x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134618
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508792
სადაზღვევო ურთიერთობაში გამოყენებული ანაზღაურების სისტემები
ხშირად დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას ადამიანები ივიწყებენ ამ ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას. რეალურად, ის არის დამზღვევი პირისათვის იმ ზიანის კომპენსაციის გარანტია რაც მას მიადგა დაზღვეული რისკის ფარგლებში. საზოგადოებაში კი ხშირად მიაჩნიათ, რომ თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგა მათი ფინანსური სიძნელეების უმეტესობა გადაილახება, რადგან სადაზღვევო კომპანია მათ თანხას გადასცემს. ჩვენს თემაში განხილული იქნება სადაზღვევო ანაზღაურების (საზღაურის) გამოთვლის პრინციპები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც დაკავშირებულია უშუალოდ სადაზღვევო თანხის მიღებასთან. მოვიყვანთ ასევე მაგალითებსაც რათა მკითხველისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს განხილული საკითხი.
თავდაპირველად უმჯობესი იქნება მოკლედ მიმოვიხილოთ დაზღვევის ხელშეკრულების სახესხვაობები. სამოქალაქო კოდექსი არის ძირითადი სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესრიგებს ნებაყოფლობითი დაზღვევის საკითხებს. შინაარსობრივი თვალსაზრისით ნებაყოფლობითი დაზღვევა შესაძლოა დაიყოს ორად– ზიანის დაზღვევა, რომელშიც შედის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და პირადი დაზღვევა, რომელიც მოიცავს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას და უბედური შემთხვევის დაზღვევას. როგორც ვთქვით, არსებობს ორი დიდი ჯგუფი -ზიანის დაზღვევა და პირადი დაზღვევა. ანაზღაურების სისტემები ვრცელდება ზიანის დაზღვევაზე. ქვევით სწორედ ზიანის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოქმნილი საზღაურის გამოანგარიშების საკითხებს შევეხებით. რაც შეეხება პირად დაზღვევას, ვინაიდან ამ ტიპის ხელშეკრულებით დაზღვეულია პირის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ორი უმნიშვნელოვანესი სიკეთე, რომელსაც კანონმდებელი შეუფასებლად მიიჩნევს და შეუძლებლად თვლის მათ საპირწონედ რაიმე ყველასათვის საერთო ღირებულების დადგენას, ამიტომ თითოეულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად, თავიანთი სურვილის მიხედვით შეთანხმდნენ სადაზღვევო თანხის ოდენობაზე.
ზიანის დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავს სადაზღვევო კომპანიისგან (მზღვეველისგან) დამზღვევისთვის იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც მას მიადგა. ის, თუ რას შეადგენს ანაზღაურებული თანხის ოდენობა კონკრეტულად, დამოკიდებულია ორ კრიტერიუმზე: პირველი, სადაზღვევო ანაზღაურების დაანგარიშების რა სისტემაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მეორე, რა მოცულობითაა მოსალოდნელი ზიანი დაზღვეული. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ის დეტალი, რომ როდესაც თანხის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრაზე გადავდივართ უკვე უნდა არსებობდეს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რომელიც ადასტურებს მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის ფაქტს. ეს წინაპირობები არის დამზღვევის მიერ პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულება, შეტყობინების ვალდებულების შესრულება, მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე დაზღვეული რისკის ფარგლებში ქონების დაზიანება და სხვა. ამ საფუძვლების შემდეგ სადაზღვევო კომპანია იწყებს ასანაზღაურებელი თანხის მოცულობის განსაზღვრას.
