x
image
beko777
დედამთილი და რძალი: მტრობა თუ მეგობრობა?
imageძნელია იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობა მომავალი ქმრის დედასთან...


ყველა ვერ ახერხებს დედამთილთან საერთო ენის გამონახვას
ოჯახური ცხოვრების ბედნიერება მხოლოდ ქმარზე კი არა, მის დედაზეცაა დამოკიდებული. ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ისწავლოთ მასთან ურთიერთობის დამყარება. თუმცა, ზოგჯერ ეს არც ისე იოლია.


ისტორია პირველი: - ყოჩაღი დიასახლისი და დედიკოს გოგო


image„ჩემმა გოგომ ისეთი ნამცხვარი გამოაცხო!“ – ტრაბახობდა ანუკის დედა თავის დაქალებთან. მათ კი ანუკი მაგალითად მოყავდათ თავიანთ შვილებთან. ანუკი ბავშვობიდან კარგი „სახლის“ გოგო და დედის მარჯვენა ხელი იყო. ეხერხებოდა სადილის კეთება, კერვა. მისი შემხედვარე ყველა ამბობდა: „ანუკის ქმარს გაუმართლებს! დედამთილი მისით იამაყებს!“ გოგონა მხოლოდ იღიმოდა – უფროსების საუბარი მას უაზროდ ეჩვენებოდა, მომავალი ოჯახური ცხოვრება კი – საშინლად შორეული, თითქმის არარეალური იყო მისთვის.
ანუკი საკუთარ ქვეყანაში ცხოვრობდა – ბევრს კითხულობდა, უსმენდა მუსიკას და ხმაურიან კომპანიას ერიდებოდა. მეათე კლასში ის მიჯაჭვული იყო სახელმძღვანელოებს – ემზადებოდა ინსტიტუტში ჩასაბარებლად. მხოლოდ სტუდენტობის პირველი დღეებიდან მოხდა ანუკიში გარდაქმნა – აღარ იყო ისეთი კარჩაკეტილი, როგორც ადრე. ზოგჯერ თანაკურსელებთან ერთად ატარებდა სტუდენტურ საღამოებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ საღამოზე გაიცნო მან მომავალი მეუღლე. ალეკო იყო ლამაზი ბიჭი. ის ყველას უყვარდა.
მას დიდი სიყვარული ესტუმრა



ანუკის ალეკო პირველივე შეხვედრაზე შეუყვარდა. მისთვის საკმარისი იყო ალეკო მისულიყო და ეთქვა: „გამარჯობა, შენ ისეთი ლამაზი ხარ!“ ალეკოს სიყვარულმა ანუკი სრულიად შეცვალა. მათი რომანი სწრაფად ვითარდებოდა. ალეკოს სერიოზული ზრახვები ამოძრავებდა და ძალიან მალე საყვარელი გოგონა წაიყვანა დედასთან გასაცნობად. ალეკოს დედა – ქალბატონი ელენე საშინლად ნერვიულობდა ამ შეხვედრის წინ. ქალი განიცდიდა იმის გამო, რომ მას უნდა გადაეცა საყვარელი და ერთადერთი შვილი ვიღაც უცნობი გოგონასთვის. „ვაითუ ის ხუშტურიანი ან უჭკუო აღმოჩნდეს?“ – ასეთი წინასწარი განცდებით იტვირთავდა თავს ალეკოს დედა. და აი, კარზე ზარია, მოვიდა შვილი საცოლესთან ერთად. ანუკიმ მომავალ დედამთილს ყველა შიში გაუქარწყლა თავისი თბილი და მოკრძალებული ღიმილით. „შენ ისეთი კარგი ხარ! მე ყოველთვის მინდოდა შენნაირი გოგო მყოლოდა!“ – უთხრა ქალბატონმა ელენემ ანუკის დამშვიდობებისას.


