x
image
მაკუნა
Mediator image
"საქართველოს ფოსტას" სპეცსამსახურები აკონტროლებენ?!
imageრამდენიმე დღის წინ “საქართველოს ფოსტის” კურიერმა წერილი მომიტანა... გამოველაპარაკე, როცა გაიგო ჟურნალისტი ვიყავი შემომჩივლა, იქნებ ჩემს სამსახურსაც შეეხოს რაიმე ცვლილება, გაუსაძლის გარემოში გვიწევს მუშაობა პოლიციელები მართავენ ფოსტასო. მეტიც, კურიერს მიაჩნდა, რომ ფოსტა შ.ს.ს. დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურაა. “ მთელი ფოსტა პოლიციელებით და აქტიური “ ნაციონალებით” არის სავსე, ხმას ვერ ვიღებდი, ახლაც დიდად არ შეცვლილა სიტუაცია, სამსახურიდან გამომაგდებდნენ, რომ მეთქვა, ივანიშვილი მომწონსო. საპასუხისმგებლო თანამდებობზებზე ისეთი ადამიიანები არიან ვისაც არაფერი გაეგება, მთელი დღე “ფეისბუქზე” ჭორაობენ, ფოსტის მუშაობის ხარისხიც ისევ დაბალია და ყველა ჩვენზე ტეხს საბოლოოდ ჯოხს.”

კურიერს ვინაობა ვკითხე, თუმცა თავი შეიკავა, ტელეფონის ნუმერიც არ დამიტოვა, მაგრამ მითხრა: " იქნებ ამ თემაზე დაწეროთ და ახალი მთავრობა ფოსტის ბედით დაინტერესდესო."


