x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
კეინზისა და ჰაიეკის ეკონომიკური ხედვების შედარება- სახელმწიფოს როლი, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა
კეინზისა და ჰაიეკის ეკონომიკური ხედვების შედარება- სახელმწიფოს როლი, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა


image


ავტორი: თინათინ ვახანია

გამოქვეყნების თარიღი: 15.02.2014










1920-იან წლებში კეინზი იზიარებდა რაოდენობრივ თეორიას ფულთან დაკავშირებით, რაც დღეს ცნობილია მონეტარული პოლიტიკის სახელით. მისი ძირითადი პრინციპები გამომდინარეობდა მარშალისა და პიგუს სწავლების საფუძვლებიდან. მან სწორედ 1923 წელს დაწერილი წიგნი Tract on Monetary Reform მიუძღვნა ამ თემას, სადაც ჩამოაყალიბა მონეტარული პოლიტიკის თავისებური ხედვა. მისი მთავარი სათქმელი გახლდათ, რომ ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, როცა მოხდებოდა ფასების დონის სტაბილიზება, რაც დამოკიდებული იყო ხელისუფლებისა და ცენტრალური ბანკის მოქმედებაზე. საჭირო იყო პროცენტული განაკვეთის შემცირება მაშინ, როდესაც მოსალოდნელი იყო ფასების ზრდა, და პირიქით ფასების დაცემის დროს უნდა გაზრდილიყო პროცენტული განაკვეთი.

მას შემდეგ რაც ბრიტანეთში ომთაშორის პერიოდში უმუშევართა რაოდენობამ 20%-ს მიაღწია კეინზმა ჩამოაყალიბა ზოგადი თეორია, რომელმაც რევოლუციური გავლენა იქონია სამომავლოდ ეკონომოკის
განვითარებასა და ეკონომისტების ხედვებზე. კეინზმა ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ჩარევის პოლიტიკაზე. რაც შემდგომში აისახა მოსაზრებაზე, რომ უმუშევრობა დაძლეული შეიძლება იქნეს მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით. მიუხედავად ამისა, დღესაც კი ეკონომისტებს შორის დიდი დავა არსებობს იმის თაობაზე, რომ კეინზის თეორიები პირიქით უმუშევრობის წარმოშობას უწყობდა ხელს.

ნაშრომში დასაქმების, მოგებისა და ფულის ზოგადი თეორია
(The General Theory of Employment, Interest and Money) კეინზი გამოდის კლასიკური ეკონომიკური აზროვნების წინააღმდეგ და ანგრევს თეორიას თვითმართვადი ბაზრის შესახებ, რომელიც შემდგომში ე.წ ახალი ეკონომიკური მეცნიერების, ანუ კეინზიანიზმის საფუძველი გახდა. კეინზის მთავარ თეზისს წარმოადგენდა ის, რომ დიდი დეპრესიის დროს წარმოქმნილი უმუშევრობა ეფექტური მოთხოვნის კლების შედეგი იყო. ამ სიტუაციიდან თავის დაღწევისათვის კი აუცილებელი გახლდათ ეკონომიკური სისტემის გამოცოცხლება საჯარო ინვესტიციების გზით. მაშასადამე, მისი
აზრით, დასაქმების დონეს ერთიანი მოთხოვნის საერთო ოდენობა განსაზღვრავს და იგი ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ თუ მოხდება ხელფასების დაწევა მაშინ უმუშევრობაც შემცირდება. პირიქით იმ შემთხვევაში თუ მოხდება ხელფასების შემცირება, გამოდის, რომ ხალხს ნაკლები ფული ექნება დასახარჯად, რაც აისახება საქონლის წარმოების შემცირებაზე ეს კი თავისუფალ ბაზარს
დიდ დეპრესიაში აღმოაჩენს, ხოლო თვითრეგულირების პრინციპით ვერ მოახდენს ამ დეპრესიიდან თავის დაღწევას.

იგი, ასევე, ებრძოდა კონსერვატიულ შეხედულებებს, რომლებიც ოქროს სტანდარტის აღდგენას მოითხოვდნენ. სწორედ მან, ბრეტონ ვუდსის მოლაპარაკებების დროს (1944) წამოაყენა იდეა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნის თაობაზე, რომელიც
ჩამოყალიბდებოდა როგორც ნამდვილი მსოფლიო ცენტრალური ბანკი, რომელსაც შეეძლებოდა საერთაშორისო გადახდებისთვის ქაღალდის ვალუტის გამოშვება. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, კეინზი
გახლდათ თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ უნდა დამყარებულიყო რაც საყოველთაო დასაქმება იქნებოდა მიღწეული ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით, რადგან ამის შემდეგ ბაზარი შეძლებდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებას.

რაც შეეხება ჰაიეკს, მან მოახერხა თავისუფალი ბაზრის სისტემის ადვოკატირება ცენტრალური დაგეგმარებისა და რეგულირების მზარდი არაეფექტურობის წინააღმდეგ და მიიღო მხარდაჭერა,
კეინზის იმ შეხედულების საპირისპიროდ, რომ საბაზრო სისტემა მუდმივ სტაბილიზირებას საჭიროებს ფინანსთა სამინისტროებისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან. ჰაიეკი ცნობილი არის როგორც
ავსტრიული ეკონომიკის ფუძემდებელი. მისი აზრით, ეკონომიკაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს ხალხის საქმიანობა და მათი მოქმედებები, ანუ თუ როგორ არიან ისინი კოორდინირებულნი.

