x
image
beko777
სუსტი სქესის ძლიერი მეგობრობა
ფიქრობთ, რომ ნამდვილი ქალური მეგობრობა ბუნებაში არ არსებობს? როგორც სჩანს, სცდებით!


სუსტი სქესის ძლიერი მეგობრობა


ამბობენ – ნამდვილად ძლიერი მეგობრობა მხოლოდ მამაკაცებმა იციანო. ქალები კი, თითქოს, მხოლოდ ინტრიგებისთვის, ერთმანეთზე შურისთვის და ჭორაობისთვის არიან მოწოდებულნი. ერთი სიტყვით, აუტანელი ქალური ხასიათის გამო ჭეშმარიტი ქალური მეგობრობა შეუძლებელია ბუნებაში არსებობდესო. როცა ჩვენ ამის შესახებ გვეუბნებიან, აღშფოთებას ვიწყებთ, სუსტი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს ხომ ეყოლება ნამდვილი დაქალი, რომელიც არც უღალატებს და არც ძნელბებდობის ჟამს მიატოვებს მას. ცხადია, წაკინკლავება და სკანდალი მათ შორისაც ხშირად ხდება, მაგრამ განა ეს მამაკაცებს არ ახასიათებთ?
ამბავი პირველი
მოლაყბე დაქალები
– ნუ რამდენ ხანს შეიძლება ლაპარაკი?! შენ უკვე ორი საათია ტელეფონზე ხარ დაკიდული!!! – ჩვეულებრივ ასეთი მრისხანე ტირადით იმუხტებოდა დიტო, როცა სახლში დაბრუნებული ცოლს დაქალთან ტელეფონზე მოსაუბრეს მოუსწრებდა. ამიტომ არ გადაყავდა ტელეფონი „ახალ ქსელებზე”, ვინ იცის, რამდენს დაწერდა მერე... – მშია! ირასთან მერეც მოასწრებ ლაყაფს.
მაგრამ ლელა მაინც აგრძელებდა თავის დაქალთან ირინესთან ერთად სხვადასხვა ამბის გარჩევას. და როცა ერთი საათის შემდეგ გამწყრალებული ქმარი პირში მიახლიდა, რასაც მათ საღამოს სულელურ თათბირებზე ფიქრობდა და ტელეფონის გადაჭრით დაემუქრებოდა, საპასუხოდ ლელა მხოლოდ მხრებს იჩეჩავდა:
– დიტო, არაფერი არ გესმის. აურება საქმეზე მაქვს დაქალთან სალაპარაკო!..
– ეს მანამდე აკეთე, სანამ სამსახურში ვარ! – უღრენდა ქმარი.
იგი დარწმუნებული იყო, რომ მისი ცოლისა და ირინეს მეგობრობა მხოლოდ საერთო ნაცნობებზე ნაჭორავებითა და ახალ-ახალ საყიდლებზე მსჯელობით შემოიფარგლებოდა. მაგრამ მას არ შეეძლო სცოდნოდა, რომ ორი ქალის ურთიერთობას არა მხოლოდ დროს, არამედ სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდისთვისაც გაეძლო...
გამოსავალი ყოველთვის არსებობს
ჯერ კიდევ ორი წლის წინ გოგოები, უბრალოდ, ახლობლობდნენ, მათ მაღაზია-ბაზრობებზე სიარულის სიყვარული აერთიანებდათ. ერთხელ ირინემ (ან როგორც მას შემოკლებით ეძახდნენ – ირამ) ლელასთან ხუთი წუთით ახალი კოფტის საჩვენებლად შემოირბინა. თავისი მეგობარი მან ვეღარ იცნო: კარები მას თვალებგაფაციცებულმა ვიღაც მუმიამ გაუხსნა. ლელას სახეს უხვი ჩალურჯებები უფარავდა... ირა მიხვდა, რომ გოგონას რაღაც საშინელი დამართნოდა, შეკითხვა მოინდომა, მაგრამ ლელამ ჩახრინწული ხმით წასვლა სთხოვა. ირინე მაინც დარჩა: ასეთ მდგომარეობაში დაქალს ვერ დატოვებდა. ლელა ჩუმად შევიდა ოთახში, დივანზე წამოწვა და კედლისკენ გადაბრუნდა. მეგობარი იქვე თავთით მიუჯდა და მდუმარედ თავზე ხელი გადაუსვა, დამამშვიდებელი