x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პოლკოვნიკი: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი
იმ შემთხვევაში თუ დავინტერესდებით საქართველოს სამხედრო და არამარტო სამხედრო ისტორიით, შეუძლებელი და შეიძლება ითქვას მორალურად გაუმართლებელიც იქნება გვერდი აუაროთ ისეთ სამხედრო მოღვაწეს, რომლის თავდადება, პატრიოტიზმი და სამხედრო საქმის ცოდნა სამაგალითოა თითოეული ქართველისათვის.

ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი 1888 წელს დაიბადა სოფელ მატანში რომელიც მაშინდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით შედიოდა თბილისის გუბერნიაში, რამდენადაც მაშინდელი საქართველო ოკუპირებული იყო მეფის რუსეთის მიერ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ქართული გვარის — ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი იყო. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ მისი საგვარეულო შტო პირდაპირ კავშირშია ისეთი დიდი ქართველის საგვარეულო შტოსთან, როგორიც იყო ბიძინა ჩოლოყაშვილი, რომელიც გახლდათ კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთერთი სულისჩამდგმელი, ბედის ირონიით გაივლის კიდევ 2 საუკუნე და მისი შთამომავალი სახელად ქაიხოსროც ზუსტად იმ გზას დაადგება, რომელიც მას ქვეყნისთვის თავდადებული გმირის დიადემით შემოსავს.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი გაიწვიეს ჯარში, სამხედრო გადანაწილების შემდეგ იგი მოხვდა აღმოსავლეთის, კერძოდ - ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე, სადაც ის დადგინდა ესკადრონის ხელმძღვანელად, ომის დაწყების პირველივე წელს ქაიხოსრო მძიმედ დაიჭრა, მისი კავკასიის ფრონტზე გადმოყვანასთან დაკავშირებით მაშინდელმა რუსეთის იმპერიის სარდლობამ დააკმაყოფილა და იგი კავკასიის ფრონტზე არიერგრადის ხელმძღვანელად დანიშნეს, სადაც მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლაში. ”არწივის ბუდე” გახლდათ ის ციხესიმაგრე რომლის დაცვაც დავალებული ჰქონდა ქაქუცას და რომელსაც წარმატებით გაართვა თავი, თუმცა თურქებთან შეტაკებისას იგი კვლავ დაიჭრა, აღნიშნულ ბრძოლაში გამოჩენილი მხედრული სიმამაცისათვის ის იმპერიის საშტაბო ხელმძღვანელობამ ”ოქორს ხმლით” დააჯილდოვა.

1917 წელს როდესაც მთელი რუსეთი ბოლშევიკური რევოლუციის ქარცეცხლმა მოიცვა ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაბრუნდა მშობლიურ საქართველოში სადაც ის ერთიანდება ”ეროვნულ-დემოკრატიულ” პარტიაში. გამოცდილ სამხედრო მოღვაწეს ქართული ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე რთული მისია დაეკისრა მან ქართულ არმიაში მიიღო პოლკოვნიკის წოდება და შეუდგა ქართულ არმიაში კავალერიის ჩამოყალიბებას, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ გენერალ: გიორგი მაზნიაშვილმა სწორედ მისი და შალვა ქარუმიძის დახმარებით შეძლო ჩამოეყალიბებინა და ჩანასახის დონეზე განევითარებინა კადეტთა სამხედრო სასწავლებელი, რომელმაც გმირობის და თავდადების დიდი მაგალითი გადასცა მემკვიდრეობით ქართული ისტორიის ფურცლებს, გენერალისათვის უცხო არ იყო ქაქუცას ავტორიტეტი ფშავ-ხევსურეთში ამიტომ სწორედ ის გაიგზავნა საქართველოს ამ კუთხეში მოხალისეების მოსაძიებლად და მათ სამხედრო სამსახურში ჩასაყენებლად.


1919 წელს პოლკოვნიკი ჩოლოყაშვილი მისი მხედრული მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის ინიშნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, თუმცა სწორედ აქედან იწყება მისი როგორც უდიდესი სამხედრო პირის ჩამოყალიბება ქართულ საბრძოლო ყალიბში, სომხეთ-საქართველოსა და რუსეთ საქართველოს ომებში იგი ხელმძღცანელობდა ქართულ კავალერიას, 1921 წლის 25 თებერვალს მას შემდეგ რაც ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად გადავიდა დასავლეთ საქართველოში, თუმცა იგი არ გაჰყოლია ქართულ მთავრობას ემიგრაციაში იგი სამშობლოში რჩება და საფუძველს უყრის პარტიზანულ მოძრაობას, რომელიც იდეაში საქართველოს დეოკუპაციას ემსახურებოდა, 1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა საიდანაც იწყება მისი პარტიზანული მოღვაწეობა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ, პარტიზანებმა ერთმანეთს ხევსურეთში შეჰფიცეს რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებდნენ საქართველოს მტრების წინააღმდეგ სწორედ აქედან წარმოსდგა მათი სახელწოდება ”შეფიცულები” და ქაქუცას რაზმს ეს სახელი დაერქვა.1922 წელს საქართველოში შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი ეგრეთ წოდებული (დამკომი), რომელიც შედგებოდა ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიისაგან, სწორედ ამ კომიტეტის შემადგენლობაში შევიდა ”სამხედრო ცენტრი” რომლის ძირითად დამრტყმელ ძალას ”შეფიცულები” წარმოადგენდნენ. ერთერთ სხდომაზე დამკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ერთადერთი გზა საქართველოს დეოკუპაციისაკენ აჯანყებაზე გადიოდა, აჯანყების დაწყება დევალა ”შეფიცულთა” რაზმს რომელმაც აჯანყება სიღნაღიდან დაიწყო ამან მიიღო ლოკალური ხასიათი და მალე აჯანყება მოედო ხევსურეთს. აჯანყებულები წარმატებას აღწევდნენ მათი ერთერთი თვალსაჩინო გამარჯვება გახლდათ დუშეთი სადაც მათ დაამარცხეს ბოლშევიკები თუმცა მეორე ბრძოლაში სადაც ძლიერი კონტრშეტევა განახორციელეს წითელარმიელებმა ”შეფიცულები” დამარცხდნენ, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ბოლშევიკი ჯარისკაცების ალყა მალევე გაარღვია და კახეთს შეაფარა თავი. მაშინდელმა ბოლშევიკურმა ხელძღვანელობამ კი ხევსურეთს შეასია ბოლშევიკური არმიის შენაერთები და სასტიკად ააოხრეს მთელი ხევსურეთი.

