x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სოციალური დისტანცია
საუბრის დროს მოსაუბრეთა ერთმანეთთან სიახლოვე ბევრს ამბობს კულტურის სპეციფიკაზე. ამგვარ ქცევას გაუცნობიერებელი კულტურული მოდელები მართავს. ეს წესები, ძირითადად, გამოვლინდება, როდესაც უცხო კულტურის წარმომადგენლებს ვესაუბრებით. ამ დროს, შესაძლოა, დისკომფორტი განვიცადოთ მოსაუბრის ზედმეტი სიახლოვით (რაც ინტიმურობის ნიშანია) ან ზედმეტი სიშორით (რაც ინდიფერენტულობად აღიქმება).


დისტანციის ცნება სოციალური რეალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმწერია, ის მეტად ნაყოფიერია კულტურული სპეციფიკის გამოვლენის თვალსაზრისითაც. ფიზიკურ სიახლოვეს სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული სემანტიკა და დატვირთვა აქვს - დასავლურ კულტურებში ადამიანი თავის დამოუკიდებლობას დიდი ფიზიკური დისტანციით გამოხატავს, ამით თავის პიროვნულ სფეროს იცავს, ხოლო არადასავლურ კულტურებში ადამიანები უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან, მაგრამ საკმაოდ დიდ დისტანციას ინარჩუნებენ უცხოელებთან მიმართებაში.


გამოყოფენ დისტანციის რამდენიმე ტიპს:

ფსიქოლოგიური - ადამიანთა განცალკევების დონე, რომელიც ორიენტირებულია ურთიერთქმედებისას წარმოქმნილ სირთულეთა მსჯელობაზე.


სოციალური - ასახავს საზოგადოებაში ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის დაშორების ხარისხს.


აგრეთვე ხშირად გამოიყენებენ "ჰორიზონტალური" და "ვერტიკალური" დისტანციის ტერმინებსაც იმის აღსანიშნავად, ადამიანები ერთსა და იმავე სოციალურ-ეკონომიკურ კლასებს ეკუთვნიან თუ სხვადასხვას.


ე. ჰოლი გამოყოფს დისტანციის 4 კატეგორიას:

1. ინტიმური - 45 სმ. ესაა მცირე რაოდენობის სოციალურ კონტაქტებში, დაშვებულია რეგულარული შეხება, ამ ზონაში ურთიერთობენ მშობლები და შვილები, შეყვარებულები.

2. პიროვნული - 45-120 სმ. დისტანცია მეგობრებსა და კარგ ნაცნობებს შორის, აქ ინტიმურობა დაშვებულია, მაგრამ შეზღუდული.

3. სოციალური - 120-360 სმ. ჩნდება ფორმალური ურთიერთობების (მაგ.: ინტერვიუს) დროს.

4. სახალხო - 360 სმ. დისტანცია აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას.


ამას გარდა საუბრობენ "ძალაუფლებრივი" დისტანციის შესახებ, რომელიც მოიაზრებს საზოგადოების "დაბალი ფენების" მიმართებას სოციალური უთანასწორობისადმი. იმ კულტურებში, სადაც ეს დისტანცია მოკლეა, რეალურად მოქმედებს იურიდიული კანონები და წესები - აქ ადამიანები ხელისუფლებას მისი კომპეტენტურობის მიხედვით ემორჩილებიან და არა მისი თავისთავადი ღირებულების გამო.


პირადი ტერიტორიის გამოყოფა, ადგილის, ობიექტისა და ურთიერთობის პერსონალიზაციის ჩათვლით, ადამიანის ან ჯგუფის საკუთრება ხდება. "საკუთარი" სივრცის შემოსაზღვრა გულისხმობს პიროვნული იდენტობის ანუ "სელფის" გრძნობის ხაზგასმას.


ზოგიერთ კოლექტივისტურ კულტურაში არსებობს დიდი განსხვავება დამოკიდებულებაში დისტანციასა და ურთიერთობის ტიპს შორის. ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენლები პირადი სივრცის დარღვევას აქტიურად და აგრესიულად უწევენ წინააღმდეგობას, მაშინ, როცა კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები მსგავს სიტუაციაში პასიურ ფორმებს მიმართავენ.


გამოყენებული ლიტერატურა:


სურმანიძე ლ. ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები (თეორიული მოდელები, ემპირიული კვლევები), გამომცემლობა "ნეკერი", თბილისი, 2001


0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან გორგაძე
ქეთევან გორგაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0