დაზღვევის ხელშეკრულებაში ყოველთვის არის მითითება იმ სისტემაზე, რომლის გამოყენებითაც მოხდება სადაზღვევო ანაზღაურების დაანგარიშება. პირობითად ოთხ სისტემას გამოყოფენ, ესენია: მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხა- იგი წარმოადგენს ერთ კონკრეტულ თანხას, რომელიც არ არის დამოკიდებული არც ზიანის მოცულობაზე და არც დაზღვეული ქონების ღირებულებაზე. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი დამზღვევს გადასცემს წინასწარ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას. ასეთი პირობით დადებული ხელშეკრულება შეიძლება მომგებიანი იყოს დამზღვევისათვის, რათა მან სადაზღვევო შემთხვევისას მიიღოს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე რეალურად დამდგარი ზიანის ოდენობაა, შესაბამისად, ამით
მან შეიძლება სარგებელიც კი ნახოს. ამასთან, არსებობს რაღაც დეტალები რაც დამზღვევმა უნდა იცოდეს. მაგალითად ის რომ პრემია, დამზღვევის მიერ კომპანიისათვის გადასახდელი ყოველთვიური თანხა, იგივე მზღეველის მიერ რისკის ტარების საფასური, სადაზღვევო ანაზღაურების თანხის ოდენობიდან გამომდინარეობს და თუ დამზღვევი დიდ თანხას განსაზღვრავს საზღაურად, მან მისი შესაბამისი პრემიაც უნდა იხადოს. აგრეთვე, დიდი ფინანსური რისკის არსებობისას კომპანია შეეცდება ისარგებლოს დამზღვევის არაკომპეტენტურობით და თავიდან აირიდოს სადაზღვევო თანხის დაკისრების ვალდებულება. ამისათვის კი გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, სადაზღვევო ურთიერთობის წარმოშობის დროის დარღვევა, რისკის ამაღლების კრიტერიუმის შემოტანა, შერეული ბრალის ასპექტი და სხვა. მართალია, ასეთი პრეტენზიების წარდგენა მზღვეველს ნებისმიერი სადაზღვევო ურთიერთობისას შეუძლია, მაგრამ რაც უფრო მაღალია თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც ექნება კომპანიას, მით უფრო მოწადინებულია ის მცირე დეტალიც კი გახადოს სადავო და ამით დაიცვას ის ელემენტარული ინტერესი რომელიც ყველა კომერციულ წარმონაქმნს აქვს, ანუ მიიღოს მეტი მოგება და ნახოს რაც შეიძლება მცირე დანახარჯი. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხა ზიანის დაზღვევისას ნაკლებად გამოიყენება პრაქტიკაში, თუმცა მხარეებს აქვთ ასეთი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.
კიდევ ერთი ანაზღაურების სისტემაა სხვა შეპირებული მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს, რომ მაგალითად თუ პირს დაზღვეული აქვს ავტომანქანა, და იგი
დაზიანდა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული რისკის ფარგლებში– ავარიის შედეგად, მაშინ შესაძლებელია სადაზღვევო კომპანიამ ფულის ანაზღაურების ნაცვლად მოახდინოს ამ ავტომანქანის შეკეთება. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820–ე მუხლი ერთი შეხედვით არის იმპერატიული ხასიათის და ითვალისწინებს, რომ „მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით“, მისი გაგება უნდა მოხდეს სხვაგვარად, ანუ აქ საუბარია ისეთ შემთხვევაზე, როდესაც სახეზე არაა მხარეთა შეთანხმება, ანუ ამ დროს საქმე გვაქვს ნორმის დაცვით ფუნქციასთან, ხოლო მაშინ როცა მხარეები შეთანხმდებიან სხვაგვარი ფორმით ზიანის ანაზღაურებაზე იგი კანონიერია და გამომდინარეობს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან.
შემდეგი და ყველაზე გავრცელებული სისტემებია პროპორციული სისტემა და პირველი რისკის სისტემა. საერთო არის ის, რომ დამზღვევი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს ზიანის ოდენობაზე მეტ ანაზღაურებას.

