x
დეკოლონიზაციის პროცესი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ავტორები:

სალომე გიუნაშვილი

გიორგი მინაშვილი



მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი მსოფლიოში უამრავი ცვლილებით ხასიათდება. ამ ცვლილებებმა საკუთარი კვალი მსოფლიო პოლიტიკურ რუკასაც დაატყო და ალბათ გასაკვირი არცაა, რომ 1945 წლის შემდგომი პოლიტიკური რუკისათვის ძირითადი მახასიათებელი არა ტერიტორიული ცვლილებები, არამედ ის გარდაქმნებია, რაც სახელმწიფოთა პოლიტიკური სტატუსის, მმართველობის ფორმებისა და ეკონომიკური სტრუქტურის ცვლილებაში აისახა. ორი მთავარი ნიშანი, რაც ამ პერიოდის პოლიტიკური რუკის ცვლილების ძირითად გამომწვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ მსოფლიო სოციალისტური სისტემის შექმნა და მასობრივი დეკოლონიზაციის პროცესია. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ჩემი შესწავლის საგანს, უფრო კონკრეტულად კი დეკოლონიზაციის პროცესი ერთ-ერთ ყველაზე უფრო
დინამიურ რეგიონში: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

პირველი კოლონიური იმპერიების შექმნას სათავე დაუდო XV საუკუნის ბოლოდან დაწყებულმა დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა. ამ პერიოდში დაწინაურებულმა ევროპის სახელმწიფოებმა ადვილად მოახერხეს საკუთარი კოლონიების დაარსება აზიასა და აფრიკაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. კოლონიებისთვის ბრძოლა და ტერიტორიათა გადანაწილება მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე მსოფლიო ისტორიის უშუალო თანმდევი მოვლენა იყო, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მასობრივმა დეკოლონიზაციის პროცესმა მანამდე არნახული მასშტაბები მიიღო, რასაც აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე უამრავი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოშობა და შესაბამისად მსოფლიო პოლიტიკური რუკის ცვლილება მოჰყვა.

სტატია უშუალოდ შეეხება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განხორციელებულ დეკოლონიზაციის პროცესს. აღნიშნული რეგიონისადმი ჩვენი ინტერესი იმ მრავალფეროვნებამ გამოიწვია, რაც ასე ნათელად ჩანს რეგიონის სახელმწიფოების სახელმწიფო-პოლიტიკურ წყობაში, ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა ნიუანსებში. ( სინგაპურის მაღალი ეკონომიკური დონე, ბრუნეიში არსებული თეოკრატიული მმართველობა, მიანმარის სამხედრო დიქტატურა და ა.შ.) ამასთანავე სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია რეგიონთა იმ უმცირესობას მიეკუთვნება, სადაც მეოცე საუკუნის შუა ხანებისათვის წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა კოლონიზატორი სახელმწიფო ( საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია, აშშ). სწორედ ამ ორი ძირითადი მიზეზის გამო შევაჩერე ჩემი და თქვენი ყურადღება ამ მეტად საინტერესო რეგიონზე და დეკოლონიზაციის პროცესის იმ თავისებურებებზე რამაც რეგიონის დღევანდელი პოლიტიკური რუკის ფორმირების პროცესში წამყვანი როლი შეასრულა.



თემა აქტუალურია, იმდენად რამდენადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიის სწრაფი ეკონომიკური პროგრესირების მიზეზები დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩება სამეცნიერო წრეებისთვის. ეს ეკონომიკური განვითარება ეტაპობრივად პოლიტიკური სისტემების ცვლილებასაც იწვევს და რეგიონს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით მომავალში დიდ წარმატებას და პროგრესს უქადის. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებმა ერთ პერიოდში მოიპოვეს დამოუკიდებლობა, ისინი განსხვავებული მიმართულებითა და ტემპებით განვითარდნენ. ნაშრომის მიზანია რეგიონის სახელმწიფოთა შორის არსებული განსხვავებები დეკოლონიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებში ეძიოს. გააანალიზოს მათი კოლონიური მმართველობისაგან გათავისუფლების პროცესი და გამოყოს ის კონკრეტული ნიუანსები, რომლებიც თითოეული ქვეყანისათვის ინდივიდუალურ დაბრკოლებად იქცა განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე.


