x
image
თეო777
ელვის პრესლი, ნუთუ

imageნამდვილი სახელი Elvis Aaron Presley
ასევე ცნობილი როგორც "Elvis", "The King", "The King of Rock 'n' Roll"
დაიბადა 8 იანვარი, 1935, ტუპელო, მისისიპი
წარმოშობის ადგილი მემფისი, ტენესი, აშშ
გარდაიცვალა 16 აგვისტო, 1977
ჟანრი/ები როკაბილი, როკენროლი, გოსპელი, ბლუზი, ქანთრი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი
ინსტრუმენტი/ები ვოკალი, გიტარა, პიანინო
აქტიური 1954-77 ლეიბლი/ები Sun, RCA Records
დაიბადა
ქალაქ ტუპელოში, მისისიპის შტატში, გლედის ლავ სმითისა და ვერნონ ელვის
პრესლის ოჯახში. მისი იდენტური ტყუპისცალი ძმა, ჯესი გერონი
დაბადებისთანავე გარდაიცვალა. 1941 წელს ელვისი სკოლაში შევიდა. თუმცა
ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა, მშობლები დიდი შრომის ფასად
ახერხებდნენ, შვილს გაჭირვება არ ეგრძნო. 10 წლის იყო, როცა მიიღო
მონაწილეობა ტუპელოში გამართულ სიმღერის კონკურსში: სკამზე შემდგარმა,
მიკროფონს რომ მისწვდენოდა, იმღერა "Old Shep" ათასობით მაყურებლის წინაშე
და მიიღო მეორე პრიზი – 5 დოლარი და მთელი წლით კარუსელებზე უფასოდ
სეირნობის უფლება.

1946 წელს მას დაბადების დღეზე მშობლებმა პირველი
გიტარა აჩუქეს, რაშიც $12.95 გადაიხადეს. 1948 წელს ოჯახი ქალაქ მემფისში
(ტენესის შტატი) გადავიდა. ტენესის შტატის უმდიდრესმა მუსიკალურმა
ტრადიციებმა მოხიბლეს ელვისი. ქანთრი, რითმ ენდ ბლუზი და გოსპელი
აყალიბებდა მის მუსიკალურ გემოვნებას. ელვისი ორიგინალური სტილით
გამოირჩეოდა, ჰქონდა გრძელი თმები და ბაკენბარდები, რასაც მისთვის ხშირად
პრობლემებიც შეუქმნია. მწვრთნელმა გარიცხა ამერიკული ფეხბურთის სკოლის
გუნდიდან, რადგან არ შეიჭრა თმები და ბაკენბარდები. ერთხელ სკოლაში სამმა
თანასკოლელმა ძალით დაუპირა თმის შეჭრა, თუმცა ელვისმა მეგობრის დახმარებით
შესძლო თავის დაცვა.

სკოლაში ის წყნარი, მორიდებული და ზრდილობიანი
ბიჭი იყო. ეკლესიასა და რელიგიას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი
ეჭირა. სკოლაში მან კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ტალანტების კონკურსში და
თანასკოლელების აღიარებაც მოიპოვა. 1953 წლის 3 ივნისს ელვისმა სკოლა
დაამთავრა და რამდენიმე სამუშაო ადგილიც მოსინჯა მემფისში (Parker
Machinists Shop, Precision Tool Company და Crown Electric Company).
პარალელურად, საღამოს სკოლაში სწავლობდა ელექტრიკოსის ხელობას.
1953
წლის 18 ივლისს ელვისმა მემფისში, სტუდია The Memphis Recording
Service–ში (იგივე Sun Records) 4 დოლარი გადაიხადა და ჩაწერა 'My
Happiness' და 'That’s When Your Heartaches Begin'. ფირფიტა აჩუქა დედას
დაბადების დღეზე. Sun Records–ის მფლობელი იყო სემ ფილიპსი (Sam Phillips),
კაცი, რომელმაც ასპარეზზე გამოიყვანა ლეგენდარული მუსიკოსები: ბი ბი კინგი
(B.B. King), ჯერი ლი ლუისი (Jerry Lee Lewis), როი ორბისონი (Roy
Orbison), ჯონი კეში (Johnny Cash) და კარლ პერკინსი (Carl Perkins). თუმცა
სემ ფილიპსი ელვისის პირველ ჩაწერას არ დასწრებია.

პრესლიმ 1954
წლის 4 იანვარს კვლავ მიაკითხა სტუდიას და ჩაწერა "I'll Never Stand in
Your Way" და "It Wouldn't Be the Same Without You". სემ ფილიპსი სტუდიაში
იყო. ის ეძებდა თეთრ მომღერალს შავკანიანის ხმითა და გრძნობით. ამბობდა,
რომ ასეთ მომღერალთან ერთად ის მილიარდის შოვნას შესძლებდა. პრესლი კარგი
კანდიდატი იყო და ფილიპსმა გარკვეული ფიქრის შემდეგ ელვისს დაურეკა,
სტუდიაში მიიწვია და ისიც უმალ იქ გაჩნდა. ეს 1954 წლის 26 ივნისს მოხდა
(დამთხვევაა, რომ ელვისის ბოლო კონცერტი 1977 წელს ზუსტად ამ დღეს–26
ივნისს შედგა). ელვის პრესლიმ რამდენიმე სიმღერა იმღერა. ფილიპსმა ელვისს
ადგილობრივი მუსიკოსები გიტარისტი სკოტი მური (Scotty Moore) და
ბას–გიტარისტი ბილ ბლეიკი (Bill Black) შეახვედრა და მათ ერთობლივად
რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

ფილიპსმა 5 ივლისს მიაგნო, რასაც
ეძებდა: ბიჭების სპონტანურად შესრულებულმა "That's All Right"–მა
გადააწყვეტინა სიმღერა გამოეცა და 19 ივლისს გამოუშვა კიდეც "Blue Moon of
Kentucky"–ისთან ერთად.[1] "That's All Right" გადაიცა მემფისის
რადიოსადგურ WHBQ–ით და უმალ ჰიტი გახდა.

