x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
"გურჯი ხათუნი " იგივე რუმის სასულთნოს ქართველი დედოფალი და "აღმოსავლეთის მზედ" წოდებული თამარ ბაგრატიონი

თამარ ბაგრატიონი, იგივე გურჯი ხათუნი, რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედ დინის შვილი და თამარ მეფის შვილიშვილი იყო. დაიბადა 1224/1225 წელს. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად–დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

image

თამარის სილამაზითა და გამჭრიახობით მოხიბლულმა ხუსრევ II მეუღლეს გურჯი ხათუნი (ქართველი ქალბატონი) უწოდა. თამარი სულთნის მესამე ცოლი იყო და ქორწინების პირობების თანახმად ქრისტიანად დარჩენა შეეძლო ქორწინების შემდეგაც. პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე თამარი სულ მალე სულთნის უსაყვარლეს ცოლად იქცა, რამაც ძალიან გააღიზიანა სულთნის დანარჩენი ცოლები და მათ გურჯი ხათუნის მოწამვლაც სცადეს უფროსი ცოლით მეთაურობით. განრისხებულმა ხუსრევ II პირველი ცოლი სიკვდილით დასაჯა.

თამარს და ხუსრევ II ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ, რომელიც რუმის სულთანმა მემკვიდრედ გამოაცხადა.

ბრძენი და გულმოწყალე დედოფალი იკონიელებმა გულწრფელად შეიყვარეს. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ მისი სილამაზით, განათლებით, ჭკუა–გონებით, პოლიტიკური გამჭრიახობით. 1236 წელს სულთანმა გამოსცა სახელმწიფოს ახალი ფული-მონეტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფაფარაყრილი ლომი და სხივოსანი მზე. მზის დისკოში ნატიფი და მშვენიერი ქალის თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა "შირ-უ-ხურში", მზე და ლომი, რომელიც შემდგომ სელჯუკთა სხვა სულთანებმაც გამოიყენეს. სწორედ ამიტომ ისტორიკოსები მას ''აღმოსავლეთის მზეს" უწოდებდნენ.

იკონიის დედოფლის მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. რუსუდან მეფის უღირსი საქციელის წყალობით თამარი მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

რუსუდანმა თამართან გაგზავნა ლაშა–გიორგის შვილი დავით ულუ, რომლეშიც თავის შვილის, დავით ნარინის კონკურენტს ხედავდა საქართველოს ტახტზე და თამარს მისი მოკვლა უბრძანა. თამარმა არათუ არ შეასრულა დედის მოთხოვნა, ბიძაშვილი სრულ კომფორტში ჰყავდა. განრისხებულმა რუსუდანმა შვილის წინააღმდეგ გაილაშქრა და სიძეს მისწერა: დაბრმავებულხარ და და ვერ ხედავ როგორ გღალატობს ცოლი ლაშა–გიორგის ძესთანო. გააფთრებულმა სულთანმა ცოლი ისე სცემა, სიკვდილის პირამდე მიიყვანა, დავითი კი დილეგში ჩააგდო. ამის შემდეგ ხუსრევ II ცოლს ულტიმატუმი წაუყენა, რომ აუცილებლად ისლამი მიეღო. თამარმა აქაც დიდი სიბრძნე გამოიჩინა და ის ორთოდოქსულ ისლამს კი რ ეზიარა, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას მევლევიობას, რომელიც არ ითხოვდა გამაჰმადიანებას, ყველა რელიგიას თანაბარ პატივს მიაგებდა. ასე რომ დედოფალი თავისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანობის ერთგული დარჩა.

ხუსრევ II მალევე მიხვდა, რომ რუსუდან მეფემ ის თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და მეუღლეს პატიება სთხოვა. მათი სიყვარული სულთნის ბურუსით მოცულ სიკვდილამდე გაგრძელდა.

ხუსრევი აბანოში დაიხრჩო და მის დახრჩობაში დიდი წვლილი მის პირველ ვეზირს ფერვანეს მიუძღოდა. ხუსრევის გარდაცვალების შემდეგ რუმის სულთანი და პატრონი ფერვანე გახდა, რომელმაც ძალდატანებით იქორწინა გურჯ ხათუნზე. ახალ სულთანს სიგიჟემდე უყვარდა დედოფალი, ყველა სურვილს უსრულებდა და ანებივრებდა.

1277 წელს მონღოლმა ნოინებმა გურჯი ხათუნის მეუღლე ფერვანე მოკლეს და დედოფალი იძულებული გახდა ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა. ნახევარძმების მოთხოვნით თამარისა და ხუსრევ II შვილი მოკლეს. შვილის სიკვდილმა თამარი საბოლოოდ გატეხა წელში. მისი ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წყაროები ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს. გურჯი ხათუნის საფლავი უცნობია.

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0