x
image
beko777
განშორება – სიყვარულის გამოცდა
განშორება – სიყვარულის გამოცდა


ამბობენ, განშორება ძლიერ სიყვარულს უფრო მტკიცეს ხდის, სუსტ გრძნობას კი სპობსო. ყოველთვის მეგონა, რომ ეს ორი ერთმანეთისგან შორს მყოფი ადამიანის დასამშვიდებლად იყო მოგონილი, რომლებიც ერთმანეთის გრძნობებში არ იყვნენ დარწმუნებულნი, ოჯახურ ურთიერთობას კი ეს ფორმულირება ნაკლებად მიესადაგება.
თავად მე, როცა პირველად ვაგზავნიდი მეუღლეს ხანგრძლივ მივლინებაში, განშორების ფიქრებმა ერთი წყვილი გამახსენა, რომლებიც უკვე მრავალი წელია ერთმანეთისგან მოშორებით ცხოვრობენ და ერთურთს მხოლოდ დღესასწაულების ან შვებულების დროს ხვდებიან. რატომ ადრე არ მაკვირვებდა მათი ცხოვრების წესი, მე ხომ დიდი ხანია მათ ვიცნობ? იქნებ იმიტომ, რომ ისინი ამერიკაში ცხროვრობენ, სადაც, როგორც ამბობენ, ყველაფერი სხვაგვარადაა: ცხოვრების წესი, ადამიანებს შორის დამოკიდებულება და ოჯახური ტრადიციები.


ფიქრს გავყევი და უცებ გამახსენდა, რომ ჩემს ნაცნობებში კიდევ სამი წყვილია ისეთი, ერთმანეთისგან ხანგრძლივად რომ იმყოფებიან შორს. მათ ძალზე გასაგები და ახლო ურთიერთდამოკიდებულება აქვთ, განშორება კი მხოლოდ მდგომარეობაა, რომელთან შეგუებაც მოუხდათ. საოცარია, მათ ართუ შეძლეს მასთან შეგუება, არამედ ეს მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სათავისოდ გამოიყენეს – ერთმანეთის გრძნობების და შვილების სასიკეთოდ და ეს მაშინ, როცა თითქმის ისტორიულ აქსიომადაა ქცეული მეზღვაურთა და მოგზაურთა უიღბლო ოჯახური ცხოვრება.
„ახალი ცხოვრება – ახალი ურთიერთობებია” - ასე პასუხობს ნათია ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველას, ვინც კი აქტიურად გამოთქვამს შეშფოთებას მისი და ნიკას ურთიერთობებთან დაკავშირებით. ახალი ცხოვრება – ეს ხელსაყრელი შემთხვევაა მისი ქმრისათვის, კონტრაქტის საფუძველზე მუშაობა დაიწყოს საზღვარგარეთ, სადაც მისი პროფესიონალური შესაძლებლობები ჯეროვნად იქნება შეფასებული და, შესაბამისად, ანაზღაურებაც მაღალი ექნება.


