x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება ადრეულ ასაკში
მეცნიერები, რომლებიც სოციალურ შემეცნებას იკვლევენ, ისეთ კითხვებზე
ეძებენ პასუხს, როგორიცაა: როდის ხვდებიან ჩვილები, რომ ისინი სხვა ადამიანებისა და საგნებისაგან დამოუკიდებელი არსებები არიან? ასაკთან ერთად როგორ იცვლება ბავშვის წარმოდგენა საკუთარი და სხვების გონებრივი შესაძლებლობების შესახებ? რას ამბობენ ბავშვები და მოზარდები, როცა საკუთარი თავისა და სხვების დახასიათებას სთხოვენ? ამ და სხვა კითხვების პასუხად ვნახავთ, რომ შემდეგი მიმართულებები,
რომლებიც შემეცნების განვითარების განსაზღვრისათვის გამოვიყენეთ, გამოგვადგება ბავშვების მიერ საკუთარი სოციალური სამყაროს შესაცნობადაც:
• სოციალურ-შემეცნებითი განვითარება კონკრეტულიდან აბსტრაქტულისაკენ
მიმდინარეობს. ბავშვები თვალით დასანახი თავისებურებების - საკუთარი და სხვების გარეგნობისა და ქცევის - შემჩნევით იწყებენ. ამის შემდეგ, მალევე ეცნობიან შინაგან პროცესებს - სურვილებს, რწმენას, მისწრაფებებს, უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებს.
• სოციალური შემეცნება ასაკთან ერთად თანდათანობით უკეთ ორგანიზებული ხდება, როცა ბავშვები ცალკეულ ქცევებს საკუთარი და სხვების პიროვნებისა და იდენტურობის შეფასებას უკავშირებენ.
• ბავშვები ქცევის მიზეზთა შესახებ საკუთარ მოსაზრებებს ამოწმებენ მარტივი,
ცალმხრივი ახსნიდან რთულ, ურთიერთმოქმედ კავშირებამდე, რომელიც ითვალისწინებს როგორც ინდივიდს, ასევე სიტუაციას.
• სოციალური შემეცნება მეტაკოგნიტური აღქმისაკენ მიდის. ასაკთან ერთად ბავშვის აზროვნება სოციალური რეალობის ფარგლებს სცდება და საკუთარი და სხვა ადამიანების სოციალურ აზროვნებაზეც ფიქრობს.


სოციალურ-ემოციური სფერო თავის მხრივ მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:


