x
დღიური (სკოლის დავალება, უჰ, კარგი დრო იყო)


ბევრი დავისხი.

ბოთლში ვეღარ დავაბრუნებ.

იყოს ბევრი.

ბევრი ვისკი მავნებელიაო – ნინაკამ
მითხრა გუშინ.

ყავას გავიკეთებო და, როცა ადგა, თეძოზე ზეწრის გადანაკეცის კვალი ახალშეხორცებული
ნაიარევივით ჩანდა. გადავბრუნდი და ცხვირი ბალიშს მივაჭყლიტე.

დაბრუნებისას ფრთხილად მოქონდა ერთი ჭიქა. ყავა აღარ იყოო, თავი იმართლა და
ჭიქა იატაკზე დადგა. საწოლიდან ჩავხედე.


-ვისკიც არ იყო? – დამცინავად ვკითხე, გადავჩოჩდი და იმ ადგილს დავუწყე ძებნა, იარა რომ იყო.



– ბევრი ვისკი მავნებელია – და საწოლზე ჩამოჯდა.


– სიგარეტი? – ისევ დავცინე და მუხლთან ვაკოცე.


– მალე წახვალ?


– ასე თუ მომექცევი, ახლავე – ვუბრაზდები.


უცებ წამოდგა
და ცალ ფეხზე ხტუნვა დაიწყო.


– დამიბუჟდა – კისკისებს.


(აი, ნაიარევი სად წავიდა!)

ყურადღებას აღარ
ვაქცევ. ვგრძნობ, გაიბუსხა.


– თავადის ქალო, იცი გუშინ რაზე ვფიქრობდი?


– ცვაიგის სტიუარტზე, ალბათ. – ამბობს ცივად. მესმის,
უნდა მატკენინოს, მაგრამ ძალიან გულუბრყვილო მცდელობაა. მოიცა, როგორ ქვია იურიდიულად?
ჰო, მცდელობა უვარგისი საშუალებით. აი, ვიღაცას რომ მოსაკლავად სულს უბერავ, თანაც
ფეხებში. მოკლედ, იდიოტობაა, მე რას დამაკლებს.


– არა, ჩვენზე.


– შენ ჩვენზეც ფიქრობ? – ისევ ხუმრობს, ოღონდ, ვატყობ,
ძველებურად ომახიანად ვეღარ. ენთუზიაზმი გაუქრა.


– რაო, რას ფიქრობდი? – ვეღარ მოითმინა.


– მართლა გაინტერესებს?


– არ მეტყვი?


– გეტყვი. ოღონდ, მერე.


ისევ გაიბუსხა.
კარადასთან მივიდა, საიდანღაც შოკოლადიანი მიწის თხილი გამოაძვრინა და უხმოდ ყრის პატარა
თეფშზე.


– ნინაკა, შეეშვი რა მაგას – მართლა მინდა შეეშვას. უნაკლოდ
ლამაზია ასე. კარადასთან, გვერდულად მდგარი, შეხებისას ყინულივით ცივი,
გლუვი ღამის პერანგი, თეძოებამდე წვდება, აწეწილი თმები მხართან იტოტება და, ოდნავ
ქვემოთ, უწესრიგოდ მთავრდება. მკერდზე ეტყობა, ღრმად სუნთქავს. სიცოცხლით და ხალისითაა
სავსე. ამიტომაც, ვერასოდეს ვერ ვახერხებ უსიამოვნო ლაპარაკს.


– რას მიყურებ? – გამომწვევად შემომხედა და თმები თავის
მოძრაობით გადაიყარა უკან. თან, ეღიმება.


– გახსოვს, რომ გითხარი უნდა დაგელაპარაკო–მეთქი?


– მერე?


– მერე უნდა დაგელაპარაკო – ვერც ახლა ვერ შევძლებ, ვაწყენინო.


– ახლა დამელაპარაკე.


– ახლა არ შემიძლია – მტკივა ის, რაც უნდა ვუთხრა.