ნათია 25 წლისაა, ნიკა – 27 წლის, ისინი უკვე 3 წელია, ცოლ-ქმარი არიან. გოგონა პროფესიით სტილისტია, მისი მეუღლე კი სისტემური ანალიტიკოსი.
ორივე თავისი სამუშაოთია გართული, მიიჩნევენ, რომ პიროვნებას საშუალება უნდა ჰქონდეს, განახორციელოს თავისი სანუკვარი იდეები და გეგმები, ამიტომაც პატივისცემით ეკიდებიან ერთმანეთის პროფესიონალურ ინტერესებს. „მე ყველაფერ ახალსა და უჩვეულოს მივესალმები, ეს ხომ ჩემი პროფესიის ნაწილია”, – ამბობს ნათია, – ამიტომ ორი წლის წინ, როცა ნიკას საზღვარგარეთ მუშაობის დაწყება შესთავაზეს, მე დადებითად შევხედე ამ ფაქტს. ასეთი შანსის გაშვება სისულელე იქნება”. ამ ორი წლის განმავლობაში ნიკა საკმაოდ დაწინაურდა და ცოლ-ქმარი ამას ისე აღიქვამდა, როგორც პროფესიონალური დონის ჯეროვნად დაფასებას.
„არ დავმალავ, – დაამატა ნათიამ, – პირველ ხანებში ორივე შიშმა შეგვიპყრო, როგორ გავძლებდით ამდენი ხნის განმავლობაში უერთმანეთოდ, ორივე ვფიქრობდით, რომ ვერ გადავიტანდით სიშორეს. თავდაპირველად ასეც იყო, მაგრამ თანდათანობით, მადლობა ღმერთს, ჩვენმა სამუშაომ არ მოგვცა უფლება ნაღველისათვის, თანაც, იმ დროში ხომ აღარ ვცხოვრობთ, მტრედებს რომ დაჰქონდათ ფოსტა – ყოველდღე ვურეკავთ ერთმანეთს. იცით, დრო სწრაფად გადის და როცა შეხვედრის დღე დგება, ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, ახლა ხომ თითქმის რომანტიკული დაძაბულობის ქვეშ ვიმყოფებით. რაც შეეხება დღესასწაულებს, ვცდილობთ, ერთად გავატაროთ ისინი: ან ნიკა ჩამოდის ერთი კვირით სახლში ან მე მივდივარ მასთან. საახალწლოდ, მაგალითად, მისმა ფირმამ პრემიის სახით დაასპონსორა ჩემი წასვლა”.



***


თუ პირველ შემთხვევაში ოჯახი მამაკაცმა დატოვა ხანგრძლივი დროით, მეორე ისტორიის გმირი სუსტი სქესის წარმომადგენელი გახლავთ. მარინას მებრძოლ ქალად უყვარს თავისი თავის წარმოდგენა, იმდენად, რამდენადაც 7 წლის ტყუპებს ზრდის და საკმაოდ დაძაბული სამუშაო აქვს. იგი 35 წლისაა, მისი მეუღლე მიშა კი მასზე 3 წლით უმცროსია. მათი ქორწინება 9 წელს ითვლის. ეს წყვილი, შეიძლება ითქვას, იძულებით დაშორიშორდა. საქმე ისაა, რომ მარინას, რომელიც პროფესიით იურისტია, ავტომოპასუხეზე მოუვიდა მუქარა, რასაც მასზე და ბავშვებზე თავდასხმის მცდელობა მოჰყვა. ამავდროულად, მარინას იგლისიდან მოუვიდა მიწვევა საზაფხულო სემინარში მონაწილეობის მისაღებად, რომლის თემაც მარინას დისერტაციის თემას ემთხვევა და ისიც, ისე, რომ არც კი დაფიქრებულა, ბავშვებთან ერთად გადაფრინდა ინგლისის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში. შემდეგ მას შესთავაზეს ლექციების კურსის კითხვა კოლეჯში, სადაც სამი თვის განმავლობაში დაჰყო. ბავშვები სკოლაში შეიყვანა. მიშა კი თბილისში თავის საყვარელ საქმიანობას – არქიტექტორობას განაგრძობდა.
„მარტო დარჩენილმა საკმაოდ დაძაბუნებულად ვიგრძენი თავი, – ამბობს მიშა, – გამოირკვა, რომ მე საერთოდ არ შემეძლო საკუთარი თაივს მოვლა-პატრონობა. არც საჭმლის გაკეთება ვიცოდი, არასოდეს გამირეცხავს, არ მივლია პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში და არც ბინის ქირა გადამიხდია როდისმე. თავდაპირველად ჩემმა დამ იკისრა ჩემზე მზრუნველობა, დროთა განმავლობაში კი თავადაც შევეჩვიე. სატელეფონო მუქარა პერიოდულად მეორდებოდა, ინგლისში კონტრაქტები კი, საბედნიეროდ, ყოველ 3-4 თვეში გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან მენატრებოდა ჩემი ოჯახი და ვფიქრობდი, რომ დავამთავრებდი აქ ჩემს პროდუქტებზე მუშაობას, ვისწავლიდი ინგლისურს და მათთან ჩავფრინდებოდი”.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბავშვები ინგლისში გააგრძელებდნენ სწავლას. მიშა ცდილობდა, რამდენიმე თვეში ერთხელ ჩასულიყო ოჯახის მოსანახულებლად, ერთი-ორჯერ მარინაც დაბრუნდა ბავშვებთან ერთად სახლში.
„ერთ დღეს, როცა მიშას ველოდებოდი, – იხსენებს მარინა, – უცებ ჩემი თავი დავიჭირე ფიქრში, რომ რამდენადმე შეშფოთებული ვიყავი. მე ხომ შევეჩვიე მარტო ცხოვრებას, არავისი დახმარების იმედი არ მქონდა, საქმეებს და დასვენებას მხოლოდ ჩემი გეგმის მიხედვით ვაწყობდი. ცოტათი შემეშინდა კიდეც, ტვირთად ხომ არ დამაწვებოდა კისერზე ქმარზე მზრუნველობა და შემეძლო თუ არა ძველად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მაგრამ ამავდროულად ვიგრძენი ისიც, რომ სიყვარული და ერთმანეთზე ფიზიკურად და მორალურად დაუქვემდებარებულობა არის სწორედ გრძნობათა ის თავისუფლება, რომელიც ჩლუნგდება ქორწინების შემდგომ, როცა ცხვირი ცხვირზე მიდებული ცხოვრობ მრავალი წლის განმავლობაში და ქმარს ისე ეჩვევი, როგორც საყვარელ სავარძელს?


