x
დისკრიმინაცია ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ

image

ბევრ ქვეყანაში ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ და საზოგადოებაში დისკრიმინირებულნი არიან ჭარბი წონის გამო, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც იდეალურ სილამაზედ მიიჩნევა სიგამხდრე. ასეთი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც შედარებით დაბალია და რომანტიკული ურთიერთობებიც არასრულფასოვანი. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შესაძლებელია მკურნალობით. ხშირად ასეთი ადამიანების სურვილი და მცდელობა არ არის საკმარისი და იმდენად ეფექტური, რომ დასახულ მიზანს - სიგამხდრეს მიაღწიონ.

XX საუკუნემდე სიმსუქნე შედარებით იშვიათი მოვლენა იყო. 1997 წელს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ სიმსუქნე ფორმალურად აღიარა მსოფლიო ეპიდემიად. 2005 წელს იმავე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოში 400 მლნ. ადამიანი იყო მსუქანი, მათ შორის ქალები უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე კაცები. ამასთან ერთად, სიმსუქნის ალბათობა ადამიანის
ასაკთან ერთად იზრდება. დღეისათვის სიმსუქნის პრობლემა მასიურად თითქმის მთელ მსოფლიოში დგას. ამერიკაში განსაკუთრებით აღსანიშნავია სიმსუქნე, ამის ერთ-ერთი დიდი მიზეზი არაჯანსაღი პროდუქტის მიღებაა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს და ნახშირწყლებს. იზრდება ჭარბწონიანი ბავშვების რაოდენობაც მთელ მსოფლიოში.

ცრურწმენა ჭარბწონიან ადამიანებთან დაკავშირებით საკმაოდ გავრცელებული და ძლიერმოქმედია. როგორც ბევრ სხვა ცრურწმენას, სტერეოტიპსა და დისკრიმინაციას, „Anti-fat prejudice“-საც აქვს ძლიერი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ განსხვავებული მოპყრობა მოქმედებს მათი ცხოვრების
ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა: თვითშეფასება, კარიერა, მეგობრობა, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. აღნიშნული ცრურწმენა სხვა ცრურწმენების მსგავსად ზღუდავს შესაძლებლობებს, უკავშირდება ნეგატიურ სტერეოტიპს.


ჭარბწონიანი ადამიანებისადმი განსხვავებული მოპყრობა იწყება ადრეული ასაკიდან. ასეთი ადამიანების უარყოფის ტენდენცია კონსისტენტურადაა გამოვლენილი სამწლიანებში, 7-დან
9 წლამდე გოგონებსა და ბიჭებში. ჭარბწონიანი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში იქმნება სიტუაციები, რომელთაც აქვთ უარყოფითი გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთი
ასეთი მოვლენაა დაცინვა. თანატოლების მხრიდან დაცინვა იწვევს გაუცხოებას და ნეგატიური მე-ხატის ფორმირებას, არასათანადო ურთიერთობებს თანატოლებთან. ერთ-ერთ კვლევაში ჭარბწონიანი გოგონების 96 % ამბობდა, რომ იყო მტკივნეული წონასთან დაკავშირებული კომენტარების მოსმენა და ისინი ხშირად ხდებოდნენ დაცინვის ობიექტები.

რა გამოძახილი შეიძლება ჰქონდეს დაცინვას? თინეიჯერები, რომლებსაც დასცინიან უფრო ხშირად ცდილობენ დიეტის დაცვას, ხმარობენ საფაღარათო წამლებს და მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ, სუიციდური ფიქრებისა და თვითმკვლელობის მცდელობისაკენ. ეფექტი განსაკუთრებით მძიმე იყო გოგონებში ბიჭებთან
შედარებით. აღმოჩნდა, რომ გოგონებთან უფრო მეტი იყო სუიციდის მცდელობა, თუმცა ბიჭებში 3-ჯერ უფრო ხშირად ვლინდებოდა ამგვარი ფიქრები.