სიტყვებით დაუწყო ხმადაბალი საუბარი... რამდენიმე წუთში მან ლელას ოდნავ გამოცოცხლებული და თვალცრემლიანი სახე დაინახა. ლელა უკვე გულამომჯდარი ქვითინით უყვებოდა მას. მისი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვებიდან ირამ მხოლოდ „გამაუპატიურეს”, „არაფერი არ მახსოვს” და „დიტოს რას ვეტყვი” გაიგო. ირინემ ლელამ გამოტირების საშუალება მისცა, ცხელი ჩაი დაალევინა და მაქსიმალურად იცდილა თვალყური ედევნებინა, რომ მეგობარი თავის თავში არ ჩაკეტილიყო... ლელას მართლაც აუცილებლად ესაჭიროებოდა ვინმესთან დამძიმებული გულის დაცლა. თურმე, ლელა ღამით მოკლე გზით ბრუნდებოდა სახლში, მას ვიღაც მამაკაცი დაესხა, პირზე ხელი ააფარა და ბუჩქებისკენ წაათრია. გოგონამ – სახეში რამდენიმე დარტყმის შემდეგ – გონება დაკარგა, მაგრამ როცა იგი დაუბრუნდა, გვერდით უკვე არავინ აღარ იყო, თავი საშინლად სტკიოდა, გული ერეოდა, ქვედა კაბა ნაფხრეწებადღა შერჩენოდა და მთელი სხეული ჩალურჯებებით ჰქონდა სავსე... ლელამ კედელ-კედელ ამოფარებით მიაღწია სახლამდე.
– რა ვუთხრა დიტოს? – ლელას თვალები კვლავ ცრემლებმა დააგუბა – ხომ იცი, დაქორწინებას ვაპირებდით... მაგრამ მე ვეღარ ჩავხედავ თვალებში, აღარასოდეს აღარ შევხვდები!
ირინე გონებაგაფაციცებული ფიქრებში ჩაძირულიყო, რა გაეკეთებინა. იგი ცდილობდა, თავისი სიმშვიდე უბედურებაში ჩავარდნილი ლელასთვისაც გადაეცა, უთხრა:
– გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. რაც შენ დაგემართა, საშინელებაა, მაგრამ ცხოვრება უნდა გააგრძელო. დრო ყველაფრის მკურნალია. მეც დაგეხმარები, დიტოს კი ჯერჯერობით არ გავაგებინებთ ამას.
მან თვითონ გადაურეკა ლელას მშობლებს და საქმროს და უთხრა, რომ მათმა ერთ-ერთმა დაქალმა უწერის საგზური მისცა, რომელსაც დღეები უუქმდებოდა და სასწრაფოდ დასასვენებელ სახლში უნდა წასულიყვნენ...
„შინაური” ფსიქოლოგი
შემდეგ ირინემ ლელას ნივთები ჩანთაში ჩააწყო და უთხრა:
– ეხლა მანქანას გავაჩერებთ და ჩემთან წავალთ. ცოტა ხანს ჩემთან იცხოვრებ, მე შვებულებას ავიღებ. ყველაფერი კარგად იქნება! სულიერად არ დაეცე!
ირამ მეორე დღესვე გამოძებნა ექიმი-ფსიქოთერაპევტი და დაქალთან ერთად მიღებაზე მივიდა. რა თქმა უნდა, ლელას ძალიან დაეხმარა სპეციალისტის რეკომენდაციები, მაგრამ ვინ იცის – რა ბედი ეწეოდა, ირა გვერდით რომ არ ჰყოლოდა. იგი ერთი ნაბიჯითაც არ სცილდებოდა დაქალს, ცდილობდა, იგი მხიარულ აზრებზე გადაერთო. გოგოები დღე და ღამე ლაპარაკობდნენ: ირინე შესანიშნავი „შინაური” ფსიქოლოგი აღმოჩნდა. ლელას ძალიან ადგებოდა ირას ანალიტიკური რჩევები. სწორედ მან დაარწმუნა ლელა იმაში, რომ დიტოსთან კავშირი არ გაეწყვიტა და არაფერი მოეთხრო მისთვის. ერთ თვეში ლელამ თვითონ შეძლო დიტოსთან დარეკვა, კიდევ რამდენიმე დღეში – შეხვდა კიდევაც. როცა დიტო მათ ქორწილზე ალაპარაკდა, ლელას წინააღმდეგობა არ გამოუჩენია.