***


თუ საყვარელ ადამიანთან დიდი ხნით გიწევთ განშორება?


* ხშირად ჰკითხე რჩევები, თუნდაც წვრილმანებზე მან უნდა იგრძნოს, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებს შენს ცხოვრებაში.
* შეეცადე, მეტი დრო გაატარო მის ნაცნობ-მეგობრებთან, რომლებიც, ისევე როგორც შენ, შორს არიან მისგან. საყვარელ ადამიანთან ერთად გააანალიზე მათი საქმეები და პრობლემები.
* თუ ელექტრონული ფოსტა გაქვთ, ყოველდღე გაუგზავნებთ ერთმანეთს შეტყობინებები. დაე, ეს იყოს სულ პატარა წინადადება, მაგრამ იგი შექმნის თქვენი ერთად ყოფნის ეფექტს.
* ნუ გაკიცხავ მას თუ თავისი ჰობის გამო ცოტათი მეტს დახარჯავს. შენგან შორს მყოფს მას გაცილებით მეტი თავისუფალი დრო აქვს, ამიტომ დანახარჯის გაზრდა ძალზე ბუნებრივია.
* ნუ ჩაიციკლები იმ ქალებზე, რომლებთანაც მას აქვს კავშირი, როცა მის გვერდით არა ხართ, მაგალითად, მის კოლეგებზე. სარკაზმულ კითხვებს: „ხომ არ ისარგებლე ჩემი არყოფნით” მხოლოდ მისი ფლირტისაკენ წაქეზება შეუძლია.
* საყვარელ მამაკაცთან სექსი ტელეფონით – რატომაც არა?
* ნუ გაახელებ მას, არ მოუყვე, თუ როგორი აღტაცებული არიან შენით სხვა მამაკაცები. ძალიან საშიშია ეჭვიანობა ამ დროს, შენ ხომ საშუალება არა გაქვს, დაამშვიდო საყვარელი მამაკაცი.
* წინასწარ მოემზადე მასთან შესახვედრად, დაე, სწორედ მასთან იყოს დაკავშირებული თქვენი ცხოვრების ყველაზე ნათელი შთაბეჭდილებები.

0
248
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0