x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ლამაზი თმის საიდუმლოება. (+ რამოდენიმე რეცეპტი).
imageლამაზი თმა ბუნების საჩუქარია. როგორი ეპითეტებით აღარ ამკობდნენ პოეტები ქალის ლამაზ თმას, ადარებდნენ ტალღებს და აბრეშუმს. თუმცა იმისთვის, რომ თმა ასე გამოიყურებოდეს აუცილებელია სწორი კვება. თმის მდგომარეობას განსაზღვრავს, როგორც მემკვიდრეობა, ასევე კვება და გარემოს ფაქტორები. თმის მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს საკვებ რაციონში ახალი ხილისა და ბოსტნეულის უხვად ჩართვა, ასევე პროტეინებით მდიდარი საკვები.

ადამიანთათვის, რომლებიც ბუნებამ უპრობლემო და ლამაზი თმით არ დააჯილდოვა, თმაზე რეგულარული ზრუნვა აუცილებლობას წარმოადგენს.

არსებობს სპეციალური დიეტები ჯანმრთელი თმის შესანარჩუნებლად. მაგალითად, ძალიან კარგად მოქმედებს ჩირეული: ლეღვის, ჭერმის, ფინიკის ჩირი.

მაგრამ არ უნდა იფიქროთ, რომ თუ დაიწყებთ ვიტამინებისა და სასარგებლო პროდუქტის მიღებას, თმის მდგომარეობა უცბად გამოსწორდება. ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ შედეგი შესამჩნევი იქნება 3 თვის შემდეგ, ამიტომ საჭიროა მოთმინების და ნებისყოფის მოკრება. საქმე იმაშია, რომ თმის უჯრედები, ძვლის ტვინის შემდეგ, ყველაზე პროდუქტიულია ორგანიზმში. არასწორი კვების დროს, პირველ რიგში სწორედ ეს უჯრედები ზიანდება. ხოლო გაჯანსაღების პროცესი თმაში ყველაზე ბოლოს აღწევს. უსამართლობაა, მაგრამ ფაქტია. image


რა არ ყოფნის თმას ჩვენი რაციონიდან? ზოგის ორგანიზმი განიცდის პროტეინების ნაკლებობას, ზოგის - რკინის დეფიციტს. სპეციალისტების აზრით, ლამაზი თმისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია კარგი საუზმე. რაც შეეხება ვიტამინების კომპლექსს, რა თქმა უნდა ეფექტურია, ოღონდ სწორ კვებასთან ერთად.

დიეტის მოყვარულთ სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ დიეტიდან დიეტაზე გადასვლით დაემშვიდობებით არა მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს, არამედ თმის გარკვეულ ნაწილსაც. და კიდევ, თუ თქვენ სრულფასოვან ოთხჯერად კვებას ბუტერბროდებით და ტკბილეულით კვებას ამჯობინებთ, მზად იყავით იმისთვის, რომ გასტრიტის გარდა წონასთან და თმასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც მოიმკით.


საკვები, რომელიც აუცილებელია:


თევზის და ფრინველის უცხიმო ხორცი, ქათმის, ან უფრო უკეთესი, მწყრის კვერცხი, კაკალი, პარკოსნები შეიცავენ ცილას, რომელიც აუცილებელია თმის ზრდისათვის, ასევე მდიდარია სპილენძით. სწორედ სპილენძი მონაწილეობს თმის პიგმენტაციის პროცესში, ხელს უშლის ჭაღარის გაჩენას და გვიცავს ქერტლისგან. გერმანელმა მედიკოსებმა გამოიკვლიეს ჰამბურგში მცხოვრები 1000 ქალი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვინც უფრო ხშირად მიირთმევს თევზს და ზღვის პროდუქტებს, უფრო ნაკლებად აქვს თმასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე ბურგერების და შემწვარი ღორის ხორცის მოყვარულებს.

image

თმის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს კერატინი. მისი წარმოქმნისთვის მენიუში რეგულარულად ჩართეთ ნატურალური მცენარეული ზეთები (მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის), უხეში დაფქვის პური და მზესუმზირა.

