x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თურქეთი ევროკავშირში - უკეთესი მომავალი თუ საფრთხე ევროგაერთიანებისთვის

imageშესავალი


2012 წლის 31 ოქტომბერს ბერლინში თურქეთის ახალი საელჩოს
(რომელიც სხვათაშორის თურქეთის ყველაზე დიდი საელჩოა მსოფლიოში) გასახსნელად ჩასულმა
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რაიხკანცლერ ანგელა მერკელთან საუბარში
განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს 2023 წლამდე თურქეთი ევროკავშირის სრულუფლებიანი
წევრი გახდეს, ამასთან იმედი გამოთქვა, რომ 2023 წლამდე ლოდინი არ მოუწევს.[1]
თურქეთი უკვე 20 წელზე მეტია აქტიურად ცდილობს ევროკავშირში შესვლას, თუმცა ჯერჯერობით
წარუმატებლად. სულ რამდენიმე დღის წინ, 2013 წლის 24 თებერვალს, სატელევიზიო ინტერვიუში ანგელა მერკელმა განაცხადა,
რომ მიუხედავად მისი სკეპტიკური დამოკიდებულებისა თურქეთის შესაძლო წევრობისადმი, ევროკავშირი
განაახლებს მასთან მოლაპარაკებებს. ამ სტატიის მიზანია მოკლედ მიმოიხილოს
ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობები, წევრობასთან დაკავშირებული პრობლემები და თურქეთის
წევრობის შემთხვევაში შესაძლო დადებითი და უარყოფითი პერსპექტივები, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უპასუხოს კითხვას: რას მოუტანს ევროკავშირს თურქეთის წევრობა. ვეცდები ფაქტების და გარემოებების
გაანალიზებისა და თანმიმდევრული მსჯელობის საფუძველზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას
და ვაჩვენებ უღირს თუ არა ევროკავშირს თურქეთის მიღება. მსჯელობას წარვმართავ ნეორეალიზმის
თეორიულ ჩარჩოში.


ევროკავშირის და თურქეთის
ურთიერთობების დინამიკა

თურქეთმა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი
1987 წელს შეიტანა, 1995 წელს შეიქმნა საბაჟო კავშირი ევროკავშირსა და თურქეთს შორის,
1997 წლის ლუქსემბურგის სამიტზე თურქეთი ცნეს ვარგისად გამხდარიყო ევროკავშირის წევრი,
1999 წლის ჰელსინკის საბჭომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად აღიარა; 2001 წელს მიღებულ იქნა აკისი[2](იგივე ევროკავშირის კანონი, დოკუმენტი,
რომელშიც მოცემული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს აპლიკანტმა სახელმწიფომ), თუმცა
დღემდე 35 პარაგრაფიდან მხოლოდ 13-ია გახსნილი, დახურული კი მხოლოდ ერთი - მეცნიერებისა
და კვლევების შესახებ. 18 პარაგრაფი კი გაყინულია - მათგან 8 ევროკავშირის მიერ, რადგან
თურქეთი უარს ამბობს დაუშვას კვიპროსის ხომალდები საკუთარ პორტებში, 10 კი კვიპროსის
და საფრანგეთის მთავრობების მიერ.[3]
თურქეთი ასევე აკმაყოფილებს კოპენჰაგენის კრიტერიუმების ეკონომიკურ და საკანონმდებლო
ნაწილებს, თუმცა პრობლემები აქვს პოლიტიკურ სფეროში, უფრო ზუსტად ადამიანის უფლებებში,
კვიპროსის და სომხეთის საკითხებში.[4]


რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, სავაჭრო ბრუნვა
ევროკავშირსა და თურქეთს შორის საკმაოდ დიდია
- 2011 წლის მონაცემებით 120 176 მილიონი ევრო, ექსპორტი 72.7 მილიარდი, იმპორტი კი
47.6 მლრდ ევრო.[5] ექსპორტის
უდიდესი წილი მოდის მანქანებზე (Machinery), საფეიქრო, მსუბუქ და საკვებ მრეწველობაზე,
იმპორტის კი ტრანსპორტსა და მანქანებზე, ქიმიკატებსა და მსუბუქ სამრეწველო ნაწარმზე.
ევროკავშირი თურქეთისთვის №1 ექსპორტ და იმპორტ
პარტნიორია, ასვე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70% თურქეთში ევროკავშირიდან შედის,
ხოლო თურქეთი ევროკავშირის იმპორტში მე-7, ხოლო ექსპორტში მე-5 ადგილს იკავებს. თურქეთი
ასევე არის ევრო-ხმელთაშუაზღვიური პარტნიორობის
(Euromed) წევრი ქვეყანა.


პროგნოზები: მომავლის თურქეთი

აუცილებელია განვიხილოთ თურქეთის დღევანდელი მდგომარეობა
და მისი მისწრაფებები, ასევე პროგნოზები, რადგან ეს გარკვეულწილად დაგვეხმარება წარმოდგენა
შეგვექმნას სიტუაციაზე, რომელიც შეიქმნება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში.


2011 წლის მონაცემებით თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი
შეადგენდა $1.075 ტრილიონს, რის მიხედვითაც მსოფლიოში მე-17, ხოლო ევროპაში მე-8 ადგილს
იკავებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი საშუალო სტაბილური 8.5%-ია. მოსახლეობის
რაოდენობა 79 749 461 კაცი (მე-17-ა მსოფლიოში), საშუალო ასაკი 28 წელია, ზრდის ტემპი
1.197% [6].
ანუ ჰყავს ახალგაზრდა და მზარდი მოსახლეობა, მაშინ როცა ევროკავშირის მოსახლეობას უარყოფითი
დემოგრაფიული ბალანსი აქვს, ანუ “ბერდება’’. შედარებისთვის, დღეისათვის თურქეთის მოსახლეობა
2004 წელს ევროკავშირის “Big Bang’’ გაფართოებისას მიღებული 10 ქვეყნის მოსახლეობას
ერთად აღებულს აღემატება. თურქეთი თუ ზრდის ასეთ ტემპებს შეინარჩუნებს, 2023 წლისთვის
(თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავზე) ეკონომიკით მსოფლიოს ათეულში
მოხვედრა გარანტირებული აქვს. თუმცა მთავარი მაინც ამბიციური სახელმწიფო დოქტრინაა,
ე.წ. ნეოოსმანიზმი. მისი მიხედვით, თურქეთს საკუთარი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე გააჩნია
მულტირეგიონული იდენტობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიძინა და რის გამოც
მან უნდა აწარმოოს მრავალგანზომილებიანი საგარეო პოლიტიკა. იგი გულისხმობს, რომ თურქეთმა
აღიდგინოს გავლენა ყოფილ ოსმალეთის იმპერიის სივრცეში, ანუ უნდა გახდეს სერიოზული რეგიონული
ძალა, რადგან ამ პასუხისმგებლობას მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა აკისრებს.[7]
ამ მიზნით იგი აწარმოებს კიდეც სერიოზულ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას. აღსანიშნავი
ფაქტია ისიც, რომ მმართველი პარტია, სამართლიანობის და განვითარების პარტია (AKP - Adalet ve Kalkınma Partisi) სულაც
არ არის სეკულარული წინამორბედი მთავრობებისგან განსხვავებით და აშკარად ამჟღავნებს
ისლამისტურ მისწრაფებებს, რაც თურქეთს აძლევს საშუალებას ურთიერთობები დაათბოს მუსლიმურ
ქვეყნებთან. აქ აუცილებლად გაგვახსენდება ჰანტინგტონის სტატია “ცივილიზაციათა შეჯახება’’,
სადაც იგი თურქეთს გახლეჩილ ქვეყნად მოიხსენიებს - გაჩხერილს დასავლურ და ისლამურ ცივილიზაციებს
შორის[8].
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ჰანტიგნტონისეული შეფასება, ჩემი აზრით, დღესაც ძალაშია,
თუმცა თურქეთი ცდილობს თავი წარმოაჩინოს ხიდად ამ ორ ცივილიზაციას შორის, რასაც
ჯერჯერობით თავს ართმევს (ალბათ იმიტომ, რომ არ დამდგარა გადამწყვეტი არჩევნის წინაშე).


