x
image
natia.a
თითო კერძი თითო ქვეყნიდან ანუ კულინარიული მოგზაურობა დედამიწის გარშემო
დავუშვათ, გთხოვეს დაასახელოთ ერთი კერძი, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს თქვენი ქვეყნის კულინარიას, რომელს აირჩევდით? ინტერნეტ საიტზე Quora ჩაატარეს გამოკითხვა ამ თემაზე. მომხმარებლებს უნდა დაესახელებინათ ერთი კერძი, რომელსაც ისინი თავიანთი ქვეყნისთვის საკულტოდ მიიჩნევდნენ. შედეგად მიღებულ იქნა 35 კერძი, რომელიც მსოფლიოს 35 წვეყანას წარმოადგენს.


გთავაზობთ ამ კერძებს და მათ მოკლე მიმოხილვას.


1. ავსტრალია: Pie floater ("მცურავი ღვეზელი").

ეს არის ხორციანი ღვეზელი, რომელიც ჩადებულია სქელ ბარდის სუპში. განსაკუთრებით კარგია ნაბახუსევის დროს.



image

2. ავსტრია: ვენური შნიცელი. ხბოს ხორცის ძალიან თხელი, დაბეგვილი და პანირებული ნაჭერი, რომელიც დიდი რაოდენობით ზეთშია შემწვარი და გარნირად აქვს შემწვარი კარტოფილი ან ბრინჯი. მორთულია, როგორც წესი, ლიმნით და ოხრახუშით.

image

3. არგენტინა: ასადო. ამ კერძს ძირითადად მამაკაცები - ასადორები - ამზადებენ. მის შემადგენლობაში შედის: გრილზე შემწვარი ხორცი, სახლში მომზადებული ძეხვი, საქონლის თირკმლები, სისხლიანი ძეხვი. სუფრაზე მიაქვთ სალათთან, ჩიმიჩურისთან (სოუსი), პურთან და წითელ ღვინოსთან ერთად.

image


4. ბელგია: მიდიები კარტოფილ ფრისთან. ეს კერძი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეგხვდებათ, თუმცა ამგვარი კომბინაცია პირველად სწორედ ბელგიელებმა მოიფიქრეს. მიდიები სხვადასხვაგვარად მზადდება (ღვინით, კარაქით, პამიდვრის სოუსით, ან მწვანილებით) და სუფრაზე მიდის კარტოფილი ფრისა და ცივი ბელგიური ლუდის თანხლებით.

image


5. ბრაზილია: ფეიჟოადა. კერძი, რომლის შემადგენლობაში შედის მოხარშული შავი ლობიო, შემწვარი საქონლისა და ღორის ხორცი, სანელებლები და მანიჰოტის ფქვილი. ჩვეულებრივ, სუფრასთან მიაქვთ კომბოსტოსთან, ბრინჯთან, ფორთოხლის ნაჭრებთან და ცხარე სოუსთან ერთად, რათა დაჩქარდეს საკვების მონელების პროცესი.

image


6. კანადა: პუტინი ("Poutine"). ეს არის ძალიან კალორიული კერძი შემწვარი კარტოფილით, ყველით და სოუსით.

image


7. ჩინეთი: სიაო ლონგ ბაო. ეს კერძი ძალიან ჰგავს ხინკალს, რომელიც ბამბუკის ქვაბებში ორთქლზე იხარშება. ხინკლის მსგავსად ისიც ცომისა და ხორცისგან შედგება. სუფრაზე კი მიაქვთ სუპში ჩადებული.

image


8. ხორვატია: Paški Sir. ეს არის ცხვრის მაგარი ყველი, რომელსაც ძირითადად ხორვატიის კუნძულ პაგზე ამზადებენ და ყველაზე ცნობილი ხორვატიული ყველია.

image

9. ეგვიპტე: მოლოჰია. ბულიონში მოხარშული მოლოჰიას ფოთლები ქინძით და ნივრით. სუფრასთან მიაქვთ კურდღლის ან ქათმის ხორცთან, ზოგჯერ კი თევზთან ერთად.

image


10. შემწვარი საქონლის ხორცი და იორკშირული პუდინგი. კერძი, რომელიც შედგება შემწვარი საქონლის ხორცისა და ამავე ხორცისგან გამოსულ ცხიმში მომზადებული პუდინგისგან. იგი ინგლისის ეროვნული კერძად ითვლება.