“საქართველოს ფოსტის” ცხელმა ხაზმა თუ ვის ექვემდებარება სტრუქტურულად ფოსტა პასუხი ვერ გამცა, მოგვიანებით კი სავარაუდოდ ჩინოვნიკთან გადამრთეს, რომელმაც მოკლედ მიპასუხა, რომ ფოსტა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე სამინისტროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს შორის “საქართველოს ფოსტა” ჩამონათვალში ნამდვილად არაა.
ოფიციალური პასუხი იყო საინტერესო, თორემ ფოსტაში მიმდინარე საეჭვო მაქინაციები, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 27 ოქტომბერს შ.პ.ს „საქართველოს ფოსტის" გაყიდვის შესახებ განაცხადა და კერძო კომპანიებს მათთვის ხელსაყრელი პირობები შესთავაზა: თუ პრივატიზების სხვა ცნობილი შემთხვევების დროს, სახელმწიფო ინვესტორებს განსაზღვრულ პირობებს თვითონ უდგენდა, ამ შემთხვევაში კომპანიებს შეეძლოთ თვითონ წარედგინათ გეგმა _ რა პირობით და რა ფასად სურთ „საქართველოს ფოსტის" შეძენა.
ინტერესთა გამოხატვის ვადა 2010 წლის 20 დეკემბერს ამოიწურა. თუმცა, გასული წლის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პოტენციური ინვესტორებისთვის განაცხადების შეტანის ვადა გაურკვეველი დროით გადასწია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ 2011 წლის 7 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს ფოსტის შესყიდვის სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა. პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც საქართველოდან, შვეიცარიიდან და რუმინეთიდან იყვნენ, სამინისტრო კომპანიის გაყიდვის განსხვავებული კონცეფციების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა, მოვლენები მოულოდნელად სულ სხვა სცენარით განვითარდა.
ქობალიას განცხადებიდან 10 დღის შემდეგ, 17 ივნისს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა და „საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
ბაინდურაშვილის კვალდაკვალ „საქართველოს ფოსტის" ტოპ-მენეჯმენტში კიდევ ერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი წავიდა. ფოსტის გენერალურ დირექტორად ლევან სანაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
2011 წლის 24 ივნისს კი ეკონომიკის სამინისტრომ „საქართველოს ფოსტა" საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღო. ამის მიზეზად ბაინდურაშვილმა დაასახელა ის, რომ პოტენციური მყიდველების საინვესტიციო წინადადებები „ლოგიკასთან ახლოსაც არ იდგა". „ფოსტას მხოლოდ ფართის კუთხით უყურებენ და არა როგორც აწყობილ ბიზნესს. ეს კი მის გასაყიდ ღირებულებას ამცირებს", - განმარტა ბაინდურაშვილმა.
„საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფაქტობრივად გაკოტრებული კომპანია ჩაიბარა. მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ წლების განმავლობაში ვერც რეალური რებრენდინგი და ვერც მოგებაზე მუშაობა შეძლო, იყო მწირი ბიუჯეტი, ცუდი მენეჯმენტი და უზარმაზარი ქონება, რომელიც ბოლო პერიოდში ფოსტისთვის წინაღობად უფრო იქცა, ვიდრე განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად.
საქართველოს ფოსტის" მოდერნიზაცია კი უცნაური გარიგებით დაიწყო. 2011 წლის 9 აგვისტოს „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელმა, ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ „ლექსორ კაპიტალ კორპმა" ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი „უსასყიდლოდ და უპირობოდ" ეკონომიკის სამინისტროს აჩუქა (ხელშეკრულება უვადოა და „ლექსორ კაპიტალს" წილის უკან გამოთხოვა ეკრძალება). 2 დღის შემდეგ „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%-იანი წილი ეკონომიკის სამინისტრომ 5-წლიანი მართვის უფლებით „საქართველოს ფოსტას" გადასცა.
ეფექტიანი მენეჯმენტისთვის სახელმწიფომ კომპანიას კიდევ ერთი შეღავათი მისცა _ „ლატარიის კომპანია" დამატებული ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლეს. „საქართველოს ფოსტის" რებრენდინგის პირველი საგრძნობი შედეგი ტარიფების გაზრდა იყო. შიდა რესპუბლიკური საფოსტო გზავნილების ტარიფმა 115%-ით მოიმატა, 5 კილოგრამამდე ამანათების გაგზავნა კი 472%-ით გაძვირდა. ტარიფების ზრდა მაშინ ხარისხის გაუმჯობესებით ახსნეს, თუმცა საქართველოს ფოსტას დღემდე უამრავი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავს, გარდა ტარიფების სიდიდისა და სრულიად გაუგებარი ორმაგი გადასახადებისა, მომხმარებელი ჩივის რომ საქართველოში ჩამოსული ამანათები საბაჟოზე ძალიან ხშირად იკარგება, წერილები კი ხელშეუხენლად ვერ აღწევს ადრესატამდე.
საეჭვო გარიგებით რომლის წყალობითაც “საქართველოს ფოსტა” და “ საქართველოს ლატარიის კომპანია ერთმანეთს დაუკავშირდა მომავალში ალბათ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, მითუფრო რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ (ID 1458139). შ.პ.ს. “ლექსორ კაპიტალ კორპის” უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვის ინტერესები იკვეთება, ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში _ დიმიტრი ჩიქოვანი, სწორედ კეზერაშვილის ცოლის ძმაა.
და მაინც რატომ იყო საინტერესო ზემოთ ჩამოთვლილი ჩინოვნიკებისათვის ფოსტა საინტერესო? გარდა იმისა, რომ ძალოვნებს ადამიანთა კომუნიკაციის გაკონტროლება შეეძლოთ, “საქართველოს ფოსტას” საკუთრებაში ჰქონდა 87 000 კვ.მ. მიწის ფართი და 100 000 კვ.მ. ფართის შენობა. თუმცა ფოსტის მიმართ ინტერესი “ნაციონალთა” მმართველობის ბოლო წლებში არ დაწყებულა. თუ როგორ მოახდინეს საააკშვილის მმართველობის დასაწყისში ფოსტის უზურპაცია ამის შესახებ “ქართულ სიტყვას” ბ-ნი ზაურ სირაძე “თბილისის ფოსტამტის” ყოფილი უფროსის მოადგილე ესაუბრა:


ზაურ სირაძე:
– 1983 წლიდან ფოსტაში ვმუშაობ, 1998-2004 წწ-ში უფროსის მოადგილედ, ბოლო ორი წელი ფაქტიურად უფროსი ვიყავი, რადგან პირადი მიზეზებით საქართველოში არ იმყოფებოდა დირექტორი. რემონტების გარდა ფაქტიურად ყველა მიმართულება ჩემი საკურატორო იყო,
საქართველოს ფოსტიის ფუნქციების ცვლილებები დაიწყო ფაქტიურად “ ვარდების” რევოლუციის” შემდეგ. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, 2004 წლის ათ იანვარს ფოსტაში შემოვიდნენ ჩემთვის უცნობი ადამიანები, გამომიცხადეს რომ მათ ინტერესში არ შედიოდა ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა და უნდა დამეტოვებინა პოსტი, მიუხედავად იმისა რომ პარტიული ნიშნით არ ვიყავი ამ თანამდებობაზე დანიშნული. მათთან ჭიდილს აზრი არ ქონდა, ძალას ფლობდნენ და წამოვედი ფოსტიდან. მალევე მომაყოლეს უკან უამრავი კვალიფიციური თანამშრომელი, დავიდნენ რიგით ოპერატორებამდეც კი. არაკვალიფიციურ ხალხს კი რა თქმა უნდა ფოსტის მართვა გაუჭირდა, ამიტომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ფოსტამ ფუნქციები გადაუნაწილა ბანკებს.
თუმცა “ნაციონალები “ ხომ საქმის საკეთებლად ნამდვილად არ მოსულან ფოსტაში. მათ სურდათ ფოსტის უძრავი ქონების ხელში ჩაგდება. მარტო თბილისში, ცენტრალურ ადგილებზე გვქონდა 123 საფოსტო განყოფილება, ამჟამად მხოლოდ რამდენიმე განყოფილებაა, როგორც ვიცი დაახლოებით ათამდე. დანარჩენი კომერციულად მაღალი ინტერესის ფართები გადასულია უცნობი კერძო პირების საკუთრებაში.
შესასწავლია როგორ მოხდა ამ ფართობების გასხვისება, ადეკვატურ ფასებში თუ ერთ ლარად? როგორც ხდება ხოლმე აქ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული. ეს სერიოზული საქმეა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა შეიძლება გამოვლინდეს, ამიტომ პროკურატურა უნდა დაინტერესდება.



