x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
საქართველოს საგარეო პოლიტიკური პერსპექტივები კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის ჭრილში
ავტორები:

სალომე გიუნაშვილი

თამთა ჯოლოხავა




გასული საუკუნე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოვლენებით დატვირთული იყო. რაღა თქმა უნდა ეს ვნებათაღლვა საქართველოსაც შეეხო თანაც საკმაოდ მტკივნეულად. პირველ მსოფლიო ომი, დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდი, „გაწითლება“, საბჭოთა კავშირის წევრის სახელით გადატანილი მეორე მსოფლიო ომი, „ცივი ომი“, სოციალისტური ბანაკის რღვევა, საბჭოთა კავშირის დაშლა, დამოუკიდებლობის მოპოვება - ეს იმ მოვლენათა მოკლე და მშრალი ჩამონათვალია, რაც ნათლად გვიჩვენებს თუ რაოდენ რთული იყო მეოცე საუკუნე საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის ახლადჩამოყალიბებული პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილება კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე აყენებდა საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლობადაკარგულ ქვეყანას. ქვეყნის ევროპული კურსი მცირედი კორექტიტებების მიუხედავად უალტერნატივო იყო ქართველი ხალხისთვის და 2011 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვითაც დადასტურდა (RCCR „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“). ქვეყნის ევროპული მიმართულებით წარმატებით განვითარების დამაგვირგვინებელი აკორდი რომ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაში მდგომარეობს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა საინტერესოა ამ გზის რა მონაკვეთზე იმყოფება დღევანდელი საქართველო.




ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ აშკარაა რომ ქვეყანამ დიდი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირისაკენ, თუმცა მწყობრი რეფორმების გატარების აუცილებლობას ევროპელი პარტნიორებიც უსვამენ ხაზს. ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი პუნქტები პირველ რიგში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას საჭიროებს. თუმცა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებისათვის მთავარ კითხვა მაინც შემდეგში მდგომარეობს: რამდენად დიდი იქნება ევროპასთან ასოცირებით მიღებული სარგებელი და შეძლებს თუ არა ის იქცეს ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხის შემაკავებელ ზღუდედ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავიხსენოთ, რომ „ჩვენ ურთიერთდამოკიდებულების ეპოქაში ვცხოვრობთ“ ( კიოჰეინი, 1989, 3). სწორედ კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის ჩარჩოებში შევეცდებით დავადასტუროთ, რომ საქართველოსთვის, როგორც პატარა ევროპული სახელმწიფოსთვის, ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის დარეგულირების ერთადერთი აშკარა გზა ევროპასთან დაახლოება და ევროკავშირში გაწევრიანებაა.


დამოკიდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არსებობა და მისი პოლიტიკური გავლენა გარეშე ძალების მიერ განისაზღვრება ან ეს ძალები მასზე გავლენას ახდენენ. ურთიერთდამოკიდებულება კი გვიჩვენებს რომ ეს პროცესი მრავალმხრივია ( რონდელი, 2006, 178). განსაზღვრება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ურთიერთდამოკიდებულება ის ბერკეტია, რომელსაც შესწევს უნარი დაარეგულიროს კონფლიქტები და „აიძულოს“ სახელმწიფოები გადაწყვეტირების მიღებისას ალტერნატიულ დანახარჯებსა და დანაკარგებზე უფრო მეტად იფიქრონ. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია სამხედრო ძლიერებას ქვეყნის ძალის ერთადერთ საზომად არ თვლის. როგორც ჰოფმანი აღნიშნავს: „მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ძალის ელემენტებმა, გამოყენების გზებმა და მიღწევებმა რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა“ ( ჰოფმანი, 1975, 183). ამავე ლოგიკით, სუსტი სამხედრო ძალის მქონე ქვეყანას (ისეთს, როგორიც საქართველოა) შესწევს უნარი საკუთარი ძალა გაზარდოს. რაღა თქმა უნდა როგორც დიდი ევროპული ოჯახის წევრი იგი, პარტნიორებთან ერთად, შეძლებს რუსეთს ერთობლივი რბილი ძალით დაუპირისპირდეს და უფრო მეტი გავლენა იქონიოს მასზე მგრძნობელობითა და დაუცველობის ინსტრუმენტებით, ვიდრე სამხედრო იარაღით.



სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში საქართველომ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ევროპული კურსი, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა: ჩვენს ქვეყანას ამ გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დივიდენდების სრულად მიღება გაუჭირდება.








გამოყენებული ლიტერატურა:



1. რონდელი, ალექსანდრე. 2006. საერთაშორისო ურთიერთობები. თბილისი:
ნეკერი.


2. R.O. Keohane, J.S. Nye. 1989. Power and Interdependence.
Second edition. Scott, Foresman and Company. Glenview.


3. Hoffman, Stanley. 1975. Notes on the elusiveness of modern power. London: Sage Publications, Ltd. ლინკი: http://www.jstor.org/discover/10.2307/40201220?uid=3738048&uid=2&uid=4&sid=21104653883151 ბოლო ნახვა: 25 ნოემბერი, 2014.


4. CRRC კვლევის შედეგები: http://www.epfound.ge/files/eu_report_geo_12jan2012_final_1_.pdf





0
38
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე გიუნაშვილი
სალომე გიუნაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0