• თვითიდენტობა (მე-კონცეფცია)– ეს არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ: ვინ ვარ მე? რომელ ჯგუფს ვაკუთვნებ ჩემს თავს? ბავშვი მიაკუთვნებს საკუთარ თავს გარკვეულ სქესს, ეროვნებას და ა.შ.
• თვითშეფასება - ეს არის ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, როგორ აფასებს საკუთარ თავსა და ქცევას - დადებითად თუ უარყოფითად, აგრეთვე საკუთარი თავის რწმენასა და იმედს, რომ წარმატებული იქნება ამა თუ იმ საქმიანობაში ან სხვებთან ურთიერთობის დროს.
• თვითმართვა - რაც გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ქცევებისა და ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას, ნებისყოფის გამომუშავებას რეგულარული საქმიანობითა და წესების დაცვით.
• თვითგამოხატვა - რაც გულისხმობს ადამიანის უნარს სწორად გაიგოს საკუთარი განცდები და სათანადოდ გამოხატოს საკუთარი თავი, დამოკიდებულებები და გრძნობები.
• ურთიერთობა - ეს არის ადამიანებს ან ჯგუფებს შორის კავშირის დამყარების პროცესი, რომელიც რთული და მრავალმხრივია. ბავშვი ჯერ იწყებს უფროსთან ურთიერთობას და შემდეგ ვითარდება ურთიერთობა თანატოლებთან.
• ადაპტაციური სოციალური ქცევა - რაც გულისხმობს ბავშვის უნარს შეეგუოს იმ ადამიანებს, რომლებთანაც უწევს ურთიერთობა და იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფება. ერთი მხრივ, გამოამჟღავნოს ნდობა, გასაგებად და თავდაჯერებულად გამოხატოს თავისი სურვილები და განცდები და, მეორე მხრივ, გაუგოს სხვას. ეს ასპექტი მჭიდროდაა დაკავშირებული როლური უნარ-ჩვევების განვითარებასთან, რაც გულისხმობს მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა პოზიციიდან დანახვისა და შეფასების უნარს. სხვისი როლის გათავისების უნარის უქონლობა ბავშვს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის თვალთახედვიდან, თანაუგრძნოს სხვა ადამიანს. ასაკობრივ ზრდასთან ერთად ბავშვს ეს უნარი უვითარდება, რაც სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში მჟღავნდება.
მე-სუბიექტი - როგორც მცოდნე და მოქმედი, მოიცავს შემდეგის გაცნობიერებას: თვითცოდნა - ანუ "მე" გამოცალკევებულია გარემომცველი სამყაროსაგან და სხვათათვის მიუწვდომელი პირადი შინაგანი ცხოვრება აქვს; თვითმდგრადობა - ანუ "მე" დროთა განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანია; თვითკოჰერენტულობა
- ანუ "მე" ცალკეული, თანმიმდევრული, შემოფარგლული არსებაა; და თვითკონტროლი - ანუ "მე" აკონტროლებს საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებს.
მე-ობიექტი - ცოდნისა და შეფასების ობიექტი. ის მოიცავს ყველა მახასიათებელს, რომელიც მე-ს გამორჩეულსა და უნიკალურს ხდის: მატერიალურ თავისებურებებს, ფიზიკურ გარეგნობასა და საკუთრებას; ფსიქოლოგიური თავისებურებები მოიცავს სურვილებს, დამოკიდებულებებს, რწმენას, აზროვნების პროცესებსა და პიროვნულ თვისებებს; სოციალურ თავისებურებებს ანუ როლებსა და სხვებთან ურთიერთობას.
მე-სუბიექტის საწყისები დაბადებისას ჩვილები გრძნობენ, რომ ისინი გარემოსაგან ფიზიკურად გამოცალკევებულები არიან. მაგალითად, ახალშობილები გაცილებით მყარ რეფლექსს ავლენენ გარეგანი სტიმულაციის (ლოყაზე სხვისი შეხება) პასუხად, ვიდრე თვით-სტიმულაციის (საკუთარი ხელით საკუთარ ლოყაზე შეხება) პასუხად. ახალშობილის ინტერმოდალური აღქმის გასაოცარი უნარი ხელს უწყობს მე-სუბიექტის ჩამოყალიბებას. რაკი გრძნობენ საკუთარ შეხებას, გრძნობენ და ხედავენ საკუთარი კიდურების მოძრაობას, გრძნობენ და ესმით საკუთარი ტირილი, ბავშვები ინტერმოდალურ შესაბამისობებს ადგენენ, რაც მათ სხეულს გარემომცველი სხეულებისა და ობიექტებისაგან გამოაცალკევებს. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვილები საკუთარ ვიზუალურ გამოსახულებას სხვა სტიმულისაგან არჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ თვითცოდნა კვლავ მხოლოდ აღქმითა და მოქმედებით არის შემოფარგლული.
როდესაც პატარებს აჩვენებენ გვერდიგვერდ მოთავსებული საკუთარი ფეხების ვიდეოგამოსახულებებს, რომელთაგან ერთი მათი თვალთახედვით არის გადაღებული (ვიდეოკამერა ბავშვის უკან არის მოთავსებული), ხოლო მეორე - დამკვირვებლის თვალთახედვით (ვიდეო კამერა ბავშვის წინ არის მოთავსებული), სამი თვისანი უფრო ხანგრძლივად დამკვირვებლის თვალით დანახულს უყურებენ. მეორე შემთხვევაში ისინი საკუთარი ფეხების შებრუნებულ ვიდეოგამოსახულებას უფრო ხანგრძლივად აკვირდებიან, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში გადაღებულს. 4 თვის ჩვილები სხვების ვიდეოგამოსახულებებს უფრო უყურებენ და უღიმიან, ვიდრე საკუთარი თავისას, რაც იმას მიანიშნებს, რომ სხვა ადამიანს (მე-ს ოპოზიტიურს) პოტენციურ სოციალურ პარტნიორად განიხილავენ.


