x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ფროიდი: კულტურა და მისი ანალიზი



ზიგმუნდ ფროიდი 1856 წელს დაიბადა ფრაიბერგში
ავსრია–უნგრეთში (ახლანდელი ჩეხეთი) და გარდაიცვალა 1939 წელს ლონდონში. ის იყო ავსტრიელი ნევროპათოლოგი,
ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო
ფაკულტეტი. მუშაობდა ვენის ფიზიოლოგიურ ინსტიტუტში. აგრეთვე მუშაობდა პარიზში ფსიქიატრიულ
კლინიკაში ჟან შარკოსთან. 1881 წლიდან გახდა მედიცინის დოქტორი, და მალევე ვენის უნივერსიტეტის
პროფესორი. მან ჩამოაყალიბა ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო საზოგადოება. ფაშისტური
გერმანიის მიერ ავსტრიის ოკუპაციის შემდეგ ემიგრანტია ინგლისში. 1895 წლიდან ის იწყებს ნევროზის მკურნალობას და
ახალი ფსიქოანალიზის მეთოდის დამუშავებას. მასზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა ახალი ზოგადფსიქოლოგიური
ფსიქოანალიზური თეორია – მეცნიერება არაცნობიერ ფსიქოლოგიურ პროცესებზე.[1]
აქვე აღვნიშნავ, რომ ფსიქოანალიზის წარმოშობაში
მას ნაკლები წვლილი მიუძღვის. ნაწარმოებში „ფსიქოანალიზის შესავალი“ თავად ფროიდი აღიარებს:
ეს იყო ექიმ იოსებ ბრეიერის წამოწყება, რომელმაც პირველად ეს ტექნიკა გამოიყენა ერთ–ერთი
ისტერიით დაავადებული პაციენტი გოგონას მკურნალობისას. მაშინ ფროიდი სტუდენტი იყო და
მხოლოდ მოგვიანებით გამოაქვეყნა ბრეიერთან ერთობლივი ნაშრომი „ისტერიის კვლევა“.[2]



ფროიდი ცდილობდა, საკუთარი ფსიქოანალიტიკური თეორიის
გამოეყენებას კულტურის ზოგადი თეორიის ასაგებად.
ამას მიუძღვნა შემდეგი შრომები: „ტოტემი და ტაბუ“ (1913), „ერთი ილუზიის მომავალი“
(1927), „კულტურით უკმაყოფილება“ (1929) “ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია“ (1937) და სხვა,
რომლებშიც მოცემულია სოციალური ინსტიტუტების წარმოქმნის მისეული ახსნა. სანამ მის ნაშრომს „კულტურით უკმაყოფილება“
განვიხილავთ, გავიაზროთ კულტურის ევოლუცია, რომელიც დამოუკიდებელი მოვლენის აღსანიშნავად
ვრცელდებოდა XVIII საუკუნემდე.


ძველად ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროსა და
ბუნების ურთიერთობის გააზრებას კულტურას უწოდებდნენ. ეს სწორედ ის მიდგომაა, რომელსაც
ფროიდი იყენებს პირველყოფილი ჰომინიდების ურთიერთობის აღსაწერად. მაგალითად, არისტოტელემ
ჩამოაყალიბა თვალსაზრისი ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროსა და ბუნების, შემდგომში
ბუნებისა და კულტურის დაპირისპირებულობის შესახებ.


შუა საუკუნეებში ადამიანის კულტურული აღზრდის
ძირითადი შინაარსი რელიგიის სრულყოფა იყო. აღორძინების ეპოქაში კულტურის მიზნად ითვლებოდა
ადამიანის ბუნებრივი მისწრაფებისათვის ხელის შეწყობა. ეს თვალსაზრისი ვითარდება ახლანდელ
დროშიც. განმანათლებლების მიხედვით ადამიანის მოქმედების პრინციპია გონება და გონიერება.
ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ეს არსებითად სარგებლიანობაზე
იქნა დაყვანილი. მეორე მხრივ, ჟან ჟაკ რუსომ ამავე ეპოქაში გააცნობიერა ბურჟუაზიული
კულტურის წინააღმდეგობანი;