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ზოგადი მიმოხილვა :

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია როგორც ეთნიკური და რელიგიური, ისე სახელმწიფო წყობისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. რეგიონი სულ თერთმეტ სახელმწიფოს აერთიანებს, რომელთა უმრავლესობასაც კოლონიური წარსული გააჩნია. ერთადერთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა, რომელიც არ ყოფილა კოლონია და დემოკრატიული მმართველობის შედარებით ხანგრძლივი ისტორია გააჩნია ტაილანდია. რაც შეეხება დანარჩენ სახელმწიფოებს, მათმა სრულმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა. დღეს-დღეობით, ვიეტნამში, ლაოსში ( ყოფილი სოციალისტური ქვეყნები) რესპუბლიკური მმართველობაა, თუმცა შენარჩუნებულია ერთპარტიული სისტემა. კამბოჯაში კი, რომელიც ასევე ყოფილი სოციალისტური ქვეყანაა, კონსტიტუციური მონარქია იქნა აღდგენილი. კონსტიტუციური მონარქიაა ტაილანდშიც, ხოლო ბრუნეი კვლავ რჩება აბსოლუტურ მონარქიად. მალაიზია სასულთნოების ფედერაციაა, სინგაპური საპარლამენტო, ხოლო ინდონეზია, ფილიპინები და აღმოსავლეთ ტიმორი საპრეზიდენტო რესპუბლიკებია. რაც შეეხება მიანმას (ბირმა), აქ ათეული წლებია სამხედრო მმართველობაა.
სტატიაში უშუალოდ შევეხებით რეგიონის სამ სახელმწიფოს ( ინდონეზია, ფილიპინები, მიანმა) დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს და აღვწერთ ამ ქვეყნებში დეკოლონიზაციის პროცესის მიმდინარეობას.

ინდონეზია:

ინდონეზიის არქიპელაგი სტრატეგიული მდებარეობის გამო მსოფლიო ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო რეგიონს. სწორედ ამიტომ დღევანდელი ინდონეზიის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიული ერთეულების მმართველები თანდათან ითვისებდნენ უცხოურ კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ მოდელებს, რის შედეგადაც უკვე ახალი წელთაღრიცხვის საწყის პერიოდში ინდონეზიის არქიპელაგზე არსებობდა პირველი ინდუისტური და ბუდისტური სახელმწიფოები. ინდონეზიის ტერიტორიაზე პირველი კოლონიები პორტუგალიელებმა დაარსეს XVI ს.-ის დასაწყისში, რომელთა შორის მნიშვნელობით გამოირჩეოდა მოლუკის კუნძულები (სანელებლების წარმოების მთავარი რაიონი მსოფლიოში). კონკურენტ მეტროპოლიებს ჰოლანდიამ აჯობა და ინდონეზია საკუთარ კოლონიად აქცია. 1942 წელს იაპონიის ჯარებმა ინდონეზიის ოკუპირება მოახდინეს და იგი სამ ნაწილად გაყვეს (რიკლეფსი, 2001, 247).