image


11. საქართველო: ხაჭაპური. ქართველებმა ონლაინ გამოკითხვაში თავიანთი ქვეყნის საკულტო კერძად სწორედ ხაჭაპური დაასახელეს: იქნება ეს იმერული, მეგრული თუ აჭარული.

image


12. ჰოლანდია: ქაშაყი. ეს არის ქაშაყი ახალ პურთან და ხახვთან ერთად.


image

13. ინდოეთი: ქათამი ტანდური. იოგურტსა და სანელებლებში დამარინადებული ქათმის ნაჭრები, რომლებიც იწვება თიხის ღუმელში მაღალ ცეცხლზე და სუფრასთან მიდის ბრინჯთან და ბოსტნეულთან ერთად.

image


14. ინდონეზია: ღვეზელი ტერანგ ბულანი. ტკბილი ღვეზელი შოკოლადის, არაქისის, გახეხილი ყველისა და ბანანის შიგთავსით.

image


15. იტალია: პიცა. კლასიკური პიცა მზადდება ძალიან თხელი ცომის ფენისგან და გულსართისგან, რომლის შემადგენლობაში შედის პომიდორი, მოცარელა (ყველი), რეჰანის ფოთლები, და სხვადასხვა ხორცპროდუქტი. იტალიაში პიცის მომზადება ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

image


16. იაპონია: კაცუდონი. თითქოს მთელ მსოფლიოში იაპონური სამზარეულო სუშით არის განთქმული, მაგრამ თავად იაპონლები ასე არ ფიქრობენ. აღნიშნულ გამოკითხვაში იაპონიის დამახასიათებელ კერძად მათ კაცუდონი - ბრინჯით სავსე თასზე დადებული, კვერცხში შემწვარი ღორის თხელი ნაჭერი დაასახელეს.

image


17. მალაიზია: ნასი ლემაკი. ეს არის ქოქოსის რძეში პანდანუსის დაჭრილ ფოთლებთან ერთად მოხარშული ბრინჯი. სუფრაზე მიაქვთ ბანანის ფოთლებში გახვეული, სამბალის სოუსთან, აჩოუსებთან, არაქისთან და მოხარშულ კვერცხთან ერთად.

image


18. მექსიკა: სოუსი მოლე. მოსამზადებლად ძალიან რთული სოუსი, რომლის შემადგენლობაში შედის 100 ინგრედიენტამდე, მათ შორის: მწვანილი, თხილი, კარაქი, კაკაო, ხორცის ბულიონი, სხვადასხვა სახის ჩილი. მას რამდენიმე დღე ამზადებენ.

image

19. ნორვეგია: რაკფისკი. რამდენიმე თვის მანძილზე გამომშრალი ფორელი (თევზი), რომელსაც მიირთმევენ ხახვთან და არაჟანთან ერთად.

image


20. ფილიპინები: ადობო. სოიოს სოუსსა და ძმარში მოშუშული ქათმის ან ღორის ხორცი, რომელიც შეკაზმულია წიწაკით, ნივრით და დაფნის ფოთლით.

image


21. პორტუგალია: ფრანჩეზინია. ამ კერძის სახელწოდება ითარგმნება, როგორც "პატარა ფრანგი ქალი". ეს არის პურის ორ ნაჭერს შორის მოთავსებული ხორცი, ზეთისხილი, ლორი და სისხლიანი ძეხვი. ზემოდან დასხმულია მდნარი ყველი. მთლიანი სენდვიჩი მოთავსებულია ტომატის სოუსში. სუფრასთან, როგორც წესი, მიაქვთ შემწვარ კარტოფილთან და ლუდთან ერთად.

image


22. რუმინეთი: სარმალე. ეს კერძი არის ცნობილი ტოლმის რუმინული ვარიანტი: ხორცის ფარშისა და ბრინჯის ნაზავი შეხვეულია მჟავე კომბოსტოს ან ვაზის ფოთლებში და შემწვარია.

image


23. რუსეთი: ბორში. ბოსტნეულის წვნიანი, რომელსაც, რუსები, როგორც წესი არაყთან ერთად მიირთმევენ.

image


24. საუდის არაბეთი: კასბა. ეს არის ბრინჯისგან მომზადებული კერძი, რომელსაც დიდი რაოდენობით სანელებლები აქვს: დაფნის ფოთოლი, ჯავზი, ილი, დარიჩინი, მიხაკი, ზაფრანა, წიწაკა. კასბა სუფრაზე ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად მიაქვთ.

