x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ობსესიურ კომპულსიური აშლილობა, კლინიკური სურათი და მკურნალობა.
imageობსესიურ-კომპულსიური აშლილობა


კლინიკური სურათი

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ისეთი მდგომარეობაა,
როდესაც ადამიანს აწუხებს აკვიატებული, მისდა უნებლიედ აღმოცენებული აზრები და წარმოდგენები(ობსესია),
რომელთა თავიდან ასაცილებლად ის მიმართავს რიტუალურ, ასევე აკვიატებულ ქცევას (კომპულსია).
დაავადების ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს სხვადასხვა სახის აკვიატებები - ობსესიები
და კომპულსიები, რომელთაც გააჩნიათ ზოგიერთი საერთი თვისებები:

-სუბიექტის ცნობიერებაში აზრის ან იმპულსის ჩანერგვა ხდება დაჟნებით და ინტენსიურად;

-აღნიშნული აზრები და წარმოდგენები არ ექვემდებარებიან ინდივიდის კონტროლს და იწვევენ ძლიერ შფოთვას;

-ისინი ქრონიკულად განმეორებითი ხასიათისაა; ძირითადი
გამოვლინებების თანმხლები შფოთვა და შიში იწვევს სუბიექტის მიერ საპირისპირო ღონისძიებების შემუშავებას, რაც მიმართულია აღმოცენებული აზრის ან იმპულსის წინააღმდეგ - პიროვნება
შეწუხებულია შფოთვის მომგვრელი აკვიატებული აზრებისგან და მათ თავიდან აცილებას განმეორებითი, რიტუალური ქცევებით (მაგ.განსაკუთრებული წესით აწყობს ნივთებს, იბანს ხელებს, კარებზე
ხელს ან ფეხს თანმიმდევრობით ურტყამს, ითვლის და ა.შ.) ცდილობს; ამ რიტუალების განხორციელების შემდეგ ადამიანს ეხსნება შფოთვა;ობსესია და კომპულსია უცხოა ეგოსთვის, ესე იგი აღიქმება სუბიექტის მიერ როგორც მისი პიროვნებისთვის მიუღებელი, რამდენადაც მძაფრი და გამომწვევი არ უნდა იყოს ობსესიები და კომპულსიები, სუბიექტი მაინც აცნობიერებს მათ აბსურდულობას და ირაციონალიზმს;სუბიექტი იტანჯება ობსესიების და კომპულსიებისგან, აქვს ძლიერი სურვილი განთავისუფლდეს და წინაარმდეგობას უწევს მათ(თუმცა წინააღმდეგობის ხარისხი
განსხვავებულია).

ამხსნელი მოდელები



ფსიქოდინამიკური თეორიის თანახმად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ჩნდება იდის იმპულსების ბრძოლის შედეგად, რომელიც აისახება ობსესიურ აზრებში და ეგოს დაცვის მექანიზმებში, რომელიც თავის მხრივ
გამოიხატება აკვიატებულ აზრებში, მაგ. დათვლაში ან კომპულსიურ ქცევებში.


ბიჰევიორისტების აზრით, კომპულსიური ქცევა ვითარდება ასოციაციების შემთხვევის საფუძველზე. წამყვანი ბიჰევიორალური
მკურნალობა აერთიანებს ხანგრძლივ ექსპოზიციას რეაქციის პრევენციაზე.


კოგნიტური თეორიის თანახმად, თითოეული ადამიანი განიცდის უნებლიედ აღმოცენებულ ფიქრებს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას
აქვს უნარი ამ ფიქრებს ყურადღება არ მიაქციოს. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ინდივიდები მოკლებულნი არიან უნებლიე აზრებისგან გათავისუფლების უნარს.


კოგნიტური თეორიის მიხედვით, არსებობს რამდენიმე კოგნიტური შეცდომა, რომელსაც ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე
ინდივიდებში ვხვდებით:

-ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ინდივიდები მიდრეკილნი არიან უნებლიედ აღმოცენებულ აზრებს მეტი პიროვნული მნიშვნელობა მიანიჭონ;

-ისინი არასოდეს ახორციელებენ იმ აზრებს, რომლებიც მათ ეკვიატებათ. პირიქით, ისინი მიდრეკილნი არიან
გამოიმუშაონ ე.წ.ამრიდებლური ქცევები და თავი აარიდონ იმ სიტუაციებსა და სტიმულებს, რომლებიც მათში შფოთვითი რეაქციის ჩამოყალიბებას იწვევს.