თურქეთი ევროკავშირში: სარგებელი თუ ზარალ

ახლა შევეცდები მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტების კლასიფიკაციას.

დავუშვათ, უახლოეს ათ წელიწადში, ევროკავშირმა წევრად
მიიღო თურქეთი, რომელმაც დააკმაყოფილა აკისის 35-ივე პარაგრაფი.

დადებითი მხარეები ამისა იქნება: ახალი დიდი ბაზრის
გაჩენა ევროკავშირის ნაწარმისთვის, რაც აუცილებლად სჭირდება კაპიტალიზმს განვითარებისთვის;
ევროპა მიიღებს ერთ-ერთ უძლიერეს რეგიონულ ძალას; ევროპა ეცდება თურქეთის, როგორც ცივილიზაციათა
შორის ხიდის გამოყენებას ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დასარეგულირებლად და რაც ყველაზე
მთავარია, ევროკავშირი გამოიყენებს თურქეთის სატრანზიტო ფუნქციას ენერგორესურსების
მისაღებად აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ერაყიდან, რითაც შეამცირებს ესოდენ ყბადაღებულ
რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას.[9]

თუ სტატისტიკურ მონაცემებსა და პროგნოზებს გავითვალისწინებთ,
თურქეთი ევროკავშირში მოსახლეობის რაოდენობით პირველი ან მეორე იქნება (გერმანიის შემდეგ),
შედეგად მას მინისტრთა საბჭოში ხმების იმდენივე რაოდენობა ექნება, რამდენიც გერმანიას.
მართალია ეს არ უზრუნველყოფს იმას, რომ თურქეთს უმრავლესობა ექნება გადაწყვეტილების
მიღების პროცესში, თუმცა შეეძლება მასზე დიდი გავლენა მოახდინოს - მიიმხროს სხვა ქვეყნები,
რათა მიიღონ ან არ მიიღონ თურქეთის ეროვნული ინტერესებითვის სასურველი/არასასურველი
გადაწყვეტილება, თუ გავითვალისწინებთ თურქეთის ნეოოსმანურ ამბიციებს, მისი მხრიდან
ასეთი ქცევა გასაკვირი არ უნდა იყოს. თურქეთი იქნება გავლენიანი და ძლიერი აქტორი,
რაც მნიშვნელოვანწილად დაარღვევს სტაბილურობის გარანტს - ძალთა ბალანსს ევროკავშირის
შიგნით, რამაც შესაძლოა ისეთი შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს, რაც კავშირისთვის ლეტალური
აღმოჩნდეს. დაახლოებით, მსგავსი შიში გაჩნდა გაერთიანებული გერმანიისადმი 90-იან წლებში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის მოსახლეობის დიდი ნაწილი (48%) სულაც არ
მიიჩნევს თურქეთს ევროპის ნაწილად, როგორც გეოგრაფიული, ისე კულტურული თვალსაზრისით.

საკითხავია ისიც, გაუძლებს თუ არა თურქეთი, მიუხედავად
სტაბილური ეკონომიკური ზრდისა, ევროკავშირის ბაზარზე შიდა კონკურენციას. თუ ვერა, მაშინ
უმუშევრობის დონე (რომელიც ისედაც მაღალია - 12%) გაიზრდება ქვეყნის შიგნით, რასაც
აუცილებლად მოჰყვება მშრომელი ძალის გადინება დანარჩენ წევრ ქვეყნებში, რაც გამოიწვევს
ევროპის დემოგრაფიული და კულტურული სურათის მკვეთრ ცვლილებას.