imageახალგაზრდები შეუღლდნენ. ანუკი ახლა არა მხოლოდ სწავლობდა, არამედ აწყობდა ოჯახურ ბუდეს. ერთი წლის შემდეგ შვილი შეეძინათ და ანუკიმ აიღო აკადემიური შვებულება. ბავშვის მოვლა, დალაგება, სარეცხი – ეს ყველაფერი ანუკის კისერზე იყო. ალეკომ თავიდანვე მიანიშნა ცოლს, რომ საშინაო საქმეები მისი საქმე არ იყო.
ის მთელი დღეები ინსტიტუტში იკარგებოდა, დიპლომს წერდა, ემზადებოდა ასპირანტურაში ჩასაბარებლად. მხოლოდ იშვიათად დასვენების დღეებში შეიძლებოდა მასთან შეთანხმება, რომ შვილთან ერთად წასულიყო სასეირნოდ. თუმცა, ანუკი ბედს არ უჩიოდა; მას უყვარდა ქმარი და შვილი და ყველა საშინაო საქმეს სიამოვნებით აკეთებდა, რადგან თვლიდა, რომ ეს მისი პირდაპირი მოვალეობა იყო. დედამთილს ეცოდებოდა ახალგაზრდა რძალი. „ანუკი, – არაერთხელ ეუბნებოდა მას ქალბატონი ელენე, უყურებდა რა მის დაღლილ სახეს, – წადი დაისვენე. ყველაფერს მე გავაკეთებ!“ მაგრამ ანუკი არ თანხმდებოდა და დედამთილს არ უშვებდა, რომ საშინაო საქმეები ეტვირთა.


imageრძლის მხარეს: - ალეკომ სათანადოდ ვერ შეაფასა საუკეთესო ცოლის ღირსებები.


სახლში ის უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა. აღარ ცდილობდა აეხსნა მისი დაგვიანების და არყოფნის მიზეზი. ანუკი ჩუმად განიცდიდა, რომ ქმრის პერანგის საყელოზე პომადის ნაკვალევს ამჩნევდა. ის იმედოვნებდა, რომ ალეკო გონს მოეგებოდა და დაბრუნდებოდა ადრინდელი ბედნიერი დღეები. მაგრამ ალეკოს ცოლის ასეთი ჩუმი განცდა უფრო მეტად „ქოქავდა“, პროვოცირებას უწევდა მას სკანდალისკენ. ქალბატონი ელენე ძალიან განიცდიდა ბავშვების გამო. ის არაერთხელ ესაუბრა შვილს, გონს მოგებოდა. მაგრამ არც ამან უშველა. ერთხელაც, ალეკომ ანუკის განუცხადა, რომ მასთან მოწყენილია ცხოვრება, რომ ის მეტისმეტად „საშინაოა“. „მე ახალი შეგრძნებები მაკლია“, – განაცხადა ალეკომ. ანუკიმ ყურებს არ დაუჯერა ქმრისგან ასეთი რამის მოსმენა. „მიდი და ეძებე ახალი გრძნობები, სადაც გინდა. ანუკი ბავშვთან ერთად ჩემთან დარჩება! – მკაცრად განუცხადა ქალბატონმა ელენემ შვილს და აცრემლებულ რძალს გადაეხვია. „ის ახლა ჩემი შვილია, “ – ასეთი იყო დედამთილის სიტყვები.


ისტორია მეორე: - ბებიის პროვოკაცია

„დედა, დედიკო, შენ ჩვენ აღარ გიყვარვართ?“ – ისმოდა ცრემლნარევი ბავშვის სიტყვები. „საიდან მოიტანე პატარავ?“ – შეშინებული ეკითხებოდა დედა. „ბებიამ თქვა, შენ იმიტომ მიგვიყვანე მასთან, რომ ჩვენგან გათავისუფლდე“. ნუცა ტელეფონის ყურმილით ხელში გაშეშდა ამ სიტყვების გაგონებაზე, ის დიდხანს ვერ გამოვიდა შოკიდან. რა არ მომხდარა რძალ-დედამთილის ურთიერთობაში, მაგრამ ასეთი პროვოკაციის შესახებ ის ვერც წარმოიდგენდა. თითქოს ჩვეულებრივია – გააგზავნო ბავშვები ერთი კვირით ბებიასთან მაშინ, როცა საბავშვო ბაღი ზაფხულში დაიხურა, შვებულებამდე ჯერ კიდევ დროა. „არ ჯობდა ძიძა ამეყვანა“, – გაიფიქრა ნუცამ. ხვალვე წამოვიყვან ბავშვებს და დედასთან წავიყვან ზესტაფონში. ნუცა ძლიერ გაბრაზდა იმის გამო, დედამთილი მის წინააღმდეგ აქეზებდა ჯერ ქმარს, ახლა კი – შვილებს.


imageმარცხიანი ნაცნობობა
ნუცას თავიდანვე არ აეწყო დედამთილთან ურთიერთობა, როცა ირაკლიმ მიიყვანა ის დედასთან გასაცნობად. ნუცა ცდილობდა წარმოედგინა მომავალი დედამთილი. ის დარწმუნებული იყო, რომ დედამთილი იქნებოდა საუკეთესო ქალი. ის ხომ საყვარელი ქმრის დედაა.