ერთ-ერთი კოგნიტური შეცდომაა პასუხისმგებლობის არაადეკვატურად მაღალი გრძნობა. მაგ. თუ ადამიანს აწუხებს შიში იმისა, რომ შვილს რაიმე არასასურველი შეემთხვევა, მან შეიძლება გამოიმუშაოს რიტუალური ქცევა:მაგ, შვილს აკოცოს ორმოცდაათჯერ იმისთვის, რომ არასასურველი ფიქრებისგან თავი დაიხსნას.
მათ შესაძლოა უჩნდებოდეთ განცდა იმისა, რომ რადგან ეს ფიქრები მათ ეკვიატებათ, მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს რაიმე არასასურველი ნამდვილად შეემთხვევათ.


არსებობს მესამე კოგნიტური შეცდომა, რომელსაც ეწოდება ფიქრისა და მოქმედების აღრევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს სწამთ იმისა, რომ თუკი მათ, მაგ. შეყვარებულის დაჭრის სცენა ეკვიატებათ,
ისინი ამას ნამდვილად ახორციელებენ. ისინი მყარად ვერ მიჯნავენ ფიქრს და ქვევას ერთმანეთისგან.


არსებობს კიდევ ერთი კოგნიტური შეცდომა - უზუსტობის შიში. მაგ. ინტიმური ურთიერთობების ირგვლივ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ინდივიდი, რომელსაც აწუხებს ურთიერთობის
ირგვლივ აღმოცენებული ეჭვები, თვლის, რომ მან ზუსტად (100%-ით) უნდა იცოდეს, რამდენად შეესაბამება მას ეს კონკრეტული ურთიერთობა.

ბიოლოგიური თეორიის მიხედვით, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა შეიძლება უკავშირდებოდეს სეროტონინის დაბალ აქტივობას და პათოლოგიურ ფუნქციონირებას ორბიტოფრონტალურ ქერქში და კუდიან ბირთვში.

მკურნალობის გზები

ფსიქოდინამიკური მიმართულება - ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა წარმოადგენს ეგო-დისტონურ აშლილობას, როდესაც ინდივიდი აღმოცენებულ ფიქრებს და ქცევებს იაზრებს, როგორც ეგოსთვის უცხოს. ფსიქოთერაპიის მიზანია დაეხმაროს ინდივიდს კონფლიქტების და დაცვის რეაქციების გამოვლებაში და მათ გადალახვაში, ამისთვის გამოიყენება თავისუფალი ასოციაციები და თერაპევტის ინტერპრეტაცია.

კოგნიტური თერაპევტი ცდილობს დაეხმაროს ინდივიდს იმ აზრების გაგებაში, აღმოფხვრაში და თავიდან აცილებაში, რომლებიც წინ უძღვის ობსესიას და კომპულსიას. კოგნიტური თერაპია ამ აშლილობის მკურნალობისას მოიცავს აგრეთვე ფსიქოგანათლებას და ქცევით ტრენინგს.

კვლევები ადასტურებენ, რომ კოგნიტური და ბიჰევიორალური თერაპიის კომბინირებული ვარიანტი უფრო მეტად ეფექტურია
დაავადების მკურნალოსბითვის, ვიდრე ცალ-ცალკე მათგანი.


ბიოლოგიური მკვლევრები ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სამკურნალოდ იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც ზრდის
სეროტონინის აქტიოვბას.

დიფერენციალური დიაგნოზი

დიფერენციალური დიაგნოზი გასატარებელია: სხეულის დისმორფულ აშლილობასთან, ტიკურ აშლილობასთან, ბოდვით აშლილობასთან,
გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან, სპეციფიკურ ფობიებთან, ტრიქოტოლომანიასთან (თმის წიწკნა).







ავტორი: ვანო ჯანიაშვილი
13.07.2014

1
4033
1-ს მოსწონს
ავტორი:ვანო ჯანიაშვილი
ვანო ჯანიაშვილი
4033
  
2014, 13 ივლისი, 14:48
რაღაც დოზით მგონი ყველას ჭირს ეს აშლილობა
0 1 1