x
ევროკავშირის როლი კონფლიქტების დარეგულირების სფეროში
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში არასტაბილურობამ დაისადგურა, რეგიონში თავი იჩინა როგორც პოლიტიკურმა, ისე ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა. ევროპული ქვეყნების მთავარი ამოცანა გახდა არსებულ ვითარებასთან გამკლავება და შემდგომი დაპირისპირებების თავიდან აცილება. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ახალი გაერთიანებების შექმნა, მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომლებიც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სახის თანამშრომლობას ახორციელებენ. მათ შორის გახლავთ ევროკავშირიც. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირმა დიდი ისტორია განვლო და მთელი რიგი ცვლილებები განიცადა სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ეკონომიკურ გაერთიანებას, თუმცა მოგვიანებით მის კომპეტენციაში შევიდა აგრეთვე პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უსაფრთხოება. მისი ძირითადი მიღწევა სწორედ წევრ სახელმწიფოებს შორის ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფაა. 2012 წელს ევროკავშირი ნობელის პრემიის მფლობელი გახდა მშვიდობის დარგში, რომელიც მას ნორვეგიულმა კომისიამ
მიანიჭა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროკავშირს სათანადო გავლენა აქვს არამარტო წევრ, არამედ არაწევრ სახელმწიფოებზეც და ამიტომაც ჩვენი ქეისები იქნება აგვისტოს ომი, სომალის კრიზისი, კოსოვოს კონფლიქტი, ა.შ. ამ ანალიზის მეშვეობით ვაჩვენებთ თუ კონკრეტული კრიზისის გადაწყვეტაში რა კონკრეტული როლი შეასრულა ევროკავშირმა, როგორც საერთაშორისო აქტორმა და აქედან გამომდინარე შევაფასებთ თუ რამდენად ეფექტურია მისი პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე.




ისტორიული მიმოხილვა:

1967 წელს შეიქმნა ევროგაერთიანება, რომელიც დაეფუძნა 3 ორგანიზაციას: ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (1951), ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევრატომი (1957). 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებით კი ევროგართიანებას ეწოდა ევროკავშირი. ამ დროს ევროპაში გავრცელებული იყო ე.წ. ნეოფუნქციონალისტური თეორია, რომელიც გულისხმობდა რწმენას, რომ
ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდებოდა. ის ეფუძნებოდა „გადაღვრის იდეას“ ანუ ინტეგრაციის პროცესები ერთ სფეროში ავტომატურად გამოიწვევდა ინტეგრაციის დაწყებას სხვა სფეროებშიც. ექფგ-ის სულისჩამდგმელს, ჟან მონეს სჯეროდა, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია საწინდარი იყო მომავალი პოლიტიკური ინტეგრაციისა, რისი მიღწევის შემთხვევაშიც გამოირიცხებოდა ევროპის კონტინენტზე სისხლისღვრა და ომები. მართლაც, ეკონომიკურად ერთმანეთზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ფინანსურად
შეუძლებელი გახდა და წლების შემდეგ ვხედავთ, რომ ამ იდეამ გაამართლა.


ევროკავშირის განვითარების პროცესი შეუქცევადი აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა უსაფრთხოების სფეროში. 1992 წელს ქ. მაასტრიხტში დაიდო „ხელშეკრულება პოლიტიკური კავშირების შესახებ“, რომელიც აძლიერებს ფედერალურ საწყისებს საერთაშორისო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების
სფეროში. 1997 წელს კი ხელი მოეწერა ამსტერდამის ხელშეკრულებას და მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება, რომელმაც გააძლიერა კავშირის ერთიანობა საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში, ახლებურად განსაზღვრა მისი სამხედრო პოტენციალის განვითარების გზები, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ფორმები.


პირველ რიგში, განვიხილოთ უშუალოდ ევროკავშირის მიდგომები კონფლიქტების გადაწყვეტაში, უსაფრთხოების პოლიტიკა და მისი კავშირი საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებულ მიდგომებთან.




უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკა

ევროკავშირის პოლიტიკა კრიზისების პრევენციის თვალსაზრისით
ძირითადად ლიბერალური ხასიათისაა, რაც გულისხმობს ე.წ. „რბილი ძალის“ (Soft Power) ინტრუმენტებს ანუ სხვებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ძალდატანების გარეშე, პოლიტიკურ დიალოგებსა და საშუამავლო საქმიანობას. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ის ძირითადად ორიენტირებულია კრიზისის მართვაზე და არა ტრადიცულ, ძალისმიერ თავდაცვაზე. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს არა ომების მართვა, არამედ მშვიდობის მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ მხოლოდ დიპლომატიური საქმიანობა და Soft Power-ის გამოყენება
არ არის საკმარისი მსოფლიოში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ. თუნდაც მშვიდობიან მისიას ესაჭიროება საბრძოლო მომზადება, ქმედითუნარიანი სამხედრო პოტენციალის ფლობა, რაც აუცილებლობის შემთხვევაში საბრძოლო თეატრში ჩართვისას გამოიყენება. სწორედ ამიტომ 1998 წელს გამართული სენტ მალოს შეხვედრა ისტორიაში შესულია, როგორც გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირის საერთო თავდაცვის აღორძინების საქმეში. ევროკავშირს ესაჭიროებოდა ნაწილობრივად „ხისტი ძალის“ განვითარებაც და საჭიროებისამებრ საფუძველი ჩაეყარა ევროპის უშიშროების და თავდაცვის პოლიტიკას ანუ ESDP-ს, რომლის ფარგლებშიც სამხედრო ოპერაციები ხორციელდება ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების მიერ. ეს ძალები არ წარმოადგენს ნატო-ს ნაწილს, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომია ნატო-ს რესურსები.
შესაძლებელია სამხედრო ძალებისა და პოლიციის გაგზავნა კრიზისის ტერიტორიებზე არა მხოლოდ ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დაცვის ოპერაციების ჩასატარებლად და კრიზისის სამართავად, არამედ მშვიდობის შენების პროცესების განსახორციელებლად. ევროკავშირის, როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფის როლი გამოიხატება სამ დონეზე და გულისხმობს კონფლიქტის გადაწყვეტისადმი
ცენტრალიზებულ მიდგომას, დახმარებას პერიფერიებისათვის და პირდაპირი სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებას.


აღსანიშნავია ევროკავშირის მიერ შემუშავებული კრიზისების ეფექტური რეგულირების ინსტრუმენტი - „კრიზისების მართვის კონცეფცია“, რომელიც კონფლიქტების
უშუალო მიმდინარეობისას სტრატეგიულ შესაძლებლობებს სთავაზობს მისიას. ის გულისხმობს სიტუაციის დეტალურ გაანალიზებას, საფრთხეების შეფასებას და კონკრეტულ გზებს მიზნის მისაღწევად. ევროკავშირის პირველი ქმედება კრიზისის რეგულაციის პროცესში მედიაციაა. კონცეფციის ფარგლებში ევროკავშირს
ჩატარებული აქვს 17 სამოქალაქო სამშვიდობო მისია, მათ შორის მონიტორინგის, უსაფრთხოების სექტორის, სასაზღვრო კონფლიქტების დარეგულირების სფეროში, ასევე 14 სამხედრო ოპერაცია.

ევროკავშირის საქმიანობა კრიზისების მართვის მხრივ მხოლოდ
მეზობელი ქვეყნებით არ შემოიფარგლება. იმის გასაანალიზებლად თუ რამდენად ეფექტურია ევროკავშირი, როგორც კონფლიქტების დამარგულირებელი ძალა, გადავხედოთ მის მიერ ჩატარებული მისიებიდან რამდენიმეს:




ევროკავშირის სამშვიდობო საქმიანობა (სამხედრო ოპერაციები, მედიაცია, სამოქალაქო მისიები)


