x
მეტი
  • 04.06.2024
  • სტატია:135109
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509450
ცხოვრება სულ უფრო მეტად ემსგავსება დჟავიუს
image


უცნაურია, მაგრამ ცხოვრება მართლაც სულ უფრო მეტად ემსგავსება დჟავიუს, ყველაფერი მეორდება. ჩემში პირადად გაკვირვებას იწვევს, როგორ უშვებენ ადამიანები სხვადასხვა დროს ერთსადაიმავე შეცდომებს, ან ერში რატომ მეორდება ერთიდაიგივე მოვლენები. იმდენად ახლო წარსულის განმეორება ხდება ხშირად, რომ ამას ისტორიული მეხსიერებაც არ სჭირდება, უბრალოდ მეხსიერება და ანალიტიკური აზროვნების უნარიც საკმარისი უნდა იყოს, წესით. ამიტომ, სულ უფრო ხშირად მაქვს დეჟავიუს განცდა - ღმერთო ჩემო, ეს ხომ უკვე იყო.

ადამიანები კომპლექსში აღიქმებიან. ეს კომპლექსი შესაბამისი ან ასოცირებული ფაქტორების ჯგუფია და მახასიათებლების ერთობლიობას წარმოადგენს, იგულისხმება ადამიანი თავისი გარეგნული მახასიათებლებით და შინაგანი თვისებებით. ხშირად ეს კომპლექსი გულისხმობს ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, მის წარმომავლობას, მის ადგილს საზოგადოებაში, მის ფიზიკურ, სულიერ, გონებრივ თუ მატერიალურ შესაძლებლობებს და სხვ. ერიც ასევე, კომპლექსურად აღიქმება. ყველა ერს აქვს თავისი გარკვეული რესურსები და შესაძლებლობები, მ.შ. ადამიანური რესურსები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები განსაზღვრავენ საკუთარ და შესაბამისად ქვეყნის ბედ-იღბალს. ყოველ ერში არის როგორც განათლებული, ისე გაუნათლებელი მასა, როგორც ქვეყნის ერთგული, პატრიოტი თუ საღად მოაზროვნე ადამიანები, ასევე ორგული, კონფორმისტი, გაუნათლებელი თუ ნაკლებად მოაზროვნე ადამიანები. ერის სახეს ეს ბალანსი განსაზღვრავს და ისეთ საერთო სურათს ქმნის, რაც სრულ შესაბამისობაშია ერის ხასიათთან, ანუ იმასთან, რაც ჭარბობს.


ადამიანის შეფასებისას დიდ ყურადღებას უთმობენ, როგორც გარეგნულ ეფექტებს, ასევე, არა ნაკლებ მნიშვნელოვან - შინაგან ბუნებას და ღირსებებს, რაც ამ ბუნებაშია ჩამალული. ასეთი ღირსებებია - ნიჭიერება, ერთგულება, წესიერება, ემპათია, სიკეთე, სამართლიანობა, კეთილშობილება, თავდადება, კეთილგონიერება, სულგრძელობა, მიმტევებლობა, ხელგაშლილობა, ალტრუიზმი, თავმდაბლობა, გულმოწყალება და ა.შ.


თუმცა არსებობს სიტყვა კომპლექსის სხვა მნიშვნელობაც. კერძოდ, ფსიქოანალიზში კომპლექსი - არაცნობიერში არსებული წარმოდგენების და მოგონებების ერთობლიობაა. ეს კომპლექსი შენდება ბავშვობის პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე, შეუძლია არეგულიროს ფსიქიკის ყველა დონე – ემოციები, განწყობა, შეგუებითი ქცევები და სხვა, ცნობიერის მიერ დათრგუნული ან გამოდევნილი ემოციური იმპულსები, რომლებიც კონფლიქტშია „ეგო“- სთან და „სუპერ-ეგო“- სთან.



