x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
აღიარებითი სარჩელის კომბინაცია აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან და ქმედების განხორციელების სარჩელთან

კომბინირებული სარჩელის მნიშვნელობიდან და მისი, როგორც პირის უფლების სრულყოფილი დაცვის საშუალებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე საინტერესო იქნება ყურადღების გამახვილება. სწორედ ამიტომ, სტატია ეხება აღიარებითი სარჩელისა და აქტის გამოცემის შესახებ სარჩელის და აღიარებითი სარჩელისა და ქმედების განხორციელების მოთხოვნის სარჩელის სახეების კომბინაციებს.

კომბინირებული სარჩელი: აღიარებისა და აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 25-ე 23-ე მუხლების კომბინაცია)

ეს შემთხვევები მაშინაა სახეზე, როდესაც პირს სურს მოითხოვოს აქტის გამოცემა, მაგრამ უკვე არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არარაა (სზაკ–ის მ.60).

მაგალითი- მოსარჩელე ა–ს სურს დაიკანონოს მიწის ნაკვეთი, რომელზეც უკვე მრავალი წელია ცხოვრობს, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით უკვე არსებობს აქტი, თუმცა აშკარაა მისი არარად ყოფნის საფუძვლები. ა–ს შეუძლია სასამართლოში მოთხოვნა დააყენოს შემდეგნაირად– მოითხოვოს უკვე არსებული აქტის არარად ცნობა და მეორე მოთხოვნად მან მართლმსაჯულების ეფექტურობისა და ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოითხოვოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება აქტის გამოცემის შესახებ.

კომბინირებული სარჩელი: აღიარებისა და ქმედების განხორციელების მოთხოვნით (სასკ-ის 25-ე 24-ე მუხლების კომბინაცია)

აღიარებითი სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ რაიმე უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენა პირს სჭირდება მომავალში საკუთარი უფლების დასაცავად. არა აქვს მნიშვნელობა შორეული იქნება ეს უფლების დაცვის მიზანი, თუ ახლო მომავლისთვის განკუთვნილი, მთავარია ის, რომ ამ აღიარებით სუბიექტს უჩნდება საკუთარი თავის დაცვის უალტერნატივო და ქმედითი ინსტრუმენტი.

პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მოსარჩელეებს სურთ თავიანთი უფლების დაცვის გარანტიები შეიქმნან იმის გამო, რომ მათ უკვე სჭირდებათ ეს საფუძველი თავიანთი ახალი მოთხოვნების საწარმოებლად. დამეთანხმებით ალბათ იმ საკითხში, რომ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე სასამართლოში მისვლა არის უფლების დაცვის ultima ratio (უკანასკნელი საშუალება) და ამიტომ თუ არა რეალური ამწუთიერი მოთხოვნა, ჩვენი საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ იფიქრებს ერთი წლის შემდეგ შესაძლო არსებული უფლების დაცვაზე და ამ უფლების არდარღვევის გარანტიებზე, თუმცა გამონაკლისებიც მოიპოვება.

მაშასადამე, როგორც ვთქვით, ხშირად ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ აღიარებითი სარჩელი, იმიტომ რომ უკვე აქვთ მზად სხვა მოთხოვნა. ასეთი ტიპის მოთხოვნებს მიეკუთვნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც სუბიექტს აღიარებული უფლების ან სამარათლებრივი ურთიერთობის შემდეგ უჩნდება. ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ თუ პირი მზადაა ერთი დავის დამთავრების შემდეგ დაიწყოს იმავე სასამართლოში ახალი დავა, თან ამ დავებს შორის არსებობს კავშირი და საპროცესო სამართლის პრინციპებთან შესაბამისობა, რატომ არ უნდა მიეცეს მოქალაქეს ამის უფლება.

მაგალითი 1- მოქალაქე ბ-ს მიმართ გამოცემულია ინდივიდუალური აქტი, რითაც მას აეკრძალა თავისი ავტოფარეხით სარგებლობის უფლება, რადგან აქტით განსაზღვრულია, რომ იგი არ შეესაბამება მშენებლობის სტანდარტებს. აგრეთვე არ ირკვევა ამ აქტის გამომცემი ორგანოს ვინაობა. ბ-ს უხდება თავისი ავტომობილის ფასიან ავტოსადგომზე დაყენება. ბ-ს უფლების დაცვის საშუალებაა კომბინირებული სარჩელი, კერძოდ, მან უნდა მოითხოვოს აქტის არარად აღიარება, ზაკ-ის მე-60 მუხლის ნაწილი 1, პუნქტი ა-ს საფუძველზე და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეულია ავტომობილის ფასიან სადგომზე გაჩერებით.