ევროკავშირი დაუმეზობლდება ისეთ რთულ და პრობლემურ სახელმწიფოებს
როგორებიცაა სირია, ირანი და ერაყი, რის გამოც მოუწევს თავდაცვის პოლიტიკის ახლებურად
გადაწყობა.

როგორც ვხედავთ ზოგიერთ გარემოებას ორსახოვნება ახასიათებს:
პრობლემურ რეგიონებთან დამეზობლება შესაძლოა სასარგებლოც იყო და სახიფათოც; რაც სასარგებლოა
ეკონომიკისთვის, შეიძლება პოლიტიკურად და დემოგრაფიულად და კულტურული კუთხით ძალიან
უარყოფითად აისახოს ევროკავშირის საერთო სურათზე.


დასკვნა


განვიხილე რამდენიმე შესაძლო სცენარი თურქეთის ევროკავშირში
მიღების შემთხვევაში. ერთი შეხედვით შეიძლება
მოგვეჩვენოს, რომ პრობლემები ყოველთვის არსებობს, გადაუჭრელი არაფერია, მაგრამ აქ ერთი
რამაა მთავარი: თურქეთის ნეოოსმანური დოქტრინა, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ძირეულ
წინააღმდეგობებს ევროკავშირის საერთო საგარეო და საშინაო პოლიტიკაში და თურქეთი ეცდება საკუთარი
მიზნების მისაღწევად საკუთარი ძალა და გავლენა გამოიყენოს, რაც კავშირისთვის უარყოფითი
იქნება. მოკლედ, ნეორეალიზმის თანახმად, ნეოოსმანური თურქეთის მიღება ევროკავშირში
დაუშვებელია, რადგან იგი გამოიწვევს ძალთა ბალანსის მკვეთრ დარღვევას, რაც ევროკავშირისთვის
მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება. ევროკავშირში ხვდებიან, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია
და იმ ფონზე, რომ ისედაც რთული შიდა ეკონომიკური კრიზისები აწუხებს, სულაც არ აძლევს
ხელს ახალი პრობლემები დაიმატოს, ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად გაწელოს თურქეთის მიღების
პროცედურები იმ იმედით, რომ თურქეთში გაჩნდება იმედგაცრუების სინდრომი - “ისინი ქრისტიანები
არიან, ჩვენ მუსლიმანები და პირდაპირ ამას ვერ გვეუბნებიან’’[10]
ან “თურქეთს არავინ მიიღებს ევროკავშირში, რომელიც ქრისტიანული კლუბია’’[11]
- და ისინი თავად გადაიფიქრებენ ევროკავშირში შესვლას, რისი ტენდენციებიც უკვე მომრავლებულია. საით გაიხედავს ევროპისგან ზურგშექცეული თურქეთი? დაუბრუნდება ისლამურ წიაღს თუ რუსეთიკენ მიბრუნდება? ეს სახელმწიფოს მმართველი ძალის ნებასა და დროზეა დამოკიდებული.




[1]
http://www.spiegel.de/international/europe/turkish-prime-minister-erdogan-sets-deadline-for-eu-admission-a-864579.html Spiegel Online International, Erdogan Visit to Berlin Betrays Tensions (მოძიებულია
27.12.12)


[2] http://ec.europa.eu/enlargement/candidate-countries/turkey/eu_turkey_relations_en.htm
(მოძიებულია 27.12.12)

[3] http://www.bbc.co.uk/news/world-europe-18108049 Jonathan Head, Analysis:
Turkey's long wait to join EU club, (მოძიებულია 27.12.12)

[4]
Turkey And The European Union, European
Union Center at the University of Illinois, 2007, გვ 23-26

[5]
DG Trade Statistics, TURKEY - EU BILATERAL TRADE AND TRADE WITH THE WORLD, 2012, გვ. 2, ცხრილი 1

[6] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/tu.html
(მოძიებულია 27.12.12)

[7]
loannis N. Grigoriadis, The Davutoğlu Doctrine and Turkish Foreign Policy, Bilkent University / ELIAMEP, 2010

