x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სარეკლამო კამპანიები, რომლებმაც მსოფლიო აღაშფოთა

შოკ-რეკლამას (Shockvertising) რეკლამის ისეთ სახეს უწოდებენ, რომელშიც გამიზნულად არის უკუგდებული სოციალური ნორმები და გამოყენებულია ტაბუდადებული თემები, რისი მიზანიც არის მნახველის პროვოცირება. ამის შედეგად რეკლამა უფრო დამახსოვრებადი ხდება. ამგვარი ხერხით შექმნილი რეკლამების შესახებ მომხმარებელში ყოველთვის განსხვავებული აზრი არსებობს: ზოგი ხელოვნების ნიმუშად აღიქვამს, ზოგი ჭკვიანურ მარკეტინგულ სვლას უწოდებს, უმეტესობა კი უბრალოდ აღშფოთებულია.

ქვემოთ შემოგთავაზებთ ამგვარი "აღმაშფოთებელი" ბეჭდვითი შოკ-რეკლამების რამდენიმე მაგალითს.


1. Nike- St. Rooney

image
2006 წელს ნაიკმა გაუშვა ბეჭდვითი სარეკლამო კამპანია, სადაც ინგლისელ ფეხბურთელს, უეინ რუნის სისხლიანი ჯვარი აქვს ტანზე გამოსახული.

როგორც ცნობილია, რუნიმ, 2006 წლის მსოფლიო თასის ფინალამდე რამდენიმე ხნით ადრე ტრავმა მიიღო, თუმცა საფინალო თამაშისთვის იგი უკვე ფორმაში იყო. ნაიკმა ამ სარეკლამო ფოტოზე ფეხბურთელი წარმოადგინა ნაწილობრივ ანგლო-საქსონური ომის ღმერთის, ნაწილობრივ კი ტანჯული, მაგრამ გამარჯვებული ქრისტეს სახით. ჟურნალისტები წერდნენ, რომ "ნაიკმა ისეთივე უხეშად გამოიყენა ფეხბურთელი, როგორც იყენებს ღარიბი ქვეყნების მუშახელს, რომლებიც ქმნიან მის ძვირადღირებულ ფეხსაცმელებს".

რელიგიური ჯგუფები აღაშფოთა ფოტომ, რომელშიც "ქრისტეს წამების შესახებ ვულგარული ფორმის მინიშნებებია". თუმცა ნაიკის წარმომადგენლის განცხადებით, ამ სარეკლამო კამპანიით კომპანიას სურდა უბრალოდ აღენიშნა რუნის გამოჯანმრთელება და დაბრუნება მანჩესტერ იუნაიტედში, ჯვარცმასთან კი ფოტოს არაფერი საერთო არ ქონდა. მით უმეტეს, რომ ფოტოზე გამოსახული ფეხბურთელი არის არა სისხლით მოსვრილი, არამედ წითელი საღებავით დახატული, რაც ფეხბურთის ფანების ტრადიციაა.


2. Sisley – Fashioin Junkie
image

2007 წელს გამოსულ, სისლეის ამ სარეკლამო კამპანიაში, მოდის მიმდევრები (მოდაზე დამოკიდებულები) შედარებულია ნარკომანებთან. უფრო მეტიც, სლოგანში სიტყვაში "Fashion" (მოდა) ჩამატებულია "i" (Fashioin) და ამით ჟღერადობა მიმსგავსებულია "კოკაინთან".

3. Burger King - It’ll Blow Your Mind Away


image


Burger King-ი იყო გიგანტური 7 ინჩიანი ბურგერის სარეკლამო კამპანია სინგაპურში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აღაშფოთა ფოტოზე ორალური სექსისადმი აშკარა მინიშნებამ, რეკლამა არ იქნა აკრძალული.


4. United Colors of Benetton - Angel and Devil

image


1991 წელს დაიწყო ბენეტონის შოკ-სარეკლამო კამპანია სახელწოდებითანგელოზი და ეშმაკი. მისი ავტორია იტალიელი ოლივიერო ტოსკანი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო ბენეტონის წინააღმდეგობრივი სარეკლამო ფოტოებით.