– ვიცი, რაც უნდა მითხრა.


– რა? – რა თქმა უნდა, არ იცის, საიდან უნდა იცოდეს. ან
თვითონ უნდა რაღაცის თქმა და ჩემს ნიღაბს იკეთებს, ან მე უნდა მათქმევინოს, რისი თქმაც
მინდა.


– ის, რომ შენ უცნაური ხარ. ის, რომ შენ მე არ გიყვარვარ.
ის, რომ შენ ვერ ახერხებ მითხრა ის, რისი თქმაც გინდა. ის, რომ შენ გგონია, ცუდი ხარ.
ის, რომ სინდისი გაწუხებს, რომ ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს უსინდისოდ მექცეოდე. ვიცი,
ვიცი, ვიცი!


გავშრი.


თვალები დახუჭული
მქონდა და მესმოდა, როგორ იწმენდდა ცრემლებს.


ოთახში ვიღაც
გაჩნდა. ძალიან ცხელი, ძალიან სევდიანი და ძალიან მარტო.


სამნი ერთ ოთახში. რომელიღაცა ზედმეტი იყო.


წამოვდექი. საწოლის
ბოლოსთან ტანსაცმელი ვიპოვე და ჩავიცვი. არც შემიხედავს მისთვის, მაგრამ ვგრძნობდი,
მარტონი არ ვიყავით.


ვიღაც ზედმეტი
იყო. შეიძლება,
რაღაც.


უხმოდ გამოვედი
ოთახიდან. კიბეებზე ჩამოვირბინე და, სიცივესთან შეჯახებისას, მივხვდი, ქურთუკი დამრჩა.


მირეკავდა. სადარბაზოდან
გავედი. რა უნდა მეთქვა? „გისმენ“ – ავტომოპასუხის ჩართვამდე რამდენიმე წამით ადრე.


– ლეპტოპი დაგრჩა, – გეგონებოდა, არაფერი მომხდარა, –
ლეპტოპი დაგრჩა, ამოდი –ისე მითხრა, უნდა ავსულიყავი.


კარგა ხანს მალოდინა.
ვიცი, კართან იდგა და მელოდა, მაგრამ ეს მე არ უნდა გამეგო.


უხმოდ შევედი
და მაგიდაზე მიგდებულ ჩანთას რომ დავწვდი, უცებ გამახსენდა. გამახსენდა და მივხვდი.


– მაშინაც, არა?



ჩართული დაგრჩა, მე შენი დღიურის კითხვა დავიწყე და...


– გავიგე... – ვერ მივხვდი, სხვა რა უნდა მეთქვა.


ქურთუკი ჩამოვხსენი.


– კარს არ ჩაკეტავ? – ყოველთვის კეტავს. ყოველ შემთხვევაში, კეტავდა.


– ახლავე.


გამოღებულ კარში
გავჩერდი. მიყურებს. ვაკოცე და ლოყა ლოყაზე მივადე.


– იცი, მე მართლა იდიოტი ვარ.


– არა, შენ მართალი და კარგი ხარ. მე კიდევ, ეგოისტი,
გულიბრყვილო და მეოცნებე.


ლოყაზე ვაკოცე.


ხელახლა ჩამოვირბინე
კიბეებზე. ჯიხურში სიგარეტი ვიყიდე.


თოვდა.


ვფიქრობდი.


არ ვნანობდი.


უბრალოდ, მენანებოდა.


მგონი, მართლა
იდიოტი ვარ.


სიგარეტიანი ხელი
ჯიბეში ჩავიდე.


ერთი წამით, სულ
ერთი წამით, ხელს ნაპერწკალი მიწვავდა და ლოყას – შეყინული ცრემლი.


ოღონდ, ჩემი არა.


მწვავდა.


განწირული მეომარივით
თავგამოდებულად თოვდა.

0
38
3-ს მოსწონს
ავტორი:იბერი92ელი
იბერი92ელი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0