1945 წლის მეორე ნახევარში შექმნილმა ხელსაყრელმა საშინაო და საერთაშორისო ვითარებამ ინდონეზიაში ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას აქტიურ ქმედებაზე გადასულიყო და იაპონელებისაგან გაეთავისუფლებინათ ქვეყანა. 1945 წლის 17 აგვისტოს განმათავისუფლებელი რევოლუციის ხელმძღვანელმა და ინდონეზიის დამოუკიდებლობის მოსამზადებელმა კომიტეტმა სუკარნოს ხელძღვანელობით ბატავიაში (ახლანდელი ჯაკარტა) საზეიმოდ გამოაცხადა ინდონეზიის დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე დღეს - 18 აგვისტოს ინდონეზიის დამოუკიდებლობის მოსამზადებელმა ერთიანი ეროვნული ფრონტის წარმომადგენლობითმა კომიტეტმა მიიღო ახალი რესპუბლიკის დროებითი კონსტიტუცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნაციონალური პარტიის ლიდერი სუკარნო აირჩია პირველ პრეზიდენტად. დროებითმა კონსტიტუციამ ინდონეზია გამოაცხადა უნიტარულ რესპუბლიკად, მის მოქალაქეებს მიანიჭა ძირითადი დემოკრატიული უფლებები და მიწა-წყალი, წიაღისეული და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეები სახელმწიფოს განუყოფელ კუთვნილებად მიიჩნია. ახალი სახელმწიფოს პოლიტიკურ საფუძველად იქცა „პანჩა სილას“ ხუთი პრინციპი: ღვთისადმი რწმენა, ჰუმანიზმი, ნაციონალიზმი, დემოკრატია და სოციალური სამართლიანობა ( დონაძე, 1970, 194). კონსტიტუციამ ფართო უფლებებით აღჭურვა რესპუბლიკის პრეზიდენტი. იგი ითვლებოდა სახელმწიფოს მეთაურად და რესპუბლიკის მთელი შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად.


1945 წლის სექტემბრის ბოლოს, იაპონიის საოკუპაციო ჯარების განიარაღების საბაბით, იავასა და ინდონეზიის სხვა კუნძულებზე გადასხდნენ ინგლისის ჯარები. ინგლისის სარდლობამ განიარაღების ნაცვლად „წესრიგის დაცვის“ ფუნქცია დააკისრა იაპონიის შეიარაღებულ ნაწილებს თვითონ კი იავის სტრატეგიული პუნქტების დაკავება დაიწყო. ოქტომბრის დასაწყისში ჰოლანდიელებმა ფლოტისა და ავიაციის დახმარებით პირველი ნაწილები გადასხეს იავაზე, რომელთაც თან ახლდა ავსტრალიიდან დაბრუნებული ძველი კოლონიური ადმინისტრაცია. იავასთან ერთად მათი ნაწილები ფეხს იკიდებდნენ სუმატრაზე, სულავესზე, ბალიზე და არქიპელაგის სხვა კუნძულებზე. ისინი აქაც სარგებლობდნენ ინგლისის ჯარების მხარდაჭერით.

ადგილობრივებთან რამდენიმე შეჯახების შემდეგ ინდონეზიასა და ჰოლანდიას შორის, ინგლისის შუამავლობით, მოლაპარაკებები დაიწყო. 1946 წლის 14 ნოემბერს დაბა ლინგაჯატში ხელი მოეწერა შეთანხმებას ( რომელიც ძალაში შევიდა 1947 წლის 25 მარტს) რომლითაც ჰოლანდიამ დეფაქტოდ სცნო ინდონეზიის რესპუბლიკა იავაზე, მადურასა და სუმატრაზე. ინგლისელებს და ჰოლანდიელებს თანდათან უნდა გაეთავისუფლებინათ ამ კუნძულების ოკუპირებული ტერიტორიები. შეთანხმება ამასთან ერთად ითვალისწინებდა ინდონეზიის სუვერენული ფედერაციული სახელმწიფოს - ინდონეზიის შეერთებული შტატების შექმნას, რომელსაც მომავალში ჰოლანდიის მთავრობასთან ერთად უნდა შეექმნა ჰოლანდია-ინდონეზიის კავშირი ( სათავეში ჰოლანდიის დედოფლით).

შეთანხმების შედეგად, ნიდერლანდების მხრიდან ფორმალური სუვერენიტეტის გაცემის შემდეგ, ინდონეზია დამოუკიდებელი სახელმწიფოების რიგს შეუერთდა. თუმცა ქვეყანაში სტაბილური მმართველობის დამყარება ვერა და ვერ მოხერხდა. პრეზიდენტების ხშირ ცვლას, 1965 წელს სამხედრო გადატრიალება მოჰყვა, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლების სათავეში გენერალი სუჰარტო მოვიდა. დღეს-დღეობით ინდონეზია საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანაა და ეკონომიკური ზრდის ტემპებით ცდილობს დაეწიოს მეზობელ, ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს.

