x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
სოხუმელთა ყოფა 2 საუკუნის წინ
imageსოხუმში ჯერ ვარდები ისევ ყვავიან. ზოგიერთ ქუჩებში ისე სახლს ვერ ნახავ, რომ ღობესთან არ უდგეს რამდენიმე ხის სიმაღლე ვარდის ბუჩქები. რომლებიც საამურათ ყვავან ზოგნი სულ წითლათ, ზოგნი სულ თეთრათ და ზოგნი თეთრწითლად, გაუხსნელი კოკრებიც ჯერეთ ბლომათ არიან, ასე რომ იმ თვეშიაც არ გამოილევა აქა გადაშლილი ვარდები. ამაზედ ცხადი დამტკიცება აქაური ჰაერის სითბოსი ძნელათღა იქნება. მაგრამ არც ეს სითბო, არც ზღვის სიახლოვე არ იფარავს აქაურ მცხოვრებლებსა მავნებელ ჭაობის ზედგავლენიდგან.
თითქმის ყველა სუხუმელს პირის სახეზედ ასვია აშკარა დაღი ამ ზედგავლენისა. თეთრ-წითელ ლოყებს იშვიათად შეხვდება კაცი აქაურ მცხოვრებლებში. ყველას ყვითელი, გამოწურული ლიმონის ფერი აქვს.

აქაურ ციებას ბევრი ეთეროვანი არსება დაუფთხვია და საყვარელ ქმრებს მოუშორებია, რასაკვირველია მათ საბედნიეროთ. მშვენიერი სქესი აქ თითქმის მარტო მახინჯ ეგზემპლიარებს წარმოგიდგენს. ლამაზი ცოლები აქ თურმე ქმრებს როდი მოსდევენ. როცა მათ ქმრებს აქეთკენ ნიშნავენ, ცოლები ამ გვარ შესხმას ეუბნებიან თურმე: სანატრელო გვრიტო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ უფრო მომეტებულათ მიყვარს ის სიამოვნება, რომელსაც ჩემი თურაშაული ვაშლივით დაბრაწული ლოყები და ტუჩები გაძლევენ; მე არ მინდა, რომ ეს სიამოვნება მოგაკლო თვით ღრმა სიბერემდის, და ამიტომ ვერ გამოგყვები სუხუმში, რომლის ციებაც თურაშაულ ვაშლს თურმე გაწურულ ლიმონს ამზგავსებს.
ამისთანა საფუძვლიანი
არგუმენტით დაჯერებული ქმარი მარტო მოეხეტება სუხუმში და მოუთმენლათ მოელის, როდის ეღირსება თავისი მშვენიერი ნახევრის ხელმეორეთ ალერსსა... რადგანაც ეს მოლოდინი მათ მალე არ უსრულდებათ, ამიტომ ისინი ხდებიან ბუზღურა ხასიათისა, ჯავრს მეზობლებზედ ყრილობენ, სწყრებიან მათ, ებერებიან, ზურგს აქცევენ შეხვედრის დროს და მუნჯებივით უყურებენ ერთმანეთს, თუ საჭიროება ერთათ მოაქცევს მათ სადმე.


image

სოხუმელები ძალიან ცდილობენ, რომ არისტოტელის წარმოსთქმა: „კაცი არის საზოგადოებრივი პირუტყვი“ თავის შესახებ გაამტყუნონ: ზიან ცალცალკე კუთხეებში და ბაიყუშებივით გამოიყურებიან ფანჯრებიდგან. გაუგონიათ, ახლანდელი ადამიანები კითხვით ართობენ გულსაო და გამოუწერიათ ბიბლიოთეკა. მაგრამ ვიღასაც ცუდი ოინი უქნია მათთვის: აუღია და სულ ჰაზროვანი თხზულებები გამოუწერია. სუხუმელებს ეს არ მოსწონებიათ, დაუკეტიათ ბიბლიოთეკა და კანონით დაუდვიათ: მაშინ გაიღოს, როდესაც წიგნებიდგან გამოქრნენ ყველა ჰაზრებიო. და დანარჩენ შიგ მარტო სასიამოვნო გრძნობანიო. რაც მოვედი აქ, თითქმის ყოველ დღე მივდივარ ბიბლიოთეკართან, იქნება გაღება აღირსეს სუხუმელებმა მეთქი, მაგრამ სად არის. კვეხულობენ კი: ევროპიულათ ვართ გაწყობილიო: კლუბი, ბიბლიოთეკა, სპეკტაკლები და სხვანიო; ქალაქი ჩვენის ცდილობით იზრდება დღეობით კი არა საათობითო!


როცა ეს ესმის რომელსამე ვაჭარსა, იგი უსიამოვნოთ თავს აქნევს და ამბობს: “რას ბოდვენ? სუხუმი რამდენიც ხანი გადის, იმდენი უფრო უკან-უკან მიდის. წინეთ მე 2000 მანეთი მოგება მქონდა, ახლა 600 მანეთიც მენატრება. ვაჭრობა ერთი ხუთად დაეცა, რაკი შავი ზღვის ფლოტი გაქრა და აფხაზეთი გაღარიბდა მცხოვრებლების რიცხვით და ქონებით!“ ვაჭარი სრულიად მართალი ჩნდება, როცა ჰკრეფ სხვა და სხვა ადგილას ცნობებსა. ხედავ, რომ ვაჭრობა საშინლათ დაცემულა. ოფიციალური ცნობაც გამტკიცებს ამაში: აქაურ ტამოჟნის კანტორას იმდენი შემოსავალი არა აქვს ახლა, რომ თავის ჩინოვნიკებს ჯამაგირათ ეყოს. ამიტომაც ამ კანტორას იანვრიდგან აუქმებენ და ზასტავას აარსებენ აქ; უმთავრესი ამისი მიზეზი საშინელი გაღარიბებაა აფხაზეთისა.