მე-ობიექტის საწყისები სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში მე-ობიექტის ჩამოყალიბებასთან ერთად ბავშვები უკვე შეგნებულად ეცნობიან მე-ს ფიზიკურ თავისებურებებს. ერთ-ერთი კვლევისას 9-24 თვის ბავშვები სარკის წინ დასვეს და დედებს მათი წითელი საღებავით მოთხუპნული ცხვირის გასუფთავება სთხოვეს. ასაკით უმცროსები სარკეს ეხებოდნენ, თითქოს წითელი ლაქა სარკიდან მომზირალ მათივე გამოსახულებას ჰქონდა და არა მათ. თვისანი საკუთარ ცხვირებს იწმენდნენ, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ უკვე იცოდნენ სარკიდან მომზირალი მე იყო ამის გარდა, ზოგიერთი მათგანი სულელურად იქცეოდა ან იმორცხვებდა სარკის წინ, ხალისით აკვირდებოდა საკუთარ გამოსახულებას დაახლოებით 2 წლის ასაკში თვითაღიარება - საკუთარი თავის, როგორც ფიზიკურად უნიკალური არსების აღქმა -კარგად არის ჩამოყალიბებული. ბავშვები თავისთავს სცნობენ ფოტოებზე და საკუთარ თავზე საუბრისას თითქმის ყველა იყენებს საკუთარ სახელს ან პირის ნაცვალსახელს. ბავშვების მიერ მე-ობიექტის უფრო სრულყოფილად გაცნობიერებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება. როცა 2-3 წლისებს საკუთარ თავს ცოცხალ ვიდეოში (ვიდეო დროის რეალური მასშტაბით) აჩვენებენ, ეკრანზე დანახვისთანავე ბავშვები თმებზე მიკრული წებოვანი ფურცლის მოძრობას ცდილობენ (აცნობიერებენ, რომ ვიდეოში საკუთარ თავს ხედავენ). მაგრამ თუ ვიდეოს აჩვენებენ ჩაწერიდან რამდენიმე წუთში, 4 წლამდე ბავშვები თმაზე მიკრულ ქაღალდს არ იძრობენ, თუმცა კითხვაზე, ვინ იყო ტელევიზორში, დაბეჯითებით პასუხობენ _ "მე".



მე-სუბიექტის მსგავსად მე-ობიექტის განვითარების ხელშეწყობა სენსიტიური მზრუნველობით არის შესაძლებელი. თუ კი ბავშვს მშობელთან უსაფრთხო, ანუ ნდობაზე დაფუძნებული კავშირი აქვს (უსაფრთხო მიჯაჭვულობა), მაშინ ის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ (მაგ., საკუთარი და მშობლების სხეულის ნაწილების შესახებ) უფრო რთულ ცოდნას ამჟღავნებს, ვიდრე მისი თანატოლები.