და აი, დადგა გაცნობის დღე. ახალგაზრდებმა იყიდეს ირაკლის დედის საყვარელი ყვავილები და ტორტი. მაგრამ ქალმა ეს საჩუქარი არ შეაფასა: მან ზიზღით გადახედა ტორტს, ყვავილები უდიერად მაგიდაზე დაყარა. ირაკლი გაშრა დედის საქციელის გამო. ის არ მოელოდა დედისგან ასეთ მიღებას. მათ ხომ სპეციალურად იყიდეს ასტრები – დედის საყვარელი ყვავილები. ნუცა მზად იყო ეტირა ასეთი შთაბეჭდილებისაგან. არც ირაკლის დედა იყო აღტაცებული: „რა საშინელი გოგოა! – უთხრა მან შვილს. ძუნწია ალბათ, ასეთი იაფფასიანი ყვავილები რომ მომიტანა“. „დედა, შენ არა ხარ მართალი! – ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა ირაკლი. ნუცა გადასარევი გოგოა, მე ის ძალიან მიყვარს!“ „ყველაფერი გასაგებია, ე.ი. მე უკვე აღარ გიყვარვარ...“ – გაბრაზდა მომავალი დედამთილი.


ერთ სახლში ორი ქალი
ქორწილის შემდეგ ახალგაზრდებისთვის დაიწყო კოშმარული ცხოვრება. ირაკლი ორ საყვარელ ქალს შორის იხლიჩებოდა. „ეს რა სათქმელია! პირველად ვხედავ ასეთ რამეს!“ – ასეთი იყო დედამთილის ტიპიური რეაქია იმ მომდევნო მცდელობაზე, როცა ნუცას უნდოდა ახალი, უჩვეულო სადილით თავი გამოედო. გოგონას უბრალოდ სიტყვები აღარ ჰყოფნიდა დედამთილის ყოველ „გამოხტომაზე“ მაშინ, როცა ის ცდილობდა, ურთიერთობა გამოსწორებულიყო. ირაკლი ყველაფერ ამას ხედავდა, მაგრამ საყვარელ ცოლს ვერაფრით ეხმარებოდა. ის ბევრჯერ შეეცადა დედასთან ლაპარაკს – ხან წყნარად, ხან სკანდალით და მუქარით. ბოლოს, როგორც იქნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება: „დედა, ჩვენ ცალკე გადავდივართ საცხოვრებლად! – დაჟინებით თქვა ირაკლიმ. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ნუცას მშობლები დაგვეხმარნენ ბინის შეძენაში“. ახალგაზრდებს სკანდალის ეშინოდათ, რასაც ვერ აცდენ. დედამთილმა ისეთი ისტერიკა მოაწყო...


დროთა განმავლობაში ის დაწყნარდა, მაგრამ ბოროტებამ ჩაიბუდა მის სულში. ახლა ის ჩუმად მოქმედებდა. მისი საყვარელი ხერხი იყო დაერეკა შვილთან სამსახურში და მოეთხოვა სასწრაფოდ მასთან მისულიყო, რადგან ის ძალიან ცუდად იყო. შემდგომ მის ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული. თავიდან ირაკლის სჯეროდა და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა დედასთან. დედა მას ხვდებოდა შეცბუნებული ღიმილით, ახალგამომცხვარი ნამცხვრით და რძლის მისამართით „კეთილ“ სიტყვებს არ იშურებდა. მალე ირაკლი მიხვდა, რომ დედასთან ვიზიტები მას კარგს არაფერს მოუტანდა. ირაკლის დედა თავს ანგარიშს არ უწევდა იმაში, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის საშიშ თამაშს. მართლა რომ დასჭირვებოდა სასწრაფო დახმარება, შვილი ხომ აღარ დაუჯერებდა!

0
476
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0