x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
კომბინირებული სარჩელი, როგორც ადმინისტრაციული სარჩელის ერთ–ერთი ფორმა- სასკ–ის 22–23 მუხლების კომბინაციის მაგალითზე

კერძო სამართლის სუბიექტებს ხშირად აქვთ ხოლმე საქმე ადმინისტრაციულ ორგანოებთან, იქნება ეს რაიმე სახის ნებართვების აღება, სხვადასხვა მომსახურების გაწევა თუ სხვა. შესაბამისად, მრავლადაა შემთხვევები როდესაც წარმოიქმნება დავა, რომელიც მხარეებმა ადმინისტრაციული წესით უნდა განიხილონ. ამ ვითარებაში აღმოჩენილი პირი იწყებს ფიქრს, თუ რომელია ყველაზე ოპტიმალური გზა დავის გადასაწყვეტად, რომელი საშუალების გამოყენებით მიაღწევს იგი წარმატებას და დაიკმაყოფილებს მოთხოვნას. ყველა ეტაპის გავლის შემდეგ ის იწყებს სარჩელის მზადებას, ამისათვის კი არჩევს სარჩელის შესაფერისს სახეს. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ადმინისტრაციული დავის სასამართლოს წესით გადასაწყვეტად საჭიროა კონკრეტული ფორმის შერჩევა, რომელსაც სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს და ამავე დროს, ყველაზე უკეთ დაიცავს ჩვენს უფლებას.

მართალია, ადმინისტრაციული პროცესი ხასიათდება ინკვიზიციურობის ელემენტებით რისი გამოვლინებაცაა ის რომ მოსამართლე, მოსარჩელეს საჭიროების შემთხვევაში სთავაზობს სარჩელის ტრანსფორმაციას, მაგრამ მხარეები ხშირად ნაკლებად ენდობიან მოსამართლეს და საკუთარი მცდარი პოზიციის ბოლომდე გატანას ირჩევენ, რაც აშკარად განწირულია.

ამ მიზეზების გამო და კიდევ იმიტომ რომ, რიგ შემთხვევებში სარჩელის ამ ფორმით ჩამოყალიბება არის სუბიექტების უფლებების გამოხატვისა და დაცვის საუკეთესო საშუალება, მსურს უფრო პოპულარული გახდეს მოსარჩელისათვის უფლების დაცვის ეს გზა, ამიტომ სტატია შეეხება კომბინირებული სარჩელის როგორც ერთ–ერთი სარჩელის ფორმის დახასიათებას და ამავე დროს, განვიხილავთ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის სახეების ერთ კომბინაციას, კერძოდ, აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 22-ე 23-ე მუხლების კომბინაცია).

მოსარჩელის უფლებების ეფექტური დაცვა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის ერთ-ერთი ფორმის გამოყენების მეშვეობით და საჭირო ხდება პირის მიერ სარჩელის შედგენისას ჩამოყალიბებულ იქნეს ამ სარჩელთა სახეების კომბინაციებით ერთი მოთხოვნა, რომელიც შეძლებს ერთი მხრივ, სასამართლოში სრულყოფილად დაიცვას უფლება და მეორე მხრივ, უფლების დაცვის ეს საშუალება იყოს ეფექტური და საპროცესო კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისი, ანუ იგი უნდა ემსახურებოდეს დავის სამართლიან განხილვას რაც შეიძლება სწრაფ ვადებში. კომბინირებული სარჩელისა და სარჩელის ისეთი სახეების, რომლებიც თავის თავში მოიცავს მეორეს, განსხვავება მეტად მნიშვნელოვან და ერთი შეხედვით რთულ საქმეს წარმოადგენს. მოსარჩელეს უხდება არჩევანის გაკეთება თავისი უფლების დასაცავად გამოიყენოს სარჩელის ერთი სახე, რომელიც მის მოთხოვნას აბსოლუტურად მიესადაგება და თავის თავში მოიცავს მეორე ტიპის სარჩელის სახესაც, მაგალითად, პირმა ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა და მოითხოვა პენსიის დანიშვნა, რაზეც მან მიიღო უარი. ამის შემდეგ მან სასამართლოში უნდა შეიტანოს სარჩელი აქტის გამოცემის შესახებ და არა უარის აქტის გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან მხოლოდ უარის გაუქმებით მოსარჩელე მიზანს- პენსიის დამიშვნას, ვერ მიაღწევს, ხოლო აქტის გამოცემის შესახებ სარჩელის შეტანისას სასამართლო ავტომატურად გააუქმებს უარის აქტს სარჩელის დასაბუთებულობის დროს.

