x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
დანა, მარილი და ძველი ვალუტის სხვა უჩვეულო ფორმები
ფული. მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ადამიანებში იწვევს ზღვა ემოციას, გრძნობას და აზრს. მაგრამ თანახმა იქნებოდით, მიგეღოთ მარილი ან უზარმაზარი ქვა ჩვეული ხელფასის ნაცვლად?



image



უძველესი დროიდან ადამიანები ანიჭებენ ფულად ღირებულებას სხვადასხვა საგანს და ფულად იყენებენ სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფორმატის გასაოცარ საგნებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ე.წ. ვალუტის დიდი ნაწილი დღეს არაპრაქტიკული ან შეუსაბამოა, გვახსენებს, თუ რას აფასებდნენ ადამიანები წარსულში და რატომ.



ამ სტატიაში განვიხილავთ 10 წარმოუდგენელ მაგალითს, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან იმისგან, რასაც დღეს სიტყვა „ფულს“ ვუწოდებთ.



10. დელფინის კბილები


image



ალბათ, ყველაზე უცნაური და საშინელი ვალუტა. დელფინის კბილებს იყენებდნენ სოლომონის კუნძულებზე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. 2008 წელს კუნძულზე დოლარი გაუფასურდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ფულის დაგროვება დაიწყო, რამაც მონეტების დეფიციტი გამოიწვია და სიტუაცია უფრო გაამწვავა. შედეგად, კუნძულების ზოგიერთ ნაწილში ხალხი დაუბრუნდა ტრადიციულ ვალუტას, დელფინების კბილებს.



ბრიტანული გამოცემის Royal Society Open Science თანახმად, 2004 წლიდან 2013 წლამდე დელფინის ერთი კბილის ღირებულება გაიზარდა 14-დან 68 ცენტამდე. ამ მიზეზით ბოლო წლებში ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა. დელფინებზე მონადირე ჰენრი სუკუფატუ ამბობს:



„თეთრი ადამიანის ფული ადრე თუ გვიან ამოიწურება, მაგრამ დელფინების კბილები – არასდროს“.



9. ციყვის ტყავი

image



უძველესი დროიდან ცხოველის ტყავი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გაცვლასა და ვაჭრობაში. შუა საუკუნეებში ციყვის ტყავი ითვლებოდა ყველაზე ძვირფასად, რის გამოც ფინეთსა და რუსეთში ვალუტის გავრცელებულ ფორმად იქცა. ზოგი თვლის, რომ ფულის გამო ციყვების დახოცვამ შემთხვევით გადაარჩინა რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუბონური ჭირისგან (ციყვები ჭირის ბაცილის მატარებლები არიან). იმ დროს რუსეთი იყენებდა არა მხოლოდ ციყვის ტყავს, არამედ ამ ცხოველის სახესა და კლანჭებს.



სავარაუდოდ, ფინეთში ციყვის ტყავი დღემდე გამოიყენება გადახდის საშუალებად, სამომხმარებლო და გაცვლითი ღირებულება გააჩნია. თუ ფინეთში გაიგონებთ „ციყვის ტყავები“, იცოდეთ, შესაძლოა ფულზე საუბრობენ.



8. მარილი

image

მარილი ათასობით წლის განმავლობაში ძვირფას საქონლად ითვლებოდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადრეული ცივილიზაციის განვითარებაში. მისი ხსენება გვხვდება მნიშვნელოვან რელიგიურ ტრადიციასა და ტექსტში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2200 წელს ჩინეთის იმპერატორმა იუ დიდმა მარილით გადაიხადა ისტორიაში პირველი დაფიქსირებული გადასახადი.



მარილის გადასახადის შემოღება საფრანგეთის რევოლუციის ერთ–ერთი მიზეზი იყო. თავად პროდუქტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ–ს სამოქალაქო ომში. უფრო მეტიც, ძველ რომში ჯარისკაცებს ხშირად უხდიდნენ მარილით სამსახურისთვის. დღესაც ეთიოპიის ზოგიერთი მომთაბარე ხალხი იყენებს „თეთრ სიკვდილს“ ვალუტად.