როდესაც ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ახასიათებთ ძალადობისკენ, ჩაგვრისკენ ან სხვა დესტრუქციული ქმედებებისკენ მიდრეკილება, გასათვალისწინებელია მათი სოციალური მდგომარეობა, ფსიქო-ემოციური ფონი, ფსიქიკური ჯანმრთელობა და სხვა მიზეზთა ერთობლიობა. მაგალითად, როდესაც დაუნდობელ და სასტიკ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც ძალადობს, ჩაგრავს სუსტს, არ აქვს ემპათიის უნარი, სავარაუდოდ ასეთი ადამიანი თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, დიდი ალბათობით ბავშვობაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არ დავუშვათ აღზრდაში გამოუსწორებელი შეცდომები და მაქსიმალურად მოვარიდოთ ჩვენი შვილები არასასურველ, ძალადობრივ და დესტრუქციულ გარემოს.


იუნგი თვლიდა, რომ კომპლექსები, ეს ემოციონალურად დამუხტული აზრების, გრძნობებისა და მოგონებების ერთობლიობაა, რომლებიც ინდივიდის მიერ გადმოტანილია მისი წარსულიდან, პირადი ან მემკვიდრეობითი გამოცდილებიდან. იუნგის თანახმად, კომპლექსებს, რომლებიც სრულიად ჩვეულებრივი თემების ირგვლივაა თავმოყრილი, შეუძლიათ საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინონ ინდივიდის ქცევაზე. მაგალითად, ძალაუფლების კომპლექსის მქონე ადამიანი შეიძლება ხარჯავდეს საკუთარი ფსიქიკური ენერგიის დიდ ნაწილს საქმიანობაზე, რომელიც პირდაპირ ან სიმბოლურად უკავშირდება ძალაუფლებას. ის ამბობს, რომ კომპლექსები ყალიბდება ბავშვობაში, ინტერპერსონალური ურთიერთობების საფუძველზე და ზემოქმედებენ ადამიანის ფსიქიკის ყველა დონეზე: ემოციებზე, აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე.

იუდას ცნობილი კომპლექსის ერთ-ერთი გამოვლინებაა ისკარიოტელთან პათოლოგიური იდენტიფიკაცია. ადამიანი, რომელიც ღალატის აქტს ჩადის, ანუ ღალატობს იდეას, ახლობელს, სამშობლოს ან სხვ., თავს აიგივებს იუდა ისკარიოტელთან, რომელმაც 30 ვერცხლად გაყიდა იესო. სავარაუდოდ თავს ქვეცნობიერად იმშვიდებს იმით, რომ ისტორია არ კონკრეტდება იუდას ბედზე, მაშინ, როდესაც ცნობილია იესოს ისტორია, მისი წამების, ჯვარცმის და აღდგომის ამბავი, მაგრამ არაა ცნობილი რა ბედი ეწია იუდას, დაისაჯა, თუ მასაც აპატია უფალმა. იუდას სიკვდილის კანონიკური ვერსია მათე მოციქულის სახარებაში შემდეგნაირად არის აღწერილი: „და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა.(მათ.27:1-5) ანუ კანონიკური ვერსიის თანახმად იუდამ თავადვე მოინანია, არ შეურგია გამყიდველობით მოპოვებული 30 ვერცხლი. თუმცა, მოღალატის დამღა მისმა სახელმა საუკუნოდ ვერ ჩამოირეცხა.


იუდას კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი ხშირად თვლიან, რომ მათ ეპატიებათ, მათთვის დასაშვებია, რადგან მათ სხვა ადამიანების კეთილშობილების და მიმტევებლობის იმედი აქვთ, რაც აძლევთ საშუალებას, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ, ისე მოიქცენ. ამის გამო ზოგჯერ უკადრებელსაც კადრულობენ.