ბუნებისა და კულტურის დაპირისპირებულობის თვალსაზრისი
შემდგომ განვითარდა გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიაში სადაც კულტურის მიზანია ადამიანის
გაბატონება საკუთარ ბუნებრივ მიდრეკილებებზე. როგორც იმანუელ კანტი აღნიშნავდა, ამაში
მდგომარეობს, უწინარეს ყოვლისა, კულტურული აღზრდის შედეგად მოპოვებული თავისუფლება.
იოჰან ჰერდერი აღადგენს ბუნებისა და კულტურის ერთიანობის იდეას. ვილჰელმ ფედერიკ ჰეგელისათვის
ბუნება აბსოლუტური გონების განვითარების საფეხურია თავისუფლების მიღწევის გზაზე.


ადამიანის ისტორიას კულტურის ცნების მომარჯვებით
ხსნიდა „კულტურული ანთროპოლოგია“ ფრანც ბოასი, ალფრედ კრებერი. თუ დასაწყისში ეს მიმართულება
კულტურის ისტორიის ფორმების ანალიზს ემყარებოდა, შემდგომში მისთვის ამოსავალი გახდა
კულტურის, როგორც სისტემის ზოგადი სტრუქტურულ–ფუნქციონალური ანალიზი (ბრონისლავ მალინოვსკი,
ალფრედ რედკლიფ–ბრაუნი).[3]
კულტურა აქ წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი,
სუბსტანციურად არსებული მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მოქმედებას. კულტურის
სპეციფიკად აქ მისი სიმბოლური ბუნებაა მიჩნეული; სტრუქტურალისტური მიმართულების წარმომადგენლები
კლოდ ლევისტროსი, მიშელ ფუკო კულტურას განიხილავენ ენის დონეზე, როგორც ადამიანთა შორის
კომუნიკაციის ინფორმაციის გადაცემის საშუალებას.


კულტურისა და ბუნების დაპირისპირებულობის თვალსაზრისი
განავითარეს „სიცოცხლის ფილოსოფიის“ მიმდევრებმა ფრიდრიხ ნიცშემ, ზიგმუნდ ფროიდმა და
ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლებმა მარტინ ჰაიდეგერმა და კარლ იასპერსმა. [4]


ფროიდს კულტურის საფუძვლად სიყვარული მიაჩნია და აღნიშნავს, რომ გენიტალიური
სიყვარული ადამიანს უდიდეს დაკმაყოფილებას ანიჭებს. ის წერს: “გაუგებარია, ბედნიერების გარდა, სხვას რას უნდა ანიჭებდეს
თავის წევრებს კულტურა”.[5] ეს ნიშნავს, რომ ფროიდი გენიტალურ ეროტიკას ცხოვრების
ცენტრად აღიარებს. ხოლო, რაც შეეხება, საზოგადოებას,
ეს პრიმიტიული ოჯახის თანაცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმაა.
„სქესობრივ სიყვარულს ახალ ოჯახურ კავშირებამდე მივყავართ, მიზანშეკავებულ სიყვარულს
კი – მეგობრობამდე“, რომელიც კულტურისთვის მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მისი მთავარი
მიზანი ადამიანების უფრო მრავალრიცხოვან საზოგადოებაში გაერთიანებაა. აღსანიშნავია, ის რომ ფროიდი ხაზს უსვამს კულტურის
განვითარებაში მამაკაცთა როლს, როცა ქალები, მისი აზრით, ოჯახის, როგორც სოციალური
ინსტიტუტის, შემქმნელებს შემდეგ კი მიკრო სოციუმის შემქმნელებს წარმოადგენენ.