პროპორციული სისტემის დროს უნდა გამოვყოთ ოთხი შემთხვევა:

1. როდესაც ქონება დაზღვეულია მთლიანად და განადგურდა სრულად.
ანუ ბინის ღირებულება არის 30000 ლარი. იგი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ჩვენ სადაზღვევო კომპანიისაგან გვაქვს 30000 ლარის, ანუ მთლიანი ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამ შემთხვევაში ზიანის თანხა ტოლია ანაზღაურების.

2. როდესაც ქონება დაზღვეულია მთლიანად და განადგურდა ნაწილობრივ.
გვაქვს ისევ 30000 ლარის ღირებულების ბინა მთლიანად დაზღვეული, ხანძრის შედეგად მას მიადგა 15000 ლარის ზიანი, ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიისაგან მივიღებთ 15000 ლარს, ანუ ზიანის თანხა ამ შემთხვევაშიც ტოლი იქნება ანზღაურების.


3. როდესაც არასრულადაა დაზღვეული ქონება და განადგურდა
სრულად. ჩვენი 30000 ლარის ღირებულების სახლი რომელიც დაზღვეული გვაქვს 50%–ით ანუ 15000 ლარით, ხოლო ხანძრის შედეგად იგი მთლიანად დაიწვა, ასეთ დროს ჩვენ მივიღებთ 15000 ლარს, თუმცა ამ თანხით ქონებას თავდაპირველი ფორმით ვეღარ აღვადგენთ. ამ შემთხვევაში ანაზღაურება მოხდა პროპორციულად.

4. როდესაც არასრულადაა დაზღვეული და განადგურდა არასრულად.
30000 ლარის სახლი დავაზღვიეთ 50%–ით, ანუ 15000 ლარით. ხანძრის შედეგად განადგურგა 50%–ით, ანუ ზიანის ოდენობა შეადგენს 15000 ლარს, ანაზღაურების სახით ჩვენ მივიღებთ 7500 ლარს, ანუ ანაზღაურება მოხდა პროპორციულად.
რაც შეეხება პირველი რისკის სისტემას, მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სადაზღვევო კომპანია მთლიანად ანაზღაურებს ზიანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ფარგლებში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საზღაური ნაკლებია ზიანის ოდენობაზე, ნამეტი ზიანი არ ანაზღაურდება. მაშასადამე, პირველი რისკი– საზღაურის ფარგლებში ზიანის ანაზღაურება, სრულად მზღვეველის ვალდებულებაა, ხოლო მეორე რისკი, ანუ ზიანი რომელიც აჭარბებს საზღაურის მოცულობას, ანაზღაურების გარეშე რჩება. მაგალითად, ვენახი დაზღვეული გვქონდა 10000 ლარად, პირველი რისკის სისტემის მიხედვით. მას მიადგა ზიანი რამაც შეადგინა 12000 ლარი. სადაზღვევო კომპანია აგვინაზღაურებს 10000 ლარს, რადგან სადაზღვევო თანხა, ანუ თანხა რომლის ფარგლებშიცაა დაზღვეული ქონება არის 10000 ლარი. დანარჩენი ზიანი 2000 ლარი რჩება ანაზღაურების გარეშე.
თანამედროვე ცხოვრების ტენდენციები თანდათან მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სადაზღვევო ურთიერთობების განვითარებას, ის უფრო და უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. დაზღვევის ხელშეკრულება საუკეთესო საშუალებაა ყოველდღიურად მზარდი საფრთხისაგან თავდასაცავად და იგი ერთგვარი გარანტიაც კია ჩვენი ფინანსური სტაბილურობისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა სასყიდლიანია იგი მაინც ხდება პრიორიტეტული საზოგადოების ფართო მასებისათვის.
ჩვენ განვიხილეთ სადაზღვევო ანაზღაურების გამოთვლის სისტემები, ვისაუბრეთ მათ თავისებურებებზე და იმ დეტალებზე, რისი ცოდნაც აუცილებელია სანამ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადავალთ, იმისათვის, რომ უსაფუძვლო მოლოდინებისაგან იმედგაცრუებულნი არ დავრჩეთ.



11 თებერვალი, 2015 წელი

0
331
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე ანთაძე
თორნიკე ანთაძე
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0