x
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი უფლებები საქართველოში

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შეზღუდვა. ამ შეზღუდვების გამო
კი ხშირად ისინი დისკრიმინირებულნი არიან. საქართველოში, დღესდღესობით, შშმ პირები
ნაკლებად არიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ სურთ თავი
იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. საზოგადოება მკაცრია მათ მიმართ და ნაკლებად
აღიქვამენ მათ ნაყოფიერ ადამიანებად. არსებობს გარკვეული მითები და შეხედულებები მათზე,
რაც თავისთავად დაბლა წევს თავად შშმ პირების თვითშეფასებას. მათაც გამჯდარი აქვთ თვითსტიგმა
და ნაკლებად ცდილობენ გააქტიურებას და სხვადასხვა საქმიანობებში ჩართულობას.



საქართველოში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირების უფლებების დაცვის მხრივ. სახელმწიფო ამ ბოლო დროს თითქოს გააქტიურდა და ძალიან
დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათი უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ რეალურად
ძალიან ცოტა რამ კეთდება მათი კეთილდღეობისა და საზოგადოებაში ჩართულობისათვის. ჩემი
აზრით, არაადაპტირებული გარემო ერთ-ერთი დიდი
პრობლემაა. სწორედ ეს არის იმის წინაპირობა, რომ ისინი ვერ ახერხებენ ქუჩაში არა მხოლოდ
დამოუკიდებლად, არამედ დამხმარესთან ერთადაც კი გადაადგილებას. გადასასვლელი ხიდები,
რომლებზეც პანდუსები შეუსაბამო გრადუსის დახრილობითაა გაკეთებული, ძალიან შეურაცხმყოფელია
ამ ადამიანებისა და მათი ახლობლებისთვის. უსინათლოებისთვის არ არის ხმოვანი გადასასვლელები
ან სადაც არის (სულ რამდენიმე ადგილას) ისიც მოშლილია და ხან ასრულებს თავის ფუნქციას
და ხან არა. ადაპტირებული ტრანსპორტი, სამწუხაროდ, საერთოდ არ გვაქვს საქართველოში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ „საქართველოს ბანკმა“ სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა „საქანელა“
ზოოპარკში ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის, თუმცა იმ ადგილამდე როგორ უნდა მივიდნენ
ეს ადამიანები ამაზე არ ფიქრობენ ან ფიქრობენ, მაგრამ უბრალოდ სახელმწიფოს სხვა პრიორიტეტები
აქვს და არა ამ ადამიანების უფლებების დაცვა.



შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობა საზოგადოების თითოეული
წევრის დამსახურებაც არის, რადგან თავად ჩვენ არ ვიღებთ მათ ისეთად, როგორებიც არიან.
არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იყვნენ ჩვენს გვერდით. თუნდაც პარკირებაზე არსებული
„ინვალიდის“ ნიშანი, რომელიც იმდენი დასაყენებელი ადგილიდან მხოლოდ ერთია გამოყოფილი,
ყოველთვის დაკავებულია სხვა პირების მიერ, რომელთათვისაც ეს ადგილი არ არის განკუთვნილი.
მეორე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მშობლების დამოკიდებულება ზოგადად შშმ ბავშვების
მიმართ. როგორი ამრეზით უყურებენ და ხშირად პრეტენზიებით აღსავსენი მიმართავენ ბაღის
ან სკოლის მასწავლებლებს იმის თაობაზე, თუ როგორ არ უნდათ მათი შვილების გვერდზე „ასეთი
ბავშვების“ ყოფნა და ა.შ.



ამრიგად, ვხედავთ, რომ შშმ პირებისათვის ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება.
მაღაზიაში, თეატრში, კინოში წასვლა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას გადაადგილება მათთვის
დიდი ძალისხმევის ტოლფასია (დამოუკიდებლად ეს წარმოუდგენელია). აღარაფერს ვამბობ მათი
უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებასა და სწავლის გაგრძელებაზე. არც ერთი უნივერსიტეტი
არ არის ბოლომდე ადაპტირებული მათთვის. დასაქმებაც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რადგან
ხშირად ამ ადამიანებს ქმედუუნაროდ აღიქვამენ და იარლიყს აკრავენ, მიუხედავად მათი გონებისა
და შესაძლებლობებისა. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვეცადოთ მათი მდგომრეობის შეცვლაში და
ამისთვის მეტი აქტიურობაა საჭირო როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც.
ვიცი, რომ შეგნებისა და დამოკიდებულებების შეცვლას დიდი დრო სჭირდება და ეს ასე ადვილი
არ არის, მაგრამ მჯერა, რომ მათ მიმართ შეხედულებები შეიცვლება და მომავალი თაობები
უფრო ლოიალურად განწყობილები იქნებიან მათ მიმართ. მათი სოციალიზაცია და საზოგადოებაში
ინტეგრაცია მნიშვნელოვანი პროცესია და ნელ-ნელა ამ მხრივ ალბათ წინ წავიწევთ. ადრე
თუ კანის ფერის გამო ხდებოდა დისკრიმინაცია, ახლა ასეთი შემთხვევები უფრო იშვიათია,
ამიტომ მჯერა, რომ ეს მდგომარეობაც შეიცვლება, თუმცა ამაში ყველა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ
მონაწილეობა, უნდა ვიბრძოლოთ მათი უფლებებისთვის.

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მურაჩაშვილი
მარიამ მურაჩაშვილი
107