ფილიპინები:

ფილიპინების, როგორც კოლონიის ისტორია, 1564-1572 წლებში იწყება, როდესაც ესპანელმა კოლონიზატორებმა დაიმორჩილეს ფილიპინების მნიშვნელოვანი ნაწილი. 1897 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი ფილიპინების რესპუბლიკა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ესპანეთსა და აშშ-ს შორის წარმოებული ომის შედეგად ესპანეთმა ფილიპინები აშშ-ს დაუთმო. 1899-1901 წლებში ამერიკელებმა ფილიპინების ტერიტორია ეტაპობრივად დაიკავეს. ( დავითაშვილი, 2001, 101).


მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, 1945 წლის ივლისში ფილიპინებში შეიქმნა დემოკრატიულლი ალიანსი, რომლის თაოსნობითაც 1945 წლის 23 სექტემბერს მანილაში გაიმართა ანტიამერიკული დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60 ათასმა კაცმა. დემონსტრანტები თხოულობდნენ დამოუკიდებლობას. სახალხო მღელვარების ახალმა აზვირთებამ შეაშინა ამერიკელი კოლონიზატორები. 1946 წლის აპრილისთის დაინიშნა კონგრესის არჩევნები. დემოკრატიულმა ალიანსმა პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენა ს. ოსმენიას კანდიდატურა, მაგრამ ამერიკელთა უხეში ჩარევის შედეგად დემოკრატიული ალიანსის წარმომადგენლებს ჩამოერთვათ მანდატები. ამიტომაც აჩევნებში გაიმარჯვა ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა როხასმა ( პროიაპონური მარიონეტული ადმინისტრაციის ყოფილი მეთაური, უკიდურესი რეაქციონერი, ბურჟუაზიისა და მემამულური წრეების ინტერესის დამცველი). სათანადო კანდიდატურის შერჩევის შემდეგ კი, 1946 წელის 4 ივლისს გამოცხადდა ფილიპინების დამოუკიდებლობა. იმავე წელს „სავაჭრო შეთანხმების“ შედეგად, რომელიც უზრუნველყოფდა ამერიკელთა პოზიციებს ქვეყნის ეკონომიკაში, სავაჭრო, საბაჟო, სატარიფო, საგადასახადო და სავალუტო პოლიტიკის გატარების დარგში ფილიპინები მთლიანად დამოკიდებული გახდა აშშ-ზე. ხოლო უკვე 1947 წელს ამერიკასა და ფილიპინებს შორის გაფორმებული სამხედრო შეთანხმებით, აშშ-მა მიიღო უფლება ფილიპინების ტერიტორიაზე აეშენებინა 22 სამხედრო ბაზა. ხელშეკრულების ვადა განსაზღვრულ იქნა 99 წლით. ამ ხელშეკრულებებმა ხელ-ფეხი გაუხსნა ამერიკელ მონოპოლისტებს: ფილიპინები აშშ-ის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მარწუხებში აღმოჩნდა მოქცეული.

დეკოლონიზაციის პროცესის გაგრძელებად ფილიპინებში მოგვევლინა სამოქალაქო დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და სახალხო არმიას შორის. ფილიპინელ პარტიზანთა 20 ათასიანი არმიის წინააღმდეგ მოქმედებდა მთავრობის 50 ათასიანი რეგულარული არმია, რომელიც თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული იყო ამერიკული იარაღით. ბრძოლები ორი წლის მანძინლზე მიმდინარეობდა. 1953 წელს ქვეყნის განთავისუფლების არმიის წინააღმდეგ განხორციელდა სამი დიდი შეტევა, რომელთა შედეგადაც აჯანყებულები დანებდნენ.