პრესლიმ სკოტი მურთან და
ბილ ბლეიკთან ერთად გასტროლები წამოიწყო. ისინი სამხრეთი შტატების პატარა
კლუბებში გამოდიოდნენ. 25 სექტემბერს გამოვიდა მეორე ფირფიტა ორი სიმღერით:
როკენროლი Good Rockin' Tonight" და "I Don't Care if the Sun Don't
Shine" ქანთრის სტილში. ქანთრის ვარსკვლავმა ჰენკ სნოუმ (Hank Snow) ის
ნეშვილში მიიწვია გრენდ ოლ ოპრიში (Grand Ole Opry) შაბათის შოუში
გამოსასვლელად. გამოსვლა ურიგო არ იყო და პრესლიმ მაყურებლის მოწონებაც
დაიმსახურა, თუმცა გრენდ ოლ ოპრის ერთ–ერთ გავლენიან მენეჯერ ჯიმ დენის არ
მოეწონა და ელვისს ურჩია, სიმღერისთვის თავი დაენებებინა და მძღოლობას
დაბრუნებოდა. ეს 1954 წლის 2 ოქტომბერს მოხდა. ამან ელვისი მეტად
გულდაწყვეტილი და ნაწყენი დატოვა, მაგრამ სულ მალე, 16 ოქტომბერს ის გრანდ
ოლ ოპრის მთავარ კონკურენტ შოუში "ლუიზიანა ჰეირაიდში" (Louisiana Hayride)
წარმატებით გამოვიდა ორი სიმღერით: "That's All right, Mama" და "Blue
Moon of Kentucky". შოუ გადაიცემოდა 190 რადიოსადგურით 30 შტატში.

4
ნოემბერს ელვისმა "ლუიზიანა ჰეირაიდთთან" ხელი მოაწერა ერთწლიან
კონტრაქტს, რომლის თანახმად ის ერთი წლის მანძილზე უნდა გამოსულიყო შოუში
შაბათობით. თუმცა ანაზღაურება მხოლოდ 30 დოლარს შეადგენდა გამოსვლისთვის,
მაგრამ ეს კონტრაქტი ელვისის კარიერისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან
მან მუდმივი სამუშაო იშოვა, სადაც უდიდეს მუსიკალურ გამოცდილებას მიიღებდა
(მარტო ჰენკ უილიამსთან (Hank Williams) კონტაქტი რად ღირდა!) და საკუთარ
სტილსაც საბოლოოდ დახვეწდა. ამასთან მან გრანდ ოლ ოპრიში შელახული საკუთარი
თავის რწმენაც აღიდგინა. დანარჩენ დღეებში ის მართავდა კონცერტებს სამხრეთ
და სამხრეთ–დასავლეთ შტატებში: სკოლის შენობებში, ღამის კლუბებში.

პარალელურად
ელვისმა Sun Records–ში კიდევ სამი სინგლი გამოუშვა: «Milkcow Blues
Boogie / You’re A Heartbreaker (1954 წლის 28 დეკემბერი), «Baby, Let’s
Play House / I'm Left, You're Right, She's Gone (1955 წლის 10 აპრილი),
«I Forgot To Remember To Forget / Mystery Train» (1955 წლის 6 აგვისტო).
1955 წლის აგვისტოში ელვისმა კონცერტები მშობლიურ ტუპელოშიც ჩაატარა. 1955
წელს "ჰეირაიდის" შოუში ჯონი კეშიც გამოდიოდა. მალე ელვისის ჯგუფს დი ჯეი
ფონტანა (D.J. Fontana) შემოემატა დასარტყმელ ინსტრუმენტზე. ელვისმა ახალი
ერთწლიანი კონრაქტი გააფორმა "ლუიზიანა ჰეირაიდთთან". ახლა ის უკვე 200
დოლარს მიიღებდა კვირაში.

პრესლის სწრაფად მზარდი პოპულარობისთვის
რეგიონალური ასპარეზი აღარ კმაროდა. ეს გააცნობიერა ტომ პარკერმა (Andreas
Cornelis (Dries) van Kuijk ცნობილი პსევდონიმით Colonel Tom Parker). 1955
წლის 18 აგვისტოს ის ელვისის მენეჯერი გახდა. გაფორმდა კონტრაქტიც.
პარკერმა დაიწყო ელვისის ნაციონალურ ვარსკვლავად ქცევა: ნოემბერში
დაარწმუნა უმსხვილესი ჩამწერი სტუდია RCA, 35000 დოლარად (იმ დროისთვის
არნახული თანხა) გამოესყიდა ელვისის კონტრაქტი სემ ფილიპსისგან. 21
ნოემბერს პრესლიმ გააფორმა ხელშეკრულება RCA–სთან. პარკერი უცვლელ
მენეჯერად დარჩა ელვისის სიცოცხლის ბოლომდე. პრესლის და პარკერის
დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემაზე იყო დაფუძნებული. პარკერი ყოველთვის
ახერხებდა ელვისისთვის უმაღლესი ჰონორარები გამოეთხოვა. ის ასევე სწორად
წარმართავდა ელვისის სარეკლამო კამპანიას მედიაში. პარკერმა შეძლო ელვისის
შესაძლებლობების სრულად ამოქმედება. პირველმა დიდმა წარმატებამაც არ
დაიგვიანა.

0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:თეო777
თეო777
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0