პოლიტიკურ თეორიაში ჰაიეკმა დააფიქსირა ხედვა სახელმწიფოს როლის შესახებ, რაც ჩამოაყალიბა თავის წიგნში The Constitution of Liberty, სადაც მან ისაუბრა თავისუფლების პრინციპებზე. შემდგომში სწორედ ეს პრინციპები გახდა მისი პოლიტიკური ხედვის საფუძველი. მისი მთავარი წინააღმდეგობა მოდიოდა პროგრესული გადასახადის არსებობის თაობაზე და ამბობდა, რომ მისი დაწესება არღვევს თანასწორობის პრინციპს. ჰაიეკი დიდი პატივისცემით ეკიდება ადამ სმითის ნაშრომებს და აღნიშნავს, რომ მის მიერ მოწოდებული თავისუფალი ბაზრის თეორიამ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. რა თქმა უნდა, იგი იზიარებს სმითის მიერ წამოყენებულ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ამავდროულად, იგი ამტკიცებს, რომ თავისუფალი ბაზარი ხალხს აძლევს მაქსიმალურ ავტონომიას ინფორმაციის გამოყენების სფეროში.

ჰაიეკი ამბობს: „ბაზარი არის სპონტანური წესრიგი“, რაშიც იგი მოიაზრებს დაუგეგმავ ბაზარს, რომელიც ხალხის საქმიანობის მიხედვით წარიმართება, სპონტანური სტიმულების მეშვეობით. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიშვა მნიშვენლოვანი კითხვა, რომელიც გახლავთ შემდეგში: რა იწვევს უმუშევრობის იმ მაღალ პროცენტულ რაოდენობას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს? პირველი, ჰაიეკის აზრით, გახლავთ ცენტრალური ბანკის მიერ ფულადი მარაგის ზრდა, რომელიც იწვევს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, რაც თავისთავად გულისხმობს კრედიტების ხელოვნურად გაიაფების სისტემას. ხელოვნურად შექმნილი დაბალი საპროცენტო განაკვეთი კი იწვევს ხელოვნურად წარმოშობილ ინვესტიციების სიმრავლეს. ინვესტიციების სიმრავლე კი საწყისს ეტაპზე სტიმულს აძლევს ეკონომიკურ ბუმს, რაც უმეტეს შემთხვევაში გადაიზრდება ტოტალურ კრიზისში.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაიეკის აზრით, კრიზისები არის სრულიად ჯანსაღი მოვლენა ეკონომიკისათვის, თვლის, რომ კრიზისების პრევენცია მხოლოდ ეკონომიკური ბუმის არარსებობის შემთხვევაშია
შესაძლებელი. ჰაიეკი ყოველივე ზემოთქმულის გარდა კეინზს ეწინააღმდეგება შეზღუდვებისა და ბარიერების დაწესებაზე ვაჭრობასა და კაპიტალის გადაადგილების თაობაზე. ჰაიეკი მოითხოვს
შეზღუდვების მოხსნას, რათან მოხდეს თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობა და ეკონომიკური კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. ჰაიეკს სწამდა, რომ კეინზის ხედვა უმუშევრობის აღმოსაფხვრელად გამოიწვევდა ინფლაციას. იმისათვის, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი იყოს დაბალი ცენტრალურ ბანკს მოუწევს დრო და დრო უფრო გაზარდოს ფულადი მარაგი, რაც უფრო დიდი ინფლაციის გამოწვევის გარანტი გახდება.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაიეკიც და კეინზიც
ცდილობდნენ შეექმნათ მსოფლიოს საუკეთესო მოდელები, რომლის მიხედვითაც დაძლეული იქნებოდა უმუშევრობა და ეკონომიკური არასტაბილურობა. კეინზი თავის მხრივ უპირატესობას ანიჭებდა, სახელმწიფოს, საჯარო სექტორისა და ცენტრალური ბანკების ეკონომიკაში ჩარევის პოლიტიკას, რათა არსებული ეკონომიკური კრიზისები აღმოფხვრილიყო. ამის საპირისპიროდ კი, ჰაიეკი თვითრეგულირებადი, თავისუფალი ბაზრის დამცველად გვევლინება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევასა და ინვესტიციების სიმრავლეს გაცილებით უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისად მიიჩნევს, რომლისგანაც თავის დაღწევა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.



გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული ნუსხა:



[1] ენდრიუ ჰეივუდი „პოლიტიკური იდეოლოგიები“: შესავალი
კურსი (მესამე გამოცემა) გვ. 71-73


[2] Policonomics-Economics Made Simple “John Maynard Keynes” http://www.policonomics.com/keynes/
ნანახია: 20/12/2013


[3] ECONOMICS LIBERTY; The Concise Encyclopedia of Economics ” John Maynard Keynes”
http://www.econlib.org/library/Enc/bios/Keynes.html
ნანახია: 22/12/2013

[4] The Wall Street Journal; Keynes vs. Hayek: The
Great Debate Continues http://online.wsj.com/news/articles/SB10001424052748704738404575347300609199056 ნანახია: 22/12/2013

[5] LIBRARY ECONOMICS LIBERTY; The Concise Encyclopedia of Economics „Friedrich August Hayek“ http://www.econlib.org/library/Enc/bios/Hayek.html ნანახია:
21/12/2013

0
732
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ვახანია
თინათინ ვახანია
732
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0