7. შავი წიწაკა

image



ძველ საბერძნეთში შავი წიწაკის დეფიციტმა გამოიწვია მისი უპრეცედენტო ფასი. ისტორიული ცნობებით V საუკუნეში ვესტგუთების პირველმა მეფემ ალარიხმა და ჰუნების წინამძღოლმა ატილამ რომი დაიპყრეს და ქალაქის მცხოვრებლებს გამოსასყიდად დიდი რაოდენობით შავი წიწაკა მოსთხოვეს.



შუა საუკუნეებში შავი წიწაკა ვალუტის გავრცელებულ ფორმად იქცა. მე–15 საუკუნეში ევროპაში სანელებლებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ამ ფაქტმა უდიდესი როლი ითამაშა შორეულ აღმოსავლეთთან საზღვაო გზების განვითარებაში. მაღალი ფასის გამო სანელებელს „შავი ოქრო“ უწოდეს და მე–19 საუკუნემდე ითვლებოდა ფუფუნებად, რომლის შეძენაც მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ. დღეს შავი წიწაკა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სანელებელია.



6. ვამპუმი (მძივები)

image



ამერიკის პირველი ვალუტა იყო მძივები, კერძოდ ვამპუმი. ეს არის ტრადიციული ხელნაკეთი მძივები, რომელიც დამზადებულია მუცელფეხიანი და ორსაგდულიანი მოლუსკების თეთრი და მეწამული ნიჟარებისგან. როდესაც მე–16 და მე–17 საუკუნეებში ევროპელებმა ამერიკის სანაპიროზე დასახლება დაიწყეს, შენიშნეს, რომ ადგილობრივები განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ ვამპუმს, მას წმინდა და ძვირფას საგნად თვლიდნენ. კოლონისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ადგილობრივი ამერიკელები უფრო ხალისით უზიარებდნენ საჭირო მარაგებს, როცა სანაცვლოდ ვამპუმს სთავაზობდნენ. ასე ნიჟარების სამკაული ოფიციალური ვალუტა გახდა, თუმცა თავად ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენი მოსახლეობა მათ ფულად საერთოდ არ თვლიდა.



გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროპულ ქარხნებში ვამპუმის მასობრივი წარმოება დაიწყო. 1663 წელს ახალი ინგლისის კოლონიებში ნიჟარების მძივები მიმოქცევიდან ამოიღეს, თუმცა მე–18 საუკუნის დასაწყისამდე ნიუ–იორკში ოფიციალურ საგადასახადო საშუალებად რჩებოდა. ზოგიერთი ევროპული ქარხანა ვამპუმის წარმოებას 1900–იანი წლების დასაწყისამდე აგრძელებდა.



5. ჩაის აგური

image



უძველესი ვალუტის კიდევ ერთი საოცარი ფორმა იყო ჩაის აგური. ამ ძვირფასი პროდუქტის წარმოებისთვის ჩაის ბუჩქის ღეროებსა და ფოთლებს ურევდნენ სხვადასხვა ბალახს, ზოგჯერ ხმელ ნაფოტს. მიღებული ნარევიდან ამზადებდნენ აგურს, შემკვრელ ნივთიერებად იყენებდნენ ხარის სისხლს ან სკინტლს.



ტრადიციულად, ჩაის აგურებზე გამოსახავდნენ ჩინურ სიმბოლოებს ან უნიკალურ ფორმებს და ნახატებს. მე–19 საუკუნეში გამოიყენებოდა ვალუტად ჩინეთში, ტიბეტში, ციმბირსა და მონღოლეთში. 12 ასეთი აგურით შეგეძლო გეყიდა 1 ცხვარი, 20 აგურით – ცხენი. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაის აგურს იყენებდნენ საკვებად და სამკურნალოდ.



4. რაის ქვები

image



ზოგიერთისთვის ზომას შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ არა კუნძულ იაპის (მიკრონეზია) მცხოვრებთათვის. ყველა საფუძველი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ მათ დაიწყეს რაის ქვების შექმნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წელს. ვალუტის ამ უჩვეულო ფორმის დასამზადებლად სჭირდებოდათ კირქვა, რომელიც მხოლოდ მეზობელ კუნძულ პალაუზე მოიპოვებოდა. იქ ქვიდან ჭრიდნენ უზარმაზარ მრგვალ დისკებს, ცენტრში ნახვრეტით, შემდეგ იაპში აგზავნიდნენ.