იმ დროიდან გოგოები, პრაქტიკულად, აღარც დაშორებიან ერთმანეთს. მათ საერთო საიდუმლო აერთიანებდათ, და ეს ნებისმიერ კავშირზე ძლიერ ადუღაბებდა მათ. ისინი ყოველ ხელსაყრელ დროს ხვდებოდნენ ერთმანეთს და უთავბოლოდ ლაქლაქებდნენ, ლაქლაქებდნენ და ლაქლაქებდნენ. მათ ხშირ შეხვედრებს ტელეფონი ცვლიდა, რაზეც აგრერიგად ბრაზობდა ლელას ქმარი – დიტო. მაგრამ მას რომ სცოდნოდა, რომ ამ ქალურ მეგობრობას ოდესღაც მისი ოჯახური ბედნიერება ჰქონდა გადარჩენილი, ალბათ, სხვანაირად მოიქცეოდა..


ამბავი მეორე (ენაჭარტალა თემური)



მარინას ნამდვილი დეპრესია დაეწყო. იგი ვერასდროს ვერ წარმოადგენდა, რომ ასე ცუდად წაუვიდოდა საქმე და ეს ყველაფერი რის გამო? დაქალთან რაღაც სულელური წაკინკლავების გულისთვის? დავუშვათ, რომ იგი ელისოს თითქმის ასი წელი იცნობდა: „ტრუსიკის” მეგობრები იყვნენ, ერთ მერხთან ისხდნენ სკოლაში, ინსტიტუტშიც ასევე – და აი... მხოლოდ ელისოსათვის შეეძლო მარინას თავისი განცდებისა და პრობლემების მოყოლა... ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დაქალებს არცერთი უთანხმოება არ ჰქონიათ და აი ახლა... ყველაფერი რაღაც სულელურად გამოვიდა!
ყველაფერი კი იმ უთავბოლო თემურის ბრალია! მას რომ მაშინ, როგორც თვითონ ამბობდა, „დაქალების ფსიქოლოგიური პორტრეტების” შესწავლა არ დაეწყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
– თქვენ ამდენი წელია მეგობრობთ, – მჭევრმეტყველობდა მარის ოფიციალური თაყვანისმცემელი (და მომავალში, ალბათ საქმროც) თემური, – და, თითქოს, ერთმანეთს უნდა ჰგავდეთ კიდევაც. მაგრამ თქვენ ისეთი განსხვავებულები ხართ! აი, მაგალითად, მარიანა მშვიდი, წყნარი და შინაურულია, იგი ყველას უყვარს. ელისო, შენ კი რაღაცნაირი გაბოროტებული ხარ, ასანთივით წამოენთები ხოლმე, რომელი მამაკაცი გაგიძლებს...
ელისო ამ სიტყვების გაგონებისთანავე წამოენთო:
– შენ ეი, თემო, შენ შენს „შინაურულ წყნარ” მარის მიხედე. მე კი თვითონვე გავერკვევი როგორმე, როგორ მოვიქცე მამაკაცებთან! ბედნიერებას გისურვებთ!
და გაიქცა... თემომ, თავისდაუნებურად, „მაზოლზე” დაადგა ფეხი: ელისოს პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა, მისი ყველა თაყვანისმცემელი სადღესაც „ორთქლდებოდა” რამდენიმე შეხვედრის შემდეგ. ამიტომ თემურის დაუფიქრებლად გამოშვებულმა სიტყვებმა ძლიერ შეძრა და გული ატკინა მას – თან იგი დარწმუნებული იყო, რომ თავისი პირადი პრობლემების შესახებ თავის შეყვარებულს სწორედ იმ მარინამ მოუთხრო, რომელთანაც დაქალობდა და ამდენი ხნის მანძილზე დასავით ენდობოდა...
ხანგრძლივი დეპრესია
იმ საღამოდან გოგონებს აღარ ჰქონიათ ურთიერთობა. მარი ცდილობდა დაქალთან დარეკვას, მაგრამ მას ნომრის ამომცნობი ტელეფონის აპარატი ედგა და ყურმილს არ იღებდა. შემდეგ მან მაინც დაქალთან შეხვედრა და ბარემ იმის თქმაც გადაწყვიტა, რომ თემურმა „ჩაილურის წყალი დალია”, ამ სიტყვების შემდეგ იგი მოიშორა... მარი ელისოს სახლიდან დახვდა. აღელვებული გაიქცა მისკენ და რაღაცეებზე დაუწყო საუბარი. მაგრამ ელისომ საპასუხოდ მხოლოდ ცივად გამოსცრა:
– ძალიან ცოტა დრო მაქვს. ან რა საჭიროა ასეთი მსხვერპლის გაღება: შენ და თემური ერთმანეთს შეეფერებით და ისიც ძალიან კარგად ერკვევა ადამიანებში.