ნაშრომში „კულტურით უკმაყოფილება“ ფსიქოლოგიური
ენერგიის (ლიბიდო) ფროიდისეული გაგება საზოგადოების პრეისტორიის თავისებურ გაგებასთანაა
დაკავშირებული. იგი ფსიქიკას განიხილავს დინამიკურ, ენერგეტიკულ და სტრუქტურულ ასპექტში.
ფროიდის აზრით, პირველყოფილი საზოგადოებისათვის დამახასიათებელია ძლიერი ინცესტური
ტენდენციები და აგრესია მამის წინააღმდეგ, რომელიც შვილების ამბოხებით მთავრდება. შედეგი
კი ისაა, რომ ყალიბდება აკრძალვები, ტაბუ ედება
ინცესტურ ტრადიციებსა და მამისადმი აგრესიას. ცნობიერებიდან განდევნილი ტენდენციები
ხდება ლიბიდონალური ენერგიის წყარო. ონტოგენეზში კი ბავშვი ღებულობს მემკვიდრეობით
ლიბიდონალურ ენერგიას და გაივლის განვითარების ორალურ, ანალურ და ფალურ საფეხურებს,
რაც მთავრდება ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევით (ფროიდის მიხედვით არსებობს სულ ხუთი
საფეხური, ორალური, ანალური, ფალური, ლატენტური, გენიტალიური). განვითარების ეს საფეხურები
წარმოადგენს პიროვნების სტრუქტურის იგი (გერმ. Es, ინგ. Id), მე (გერმ. Ich, ინგ.
Ego) და ზე–მე (გერმ. Uber-Ich, ინგ. Super-ego) საფუძველს. ეს სქემა ადამიანის ფსიქიკის
წარმოდგენის კიდევ ერთი მცდელობაა, ის ავსებს უფრო ადრინდელ, ასევე სამნაწილიან სქემას,
რომელიც ცნობიერისაგან, წინარეცნობიერისაგან და არაცნობიერისაგან შედგებოდა.


ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, ჩვეულება
ჯერ კიდევ ანთროპოიდობის პერიოდში დამკვიდრდა და ალბათ სწორედ ოჯახის წევრები იყვნენ
ადამიანის პირველი დამხმარეები, თანამშრომლები შრომით საქმიანობაში. სავარაუდოა, რომ
ოჯახის ჩამოყალიბება დაკავშირებულია გენიტალიური დაკმაყოფილების მოთხოვნილებასთან.
მას შემდეგ, რაც მდედრი მოულოდნელი სტუმრიდან, მუდმივ ბინადრად იქცა, მამრს გაუჩნდა
მდედრის, ან უფრო ზოგადად, სექსუალური ობიექტის თავისთან ყოლის მოტივაცია. მდედრი კი,
რომელსაც არ სურდა თავის უსუსურ ჩვილებთან განშორება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული იყო
მასზე ძლიერ მამრთან დარჩენილიყო.


ამ პრიმიტიულ ოჯახს ჯერ კიდევ აკლია კულტურის
ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქ, ოჯახის უფროსის და მამის ძალაუფლება შეუზღუდავია. მას შემდეგ რაც ვაჟიშვილები მამას მოერივნენ, ისინი
მიხვდნენ, რომ ძალა ერთობაშია და ტოტემური კულტურა იმ შეზღუდვების საფუძველზე აღმოცენდა,
რომელიც მათ ამ ახალი მდგომარეობის შესანარჩუნებლად შემოიღეს. ტაბუ ყველაზე ადრეულ,
პირველ „კანონს“ წარმოადგენს და აქედან გამომდინარე ადამიანების ერთობლივი თანაცხოვრების
საფუძველი, ერთი მხრივ, გარემოს იძულებით განსაზღვრულმა შრომის აუცილებლობამ, მეორე
მხრივ, კი იმ სიყვარულის ძალამ შეადგინა, რომელიც კაცისთვის ქალის – როგორც სექსუალური
ობიექტისკენ, ხოლო ქალისთვის – ბავშვის, როგორც
საკუთარი სხეულის განუყოფელი ნაწილისაკენ არის
მიმართული. კულტურის წინაპრები ეროსი[6]
და ანანკე[7] გახდნენ. კულტურის ყველაზე დიდი წარმატება ის იყო რომ ადამიანების
სულ უფრო მეტ რაოდენობას შეეძლო საზოგადოებებში გაერთიანება.