კახეთში არასაიმედო თავშესაფრისა და პირველი პარტიზანული კამპანიის დამარცხების გამო ქაუქცა ხევსურეთის გავლით გადავიდა ჩეჩნეთში სადაც ის აპირებდა ერთიანი კავკასიური კოალიციის ჩამოყალიბებას ჩეჩნებთან ერთად, რისი წყალობითაც მოხდებოდა მაქსიმალური შედეგის მიღწევა ოკუპანტებთან ბრძოლაში, თუმცა რამოდენიმე წარმატებული ნაბიჯის მიუხედავად აღნიშნული იდეა იდეად დარჩა და ქაქუცა კვლავ სამშობლოში დაბრუნდა სადაც განაახლა პარტიზანული კამპანია, ერთერთი ბრძოლოს დროს დაიღუპა ქაქუცას ძმა სიმონ ჩოლოყაშვილი, გაშმაგებული საბჭოთა მთავრობა სასტიკად ებრძოდა ქაქუცას სახელსაც კი დააპატიმრეს მისი ოჯახის წევრები ასევე სატუსაღოში გამოკეტეს ”დამკომის” წევრები რომელთაც დახვრეტა მიესაჯათ.

1923 წელს ”შეფიცლულები” კიდევ რამოდენიმეჯერ დაესხნენ თავს წითელ არმიას რამაც ჯარისკაცებზე ცუდი ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია. ამასობაში დამოუკიდებლობის კომიტეტმა დაგეგმა ახალი აჯანყება რომელიც დათარიღდა 1924 წლის თებერვლით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო აღნიშნულმა თარიღმა რამოდენიმე თვით გადაიწია და აგვისტოში გადაწყდა მისი სისრულეში მოყვანა, აჯანყებისათვის მზადებაში ქაქუცა ჩოლოყაშვილი დიდად აქტიურობდა მან 600-მდე ადამიანის მობილიზაცია მოახერხა.

აჯანყება უნდა დაწყებულიყო 1924 წლის 29 აგვისტოს თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამოისობით ჭიათურაში აჯანყება დაიწყო 28 აგვისტოს, რამაც მნიშვნელოვნად არია სამეთაურო პუნქტის გეგმები, ვეღარ მოხერხდა სწორი კოორდინაცია აჯანყებულთა შორის რის გამოც ოკუპაციურ ძალებს არ გასჭირვებიათ მისი ჩახშობა. აჯანყების დამარცხების მიუხედავად ქაქუცას არ შეუწყვეტია ბრძოლა მან აიღო მანგლისი, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა მისი შეტევა რომელსაც ახორციელებდა მანგლისში დისლოცირებულ ბოლშევიკურ არმიაზე, ამის გამო ქაქუცამ დატოვა აღმოსავლეთ საქართველოს ბარი და მთაში გადავიდა სადაც კიდევ ერთხელ დალაშქრა დუშეთი, რომელიც მალევე დატოვა ვინაიდან დამხმარე ძალა, რომელსაც წარმოადგენდა ქართლიდან გადმოსული ლაშქარაშვილის საბრძოლო შენაერთი ვერ მივიდა დანიშნუ) ლების ადგილამდე ამის შემდეგ მან სვიმონიანთ ხევთან 3 სექტემბერს დაამარცხა წითელი არმია.

4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმრეს ”დამკომის” წევრები კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს, ხევ-გძელასთან, კახეთში კიდევ დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამოდენიმე დღე თბილისის გარშემო იტრიალა სახავდა სტრატეგიულ გეგმბეს აანალიზებდა მის და მტრის სამხედრო ძალის თანაფარდობას და დარწმუნდა რა რომ ბრძოლა იქნებოდა უშედეგო, ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა.

საქართველოში დარჩენილი ქართველი პოლკოვნიკის ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ოჯახის წევრებს ბოლშევიკები მკაცრად დასაჯეს! დახვრიტეს მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი, მის მეუღლე ნინოს მიესაჯა ასევე დახვრეტა თუმცა მალევე, ქალიშვილებთან 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად გადაასახლეს.

რაც შეეხება ქაქუცას იგი გარდაიცვალა 1930 წლის 27 ივლისს ლევილში (საფრანგეთი) გარდაცვალების ძირითადი მიზეზი მისი ტუბერკულიოზით დაავადება გახლდათ.


პარიზში ხშირად ხვდებოდა ქაქუცას მისი მეგობარი თამარ პაპავა რომელთან ერთერთი შეხვედრის დროს, როდესაც ქართველი პოლკოვნიკი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა შემდეგი სიტყვებით მიმართა თამარს: ”გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო?… კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ?”პოლკოვნიკი: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

0
306
შეფასება არ არის
ავტორი:MOSSAD
MOSSAD
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0