აფხაზები ახლა
ყველაფერში თმენულობენ უკიდურესს ნაკლულევანებასა. მათი ტანისამოსი-გლახის ბრანძებსა ჰგავს. უწინ კი თურმე სრულიათ სხვა გვარათ იცვამდნენ და სხვა შეძლება ჰქონდათ. ამიტომაც იყო თურმე სუხუმში ვაჭრობა გაჩაღებული-ამბობენ, მხვნელ-მთესველებს მიწები აღარ აქვთო. ეს გახდა უმთავრესი მიზეზი მათი გაღარიბებისა. მე ამაზედ ნამდვილ ცნობებს შევკრეფავ მერმე და შეგატყობინებთ.

ამ წინაზედ აქ მოხდა ერთი ტრაღი-კომიკური ამბავი: ერთ მექვაბე ურიასა ჰყავდა ლამაზი და მადიანი ცოლი. მის მახეში გაება ერთი მდიდარი მარსის მსახური. ქალი იმედს აძლევდა იქამდის, სანამ ეს აფიცერი ისე არ ჩაიფლო გრძნობის ზღვაში, რომ უკან დახევა შეუძლებელიღა იქნებოდა. ეს რომ შეატყო ქალმა, უთხრა: შემთხვევითი კავშირი ჩემის მხრივ შეუძლებელია, მე შემიძლიან შევიქნე შენი მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი ქმრის ადგილს დაიჭერ და გახდები გვირგვიროსან ქმრათა.

გრძნობისაგან დათრობილი აფიცერი თანახმა გახდა; ჩუმათ ერთ ღამეს გააქანა საყდარში ურიის ცოლი, საჩქაროთ მონათლა და იქვე გადაიწერა ჯვარი. საწყალი ურია თურმე გვიან დაბრუნდა სახლში და ცოლს ძებნა დაუწყო ტახტებ ქვეშა. მაგრამ რას იპოვნიდა! „შენი ჭირიმე, სტიროდა მეორე დღეს ურია, ეს რა უსამართლობაა: სჯულური ცოლი მომტაცოს ვინმემ და არ შემიძლიან დავიბრუნოო! ბევრი იგოდა საწყალმა ურიამ, ბევრი იჩივლა, თავის უბედობაზედ და ბოლოს ასე გადასჭრა საქმე: შევირთავ მეორეს უფრო კიდევ ლამაზს ცოლსა და თვალებ დავაქრეციანებ აფიცერს და უწინდელ ჩემ ცოლსა. მართლა, გამოუწერია ქუთაისიდამ ერთი მშვენიერი ურიის ქალი, რომელიც უწინდელს მის ცოლზედ თურმე ერთი-ორათ ლამაზია. მაგრამ ახლა სხვა აფიცრები ილესავენ კბილებსა. ურიას კიდევ მოელის უწინდელი ხიფათი... ამ სახით შეიძლება კაცმა ყოველ წელიწადს ლამაზი ცოლები იცვალოს, და სრულიად უმანკო და დაუნაშაულო დარჩეს! რამდენი ნატრულობს ამგვარ მდგომარეობასა, ეს სულელი ურია კი სტირის და ჩივის უსამართლობაზედ!
*
დროება, N451, 1874 წელი.

3
211
4-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
211
  
24 მაისი, 5:29
ცოტა რამ ჩვენი ქვეყნის წარსულიდან:
მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა ისტორიული სიმართლე მდგომარეობს შემდეგში:
ისტორიის განვითარების სხვადასხვა პერიოდებში საქართველოს ტერიტორია ხან იზრდებოდა, ხან კიდევ პატარავდებოდა...
ისტორიული ფაქტია, რომ აფხაზთა მეფემ გააერთიანა დღევანდელი საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებში არსებული სამეფო-სამთავროები და 1008 წლიდან გახდა აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III-ის სახელით...
მრავალი ომების გადატანისა და შიდა არეულობების შედეგად 1490 წელს საქართველო ოფიციალურ დაიშალა, ხოლო 1555 წლის ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულებით სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა საქართველოს ტერიტორიები შუაზე გაიყვეს.
დასავლეთ საქართველო ოსმალებმა ჩაიგდეს ხელში, აღმოსავლეთი - სპარსეთმა...
რუსეთის იმპერიამ დაწყებული მე-18 საუკუნიდან მრავალგზის წარმოებული ომების შედეგად სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს წაართვა ის ტერიტორიები, რომლებზეც არსებობს დღევანდელი საქართველო...
23 მაისი, 14:16
ქართული ჯიქეთი ისე შეავიწროვეს სოჭიდან თანამედროვე აფხაზეთისკენ გადმოანაცვლებინეს, ჩერქეზების და უბიხების გენოციდის მერე სოჭი-ხოსტა და ადლერი უბიხებმა დაიკავეს, რომლებიც მოგვიანებით ნაწილი რუსებმა ამოწყვიტეს ნაწილი მუჰაჯირად წავიდა თურქეთში და გაქრა.
ერთადერთი ცოცხალი უბიხების შთამომავალი ზუგდიდში ცხოვრობს.
23 მაისი, 3:25
აფხაზების განადგურება დაიწყო მყრალმა=სატანა რუსეთმა 1820 წელს,ბევრი დახოცეს ხოლო ბევრნი გარიყეს თურქეთში და ჩამოასახლეს აფსუები ჩრდილოეთ კავკასიიდან ხოლო 1864-ში ქართული დამწერლობა და ქართული ენა შეცვალეს რუსულით და 1867-დან აფხაზთა ენა გახდა რუსული.
0 1 3