ნაშრომი „კულტურით უკმაყოფილება“
ფროიდის ღრმა პესიმითაა განმსჭვალული, სავარაუდოა, რომ დიდი გავლენა ჰქონდა პირველ
მსოფლიო ომს. ავტორი წარმოაჩენს შიდაფსიქიკურ კონფლიქტებს „იგის“ და „მეს“ შორის, დაკმაყოფილების
სურვილებსა და რეალურობის აღქმას შორის, ცნობიერებისა
და არაცნობიერს შორის, რომლებიც მან გააანალიზა, როგორც ცივილიზაციის ერთ–ერთი განხრა. თავად ცივილიზაცია,
განხილულია ამ კონფლიქტის მთავარ ეპიცენტრად, რადგანაც კონკრეტულ ინდივიდებში განხორციელებული
კონფლიქტი, საზოგადოებაზე, სოციუმსა და ცივილიზაციაზე განზოგადდება. ამ თვალსაზრისით
ფროიდი კულტურულ პესიმიზმს – ანტიმოდერნიზმს ნერგავს. ის განიხილავს ცივილიზაციის გაჩენას,
მის მიზნებს, დადებით და უარყობით გამოვლინებებს. განსაკუთრებით საინტერესოა ბერძნული
მითოლოგიის ღმერთების ეროსისა და თანატოსის ფენომენი, რომლებიც სიყვარულსა და სიკვდილს,
სიყვარულსა და აგრესიას განასახიერებენ.


ფროიდის მიზანი იყო მისი მეთოდის გამოეყენებინა პირველყოფილი ხალხების
აღსაწერად. ის თვლიდა, რომ ეს აღწერა ეთნოგრაფებს (ეთნოლოგებს) მისცემდა ახალ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც მოპოვებული მონაცემები ფსიქოანალიტიკოსების
დამუშავების საგანი გახდებოდა. ძირითადი ეთნოგრაფიული მასალები ამ ნაშრომში ჯეიმს ფრეზერსა
და ვილჰელმ ვუნდტს ეკუთვნის. ნაშრომის დასაწყისში ფროიდი თავადვე აღიარებს კარლ იუნგის
შემოქმედების გავლენასაც.


ფროიდის თეორიის შინაგანმა წინააღმდეგობამ განსაზღვრა
დავა იმაზე, თუ რა უნდა ჩაითვალოს კულტურის მამოძრავებელ ძალად. ფროიდის კოლეგამ, შემდეგ
მისი თეორიის უარმყოფელმა, ფსიქოანალიტიკოსმა ალფრედ ადლერმა ასეთ ძალად ჩათვალა ინდივიდში
გაჩენილი არასრულფასოვნების კომპლექსი და მისწრაფება თვითგანმტკიცებისაკენ, კარლ იუნგმა
– კოლექტიური არაცნობიერი და მისი არქეტიპები, ფსიქოანალიზის ერთ–ერთი მიმდინარეობის
ფუძემდებელმა ოტტო რანკმა – „დაბადების ტრავმის“ დაძლევა. მკაცრად ბიოლოგიზებული მიმდინარეობები,
იხრებიან პოზიტივიზმისა და ბიჰევიორიზმისკენ.


ფროიდისთვის კი კულტურა ეროტიკულ ლტოლვას ემორჩილება
და ამიტომაც, ეს მიზანი მუდმივად მზარდი დანაშაულის გრძნობის თანხლებით მიმდინარეობს.
ის, რაც მამით დაიწყო, მასში პოვებს დასასრულს. თუ კულტურა ოჯახიდან კაცობრიობისაკენ
განვითარების აუცილებელი გზაა, მაშინ მას განუყრელად თან სდევს თანამშრომელი ამბივალენტური
კონფლიქტის – სიკვდილისა და სიყვარულის მარადიული ორთაბრძოლის შედეგი, ანუ დანაშაულის
მზარდი გრძნობა, რომელიც ზოგჯერ ისეთ სიმაღლეებს აღწევს, რომ აუტანელი ხდება ცალკეული
ინდივიდისათვის.