[8]
Semuel Huntington, Clash Of Civilizations, Foreign Affairs
Vol. 72, N.3, გვ 42

[9] http://www.euractiv.com/global-europe/turkey-europes-evolving-relation-analysis-514088 Turkey's evolving
relationship with Europe, (მოძიებულია 27.12.12)

[10]
Semuel Huntington, Clash Of Civilizations, Foreign Affairs
Vol. 72, N.3, გვ 42 თურგუთ ოზალის სიტყვების ციტატა

[11] http://www.google.com/hostednews/afp/article/ALeqM5g2yMOna6gKwLYWkMUhP4gVQFnSuQ?docId=CNG.67623850a684b3db3f7388147dd9cea7.d1
(მოძიებულია 27.12.12)


















1
1169
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ჯიქია
გიორგი ჯიქია
1169
  
2013, 15 მაისი, 11:42
კარგი სტატიაა, ვაფასებ თქვენს მუშაობას და საკითხის სიღრმისეულად წვდომის სურვილს. გეთანხმები რომ თურქეთის ძირითადი დაბრკოლება არა ადამიანის უფლებები და ე.წ ქურთი სეპარატისტების პრობლემაა ევროკავშირში შესასვლელად, არამედ მისი ჰეგემონისტური მიზნები, როგორც რეგიონში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ის ნეოისმანური დოქტრინა რასაც შენს სტატიაში კარგად გაუსვი ხაზი. არსებობს რიგი მოსაზრებები, რომ ევროკავშირს უბრალოდ არ სურს გაფართოება და მან როგორც პოლიტიკურმა აქტორმა დაკარგა საკუთარი თავი და საერთაშორის არენაზე მხოლოდ ეკონომიკურ ძალად რჩება. ბრიტანეთში ბოლოდროინდელი ინფორმაციით მიდის მზადება რეფერენდუმისთვის დატოვოს თუ არა საერთოდ ბრიტანეთმა ევროკავშირი.

თურქეთის მუსულმანური რელიგია, მიუხედავად იურიდიულად დამტკიცებული სეკულარიზმისა, რეალურად არ წარმოადგენს ევროკავშირისთვის ძირითად დამაბრკოლებელ ბარიერს, ამ კუთხით აღსანიშნავია ალბანეთიც რომელიც ასევე სეკულარული, მაგრამ მოსახლეობის 50 %მეტი მუსულმანი მოსახლეობით წარმოდგენილია, როგორც პოტენციური კანდიდატი. პოტენციურობა ეს ის საფეხური გახდა ევროკავშირის წევრობისათვის რომელიც რეალურად უტოპიისკენ მიიწევს. რეალისტები კვლავ ხაზს უსვამენ რომ მიუხედავად ევროკავშირის ლიბერალური მიდგომისა მაინც რჩება მასში გაწევრიუანებული ქვეყნების წიაღში ის რეალისტური დოქტრინები, რომ თურქეთს უფრო სჭირდება ევროკავშირი ვიდრე პირიქით და იმიტომ ვერ ხდება წევრი რომ ვციტირებ კლაუზევიცის სიტყვებს "არ არსებობს მუდმივი მოკავშირე, არსებობს მუდმივი ინტერესები."

სხვადასხვა ინტერესები აქვთ თურქეთსა და ევროკავშირს და ის რეგულაციები, რომელიც თითქოს თურქეთის პროგრესირებისთვის არის მიცემული ჩემი აზრით უშედეგოა, რადგან ამის შესრულების შემდეგაც კი მაინც სხვა რეგულაციები გამოჩნდება და მისი გაწევრიანება დროში გაწელილ ოცნებად დარჩება.

უკაცრავად ასეთი დიდი პოსტისთვის, უბრალოდ საინტერესო სტატიაა და მეც ჩემი აზრი მინდოდა გამომეხატა. სამწუხაროა რომ მკითხველთა საკითხავი მასალა აქ ძირითადად სხვა თემებით ხასიათდება და ასეთი სტატიები უბრალოდ კარგი იშვიათობაა.
0 1 1