x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508612
შორეული ვარსკვლავის ირგვლივ მეცნიერებმა სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
დღეისათვის ასტრონომების მიერ აღმოჩენილია 5000-ზე მეტი ეგზოპლანეტა, რომელთა არც ისე დიდ ნაწილს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს არამიწიერი სიცოცხლის წარმოშობას.


ასეთი ციური სხეულების რიცხვს განეკუთვნება ის ორი ეგზოპლანეტაც, რომლებიც NASA-ს მკვლევარებმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ეგზოპლანეტები ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავენ, რომელსაც TOI-700 ეწოდება. მის ირგვლივ სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში ბრუნავს პლანეტა სახელწოდებით TOI-700 e, რომელიც დედამიწის ზომისაა და რომელიც მეცნიერების ვარაუდით კლდოვანი ზედაპირის მქონე უნდა იყოს.


მეორე პლანეტა, რომელიც იმავე ვარსკვლავის სისტემას განეკუთვნება, რომელისაც TOI-700 e ეკუთვნის, არის TOI-700 d. ეს პლანეტაც საკმაოდ პატარაა და საკუთარი მზის ირგვლივ ისეთ ორბიტაზე ბრუნავს, სადაც მკვეთრი სიცხე ან სიცივე არ არსებობს, რაც საშუალებას იძლევა, წყალი მის ზედაპირზე სტაბილურად თხევად მდგომარეობაში შენარჩუნდეს, რაც სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელ პირობად არის მიჩნეული.


მაგრამ დავუბრუნდეთ TOI-700 e-ს. ეს პლანეტა იმითაც არის საინტერესო, რომ დედამიწასთან შედარებით სულ ოდნავ არის მცირე. მისი მასა დედამიწის მასის სულ რაღაც 95 %-ს შეადგენს. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ეგზოპლანეტა ჩვენი მშობლიური პლანეტის ციური ტყუპისცალია.



ამჟამად ორივე ეს პლანეტა — როგორც TOI-700 e, ასევე TOI-700 d, ჯეიმს ვების ტელესკოპის აქტიური დაკვირვების სფეროშია მოქცეული. უახლოეს ხანებში აღნიშნული ტელესკოპით მოხდება მათი ატმოსფერული შემადგენლობის განსაზღვრა და მნიშვნელოვანი ალბათობით გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა მათზე სიცოცხლის არსებობა.


აღსანიშნავია, რომ ეგზოპლანეტებზე “ნადირობა” სულ რამდენიმე ათწლეულს ითვლის. პირველი ეგზოპლანეტები მკვლევარებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოაჩინეს, რაც ასტრონომიის თვალსაზრისით თვალის ერთი დახამხამებაა. ამიტომ არც ისე შორეულ მომავალში, როცა კოსმოსში ჯეიმს ვების ტელესკოპზე გაცილებით უფრო დიდი ზომის ტელესკოპების გაგზავნას შევძლებთ, გამორიცხული არ არის, რომ სიცოცხლის კვალის პოვნა თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით მოვახერხოთ.


და ვინ იცის, როცა შორეულ მომავალში ჩვენი ხომალდები ათასწლოვანი ფრენის შემდეგ სიცოცხლის არამიწიერი ფორმებით დასახლებულ ეგზოპლანეტებს მიადგებიან, რა საოცარი არსებების აღმოჩენას შეძლებენ ისინი იქ და გადარჩენისთვის ბრძოლის რა საკვირველ მაგალითებს წააწყდებიან.


მანამდე კი ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ფანტაზიის მოშველიებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.


უცხო

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0