ფილიპინებში პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზებას ადგილი არც მეოცე საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში ჰქონია. პრეზიდენტ მაგსაისაის მოულოდნელი სიკვდილი, აშშ-სთან ურთიერთობის დაძაბვა სამხედრო ბაზების რიცხვის შემცირების გამო, მთავრობების სწრაფი ცვლა რაღა თქმა უნდა საკუთარ კვალს ტოვებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. და ეს კვალი ფილიპინების შემთხვევაში იმდენად ღრმა იყო, რომ ქვეყანამ დღემდე ვერ მოახერხა სრული რეაბილიტირება და დღემდე ცდილობს სამთავრობო ცვლილებების ფონზე საკუთარი ნიშა დაიმკვიდროს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში.

მიანმა (ბირმის კავშირი):

მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ ბირმა განთავისუფლებულ იქნა იაპონელი ოკუპანტებისგან. მაგრამ იქ კვლავ დაბრუნდნენ ინგლისელები. ინგლისელმა კოლონიზატორებმა უარი თქვეს ეცნოთ ახლადშექმნილი წარმომადგენლობითი ორგანო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ხელმძღვანელი - სახალხო თავისუფლების ანტიფაშისტური ლიგა. 1945 წლის ბოლოს ინგლისის მთავრობამ გამოაქვეყნა „თეთრი წიგნი“, რომლითაც კოლონიზატორები პირდებოდნენ ბირმას დომინიონის უფლებების მინიჭებას. 1947 წლის დასაწყისში ლონდონში გაიმართა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ინგლისის მთავრობის წარმომადგენლებმა და ლიგის ხელმძღვანელებმა. კონფერენციაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 1947 წლის აპრილში ბირმაში ჩატარებულიყო დამფუძნებელი კრების არჩევნები. ამ კრებას უნდა გადაეწყვიტა ბირმის მომავალი.


გეგმის თანახმად ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა ანტიფაშისტურმა ლიგამ. მისმა წარმომადგენლებმა მიიღეს ხმების უმრავლესობა. რამდენიმე ადგილი მოიპოვეს აგრეთვე ბირმის კომპარტიის კანდიდატებმაც. შექმნა ბირმის ეროვნული მთავრობა აუნგ სანის მეთაურობით. 1947 წლის ივნისში ბირმის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ბირმის კავშირის კონსტიტუციის პროექტი. ბირმა უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუმცა, ადგილობრივმა რეაქციონერებმა 1947 წლის 19 ივლისს ვერაგულად მოკლეს აუნგ სანი და ლიგის სხვა ხელმძღვანელები. ბირმის მთავრობის სათავეში მოექცა თხაკან ნუ. ახალმა მთავრობამ ინგლისს დამოუკიდებლობა მოსთხოვა. 1947 წელის ოქტომბერში ლონდონში კვლავ შეიკრიბნენ ბირმისა და ინგლისის მთავრობათა წარმომადგენლები. მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბირმის დამოუკიდებლობის შესახებ. 1948 წლის 4 იანვარს საზეიმო ვითარებაში გამოცხადდა ბირმის კავშირის დამოუკიდებლობა.

ახალგაზრდა ბირმის წინაშე მრავალი საჭირბოროტო საკითხი წამოიჭრა. პირველ ყოვლისა საჭირო იყო მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მისი განმტკიცება. ინგლისი კვლავ ინარჩუნებდა ფინანსური ზეგავლენის ბერკეტებს: ბირმის ეკონომიკაში ინგლისური კაპიტალი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 1948 წლის სექტემბერში მათი წაქეზებით დაიწყო კარენის სეპარატისტ ფეოდალ-მემამულეთა ამბოხება. მეამბოხეებმა გადაწყვიტეს გაეყვანათ კარენის ეროვნული უმცირესობა ბირმის კავშირიდან და შეექმნათ ინგლისელებზე დამოკიდებული სახელმწიფო. კარენის სეპარატისტთა ამბოხება ჩაახშეს 1953 წელს.