მაგალითი 2– ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო ქუჩის შეკეთება, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო 3 თვე, თუმცა სამუშაოები 6 თვე ვერ დამთავრდა. მოქალაქეს ამ ქუჩაზე ქონდა რესტორანი და სარემონტო სამუშაოების გამო ვერ ფუნქციონირებდა. მოქალაქის უფლების დაცვის საშუალებაა აღიარებითი სარჩელი, რადგან 3 თვის შემდეგ მას სარჩელით რომ მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება, ეს ვერ მოხდებოდა, რადგან ქუჩა ამ დროისთვის იყო გადათხრილი და პირის მოთხოვნა ქუჩის ასეთ მდგომარეობაში დატოვების შესახებ არ დაკმაყოფილდებოდა. პირის მიერ 6 თვის შემდეგ მისი უფლების დაცვის პრევენციული საშუალებების გამოყენება შეუძლებელია, რადგან გასაჩივრების ვადა უკვე გასულია. ასეთ დროს პირს აქვს უფლება სასამართლოს მიმართოს აღიარებითი სარჩელით და დაადგინოს სარემონტო სამუშაოების უკანონობის ფაქტი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას რეალაქტის უკანონობა სჭირდება შემდეგ ზიანის მოთხოვნისათვის, ამიტომ მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს სასკ–ის 25–ე 24–ე მუხლების კომბინაციით.

პრაქტიკაში არსებობს მოსაზრება, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ რაიმე ქმედების განხორციელების დაკისრება არ არის სამართლიანი იმის გამო, რომ პირმა ჯერ თავად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოსთხოვოს ქმედების განხორციელება და მხოლოდ ამ ქმედებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეუძლია მას სარჩელით მიმართოს სასამართლოს, რადგან სასამართლო არის დავის განმხილველი ორგანო, ხოლო დავა თუ არ არის სახეზე, სასამართლოს ჩარევის საჭიროება არ დგას. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რის მიხედვითაც ეფექტური და ეკონომიური მართლმსაჯულების პრინციპებიდან გამომდინარე უნდა მიეცეს პირს დავის სრულყოფილი აღმოფხვრის საშუალება, რადგან სავარაუდოა, რომ მხოლოდ პირის უფლების აღიარებით და შემდგომ, ამ უფლების რეალიზაციისთვის პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე ვალდებულების შესრულებას არ იქნება ეფექტური, რადგან ადმინისტრაციული ორგანო შეეცდება თავი აარიდოს ვალდებულების შესრულებას მხოლოდ პირის მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო როდესაც ასეთ ვალდებულებას დაადგენს უშუალოდ სასამართლო სუბიექტის უფლება აპრიორი რეალიზებული იქნება.

საბოლოოდ, პირს ადმინისტრაციული დავის წარმოშობისა და მისი სასამართლოს წესით განხილვისას საშუალება აქვს გამოიყენოს არა სარჩელის ერთი სახე, არამედ სარჩელთა კომბინაცია და მიიღოს ის შედეგი, რაც მას რეალურად სურს. ასე რომ, მოსარჩელეებს არ უნდა მოერიდოთ სარჩელის ჩამოყალიბებისას მიუთითონ ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც ნამდვილად გამომდინარეობს დავის არსიდან. ეს ყოველივე კი შედეგად მოიტანს უპირველესად სუბიექტების უფლებების დაცვის მეტ გარანტიებს, ხოლო შემდგომ ასეთი სამართალწარმოების ხარჯზე მოხდება სამართალშემოქმედების და სამართალშეფარდების პროცესების ხელოვნების დონეზე აყვანა, მოსამართლეები გაცდებიან იმ რუტინას რასაც მსგავს სარჩელებზე მსგავსი გადაწყვეტილებების გამოტანა ჰქვია და თავიან საქმიანობას უფრო შინაარსობრივად დატვირთულად განახორციელებენ.



21 თებერვალი, 2015 წელი

0
551
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე ანთაძე
თორნიკე ანთაძე
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0