სასამართლოში მოსარჩელის მიერ 22-ე 23-ე მუხლებით სარჩელი შეიტანება მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა ერთი პირის, არამედ ორის (ან მეტის) უფლებებს, ანუ მოსარჩელის მიმართ გამოსული გადაწყვეტილება ავტომატურად აუქმებს სხვა პირის უფლებას. მაშასადამე, სარჩელი აქტის გაუქმებისა და გამოცემის კომბინაციით სასამართლოში შეიტანება მაშინ, როდესაც დავა გამომდინარეობს ისეთი ურთიერთობიდან, სადაც ორი ან მეტი პირის კონკურენციასთან გვაქვს საქმე.

მაგალითი 1. ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოაცხადა ტენდერი მისი შენობის ინვენტარის დასამზადებლად. ამ ტენდერში გაიმარჯვა ა-მ, ხოლო ბ-ს სურვილია ის იქნეს ცნობილი გამარჯვებულად. ბ-მ სარჩელი უნდა აღძრას სასკ-ის 22-ე 23-ე მუხლებით და მოითხოვოს ჯერ ა-ს მიმართ გამოცემული აქტის-გამარჯვების შესახებ, გაუქმება, ხოლო შემდეგ მის მიმართ აქტის გამოცემა, რითაც მას მიეცემა ადმინისტრაციული შენობის ინვენტარის დამზადების უფლება, ანუ ის იქნება ცნობილი ტენდერის გამარჯვებულად.

მაგალითი 2. შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი თანამშრომლის მიღების თაობაზე. მონაწილეობა მიიღო ბ-მ, გ-მ და დ-მ. ვაკანტური ადგილი დაიკავა გ-მ, ხოლო დ-ს მიაჩნია, რომ ის უფრო შესაფერისი კანდიდატი იყო და შემოსავლების სამსახურს ის უნდა დაენიშნა. სარჩელი სასამართლოში შეიტანება სასკ-ის 22-ე 23-ე მუხლებით, რადგან გ-ს მიმართ გამოცემული აქტის გაუქმების გარეშე დ-ს სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება, ანუ აქტი მის მიმართ დანიშვნის შესახებ ვერ გამოიცემა.

ასეთი სახის სარჩელი, როგორც ვნახეთ, ეხება ორი პირის ინტერესებს და როგორც წესი, გამოიყენება სწორედ ისეთი ურთიერთობების არსებობისას სადაცაა კონკურენცია, ანუ როდესაც დავა გამომდინარეობს კონკურსის, ტენდერის და სხვა ასეთი შინაარსის ურთიერთობებისაგან.

საბოლოოდ, როგორც ჩანს არსებობს შემთხვევები როდესაც ჩვეულებრივი სარჩელითაც პირი ახერხებს თავისი უფლების სრულყოფილ დაცვას, მაგრამ ამავე დროს არის გარემოებები, რის დროსაც სუბიექტს უხდება გამოიყენოს რთული სარჩელი ფორმა, ანუ სარჩელთა სახეების კომბინაცია, რათა მიაღწიოს სასურველ შედეგს.



21 თებერვალი, 2015 წელი

0
291
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე ანთაძე
თორნიკე ანთაძე
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0