და ელისომ მარი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. ამ საუბრიდან კიდევ ერთი თვე გავიდა, ელისო კი თავს კვლავინდებურად არ ახსენებდა. მარიამ თანდათან იწყო იმ საშინელი ფაქტის გათვითცნობიერება, რომ მათი მეგობრობა დაემხო და რომ რაღაცნაირად მოუწევდა უდაქალო ცხოვრებასთან შეგუება. სწორედ ამ დროს დეპრესიამ ჩაითრია.
იმ ნახევარი წლის განმავლობაში, რაც მარის ელისო არ ენახა, მარი თემურსაც დაშორდა და კიდევ მრავალი გოგო-ბიჭები გაიცნო. მაგრამ... ეს ყველაფერი იმას ვერც კი ემგვანებოდა, რაც ელისოსთან აკავშირებდა. მართლა, მის ერთ-ერთ ახალ მეგობარს ელდარი ერქვა, მაგრამ მარი ცდილობდა, მისთვის ეს სახელი არ დაეძახა, რადგან ეს დაკარგული დაქალის სახელთან რაღაცნაირად ასოცირდებოდა და კვლავ ნაღველით ევსებოდა ყველაფერი.
მაგრამ ერთხელაც მარის ბინის კარებმა დაიწკრიალა. ზღურბლთან მისი არქაული დროის დაქალი – ელისო იდგა.
– უი, შემოდი. – მარიანას მოულოდნელად ხმა ჩაეხრინწა.
– გამარჯობა, – თქვა ელისომ, – მინდა დაგელაპარაკო. მაპატიე... ძალიან მომენატრე. ხომ არ მიბრაზდები?
– ჩვენი გაბუტვიდან ერთ თვეში, – ჰყვებოდა ელისო, – ბესო გავიცანი. განცხადება გვინდა შევიტანოთ მმაჩის განყოფილებაში და თავიდანვე ის ვიფიქრე, რომ მოწმის და მეჯვარის როლში შენს გარდა ვერავის ვერ წარმოვიდგენდი და ვერც ავიტანდი. თემურზე კი აღარა ვარ ნაწყენი. ბოლო-ბოლო მაინც ხომ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ, მთელი ჩემი „კუჭმაჭეულით”...
ამ სიტყვებზე გოგონებმა გადაიკისკისეს.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია
რა სხვაობაა ჩვენს შორის?


რატომღაც მიჩნეულია, რომ ქალთა მეგობრობა ისეთი არაა, როგორიც მამაკაცების. მამაკაცებში – საიმედოობა და სტაბილურობაა წინა პლანზე, ქალებში კი – ინტრიგები და მუხანათობა. ცხადია, ეს ასე არ არის, თუმცაღა მამაკაცურ და ქალურ მეგობრობას შორის განსხვავება მაინც არსებობს. ზუსტად ისეთივე, რამდენადაც აშკარაა სქესებს შორის სხვაობა. მამაკაცებში მეგობრობა, როგორც წესი, რაიმე საერთო საქმის საფუძველზე მყარდება და არსებითად პარტნიორობას მოგვაგონებს, ქალების დამეგობრების ნიადაგს კი სულიერი სიახლოვე წარმოადგენს, ხოლო მეგობრული ურთიერთობების ფარული მიზეზი ურთიერთის ემოციური მხარდაჭერაა. ზემოხსენებული იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცები მუდამ გრძნობების გარეშე მეგობრობენ, ქალებს კი სამსახურებრივ ნიადაგზე არ ძალუძთ დაახლოება. მაგრამ მთლიანობაში უმეტესწილად ეს სწორედ ასეა. სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ განსხვავებების საფუძვლები. ქალური მეგობრობა უფრო მიდრეკილია ემოციურ-განწყობილებრივი ცვალებადობისკენ, უფრო მეტ სულიერ ძალისხმევას და გულწრფელობას მოითხოვს, მაშინ როცა მამაკაცური ნაკლებემოციურია და მსგავსი მომენტები ცხოვრებაში გვერდს უვლით („მთავარია – საქმე!”).


