მოიაზრება. მათი აზრით, ქარტია ჩასაფრებული თვალით აკვირდება თითოეულ
დეტალს, იმისათვის, რომ შემდეგ ატეხონ სკანდალი. მათი კრიტიკა დიდწილად მიუღებელი იმის
გამოა, რომ საყვედურს ის მედიასაშუალებები არ იღებენ, რომლებიც ამას რეალურად იმსახურებენ.
მედიაკრიტიკის მიმართ გაყოფილია საზოგადოების აზრი, ზოგი კმაყოფილია იმ პროდუქტით,
რომელსაც გასართობი შოუები ქმნის, ამის საპირისპიროდ კი, ზოგიერთ ადამიანში ეს შოუები
გაღიზიანებას იწვევს. ფაქტია, რომ კრიტიკის მოუხედავად, შოუების რეტინგი საკმაოდ მაღალია,
საზოგადოების დიდი ნაწილი უყურებს მას, პარალელურად კი აკრიტიკებს. წამყვანებიც აღნიშნავენ,
რომ მათი მიმართულებით კრიტიკა იმ ადამიანებისაგან მოდის, ვინც მათ უყურონ, არადა შესაძლებლობა
სასურველი გადაცემის ყურების არჩევისა მათ ხელთაა. შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ის
თოქშიუები, რომლებიც ეთიკის ქარტიის წარმომადგენლის აზრით ჟურნალისტური გადაცდომების
გარეშე არ არსებობენ, საქართველოში ერთგვარ სატელევიზიო ამინდს ქმნიან.









ბაია კუბლაშვილი








0
99
შეფასება არ არის
ავტორი:ბაია კუბლაშვილი
ბაია კუბლაშვილი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0