თვითცოდნა და ადრეული ემოციური და სოციალური განვითარება - თვითცოდნა
სწრაფად ხდება ბავშვის ემოციური და სოციალური ცხოვრების ძირითადი ნაწილი. თვითშემეცნების ემოციები ბავშვის მიერ "მე"-ს განცდის გაღრმავებაზეა დამოკიდებული. თვითცოდნა სხვა ადამიანის თვალსაზრისის მიღების საფუძველიც ხდება. მაგალითად, ის დაკავშირებულია თანაგრძნობასა და თვითშემეცნებასთან დაკავშირებული ქცევის საფუძვლებთან: მორცხვობასა და უხერხულობასთან. ამასთანავე, სარკისებრი თვითცნობიერება წინ უძღვის თანატოლთა მუდმივ, ორმხრივ მიბაძვას _ თანატოლი აბრახუნებს ან უკან ბრუნდება, პატარაც ბაძავს ქცევას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ არამარტო ბავშვია თანატოლით დაინტერესებული, არამედ იცის, რომ თავადაც ინტერესის საგანი ხდება. ორი წლის ასაკში თვითშემეცნება საკუთრების გრძნობას უყრის საფუძველს. რაც უფრო მყარია 2 წლის ბავშვის თვითშემეცნება, მით უფრო მესაკუთრულ გრძნობებს ამჟღავნებს მყარი მე-ს განცდა საშუალებას აძლევს ბავშვებს ითანამშრომლონ საგნების, თამაშისა და მარტივი პრობლემების გადაჭრის თაობაზე წარმოქმნილი კამათის დროს. აქედან გამომდინარე, თანატოლთა მეგობრული ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ მათი მესაკუთრული გრძნობები საკუთარი უფლებების დაცვის ნიშნად მიიჩნიონ ("დიახ, ეს შენი სათამაშოა") და შემდეგ ხელი შეუწყონ კომპრომისს ("იქნებ ცოტა ხნით სხვას ათხოვო"), იმის ნაცვლად, რომ დაჟინებით მოითხოვონ მათგან გაზიარება.


კატეგორიული და გახსენებული "მე" - ენა თვითგანვითარების მძლავრი ინსტრუმენტია, რადგან ბავშვებს მე-ს უფრო ნათლად წარმოდგენისა და გამოხატვის საშუალებას აძლევს და ამით ხელს უწყობს სკოლამდელთა თვითცოდნის გაღრმავებას. 18-30 თვის ბავშვებს ასაკის (ბავშვი, ბიჭი ან კაცი), სქესის (ბიჭი და გოგო, ქალი და კაცი), ფიზიკური თავისებურებებისა (დიდი, ძლიერი) და თვით სიკარგისა და სიცუდის (მე კარგი გოგო ვარ, ტომი ცუდი ბიჭია) საფუძველზე საკუთარი თავისა და სხვების კლასიფიკაციის კვალდაკვალ კატეგორიული მე უვითარდებათ. ისინი უკვე საკუთარი კომპეტენციების შესახებაც საუბრობენ (გავაკეთე! არ შემიძლია).
უფროსი-ბავშვის საუბრები წარსულის შესახებ ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას აყალიბებს. ეს ცხოვრებისეული ამბები ბავშვს უყალიბებს გახსენებულ მე-ს _ უფრო კოჰერენეტულ და მდგრად პორტრეტს, ვიდრე ამას პირველი რამდენიმე წლის იზოლირებული, ეპიზოდური მეხსიერება შეძლებდა. პიროვნული ამბების მოყოლით ბავშვებს უყალიბდებათ თვალსაზრისი, რომ "მე" სხვათა სამყაროში მცხოვრები უნიკალური, მდგრადი არსებაა. 2 წლის ასაკისათვის მშობლები ამგვარ საუბრებს წესებისა და სტანდარტების გასაცნობად, აგრეთვე ბავშვის შესახებ შეფასებითი ინფორმაციისათვის იყენებენ (კარტოფილის პიურეს როცა აკეთებ, რძე უნდა დაუმატო. ეს მნიშვნელოვანია!).

შინაგანი "მე" - აზროვნების ბავშვისეული თეორია საკუთარ თავსა და სხვებზე ფიქრის შედეგად ბავშვებს გონების შესახებ უყალიბდებათ გულუბრყვილო თეორია _ საკუთარ და სხვების მდიდარი გონებრივ საქმიანობას შორის ურთიერთდაკავშირებულობის შესახებ, ე.წ. კოჰერენტული გაგება. ორნახევარი წლის შემდეგ ბავშვები გონების მდგომარეობას ხშირად და შესაბამისად მოიხსენიებენ ყოველდღიურ მეტყველებაში. მიუხედავად ზოგიერთი ტერმინის არევისა, სკოლამდელებმა კარგად უწყიან პირადი ფიქრებისა და წარმოსახვების შინაგანი მე-ს შესახებ. როგორია ბავშვის წარმოდგენით ეს შინაგანი "მე" და როგორ იცვლება ის ასაკთან ერთად? მკვლევარებს ეს საკითხი აინტერესებთ, რადგან გონების შესახებ შეხედულებები ჩვენი საკუთარი და სხვების ყოველდღიური ქცევის განსაზღვრისა და ახსნის მძლავრი იარაღია. ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებთან გონებრივი პროცესების შესახებ თეორიის წარმოქმნას, როგორ ახერხებენ ბავშვები ადრეულ ასაკში გონების შესახებ თეორიის
განვითარებას? მიუხედავად ამ კითხვის შესახებ აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობისა, კვლევა ადასტურებს, რომ მეტყველება, შემეცნებითი უნარები, დაჯერების თამაში და სოციალური გამოცდილება დიდ როლს ასრულებს.