ბუნებრივი ბზინვარების, ძალისა და ელასტიურობის შესანარჩუნებლად არ დაივიწყოთ ზღვის კომბოსტო, უცხიმო იოგურტი და ხაჭო.

ახალი ხილი და ბოსტნეული, იმის გარდა, რომ მდიდარია უჯრედისით, შეიცავს ორგანიზმისთვის და თმისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. ვიტამინი A, რომელსაც შეიცავს სტაფილო, მწვანე ფერის ბოსტნეული, ასკილი ასტიმულირებს თმის ზრდას და უჯრედების დაყოფას. ვიტამინი E "ნადირობს" თავისუფალ რადიკალებზე და ხელს უწყობს თმის აღდგენას. ვიტამინ E-ს შემცველობით პირველ ადგილზეა ტკბილი წიწაკა.

სილიციუმი ხელს უშლის თმის ცვენას. სილიციუმით მდიდარია მარწყვი, ჭინჭარი, ფეტვი ("ფშენო").

პანთოტენის მჟავა თმას არბილებს და ამცირებს თმის ცხომიანობას, ეხმარება ფერის და ბზინვარების შენარჩუნებაში. პანთოტენს შეიცავს კომბოსტო, ბროკოლი, ლობიო და სხვა.image



რაზე ვთქვათ უარი?


ესენია - შემწვარი და დაკონსერვებული საკვები, ცხოველური ცხიმები, მწარე და მლაშე. ჰამბურგერები, ჰოთდოგები ნამცხვრები არღვევენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რაც უარყოფითად აისახება თმის მდგომარეობაზე. იმის დასადგენად, თუ რამდენი ჭარბი ცხიმი მიიღეთ გასული კვირის განმავლობაში, დააკვირდით ცხიმიანობას თმის ძირებში. თუ სწრაფად გიცხიმიანდებათ თავი, შეზღუდეთ ცხიმიანი საკვები და კვირაში ერთხელ მოიწყეთ განტვირთვის დღე.

image


თმის გასაჯანსაღებელი სამი ორიგინალური მეთოდი:


შვედური: ყოველ დღე, დილით და საღამოს დალიეთ 1 სუფრის კოვზი სიმინდის, ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი.


დანიური: ყოველ დღე მოიმზადეთ ჰერკულესის ნაყენი: ძილის წინ 1 ჭიქა ჰერკულესს დაასხით 1 ლიტრი წყალი და დააყენეთ 12 საათით. დილით გაფილტრეთ, გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში ნახევარ-ნახევარი ჭიქა.


ფრანგული: 6 სუფრის კოვზ ჰერკულესს დაასხით ცოტაოდენი ადუღებული, გრილი წყალი, დაუმატეთ 1 კოვზი თაფლი და რამოდენიმე ცალი დაქუცმაცებული ნიგოზი. დატოვეთ ღამის განმავლობაში. დილით ჩახეხეთ დიდი ვაშლი, დაუმატეთ რამოდენიმე კოვზი ნაღები და რამოდენიმე ცალი დაქუცმაცებული ჭერმის ჩირი. მიირთვით საუზმეზე. ზაფხულში დაუმატეთ ნებისმიერი ხილი და კენკრა - უფრო გემრიელი და სასარგებლო იქნება.


როგორც ხედავთ, თმა ერთიანი სისტემის - ორგანიზმის ერთერთი შემადგენელი ნაწილია. თუ ორგანიზმი განიცდის საკვების დეფიციტს, ის ჯეროვნად ვეღარ კვებავს მის ნაწილებს და უარესდება არა მხოლოდ თმის, არამედ კანის მდგომარეობა, ჩნდება წონის პრობლემა, სტრესი და სხვა. ორგანიზმი ექცევა ჩაკეტილ წრეში. მას კოსმეტიკური საშუალებები და სხვადასხვა პროცედურები უკვე ვეღარ შველის. ისინი მხოლოდ დამხმარე საშუალებებია. ამიტომ, გამოიჩინეთ ნებისყოფა და მოთმინება, იკვებეთ სრულფასოვნად და ჯანმრთელად, მიიღეთ ვიტამინები, დაეხმარეთ სხეულს და თმას მოვლის გარეგანი საშუალებებით და დატკბით ლამაზი სხეულითა და თმით.

image






0
852
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
852
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0