ბატონო ზაურ, გამორიცხავთ რომ გარდა უძრავი ქონების ინტერესებისა, ფოსტის მეშვეობით ადამიანების მიმოწერის გაკონტროლება უნდოდათ? ანუ ფოსტა გახდა სახელისუფლები კონტროლის იარაღი?
– ახალ ადმინისტრაციას არ ვიცნობ, თუმცა თუ მეკითხებით შესაძლებელია თუ არა გზავნილების გაკონტროლება, რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია. ადრეც კანონის ფარგლებში გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა წერილების გაშიფვრა. ფოსტაში იყო სპეცსამსახურის განყოფილება, მათთან ძირითადად ძალოვანი სტრუქტურიდან შემოდიოდა დავალება. ეს უმეტესწილად ეხებოდა ძებნილ-კრიმინალებს, თუ ამ ძებნილის მისამართზე რაიმე მოვიდოდა, სპეცსამსახურს უნდა ეცნობებინა შესაბამისი სტრუქტურისთვის. ეს იყო კანონის ჩარჩოებში მოქცეული. როგორც ტელეფონზე მოსმენას სჭირდება წესით სასამართლოს მიმართვა, ასევე იყო ფოსტასთან მიმართებაშიც. ეს იყო ძებნილის მისაკვლევად საჭირო, მხოლოდ ამიტომ გვქონდა გადაცემის ვალდებულება. ყველა წერილის გაკონტროლება კი რა თქმა უნდა დაუშვებელი იყო და ამის ინტერესი არავის ჰქონია. ახლა კი არ ვიცი რა ხდება, მე არავინ ჩამახედებს ფოსტის მუშაობის გამჭვირვალობაში. სადაც ყველაფერს აკონტროლებენ ესეც არ გაუჭირდებოდათ. საერთოდ კი წერილი არის ორი ადამიანის, ფიზიკური თუ იურიდიული პირის პირადი კონფედენციალური საუბარი და არავის უნდა ქონდეს უფლება ამ წერილის წაკითხვის, ეს ლახავს ადამიანის უფლებებს.
რაც შეეხება სასჯელაღსრულებას ჩვენ მხოლოდ მის კანცელარიაში ვგზავნიდით გზავნილს, ისიც თუ ჩვენს ტერიტორიულ ერთეულს მიეკუთვნებოდა. ცალკე საპატიმროებთან ხელშეკრულება არ გვქონია, ესეც ალბათ ინფორმაციის კონტროლის გამო გაკეთდა. სხვა რომ არაფერი გაეკონტროლებინათ, ამას ნამდვილად გააკონტროლებდნენ. მითუმეტეს რომ ყველაფრის სათავეში თავად იყვნენ.მაგრამ ალბათ არავინ დაწერს რამე კონფედენციალურს ასეთ წერილში, ესეც
იმედია, მომავალში ისევე როგორც ყველა სფეროს, ფოსტასაც შეეხება ცვლილებები და დაინტერესდებიან მისი “ნაციონალური” ისტორიით, ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ამ მიმართულებითაც.
მაკა დეკანოსიძე

გაზეთი "ქართული სიტყვა"

7
629
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
629
  
2012, 8 ნოემბერი, 13:29
მაკუნი ეს ზღაპარი შენ მოიფიქრე საყვარელო თუ ვინმემ გიკარნახა? იმ საწყალმა ვითომ კურიერმა კიდევ რაოოო??? მიშველე ჩემთანაც ვაშლს ჭამენოო??:D
2012, 7 ნოემბერი, 1:33
ხო და რომ შეიცვალოს, იმტომ ვწერ! არ შეიცვლება და ავყვირდები!!!!
2012, 5 ნოემბერი, 10:34
ყოჩღ , მაგრმა ჩვენდა სამწუხაროდ შეიცველბა რამე ? ++++++
2012, 5 ნოემბერი, 4:17
ეს არაფერია...მალე სიურპრიზიიი
2012, 4 ნოემბერი, 18:17
მიდი მაკუნა მიდი მასე
2012, 4 ნოემბერი, 1:11
მადლობა
0 1 7