x
„სიზმარი : გონების თეატრი“

image ჩვენი ცხოვრების ყოველი ჩვეულებრივი
დღის შემგედ, დაძინებისას გადავდივართ სიზმრების რთულ სამყაროში და რაც ყველაზე საინტერესოა, ძილში სიზმრის შინაარსს თითოეული ჩვენგანი რეალობად განვიცდით. სიზმარი ერთგვარი ძილის წინანდელი ფიქრების და ქმედებების გაგრძელებაა. მაგალითად, თუ მთელი დღის განმავლობაში ვცეკვავდით ან დღიურებს ვწერდით, დიდი შანსია სიზარშიც იმავეს ვაკეთებდეთ.
ჩვენმა წინაპრებმა სიზმარს ახსნაც უპოვეს : „ იგი მიიჩნიეს „სულის“ თავგადასავლად. თითქოს სული მოგზაურობს სხეულის ძილის დროს.“ სიზმრების მიხედვით ცდილობდნენ გაეგოთ წარმატებით ჩაივლიდა თუ არა მათი ნადირობა, თევზაობა, ბრძოლა, ცდილობდნენ შეერჩიათ ხელსაყრელი ადგილი საცხოვრებლად და იმასაც კი საზღვრავდნენ როდის იქნებოდა უკეთესი ბრძოლის დაწყება და დასრულება. ერთი სიტყვით, როგორც ვხედავთ, ადრე სიზმარს გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ვიდრე დღეს. დღესდღეობით ადამიანები სიზმარს ყურადღების ღირსადაც არ ვთვლით, ვფიქრობთ რომ მასზე ყურადღების გამახვილება სიგიჟედ შეიძლება ჩაგვითვალონ. თუ დავფიქრდებით მართლაც ასეა, ალბათ ნებისმიერ ადამიანს გაეცინება სიზმრის მიხედვით, რომ შესთავაზოთ საკუთარი სამუშაო დღის ან მომავლის დაგეგმვა.
საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ფროიდი სიზმართან დაკავშირებით. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. თანამედროვე დასავლურ კულტურაში ყველაზე ცნობილი თეორია სიზმრების შესახებ, სწორედ, ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის. ფროიდი სიზმრებს „წარმავალ ფსიქოზსა“ და „ყოველღამეულ სიგიჟეს“ უწოდებდა. ასევე ის სიზმრებს „არაცნობიერისკენ მიმავალ სამეფო გზად“ მიიჩნევდა. იგი წერდა, რომ ადამიანი მრავალი ტენდენციის მატარებელია, მაგრამ არის ტენდენციები და სურვილები, რომლებსაც ცნობიერი უგულებელყოფს და დევნის. ეს აზრები და სურვილები კი მაინც პოულობენ განსხეულების საშუალებას. ამისათვის, საუკეთესო დრო კი ძილია, როცა „ცენზურა“, ანუ ცნობიერი აქტივობა შესუსტებულია.
ფსიქოანალიტიკოსები, სიზმრების ანალიზს ხშირად პაციენტის პრობლემის გარკვევისა და მათი მკურნალობისთვის იყენებენ. სიზმრები მათთვის ნათელს ხდის პაციენტის არაცნობიერ სურვილებს, ამ სურვილებთან შეჭიდულ შიშებსა და იმ დაცვითი მექანიზმების თავისებურებებს, რომელთაც იყენებს პაციენტი სურვილებსა და შიშებს შორის წარმოქმნილ ფსიქიკურ კონფლიქტთან გასამკლავებლად. ფროიდს მიაჩნდა, რომ სიზმარში წარმოსახული ნებისმიერი სურათი ჩვენი შინაგანი ფსიქიკური მდგომარეობის გამომხატველია და სიზმარი ერთგვარი სიმბოლოა ჩვენი შინაგანი სამყაროსი, რომელიც რეალიზებას ვერ ახდენს ზემოთ ხსენებული „ცენზურის“ გამო. ის სიზმრის სიმბოლიკას ადამიანის ფსიქოლოგიის ზოგად თეორიას უკავშირებს. ესე იგი, ადამიანი სიზმარში ახდენს რეალიზაციას იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც რეალობაში ვერ ან არ იყენებს. სიზმრის სპეციფიკაც სწორედ ისეა აგებული, რომ ამ ძალების რეალიზაციას ხელი შეუწყოს.
როგორც ვხედავთ, არც თუ ისე უმნიშვნელო ყოფილა სიზმრები ადამიანის ცხოვრებაში და არც მათზე ყურადღების გამახვილებაა სიგიჟე. ამრიგად, სიზმრები– ეს არის ფსიქიკის რეაგირება ძილში მოქმედ გამღიზიანებლებზე. სპეციალისტებთან სიზმრების განხილვა დაგვეხმარება, ვიპოვოთ ძილის ხელისშემშლელი გამღიზიანებლები, რომლებზეც ადამიანი სიზმრებით რეაგირებს. სიზმრების სამყარო, რა თქმა უნდა, განსხვავდება რეალურისგან. სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს, იგი არ მოიცავს სუნს, გემოს, ან შავ–თეთრია ან ფერადი, ხშირადაც მეორდება, მაგრამ ძილში ისევე როგორც ცხადში, არსებობს თავისი ლოგიკა, განსაკუთრებული პერსპექტივა, თავისებური აშკარა და დაუჯერებელი.

18 თებერვალი, 2015 წელი

1
171
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარ წულაია
თამარ წულაია
171
  
2015, 21 თებერვალი, 16:24
მართლა რა საინტერესოა ეს სიზმარი რაა
0 1 1