მეტყველება - გონების გაგება მასზე ფიქრის უნარს მოითხოვს, რაც ენის საშუალებით არის შესაძლებელი. მცდარი რწმენის გაცნობიერება 4 წლის ბავშვის მიერ ამ ასაკის შესაბამის მეტყველების უნართან არის დაკავშირებული. ის ბავშვები, რომლებიც სპონტანურად ან სწავლის შედეგად იყენებენ ფსიქიკური მდგომარეობის ამსახველი სიტყვებისაგან შემდგარ რთულ წინადადებებს, უფრო ადვილად ართმევენ თავს ამოცანებს მცდარი რწმენის შესახებ. პერუს მთიანი სოფლის კეჩუას მკვიდრნი ფსიქიკურ მდგომარეობას ისეთი ტერმინებით მოიხსენიებენ, როგორიცაა "ფიქრი" და "რწმენა", რადგან მათი ენა ძალზე მწირია ფსიქიკური მდგომარეობის ამსახველი სიტყვების თვალსაზრისით. მათ შვილები მცდარი-რწმენის შესახებ ამოცანებს იმ ასაკშიც ვერ ართმევენ თავს, როცა განვითარებულ ქვეყნებში ბავშვები უკვე დაოსტატებულნი არიან ამაში.


შემეცნებითი უნარ-ჩვევები - 3-4 წლის ბავშვის შეუსაბამო პასუხების თავიდან აცილების, მოქნილად ფიქრისა და დაგეგმვის უნარი გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ, როგორც მცდარირწმენის შესახებ ამოცანების ახსნის ამჟამინდელი მდგომარეობა, ასევე დროთა განმავლობაში მისი დახვეწა. მეტყველების მსგავსად, ეს შემეცნებითი უნარი ხელს უწყობს ბავშვების მიერ საკუთარი გამოცდილებისა და ფსიქიკური მდგომარეობის გაცნობიერებას. შემეცნებითი დათრგუნულობა პირდაპირ არის დაკავშირებული მცდარი რწმენის გააზრებასთან. ამის მიზეზი შესაძლოა ის არის, რომ მცდარირწმენის შესახებ ამოცანათა წარმატებით ამოხსნისათვის ბავშვმა უარი უნდა თქვას შეუსაბამო პასუხზე _ კერძოდ კი იმ დაშვებაზე, რომ სხვებს მისივე მსგავსი ცოდნა და რწმენა აქვს.