ყველაზე ძლიერი ჯაჭვი


ქალთა ურთიერთობებში უფრო მოსალოდნელია განშორებები, წაკინკლავებები, ეჭვიანობები, თუნდაც მათ შორის ლესბიური სიყვარულის მისხალიც არ არსებობდეს, მაშინ როცა მამაკაცებს შორის ძნელი წარმოსადგენია ისეთი პიროვნების მონახვა, რომელიც თავისი ერთი მეგობრის მეორესთან ურთიერთობაზე იეჭვიანებდა.
საერთოდ კი, რას წარმოადგენს მეგობრობის ცნება და იგი სიყვარულისგან რითი განსხვავდება? (ამ კითხვის გაგონებაზე ჩვენი სახელოვანი რუსთველი რომ შეგვიკურთხავდა, ეს ჩვენც ვიცით – რედ.) თითქოსდა, ორთავე შემთხვევაში ადგილი აქვს ორმხრივ სიმპათიას, ერთმანეთის მიმართ გულწრფელ დამოკიდებულებებს და ურთიერთობების მოთხოვნილებას.
მაგრამ სიყვარულის უმთავრესობას – სექსუალური ლტოლვის არსებობა წარმოადგენს, მაშინ როდესაც მეგობრობა – სუფთა პლატონურ ურთიერთობებს გულისხმობს. შესაბამისად – სიტყვა „პლატონურად მიყვარს” – სხვა არაფერია, თუ არა – „ვმეგობრობ”. გარდა ამისა, სიყვარული ძალიან ხშირად ორი ურთიერთსაპირისპირო ხასიათის მიზიდულობაზეა აგებული, მეგობრობა კი მხოლოდ ორი პიროვნების ერთობლიობაზე, მათ სულიერ სიახლოვეზე, ხასიათების მსგავსებაზე, მიზნებზე და ინტერესებზე მკვიდრდება. და მაინც, სიყვარულისა და მეგობრობის შეხამება შესაძლებელია და აუცილებელიც კი – საუბარია, ბუნებრივია, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე. მხოლოდ სექსუალური ლტოლვის საფუძველზე არსებული სიყვარული ხომ კაშკაშად იწვის და მალე იფერფლება. ხანგრძლივი არსებობის ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს ახლახანს შეყვარებულების მშვიდი, სტაბილური მეგობრული სიყვარულის ერთგვარ „ჰიბრიდს” (ლათინურად ასეთ სიყვარულს Ludus ჰქვია).
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მეგობრული ურთიერთობები – სამსახურშიც და ოჯახშიც – ცხოვრებაში გვეხმარება. მეგობრობა ჩვენი ცხოვრების ყველაზე ძლიერი შემაკავშირებელი ჯაჭვია, რაც ამქვეყნად საიმედოობისა და დაცულობის გრძნობას გვანიჭებს.
დაქალებმა წაიჩხუბეთ? მოძებნეთ მამაკაცი
მაინც რატომ არის ზოგჯერ ქალურ მეგობრობაში შესახვედრი მუხანათობა, გამცემლობა, სიცრუე, ვერაგობა და შური? მიჩნეულია, რომ ქალები ბუნებრივად უფრო ემოციურნი, არამდგრადნი და მგრძნობელურნი არიან გარემოებების ცვლილებების მიმართ. ისინი უძველესი დროიდან არიან იძულებულნი, სწრაფი ორიენტირება მოახდინონ და შეეგუონ ახალ გარემოებებს, რათა ამ მკაცრს სამყაროში გადარჩნენ და, ამასთანავე, თავიანთი შვილები გადაშენებისგან გადაარჩინონ. ეს კი – არსებითად რას ნიშნავს? „ახლა მე კარგად ვგრძნობ შენს გვერდით ჩემო დაქალო თავს, მაგრამ ხვალ თუ გარემოება შეიცვალა, ჩემი შენდამი დამოკიდებულებაც შეიცვლება”. საკუთარ დაქალთან ურთიერთობების შეცვლა ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ქალური მეგობრობის სხვა მნიშვნელოვანი მომენტია – მეტოქეობის ალბათობა. წინაღობის ლოდად უფრო ხშირად მამაკაცი აღიმართება ხოლმე – ქალს ხომ სწორედ ეს აღელვებს ყველაზე მეტად (თუმცა, სხვა ინტერესთა გადაკვეთაც შესაძლებელია) და როცა ეს ხდება, გუშინდელი დაქალები ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ხდებიან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალური მეგობრობის უფრო ძლიერ ემოციურ საფუძველს.

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0