ოდნავ მოგვიანებით, 1958 წელს, ქვეყნის მართვის სადავეები ხელში არმიამ აიღო, რომელსაც სათავეში გენერალი ნე ვინი ედგა. მისი მეთაურობით შეიქმნა სამხედრო მთავრობა, რომელიც მართავდა ქვეყანას 1960 წლის დასაწყისამდე. ეს მთავრობა თავისი ხასიათით დროებითი იყო, მას არ ჩაუტარებია რაიმე ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში. 1960 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ კი, ხელისუფლების სათავეში მოსულმა საკავშირო პარტიამ უ ნუს მეთაურობით მთელი რიგი სოციალისტური და ეკონომიკური ღონისძიებების გატარება დასახა. მაგრამ ეს არ იყო ახალი პროგრამა.იგი ფაქტობრივად იმეორებდა მის წინმავალ ანტიფაშისტური ლიგის მთავრობის დაპირებებს, თუმცა მასზე გაცილებით მემარცხენე იყო. ახალმა მთავრობამ შეინარჩუნა კავშირი ფეოდალურ კლასთან. ეს იყო ერთ -ერთი მიზეზი, რამაც დაუკარგა მას ნდობა ბირმის მშრომელების თვალში. საკავშირო პარტიის მთავრობა ატარებდა არათანმიმდევრულ პოლიტიკას, რამაც თვით პარტიის ხელმძღვანელებში წარმოშვა უთანხმოება. ეს შიდაპარტიული ოპოზიცია სულ უფრო ძლიერდებოდა და 1962 წლის დასაწყისისთვის მოვლენების განვითარებამ კულმინაციას მიაღწია. უ ნუს მთავრობამ დაკარგა სახელმწიფოში შექმნილ ვითარებაზე კონტროლი. ამავე დროს გამწვავდა ეკონომიკური მდგომარეობაც: გაიზარდა ფასები, გაიწყო სამეურნეო ნგრევა, გაიზარდა სეპარატისტული ძალების წინააღმდეგობა. ბირმის ერთიანობა საფრთხის ქვეშ დადგა. ამას დაემატა უ ნუს წინდაუხედავი გადაწყვეტილება - მან ბუდიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, და ამით მტრულად განაწყო სხვა რელიგიების მიმდევრები. ბირმაში გაძლიერდა სეპარატისტული ტენდენციები, გამწვავდა პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური წინააღმდეგობანი.

შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ბირმის არმიის რევოლუციურად განწყობილმა ძალებმა და 1962 წლის 2 მარტს მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება. უ ნუ და მისი მთავრობის წევრები, აგრეთვე პრეზიდენტი უ ვინ მაუნი დააპატიმრეს. მარტის გადატრიალებას ხელმძღვანელობდა რევოლუციური საბჭო, რომელიც შედგებოდა ბირმის არმიის უმაღლესი ოფიცრებისგან. რევოლუციური საბჭოს მეთაურად დაინიშნა არმის მთავარსარდალი გენერალი ნე ვინი. მან თავის გამოსვლაში 1962 წლის 2 მარტს რადიოთი განაცხადა, რომ ბირმის კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთ თავზე აიღეს ქვეყნის კეთილდღეობისა და უშიშროების შენარჩუნების პასუხისმგებლობა. ახალმა ხელისუფლებამ დაითხოვა პარლამენტი. 1962 წლის 3 მარტს ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა დეკლარაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ამ დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ ბირმა მშვიდობის საქმისა და პოზიტიური ნეიტრალიტეტის ერთგული რჩებოდა ( დონაძე, 1970, 242).

1962 წლის 30 აპრილს შედგა ბირმის არმიის მეთაურთა კონფერენცია. ამ კონფერენციამ მიიღო გენერალ ნე ვინის მიერ წარმოდგენილი საპროგრამო დოკუმენტი - პოლიტიკური დეკლარაცია „ბირმის გზა სოციალიზმისკენ“. დეკლარაციაში დასახული იყო ამოცანა შექმნილიყო სოციალისტური დემოკრატიის სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სოციალისტურ ეკონომიკაზე. კერძო საკუთრება იზღუდებოდა, უნდა გატარებულიყო განათლებისა და ჯანმრთელობის რეფორმა. 1963 წლის 1 იანვარს მთავრობამ მოახდინა ინგლისური კაპიტალის ნაციონალიზაცია, რამაც ბოლო მოუღო ინგლისელთა თითქმის 80 წლიან ბატონობას ქვეყნის ნავთობის მრეწველობაში.