ცნობილი ბრიტანელი ბიზნეს მაგნატი და ფილანტროპისტი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე წარმატებული ადამიანი, რიჩარდ ბრანსონი, კომპანია “Virgin“- ის დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს ბევრ სხვადასხვა ბიზნეს სექტორს მსოფლიოს 30 ქვეყანაში, წერს: „რაც თავი მახსოვს, მშობლებმა მასწავლეს ადამიანებში საუკეთესოს ძებნა. თუ ბავშვობაში ვინმეზე უარყოფითად ვისაუბრებდი, მაიძულებდნენ დავმდგარიყავი სარკის წინ, რათა დამენახა საკუთარი ნეგატივი, რომელიც რიკოშეტირებული იყო ჩემს სარკის გამოსახულებაში. ეს იმას ნიშნავდა, რომ პატარაობიდანვე ვისწავლე არ განმესაჯა ადამიანები და სამაგიეროდ შემძლებოდა მათში კარგის ძებნა... ვფიქრობ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა ლიდერისთვის. ყოველთვის უნდა ეძებოთ საუკეთესო თქვენს გუნდში. ნუ სწვდებით მათ ყელში ადამიანებს, როცა რაღაცას არასწორად აკეთებენ, ამის ნაცვლად შეაქეთ, როცა რაღაცას სწორად აკეთებენ. ჩემი აზრით, პოზიტივით გაძლიერება უნდა შეფასდეს სათანადოდ".


უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში არსებობს კანონზომიერება, მას ქრისტიანობაში ცოდვა-მადლის ბალანსით ხსნიან და ასოცირდება ცნებასთან რომელსაც ჰქვია - ღვთის წყალობა, ან ღვთის მადლი, რომელიც გაიგივებულია იღბალთან. ქრისტიანული მორალი ეფუძნება ათ მცნებას. ქრისტიანობა, როგორც ვიცით ებრაული სარწმუნოებიდან აღმოცენდა, რამეთუ იესო ებრაელი იყო. ებრაული მონოთეიზმის მტკიცე უნიტარულ პრინციპს წარმოადგენს რწმენა, რომ მარადიული ღმერთი მორალის საწყისია, რომელსაც ემყარება შეხედულება, რომ ღმერთი სჯის ბოროტებს და საფასურს უხდის კეთილთ. იგივე ხაზს ვხვდებით ბუდიზმში და მას - კარმას უწოდებენ. კარმა ცენტრალური ცნებაა ინდუიზმსა და სხვა ინდურ თუ აღმოსავლურ რელიგიებში, რაც გულისხმობს ცოცხალი არსების ქმედებას, რომელიც მის შემდგომ ბედს და ცხოვრების ხარისხს განაპირობებს. მუსლიმები კი ამას - ქისმატს, ან იგივე ყისმათს (არაბულიდან) უწოდებენ და ისიც გაიგივებულია ბედისწერასთან, იღბალთან და ა.შ.


მიუხედავად იმისა, არის თუ არა ადამიანი რელიგიური, ამ კანონზომიერებით იმართება სამყარო, რომელსაც ბუმერანგის პრინციპი ჰქვია. ხშირად გაიგონებთ ხალხში - ჩვენ გვეჩქარება, თორემ ... დიახ, სამყაროსთვის დროის ჩვენეული ათვლა უცხოა, ჩვენი საუკუნე წამია სამყაროსთვის. ძნელია პროგნოზირება, შესაძლოა ცოდვა-მადლმა ორ დღეში „გვიწიოს“, ან 30 წელიწადში, ან სულაც შთამომავლობაზე გადავიდეს, ეს ზუსტად არავინ იცის, სამყაროს გარდა. სხვათაშორის, ამ კანონზომიერებას ეზოთერიკოსებიც აღიარებენ, რა ენერგეტიკასაც უშვებ სამყაროში, იგივე გიბრუნდება, რაიმე სახით და რაიმე ფორმით, ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც უკან ბრუნდება. ამიტომაც ჰქვია ამ კანონზომიერებას „ბუმერანგის პრინციპი“, ზოგს შეიძლება მადლის, ანუ ღვთის წყალობის სახით დაუბრუნდეს უკან მისი „ღვაწლი“, ზოგს კი განსაცდელის სახით. ეს იმაზეა დამოკიდებული რას ვაუნჯებთ, მადლს ვიხვეჭთ თუ ცოდვას, რომელს დავიმსახურებთ.


მადლის მოხვეჭას და ღვთის წყალობას გისურვებთ!


0
43
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0