მოცემულ რეკლამაში წარმოდგენილია მორალური კონფლიქტი, სიმბოლიზირებული ერთი მხრივ ანგელოზის - გოგონა ქერა კულულებითა და ცისფერი თვალებით; მეორე მხრივ ეშმაკის სახით - აფრო-ამერიკული წარმოშობის გოგონა, რომლის თმის ვარცხნილობა ეშმაკის რქებს გვაგონებს. საინტერესოა კბილებს შორის ნაპრალი, რაც ბევრ ქვეყანაში ბედნიერების, ნაყოფიერების და მშვენიერების სიმბოლოდ ითვლება და პატარა თეთრ გოგონას უბიწოებასა და ანგელოზურ ბუნებას უსვამს ხაზს.

ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, ბენეტონის მიზანი იყო ამ რეკლამით გაეერთიანებინა ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომელთა შესახებ საზოგადოებაში სამწუხაროდ მკაცრად დამკვიდრებული სტერეოტიპები არსებობს.

5. Antonio Federici – Ice Cream Is Our Religion


imageimage


ანტონიო ფედერიჩის ნაყინის სარეკლამო კამპანია, რომელიც რელიგიურ თემაზეა აგებული ბოლო წლებში რამდენჯერმე იქნა დიდ ბრიტანეთში ASA-ს (Advertising Standards Authority) მიერ აკრძალული.

პირველ ორ ფოტოზე ასახულია ინტიმურ პოზაში მყოფი მოძღვარი და მონაზონი. ფოტოების სახელწოდებებია “Kiss temptation” ("კოცნის ცდუნება") და "Submit to temptation" ("ცდუნებისადმი დამორჩილება") . მესამე ფოტოზე კი, რომლის სახელწოდებაა "Immaculately conceived" ("უბიწოდ ჩასახული") წარმოდგენილია ორსული გოგონა, რომელსაც მონაზვნის ტანსაცმელი აცვია და ნაყინს მიირთმევს ეკლესიაში.

სახელმწიფომ აკრძალა რეკლამა, როგორც "იესოს უბიწოდ ჩასახვისა და კათოლიკური რწმენის შეურაცხმყოფელი".

ბრენდის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ეს სარეკლამო კამპანია ყვება ისტორიას "ათასობით ორსული ირლანდიელი ქალისა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში გამოამწყვდიეს და შვილები როგორც "მორალური გადაგვარების" ნაყოფები, მონაზვნებმა ჩამოართვეს.

შემდეგი სარეკლამო კამპანია ანტონიო ფედერიჩიმ კიდევ უფრო გაამწვავა და ფოტოზე ინტიმურ პოზაში წარმოადგინა ორი ბერი, რომლებიც ერთმანეთის საკოცნელად ემზადებიან. კამპანიის სლოგანი იყო: "We Believe in Salivation" ("ჩვენ გვწამს ნერწყვის გამოყოფის"). ეს არის ერთგვარი სიტყვათა თამაში: Salivation (ნერწყვის გამოყოფა) - Salvation (სხნა).

6. Love Cosmetics - Because Innocence is Sexier Than You Think.



image



ბავშვის გამოსახვამ ამგვარ სარეკლამო ფოტოზე, მით უმეტეს სექსუალობაზე ალუზიებმა, ცხადია აღშფოთება გამოიწვია მნახველებში და რეკლამის პედოფილურ ხასიათზე აალაპარაკა.

7. N.K. Fairbank Co. - Why Doesn’t Your Mamma Wash You With Fairy Soap?

image



1860 წელს გამოშვებულ ამ სარეკლამო კამპანიას (რატომ არ გბანს შენი დედიკო Fairy-ს საპნით?) აშკარად რასისტული ხასიათი აქვს, რადგან აფრო-ამერიკელი ბავშვის მუქი კანი ჭუჭყიანთან არის შედარებული. თავის დროზე ამ რეკლამას დიდი აღშფოთება არ გამოუწვევია, რადგან იგი 1860 წლით თარიღდება, როცა ამერიკაში მონობა ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული.

0
367
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0