x
ქოჩორა ძროხა
image განიერი რქები, თვალებზე ჩამოყრილი თმები, სქელი გაბურძგნული ბეწვით დაფარული ზორბა სხეული.

ეს მთის ძლიერი და გამძლე ბინადარი მსხვილფეხა საქონლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომელიც საუკუნეებია შოტლანდიის მთიანეთისა და კუნძულების მკაცრ კლიმატურ პირობებს უძლებს. თავდაპირველად, არსებობდა ორი ჯიში, ერთი იყო დიდი, ჯმუხი და წითელთმიანი, რომელიც მაღალ მთებში ბინადრობდა, მეორე შედარებით პატარა, შავთმიანი, რომლის მშობლიური მიწა-წყალიც დასავლეთ სანაპიროს კუნძულები იყო. დღესდღეობით კი არსებობს მხოლოდ ერთი ჯიში, თუმცა რამდენიმე ფერის: წითელი, შავი, ყავისფერი და მოყვითალო-მოთეთრო.

მთის ძროხისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს მის სასაცილო ქოჩორს. ზამთარში ის მის სახეს ქარისგან, წვიმისგან და თოვლისგან იცავს, ზაფხულში კი ინფექციის გადამტანი მწერებისგან.

ძველად ღამღამობით მენახირეები ნახირს ქვისგან აგებულ სადგომებში უყრიდნენ თავს. ასე იცავდნენ თავიანთ საქონელს მკაცრი ამინდისა და მგლებისგან.



შესაშური სამოსელი

მთის ძროხას აქვს ბეწვის ორმაგი საფარი. გარეთა აბურძგნული თმა საკმაოდ გრძელია და ზოგჯერ ოცდაცამეტ (33) სანტიმეტრამდე იზრდება. ეს ცხიმიანი თმა სხეულს სიმშრალეს უნარჩუნებს წვიმასა და თოვლში. შიგნითა თმა კი ფაფუკი და რბილია, რაც სხეულს სითბოს უნარჩუნებს. რეალურად ასეთ კლიმატს ვერც ერთი სხვა მსხვილფეხა რქოსანი ვერ უძლებს.

თუ ზაფხულში ძალიან დაცხება, ამ ადვილად ადაპტირებად ცხოველს თმის მძიმე საფარი გასცვივა, ზამთარში კი კვლავ ამოუვა.

რა სარგებლობა მოაქვს

ცხვრებისგან განსხვავებით, რომლებიც მცენარეების ფესვებსა და ყლორტებს ჭამენ, ძროხები, მათ შორის მთის ძროხები, სხვა რამით იკვებებიან. ფაქტობრივად, ისინი ხელს უწყობენ გამოფიტული საძოვარი ნიადაგის გაწმენდა-გასუფთავებას. გრძელი და ძლიერი რქებით და განიერი ცხვირით მინდვრებს ჯაგნარისგან ასუფთავებენ მაშინ, როცა სხვა მსხვილფეხა საქონელი ახლოსაც კი არ ეკარება ასეთ მცენარეებს. ასეთი სახით, ისინი ხელს უწყობენ ბალახებისა და ხეების ზრდას.

ამ ცხოველის ორმაგი ბეწვი სხვა სარგებლობასაც იძლევა. რადგანაც ძროხას სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად არ სჭირდება და არც აქვს დამატებითი ცხიმოვანი შრე, სხვა საქონლისგან განსხვავებით, მისი ხორცი ნაკლებად შეიცავს ცხიმსა და ქოლესტერინს და მდიდარია ცილებითა და რკინით. თანაც მისი შენახვა არც ისე ძვირი ჯდება.

სიფრთხილეა საჭირო

მრავალი წელია, რაც მთის ძროხა ადამიანთა მფარველობის ქვეშაა და მის გვერდით ცხოვრობს. ჯერ კიდევ სკოტებს თავიანთი სახლის პირველ სართულზე, მიწურ იატაკზე ჰყავდათ ისინი, თვითონ კი მეორე სართულზე ცხოვრობდნენ. ეს ხელს უწყობდა იმას, რომ მეორე სართულზე, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ყოველთვის სითბო ყოფილიყო.

მართალია, შინაური ცხოველი, როგორც წესი, მშვიდი და დამჯერია, მაგრამ მთის ძროხასთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირს. როდესაც დედას ხბო შეეძინება, ის საკმაოდ აგრესიული ხდება. ასევე როცა ვინმეს ჯოგზე გავლა უწევს, უმჯობესია ნახირს შემოუაროს და ჯოგზე არ გაიაროს.

მთის ძროხის უნიკალურმა თავისებურებებმა ეს ჯიში მსხვილფეხა რქოსან საქონელთა შორის ყველაზე პოპულარული გახდა. მათი ნახვა შორეულ ჩრდილოეთში ალიასკაზე, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე და ანდებში ზღვის დონიდან სამი ათასი (3000) მეტრის სიმაღლეზე მდებარე საძოვრებზეც შეიძლება. ისინი შედარებით თბილ კლიმატურ პირობებშიც კომფორტულად გრძნობენ თავს.

შოტლანდია არა მარტო შოტლანდურათი (ქსოვილი), კილტითა (ეროვნული ქვედაბოლო) და გუდასტვირითაა ცნობილი, არამედ ამ საინტერესო ქოჩორა ძროხითაც.

image

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი_კაპანადზე
გიორგი_კაპანადზე
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0