სამხედრო საზღვაო ოპერაცია
სომალიში


EUNAVFOR ATALANTA გულისხმობდა მეკობრეობის პრევენციას,
რათა დაეცვათ სანაპიროსთან მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხომალდი, რომელსაც პროდუქტი შეჰქონდა სომალიში. ოპერაცია დაიწყო 2008 წლის 13 დეკემბრიდან და სრულად ამოქმედდა 2009 წლის თებერვალში. ეს გახლდათ ევროკავშირის პირველი სამხედრო საზღვაო ოპერაცია ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. ევროკავშირი მონაწილეობს მეკობრეობის წინააღმდეგ საერთაშორისო ჯგუფის მუშაობაში და ხელს უწყობს ოპერაცია ატალანტის და სხვა სამხედრო საზღვაო ოპერაციების თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას. იმისათვის რომ აღდგენილიყო სამართლებრივი წესრიგი, საჭირო იყო მეკობრეობის სიღრმისეული მიზეზების გამოკვლევა, სომალის უშიშროების ინსტიტუტების დაცვა. ევროკავშირის ამ ოპერაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სომალის უშიშროების და სამოქალაქო საპოლიციო ძალების ჩამოყალიბებაში. ის ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა,
მისმა ხელმძღვანელმა ადმირალმა ჯონსმა 1 წლიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა, რომ ევროკავშირის სამხედრო ძალებმა უკვე უზრუნველყვეს
საგულისხმო რაოდენობის სავაჭრო გემის უსაფრთხო ესკორტირება და ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვა. ოპერაცია არის ნაწილი იმ გლობალური საქმიანობისა, რასაც ევროკავშირი ახორციელებს აფრიკაში და ამ ოპერაციის მიზანია სომალის კრიზისის დაძლევა რომელსაც გააჩნია პოლიტიკური, უშიშროების და ჰუმანიტარული ასპექტები.





EUPM - საპოლიციო მისია ბოსნია-ჰერცეგოვინაში

ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, ბოსნიაში დაიწყო არეულობა და სამხედრო შეტაკებები. 1995 წელს ხელი მოეწერა დეიტონის ხელშეკრულებას, რის შედეგადაც ბოსნიაზე გავრცელდა გაეროს მანდატი და იქ შევიდნენ გაეროს საერთაშორისო
საპოლიციო ძალები, რომლის მისიაც სტაბილურობის შენარჩუნება იყო. სწორედ ეს მისია ჩაანაცვლა ევროკავშირმა 2003 წლის 1 იანვარს. მასში მონაწილეობდა 495 პოლიციის ოფიცერი და დამატებით 59 თანამშრომელი. ისინი რეგიონში ამყარებდნენ სტაბილურობას, მონიტორინგის გამოძიებისა და დაკვირვების საშუალებით. 495 პოლიციის ოფიცერთაგან 80% იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, ხოლო 20% სხვა ქვეყნების მიერ წარგზავნილნი.




EULEX მისია კოსოვოში

ევროკავშირის ყველაზე მრავალრიცხოვანი მისიაა, რომელიც გულისხმობს კოსოვოში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას, მხარს უჭერს კანონის უზენაესობის
დამკვიდრებას, საპოლიციო, საბაჟო და სასამართლო სისტემების განვითარებას. 2009 წლიდან აღნიშნული მისია ბოლომდე მოქმედი გახდა და მას მანდატი 2016 წლის ივნისამდე აქვს. უმრავლესობის აზრით EULEX-მა არ გაამართლა და ის მიჩნეული იყო, როგორც ევროკავშირის მარცხი ამ რეგიონში. თუმცა სიტუაცია შეიცვალა და მიუხედავად სკეპტიკური დამოკიდებულებებისა, ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ მას დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს: 2013 წლის ივნისში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის 10-რაუნდიანი მედიაციის შედეგად, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა და მისმა კოსოვოელმა კოლეგამ ჰაშიმ ტაჩიმ 15-პუნქტიან პაქტს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ფორმალურად კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ეთნიკურად სერბი უმცირესობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა ბევრად სცდება მხოლოდ
აღნიშნული რეგიონების საზღვრებს და უდიდეს პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს. საერთაშორისო დონეზე შეთანხმება უკვე აღიარეს ევროკავშირის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ წარმატებად. ქეთრინ ეშტონის შუამავლობით მაღალი დონის მოლაპარაკებები 2011 წლიდან მიმდინარეობდა
და ბოლო დრომდე მათ უშედეგოდ დასრულებას პროგნოზირებდნენ.




რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი

ამ კონფლიქტში ევროკავშირმა მედიატორის როლი იტვირთა.
სწორედ ევროკავშირი, საფრანგეთის თავმჯდომარეობით, საკმაოდ სწრაფად ჩაუდგა პოლიტიკურ პროცესს სათავეში და მიაღწია ცეცხლის შეწყვეტას ექვსპუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე რუსეთსა და საქართველოს შორის. ევროკავშირმა,
ასევე მისთვის ერთგვარად უჩვეულოდ სწრაფ ტემპში, პროცესში ჩართო „ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ (ESDP) სამოქალაქო მისია – ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია (EUMM), რომელიც 200 დამკვირვებლისგან შედგებოდა და რომლის მოვალეობაც იყო, გადაემოწმებინათ ყველა ევროკავშირის ეგიდით გაფორმებული, საქართველოსა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი
12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი და 2008 წლის 8 სექტემბრის „განსახორციელებელი ზომების“ შეთანხმებების პირობების შესრულება.