image


25. შოტლანდია: შებოლილი ლოსოსი. სუფრაზე მიაქვთ გახუხულ პურთან და მდნარ ყველთან ერთად. ზემოდან ლიმნის წვენს ასხურებენ.


image


26. სლოვაკეთი: ბრინზის ბურთულები ("Bryndzové halušky"). კარტოფილის პატარა ბურთულები, რომლებსაც რბილი ყველი (ბრინზა) და ლორი აქვს დამატებული.

image


27. სლოვენია: კრანიული ძეხვი. მცირე ზომის ძეხვი ღორის ხორცის, წიწაკის, ნივრის და მარილის შემადგენლობით.

image

28. სამხრეთ აფრიკა: ბილტონგი. ეს არის თხელი საქონლის ხორცის (ან ნებისმიერი სხვა ხორცის) ნაჭრები, სხვადასხვა სანელებლებში დამარინადებული და გამხმარი.

image

29. სამხრეთ კორეა: პანჩხანი. რამდენიმე სახის სალათი და საუზმე, რომლებიც მოაქვთ მცირე ზომის თეფშებზე ძირითად კერძთან და ბრინჯთან ერთად. პანჩხანში შედის: კიმჩხი (მჟავე ბოსტნეული ცხარე წიწაკასთან ერთად), ნამული ( სეზამის ზეთით, ნივრითა და ძმრით შეზავებული შემწვარი ბოსტნეული), ჩონი (კორეული ბლინი) და ა.შ.

image


30. ესპანეთი: ხამონ იბერიკო. ლორი, რომელის მოსამზადებლად სპეციალური ჯიშის, იბერიულ ღორებს იყენებენ. ხორცს ამარილებენ და 2 წელი აშრობენ. ამის შემდეგ თხელი ნაჭრები მიაქვთ სუფრასთან დაბრაწულ პურთან, ნაღებთან და ღვინოსთან ერთად.


image

31. არაბთა გაერთიანებული საემიროები: შაურმა. ეს არის პიტაში გახვეული შემწვარი ხორცი (ქათმის, ცხვრის და ინდაურის) და ბოსტნეული, რასაც ემატება ცხარე სოუსი.

image


32. უკრაინა: ვარენიკები. უკრაინლებმა თავიანთი ქვეყნის წარდგენ ვარენიკებით გადაწყვიტეს, იქნება ეს ხორცის, კარტოფილის, ხაჭოს თუ კომბოსტოს გულსართით. სუფრასთან ასევე მოგართმევენ შემწვარ სალას ხახვთან ერთად და არაჟანს.

image


33. აშშ: ჰამბურგერი. ამერიკელებისთვის თავიანთი ქვეყნის კულინარიული წარდგენისთვის ჰამბურგერი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. მასთან ერთად ისინი რეკომენდაციას უწევენ კარტოფილი ფრისა და რძიანი კოქტეილის მირთმევას.


image


34. ვენესუელა: პაბელიონ კრიოლო. ამ კერძის შემადგენლობაში შედის დაჭრილი საქონლის ხორცი, ბრინჯი, შავი ლობიო და ყველი. ჩვეულებრივ, მასთან ერთად მოგართმევენ შემწვარ კვერცხსა და მრავალძარღვას.


image


35. უელსი: Clark's Pies. ღვეზელი ხორცის, ბოსტნეულის და სოუსისგან.

image



სულ ეს არის.


სტატია საკმაოდ გრძელი გამოვიდა, თუმცა იმედი მაქვს სასიამოვნოდ დაიღალეთ...


საინტერესოა, რამდენად ეთანხმებით ქართველების არჩევანს ამ გამოკითხვაში? ან ჩამოთვლილთაგან რომელი კერძის დაგემოვნებას ისურვებდით?


4
942
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
942
  
2013, 14 ოქტომბერი, 13:57
მეც ასე ვფიქრობ :) მადლობა.
2013, 14 ოქტომბერი, 10:01
გემრიელი სტატიაა
2013, 14 ოქტომბერი, 9:59
საცივი
2013, 13 ოქტომბერი, 16:20
ქართველებს ვეთანხმები ხაჭაპური უსაზღვროდ მიყვარს,აქედან კი 24 საუდის არაბეთის კერძს კასბას გავსინჯავდი,ვიზუალურადაც მომეწონა და მიყვარს ბრინჯიც,ხორციც და ბევრი სანელებლებიც:)
0 1 4