ზემოთაღნიშნულ ქმედებებს შედეგი არ მოუტანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისთვის. უკვე ათეული წლებია ბირმაში სამხედრო მმართველობაა, რაც ქვეყნის თავისუფალი გზით განვითარებას აფერხებს.

საკითხის შეჯამება:

როგორც უკვე ვნახეთ, დეკოლონიზაცია საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის და მისი მხოლოდ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღემდე დაყვანა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია. თითოეული ქვეყნის შემთხვევაში სხვადასხვაგვარად წარმართულმა მეტროპოლიისაგან თავის დაღწევის პროცესმა განსხვავებულად წარმართა ქვეყნის მომავალი ( განსაზღვრა მისი მმართველობის ტიპი, ეკონომიკური განვითარების დონე და ა.შ.). მაგალითად, მიანმაში, სადაც დეკოლონიზაციის პროცესის განმავლობაში ეროვნულ-განმათავისუფლებელ სულისკვეთებას სოციალისტური იდეებიც ჭარბი რაოდენობით მიემატა შედეგად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია და დღეს არსებული სამხედრო მმართველობა მივიღეთ. როგორც დასაწყსშივე ვივარაუდე, სხვადასხვა კოლონისტური სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნების დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზა სხვადასხვაგვარი იყო: ზოგიერთ ქვეყანას უფრო უმძიმდა კოლონიის დათმობა, რაც სიტუაციის გამწვავების წინაპირობა ხდებოდა. ( მაგალითად საფრანგეთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 8 წლიანი ომის შემდეგ შეეგუა ყოფილი კოლონიის დამოუკიდებლობას).


მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ახალი სახელმწიფოების გაჩენა წინააღმდეგობებით აღსავსე, რთული ბრძოლის შედეგი იყო. თუმცა დღისათვის რეგიონის განვითარების ტემპები და ის პოზიტიური ცვლილებები, რაც უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფოთა უმრავლესობის მმართველობის სისტემებში განხორციელდა, საფუძველს გვაძლევს რეგიონს მეტი ყურადღებით დავაკვირდეთ და მომავალში უფრო დიდ წინ გადადმულ ნაბიჯებს ველოდოთ.



გამოყენებული ლიტერატურა:

დავითაშვილი,
ზურაბ. 2001. მსოფლიოს ისტორიული და
პოლიტიკური გეოგრაფია. თბილისი: სააქციო საზოგადოება “პირველი სტამბა”
Ricklefs, M.C. 2001. A history of
modern Indonesia since C. 1200. Stanford: Stanford university press Corfield, Justin. 2008. The history
of Vietnam. Westport: Greenwood publishing group.დონაძე, ვ. ალ. მენთეშაშვილი
და ი. ცინცაძე. 1970. აზიისა და აფრიკის ქვეყნების
უახლესი ისტორია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გუმაშვილი, ზაურ და მამუკელაშვილი.
2010. აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორია.
თბილისი: „უნივერსალი“

ინტერნეტ წყაროები:
http://www.ei-lat.ge/vin-vin-aris/evrokavshiris-institutebi/334-shesavali.html?lang=ka-GE ბოლო ნახვა: 8 იანვარი, 2015.http://www.nationsonline.org/oneworld/map_of_southeast_asia.htm ბოლო ნახვა: 9 იანვარი,
2015.http://www.freeworldmaps.net/asia/southeastasia/political.html ბოლო ნახვა 9 იანვარი, 2015.http://www.globalsecurity.org/military/world/philippines/maps.htm ბოლო ნახვა 9 იანვარი, 2015.http://indahnesia.com/indonesia/indonesia.php ბოლო
ნახვა: 9 იანვარი, 2015.









0
250
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე გიუნაშვილი
სალომე გიუნაშვილი
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0