ზოგიერთი ქვის დიამეტრი 3, 5 მეტრს აღწევდა, წონა კი 4 ტონას აღემატებოდა. ქვების ღირებულებას განსაზღვრავდა მათი დამზადების პროცესიც, უკიდურესად საშიში და ზოგჯერ ფატალურიც იყო. რაის ქვების მდებარეობა გადახდის საშუალებად გამოყენების შემდეგ არ იცვლებოდა. ფიზიკური გაცვლა არც იყო საჭირო, რადგან ყველამ უკვე იცოდა, ვის ეკუთვნოდა ქვები.



ევროპელების მოსვლასთან ერთად ქვების ღირებულება შემცირდა. მათი ტექნოლოგიებით ქვების დამზადების პროცესი გამარტივდა. დღეს რაის ქვები გამოიყენება სხვადასხვა რიტუალსა და ცერემონიაში, ასევე წარმოადგენს მიკრონეზიის ფედერალური შტატების ეროვნულ სიმბოლოს.



3. კაურის ნიჟარა

image



კაურის (ფაიფურის ლოკოკინა) ნიჟარა უძველესი ვალუტის ერთ–ერთი პირველი ფორმაა. პატარა, მსუბუქი და გამძლეა, თან გაყალბება რთულია. თუმცა ზოგი მაინც ახერხებდა ყალბი ნიჟარის დამზადებას ისეთი მასალებისგან, როგორიცაა რძა, ძვალი, ტყვია, ვერცხლი და ოქრო. კაურისგან ამზადებდნენ საოცარ სამკაულებს და ორნამენტებს.



პირველად კაურის ნიჟარა სავალუტო საშუალებად გამოიყენეს ჩინეთში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–16 საუკუნის დასაწყისში. ამ ტიპის ვალუტა მოგვიანებით გავრცელდა აფრიკის, არაბეთის, ევროპის და აზიის ზოგიერთ ნაწილებში. კაურის მაღალი ღირებულება არ ჰქონდა, სავაჭრო ოპერაციებისთვის დიდი რაოდენობა იყო საჭირო, ამიტომ თასმაზე აცმევდნენ ან ტომრებში ინახავდნენ. მე–19 საუკუნეში ინდოეთში რამდენიმე ათასი კაური ერთ რუპიას უდრიდა.



2. ისრის პირი

image



უძველესი ვალუტის შესანიშნავი ტიპი წარმოიშვა შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. მე–7 საუკუნის დასაწყისში ისრის პირების ვალუტად გამოყენება დაიწყეს დიდი სკვითის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე.



ბრინჯაოს ისრის პირები უძველეს მონეტებზე დიდი ხნით ადრე გაჩნდა და დიდად ფასობდა სიძლიერის და იარაღად გამოყენების შესაძლებლობის გამო.



1. დანა

image



ძველი ჩინური დანები იყო იარაღიც და ვალუტაც. დანა–ფული არის მაჩვენებელი, თუ რას აფასებდნენ ადამიანები იმ დროს. ეს უჩვეულო ვალუტა გამოჩნდა ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600 წელს, ჯოუს დინასტიის მეფობის დროს.



ასეთ დანებზე ხშირად კვეთდნენ ნომრებს ან ცალკეულ სიტყვებს, მაგალითად, „ცხვარი“ ან „თევზი“, რაც, სავარაუდოდ, განსაზღვრავდა თითოეული მონეტის ღირებულებას. ყველა მონეტას ასევე ჰქონდა წარწერა, რომ ის ოფიციალური ვალუტა იყო. დანები ფულად ერთეულად რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, სანამ ჩინეთის პირველმა იმპერატორმა ცინ შიხუანდიმ ეს ვალუტა არ გააუქმა და გამოაცხადა, რომ ამიერიდან ერთადერთი კანონიერი გადახდის საშუალება იქნებოდა მრგვალი მონეტები შუაში კვადრატული ნახვრეტით.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
46