სტიგმატიზაციასა და თვითშფასებას შორის კავშირი საკმაოდ კომპლექსურია. თვითშეფასება, რომელიც ეხება წარმოდგენას სხეულზე, ჭარბწონიან ადამიანებს აქვთ უფრო დაბალი, ვიდრე შედარებით გამხდრებს.
ჭარბწონიანი ადამიანების მდგომარეობას ართულებს მათი ატიტუდი. ქალებს, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა და უარყოფითი ატიტუდი წონასთან დაკავშირებით, მეტად ნეგატიური თვითშეფასება აქვთ, ვიდრე ქალებს რომლებიც არიან ჭარბწონიანები და არ აქვთ მსგავსი ატიტუდი. როდესაც ჭარბწონიანი სტუდენტი გოგონა უარყოფილია იმ თანატოლი ბიჭის მიერ, რომელსაც ხვდებოდა, ტენდენცია აქვს, რომ უარყოფა მიაწეროს თავის წონას, ეუფლებათ
დეპრესია, შფოთვა და შედეგად უვითარდებათ სხვებთან შედარებით დაბალი, გარეგნობასთან დაკავშირებული თვითშეფასება.

მრავალმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მძიმეწონიან აპლიკანტებს უფრო მეტად მიაწერენ სამუშაოსთან დაკავშირებულ ნეგატიურ ატრიბუტებს, ვიდრე გამხდრებს. შემდეგმა კვლევებმა გვიჩვენა მსგავსი ნიმუში დაქირავების პარადიგმებთან დაკავშირებით. ჭარბწონიანი
პრეტენდენტები რეკომენდირებულნი არიან დაქირავებისთვის უფრო იშვიათად, ვიდრე მათი გამხდარი კოლეგები, თუნდაც მაშინ, როცა სრულუფლებიანობა ორივე ჯგუფის კანდიდატებისთვის
არის თანაბარი. ფაქტია, რომ „anti-fat stigma“ დაქირავების მაგალითებში არის ისეთი ძლიერი, რომ ის ახდენს ზემოქმედებას აპლიკანტებზე, რომლებიც არიან მხოლოდ ფიზიკურ
სიახლოვეში ჭარბწონიან ადამიანებთან. Hebl and Mannix (2003) აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი აპლიკანტი იყო შეფასებული უფრო ნეგატიურად, როცა მათ თან ახლდათ მსუქანი ქალი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიანი მომუშავეები არიან შეფასებულნი უფრო ნეგატიურად და იღებენ უფრო შეზღუდულ სამუშაო ადგილებს, ვიდრე გამხდარი მომუშავეები. მაგალითად, ჭარბწონიანი გამყიდველები იყვნენ შეფასებულნი,
როგორც ნაკლებად პუნქტუალურები, ნაკლებად პროდუქტულები, კომპენტენტურები, კარგი მანერის მქონენი და ნაკლებად სანდონი, ვიდრე საშუალო წონის გამყიდველები და მათთვის გამოყოფილია ნაკლებად მნიშვნელოვანი და სასურველი ადგილი, სადაც შეუძლიათ გაყიდონ თავისი პროდუქცია. არსებობს ასეთი დაშვება, რომ ჭარბწონიანი ადამიანები არ ასრულებენ ისევე კარგად დავალებას, როგორც მათი გამხდარი კოლეგები.

ძლიერი განსხვავებაა ხელფასის რაოდენობაზე ჭარბწონიან და გამხდარ თანამშრომლებს შორის. აღმოჩნდა, რომ ჭარბწონიან მოზარდ ქალებს ჰქონდათ უფრო დაბალი შემოსავალი (6710$-ზე ნაკლები წელიწადში), ვიდრე ქალებს, რომლებიც იყვნენ გამხდრები.

ჭარბწონიან ადამიანებს ჰყავთ ნაკლები მეგობრები, არიან ნაკლებად პოპულარულნი, განიცდიან სოციალური უნარების ნაკლებობას და მარტოობას.
Strauss-მა და Pollack-მა(2003) დაადგინეს, რომ მძიმეწონიანი მოზარდები მეტად იყვნენ სოციალურად მარგინალიზირებულნი, ვიდრე გამხდრები, თუმცა, სხვა კვლევები აჩვენებს, რომ მსუქანი ადამიანები შეფასებულნი არიან ისეთივე მეგობრულებად და უფრო მეგობრულებადაც კი, ვიდრე სხვები. ჩანს, რომ მეგობრობა
გარკვეულწილად ითვალისწინებს წონასაც. გამხდარი ადამიანები უმეგობრდებიან გამხდრებს, ხოლო მსუქნები ირჩევენ მათივე მსგავსებს.

შესაძლოა, რომ ჭარბწონიანმა ინდივიდებმა გარეგნობის კომპენსირება სცადონ ეფექტური სოციალური უნარების განვითარებით.