ფროიდის შრომებმა ფდიად დიდი გავლენა მოახდინა
არა მხოლოდ XX საუკუნის თეორიულ აზროვნებაზე ფსიქოლოგიაში, არამედ ხელოვნებისა და კულტურის
განვითარებაზეც. ფროიდის თეორიის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მეცნიერთა, თეორიტიკოსთა
და შემოქმედთა სიაში არიან : კარლ–გუსტავ იუნგი, ჰებერტ მარკუზე, კლოდ ლევი–სტროსი,
სალვადორ დალი, ჯეიმზ ჯოისი, თომას მანი, ალფრედ პიჩ–კოკი, ვუდი ალენი და მრავალი სხვა.





გამოყენებული ლიტერატურა


მეტრეველი, რ. (რედ.). 1975. ქართული საბჭოთა
ენციკლობედია. თბილისი: სპეციალური სამეცნიერო რედაქცია.Freud, Z.
(1920). A General Introduction To Psychoanalysis. New York:
Pocket Books.Фрейд, З. (1930). Недовольство
культурой. СПб: Азбука-классика.სურმანიძე, ლ.
(2013, აპრილი). კულტურული რელატივიზმი – ფრანც ბოასი და მისი სკოლა. მასალა წარმოდგენილი
ანთროპოლოგიის ლექციაზე, ივ. ჯავახიშვილის სახ.–ის თბილისი სახ.–ფო უნივერსიტეტი, თბილისი.Сергеев, К. А., Светлов, Р. В., Перов, Ю. В., Прозерский, В. В.,
Акиндинова, Т. А., Шор, Ю. М.,
Юровская,
Э. П., Соколов, Э. В.,
Замалеев, А. Ф., Овчинникова, Е. А.,
(1998).
Философия
культуры. Становление и развитие. Санкт-Петербург: Лань.


















[1]
მეტრეველი, რ. (რედ.). 1975. ქართული საბჭოთა ენციკლობედია.
თბილისი:
სპეციალური სამეცნიერო რედაქცია.







[2]
Freud, Z.
(1920). A General Introduction To Psychoanalysis. New York: Pocket Books.










[3] სურმანიძე, ლ. (2013, აპრილი).
კულტურული რელატივიზმი – ფრანც ბოასი და მისი სკოლა. მასალა წარმოდგენილი ანთროპოლოგიის
ლექციაზე, ივ. ჯავახიშვილის სახ.–ის თბილისი სახ.–ფო უნივერსიტეტი, თბილისი.







[4] Сергеев,
К. А., Светлов, Р. В., Перов, Ю. В., Прозерский, В. В., Акиндинова, Т. А., Шор,
Ю. М., Юровская, Э. П., Соколов, Э. В., Замалеев, А. Ф., Овчинникова, Е. А., (1998). Философия культуры. Становление
и развитие. Санкт-Петербург: Лань.







[5] Фрейд, З. (1930). Недовольство
культурой. СПб: Азбука-классика.







[6] ეროსი, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში ბუნების სტიქიური,
შემოქმედებითი ძალების ღვთაებად გვევლინება ფროიდის ფსიქოლოგიაში ყველა ადამიანში არსებული
ბუნებრივი ცხოვრების ინსტინქტია. ეს არის ცხოვრების შექმნის სურვილი და ის პროდუქტიულობისა
და აღმშენებლობის წამახალისებელი ძალაა. პარალელი
რომ გავავლოთ მითოლოგიასთან ის სამყაროს საწყისად მიაჩნიათ.







[7] ანანკე ბერძნულ მითოლოგიაში ბედისწერის ქალთმერთია.









0
2724
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატიავაჭარაძე
ხატიავაჭარაძე
2724
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0