განხილული საკითხების საფუძველზე ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირის
როლი უსაფრთხოებისა და მშვიდობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ჰავიერ სოლანას განცხადებით, ევროკავშირის ჩარევა რეგიონალური კონფლიქტების გადაწყვეტაში გულისხმობს “Good Governance-ის” ჩამოყალიბებას, დემოკრატიის აღდგენას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ასევე გლობალურ კომუნიკაციას, რომელიც ამცირებს კონფლიქტებს. მართლაც, ორგანიზაციამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრიზისების პრევენციისთვის შეუძლია ეფექტური პოლიტიკის გატარება. რასაკვირველია, მისი ყოველი ქმედება ერთნაირად შედეგიანი არ არის, რაც ზოგჯერ ევროკავშირის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ის მრავალფუნქციური ორგანიზაციაა და მის კომპეტენციაში კიდევ უამრავი საკითხის მოგვარება შედის, რაც მის საქმიანობას უფრო კომპლექსურს ხდის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც განვითარებული ქვეყნები ცდილობენ „ძალის პრიმატი“ უკანა ფონზე გადასწიონ და მსოფლიო „დემოკრატიული მშვიდობისკენ“ მიმართონ, ევროკავშირი თავისი ლიბერალური პოლიტიკით სწორედ სიტუაციის შესაბამისი აქტორია.



ავტორები: მაიკო რატიანი, სალომე ონიანი


თსუ, საერთაშორისო ურთიერთობები





გამოყენებული ლიტერატურა:


1.გიორგი სანიკიძე და ნინო კიღურაძე, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები, ფონდი
ღია საზოგადოება - საქართველო, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2001.


2.გიზო ჭელიძე, ევროკავშირის ისტორიული განვითარება.


3.ლევან ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, 2013.


4.Dr. Erkki Tuomioja, “The Role of Soft Power in
EU Common Foreign Policy”, International Symposium on Cultural Diplomacy,
Berlin, 2009. http://www.culturaldiplomacy.org/academy/content/articles/speakers/detailed/erkki-tuomioja/erkki-tumioja_-_the-role-of-soft-power-in-eu-common-foreign-policy.pdf?Interview-with-Erkki-Tuomioja-Former-Finnish-Foreign-Minister


5.European security strategy, “A SECURE EUROPE IN A BETTER WORLD”, Brussels, 2003. http://www.consilium.europa.eu/uedocs/cmsUpload/78367.pdf


6.Max Planck, “The system of EU crisis management – from bringing peace to
establishing democracy?”, Yearbook of United Nations Law, Volume 13, 2009,
p.247-266. http://www.mpil.de/files/pdf2/mpunyb_07_kuhn.pdf


7.Council Of European Union, “Rear-Admiral Philip Jones, Operation Commander of EU AVFOR - Somalia, presented an update on his mission to the Political
and Security Committee”, Brussels, 2009. http://www.consilium.europa.eu/uedocs/cmsUpload/105728.pdf


8.Dov LYNCH and Antonio MISSIROL, ESDP operations, Institute for security studies, 2009. http://www.peacepalacelibrary.nl/ebooks/files/09-dvl-am.pdf


9.European Union external action, „what is EULEX?”, St. Muharrem
Fejza, P.O. Box: 268, 10000 Pristina, Kosovo. http://www.eulex-kosovo.eu/en/info/whatisEulex.php


10.ქეთი შუკაკიშვილი, „სერბეთი და კოსოვო შეთანხმდნენ“,
ტაბულა, 2013. http://www.tabula.ge/ge/story/71984-serbeti-da-kosovo-shetanxmdnen


11.European Initiative Liberal Academy Tbilisi, „ევროკავშირი და კონფლიქტები საქართველოში“, 2012. http://www.ei-lat.ge/vin-vin-aris1/evrokavshiri-da-konfliqtebi-saqarthveloshi/431-evrokavshiri-da-konfliqtebi-saqarthveloshi.html?lang=ka-GE


12. რადიო თავისუფლება, „ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს“, 2014. http://www.radiotavisupleba.ge/content/news/25468645.html

0
800
შეფასება არ არის
ავტორი:მაიკო რატიანი
მაიკო რატიანი
800