x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
გაღმა ნაპირი

აფხაზეთის ბუნებადაახლოებით ოცდაერთ წელს ითვლის პერიოდი აფხაზეთის დაკარგვის დღიდან დღემდე. ამ წლების მანძილზე გატარებული სახელმწიფო პოლიტიკისა თუ, სხვა რაიმე მშვიდობიანი მცდელობის მიუხედავად, აფხაზეთი ჯერჯერობით დაკარგულ ტერიტორიად ითვლება. ძალიან ცოტა მახსოვს, აფხაზეთის შესახებ, თუმცა განსაკუთრებული გაანცდა დამეუფლა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც კვლავ მივუახლოვდი დაკარგულსა და მიუწვდომელს. აფხაზეთის საზღვარს. გეტყვით, რომ საოცარი სიმშვიდე და სევდა სუფევს. თითქოს ყველაფერი ერთ დროს, ხალისით ცოცხლობდა და მოკლეს. ამ ტკივილს კი წლებმაც ვერ მოუშუშეს ჭრილობა.
ვიდექი მდინარე ენგურის ერთ სანაპიროზე და ვუყურებდი გაღმა ნაპირს. უსიცოცხლოსა და ძალა წართმეულს. სურვილი ძლიერდებოდა და ვგრძნობდი მღელვარებას, რომელიც ნელ–ნელა ჩემს სულსა და სხეულს ეპარებოდა. ტკივილი და შიში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და სადღაც კიდევ უფრო მეტად მახსენდებოდა მეორე ნაპირზე გატარებული პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ვიყავი.
2007 წლის შემდეგ აღარც მიფიქრია, რომ როდესმე კიდევ შევძლებდი მშვიდობიანად გადავსულიყავი საზღვარზე, რადგან ამ საზღვირს გადაკვეთა იმდენად დიდ რისკს მოითხოვს, ძნელია დასძლიო შიში. ეს იყო ზაფხული როდესაც სოფლიდან თბილისში დაბრუნებისას ენგურის ხიდზე გადასვლა გამკაცრებული იყო, მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ კიდევ უფრო გართულდებოდა საზღვარზე გადმოსვლა, ამიტომ მოცდა და ლოდინი არ ღირდა. გადავწყვიტეთ მიგვემართა სახიფათო, მაგრამ იმ მომენტში აუცილებელი და ერთადერთი ხერხისთვის – მდინარის გადმოცურვა. ასეც მოვიქეცით. ლოდინს მოქმედება ვამჯობინეთ. შიშით, მაგრამ ღვთის იმედით ყინულივით ცივი, მდინარე ენგური გადმოვცურეთ. ძნელია აღგიწეროთ რას ვგრძნობდი მაშინ, თუმცა კარგად მახსოვს მდინარე, რომელსაც სიცივის ორთქლი ასდიოდა, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ენგურის სანაპიროსთან, ამას კარგად წარმოიდგენს მეხსიერებაში. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი შეუმჩნევლად გადმოვსულიყავით ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასეც მოხდა მშვიდობიანად გადმოვედით ზუგდიდის ერთ–ერთ სოფელში, სადაც თავს უკვე უსაფრთხოდ ვგრძნობდით. რა თქმა უნდა მახსენდება კარგად გატარებული დღეებიც, ხანდახან ძალიან ბევრს ვფიქრობ, რომ სამოთხე დავკარგეთ. როდესაც დავდიოდი გალში, მიუხედავად მაცხოვრებლების სიმრავლისა, მაინც ერთგვარი დაძაბულობა იგრძნობოდა, შეიძლება ეს მე მეჩვენებოდა რადგან თავისუფლებას მიჩვეული ჩემს მშობლიურ მიწაზე, ქართულად ლაპარაკს ვერ ვბედავდი.
XXI - საუკუნეში, შიშით ცხოვრება, რომ შუა ღამეს თავზე ყაჩაღები დაგადგებიან, ჩემი თაობისთვის რთულად წარმოსადგენია. თუმცა ეს, აფხაზეთის დღევანდელი რეალობაა. დაახლოებით ოცი წლის წინ აფხაზეთის ომი დასრულდა, მაგრამ აფხაზეთში დარჩენილ ხალხს, რომლებმაც თავიანთი სახლ–კარი არ დატოვეს, დღემდე უწევთ ორმაგი ბრძოლა – ბრძოლა არსებობისათვის. ზედმეტია საუბარი, რაიმე დემოკრატიაზე, მათ უფლებებზე. ფაქტი–ფაქტად რჩება, ყველაფერი კი სამწუხარო რეალობად.
რთულია ვისაუბროთ გამოსავალზე, ტერიტორიის დაბრუნების გზებზე, მაგრამ ფაქტი ერთია, ომითა და ხოცვა ჟლეტით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ამისი ნათელი მაგალითი 2008 წლის აგვისტო იყო, როდესაც მრავალი ჯარისკაცი სამშობლოს დასაცავად იბრძოდა, თუმცა დღეს სამხრეთ ოსეთიც ოკუპირებულია და დაკარგულ ტერიტორიად ითვლება. სიძულვილით მომავალს ვერ ავაშენებთ, წარსული კი თვალნათელი მაგალითია, გავიაზროთ, დავფიქრდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავაგრძელოთ წინ სვლა. სიყვარულითა და მეგობრობით შევძლებთ შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ. მჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც „გაღმა ნაპირი“ საქართველოს ტერიტორიას დაუბრუნდება და მეც თავისუფლად შევძლებ ჩემს მიწაზე ფეხის თამამად დავაბიჯებას.

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:ჩერნობილ
ჩერნობილ
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0