უსაფრთხო მიჯაჭვულობის სტილი და დედა, რომელიც აღიარებს ბავშვს, როგორც გონების მქონე არსებას - ლონგიტიუდური კვლევისას უსაფრთხოდ მიჯაჭვული ბავშვების დედებს უკეთ შეეძლოთ საკუთარი ჩვილების ფსიქიკური მდგომარეობის გაგება: "გახსოვს ბებო?". "გინ-და ეს სათამაშო?", "მართლა მოგწონს ეს საქანელა?" - ასეთი სტილი დადებით გავლენას ახდენდა შემდგომში მცდარი რწმენისა და გონების თეორიებთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უსაფრთხოდ მიჯაჭვული ბავშვების დედები სკოლამდელ ასაკს მიღწეულ საკუთარ შვილებს ფსიქიკური თავისებურებების ამსახველი ტერმინებით აღწერდნენ: "მას საკუთარი აზრი აქვს" ან "ის სხვების მიმართ პატივისცემას გამოხატავს".
მშობლების კომენტარები ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ბავშვებს ისეთ კონცეფციებსა და ლექსიკას აცნობს, რომელიც საკუთარი და სხვების ფსიქიკური ცხოვრების შესახებ ფიქრში ეხმარება. სკოლამდელ წლებში ბავშვები ამ ინფორმაციასა და სურვილებს, რწმენასა და ქცევას შორის ურთიერთკავშირის მათეული გაგების შერწყმას ახდენენ. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ბავშვების მიერ შინაგან მდგომარეობებზე ფიქრი ახლო ურთიერთობების შინაგანი მოდელების შექმნაში მონაწილეობს. ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ამგვარი ცოდნა იმ უსაფრთხოდ მიჯაჭვულ ბავშვებში უფრო ადრე ჩნდება და უფრო ობიექტური და ფართოა, რომელთა მშობლებიც ხშირად ახსენებენ და საუბრობენ მათთან სურვილების, მიზნების, შეხედულებებისა და ემოციების შესახებ. დაჯერებაზე ორიენტირებული თამაში. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ აზროვნების თეორია ხელს უწყობს ბავშვების სოციო-დრამატულ თამაშს. ის ბავშვებს აზროვნებაზე ფიქრის მდიდარ კონტექსტსაც სთავაზობს. როლების განსახიერებისას ბავშვები ხშირად არარეალურ სიტუაციას ქმნიან და შემდეგ მის შედეგებზე მსჯელობენ. ამგვარმა გამოცდილება აღრმავებს ბავშვების
ცოდნას იმის შესახებ, რომ რწმენა ქცევაზე ზემოქმედებს. იმ სკოლამდელებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ფანტაზიით შექმნილ თამაშებში,
თანატოლებზე უკეთ ესმით მცდარი რწმენა და აზროვნების სხვა ასპექტები. რაც უფრო უკეთ მსჯელობენ 3-4 წლისანი რეალობის მიმართ წინააღმდეგობრივ სიტუაციებზე, მით უკეთ ართმევენ თავს მცდარი-რწმენის შესახებ ამოცანებს.


სოციალური ურთიერთობა - იმ სკოლამდელებმა, რომლებსაც ჰყავთ და-ძმა, უკეთ უწყიან მცდარი-რწმენის შესახებ. ამ შემთხვევაში ოჯახში უფრო მეტს საუბრობენ ფიქრებსა და შეხედულებებზე და ამ საუბრებში უმცროსებიც მონაწილეობენ. ასევე, სკოლამდელის მიერ მცდარი რწმენის გააზრებაში დიდ როლს ასრულებს იმ მეგობრებთან ურთიერთობა, რომლებიც ხშირად საუბრობენ ფსიქიკური
მდგომარეობის შესახებ. სასარგებლოა საზოგადოების უფრო გამოცდილ წევრებთან ურთიერთობაც. ბერძენი სკოლამდელების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მათი ყოველდღიური ურთიერთობა ბევრ ზრდასრულთან და ასაკით უფროს ბავშვებთან განსაზღვრავდა მცდარი-რწმენის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ეს მონაცემები სხვადასხვა შეხედულებათა განხილვისა და შინაგან მდგომარეობაზე საუბრის დამატებით შესაძლებლობას გვთავაზობს. მეცნიერები, რომლებიც ცოდნის საფუძვლებს სწავლობენ, მიიჩნევენ, რომ ზემოთ აღწერილი სოციალური გამოცდილება მხოლოდ მაშინ იქნება ხელსაყრელი, თუ ბავშვები ბიოლოგიურად იქნებიან მომზადებულნი აზროვნების შესახებ კონცეფციის განვითარებისათვის. ისინი ამტკიცებენ, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს, რომლებიც ძალზე გვიან ან ვერ აცნობიერებენ მცდარ-რწმენას, არა აქვთ ფსიქიკური მდგომარეობის "აღმომჩენი" ტვინის მექანიზმი.


0
391
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე გეთია
ბარბარე გეთია
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0