სოციალური სტანდარტების გამო, რომლის თანახმადაც ფიზიკური მომხიბვლელობა მოიაზრებს სიგამხდრეს, მძიმეწონიანი ქალებისთვის ხშირად რთულია რომანტიკული ურთიერთობის დამყარება. არც მეგობრების და არც სასიყვარულო ურთიერთობების კვლევა არ აჩვენებს, რომ მსუქნებს წონა ხელს უშლით წარმატებულ და რომანტიკულ ურთიერთობებში, მაგრამ აშკარაა, რომ ამისათვის მათ უწევთ სტერეოტიპების, დისკრიმინაციისა და ცრურწმენების გადალახვა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჭარბწონიანი ადამიანები ხშირად აწყდებიან სიძნელეებს ინტიმურ ურთიერთობებში, არ არის გასაკვირი, რომ ისინი შედარებით გვიან ქორწინდებიან. თუმცა, ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმრული ურთიერთობების ხარისხი ჩანს, რომ არ არის განსხვავებული წონის მიხედვით. მკვლევრებმა ვერ აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი კავშირი წონასა და ცოლ-ქმრული ცხოვრებით კმაყოფილებას, კონფლიქტსა და სხვადასხვა პრობლემებს შორის, რომელიც თან ახლავს თანაცხოვრებას.ასე რომ, ჩანს წონა არ არის ურთიერთობის წარმატებულობის მნიშვნელოვანი დეტერმინანტი. კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც წონა კორექტირებულია ქირურგიული ჩარევით, კარგი ქორწინება კიდევ უფრო უმჯობესდება, თუმცა ცუდი ქორწინება უარესდება.
ზოგიერთ მამაკაცს ურჩევნია მსუქანი ქალი, რადგან ჭარბი წონა ამცირებს შანსს, რომ ცოლმა მიატოვოს, ასევე არ უწევს შეჯიბრი სხვა კაცებთან. დაქორწინებული მძიმეწონიანი ქალები თავს ნაკლებად უბედურებად გრძნობენ, ვიდრე დასაქორწინებლები. დასაოჯახებელი
მძიმეწონიანი ადამიანები იმყოფებიან მეტი წნეხის ქვეშ.

ეჭვი არ არის, რომ წონა ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კაცებისთვის.ქალები უფრო მეტად ღელავენ საკუთრ წონაზე და ეს გავლენას ახდენს მათ სოციალურ ცხოვრებაზე.ისინი უფრო მეტად უკმაყოფილონი არიან თავიანთი სხეულის ფორმითა და ზომით, ცდილობენ დაიცვან დიეტა.ეს უკმაყოფილება კი აისახება კვებით რეჟიმზე და ხშირად იწვევს ისეთ კვებით აშლილობებს, როგორიცაა ანორექსია და ბულიმია. ჭარბი წონის გავლენა თვითშეფასებაზე ასევე გაცილებით დიდია ქალების შემთხვევაში.

წონასთან დაკავშირებული ცრურწმენების კვლევები, რომლებიც
ფოკუსირებულნი არიან ეთნიკურ ჯგუფებსა და რასებს შორის განსხვავებებზე, აჩვენებს, რომ დისკრიმინაცია ვლინდება თითქმის ყველა ფერის ხალხში.კვლევების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის სხვაობებზე. ლიტერატურა მოიპოვება ლათინოსების ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ხალხებზეც. ჩანს, რომ შავკანიანები უფრო მეტად არიან კმაყოფილნი თავიანთი წონით, ვიდრე თეთრკანიანები. ნაკლებად უარყოფენ მძიმეწონიან ქალებს სექსუალურ პარტნიორებად. აღმოჩნდა, რომ მექსიკელი სტუდენტები ამჟღავნებენ ნაკლებად უარყოფით ატიტუდებს ჭარბი წონის მიმართ, ვიდრე ამერიკელი სტუდენტები ფლორიდისა და კანზასის შტატიდან. განვითარებად საზოგადოებაში სიმსუქნისადმი ატიტუდი ნაკლებად უარყოფითია, ვიდრე განვითარებულ საზოგადოებაში. მთლიანობაში, წონასთან დაკავშირებული ცრურწმენა ღრმად არის დაკავშირებული კულტრურულ ნორმებთან, ღირებულებებთან და იდეოლოგიებთან.






ავტორი: ნატო ტივაძე

0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ტივაძე
ნატო ტივაძე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0