x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
დეპრესიული ადამიანი და სიყვარული

imageდეპრესიული ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განცდას სიყვარული წარმოადგენს, რომელიც მასში აღძრავს სურვილს, რომ ვინმე უყვარდეს და მასაც სიყვარულით უპასუხებდნენ. ამ დროს დეპრესიულ პიროვნებას შეუძლია თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს, მაგრამ ეს გრძნობა ყველაზე დიდ საფრთხეებსაც მალავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეპრესიული პიროვნების კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, პარტნიორულ ურთიერთობებს უკავშირდება; მისთვის დაძაბული სიტუაციები, ახსნა-განმარტებები და კონფლიქტები აუტანელი და მტანჯველი უმთავრესად იმის გამო ხდება, რომ მათ «დაკარგვის შიშის» გააქტიურება ახლავს თან. დეპრესიულ ადამიანს არ ესმის, რომ პარტნიორთან თავადვე მიყავს საქმე კრიზისამდე, რადგან ეს უკანასკნელი ცდილობს, მის მარწუხებს დააღწიოს თავი. ამ დროს დეპრესიული პიროვნება ჯერ პანიკაში ვარდება, შემდეგ კი ღრმა დეპრესია ეწყება, შიშს ხანდახან შანტაჟითა და მუქარით გამოხატავს და თავის მოკვლასაც კი ცდილობს. მას უჭირს იმის წარმოდგენა, რომ პარტნიორს მასთან სიახლოვის ისეთივე სურვილი არა აქვს, როგორსაც თავად განიცდის მის მიმართ; თუ პარტნიორი მისგან დისტანცირებას მოითხოვს, დეპრესიული პიროვნება ფიქრობს, რომ მისი კეთილგანწყობა და სიყვარული დაკარგა.

დეპრესიული პიროვნების ერთ-ერთი განსაკუთრებული და ყველაზე მშვენიერი თვისება ის არის, რომ შეუძლია მთელი არსებით შეიყვაროს ადამიანი და მასთან ტრანსცენდენტური თანამონაწილეობის გზით მისი გრძნობები შეიცნოს და გაიზიაროს. დეპრესიული პიროვნების ჭეშმარიტად გულწრფელი განცდის ეს უნარი სიყვარულის, და, ამასთანავე, ყოველგვარი ადამიანურობის გამოვლენის მაუწყებელია. იდენტიფიკაციისადმი მზაობამ მასში, შესაძლოა, მედიუმის ემოციურ დონეს მიაღწიოს, რომლის იქითაც ზღვარი «მე»-სა და «შენ»-ს შორის ფაქტობრივად იშლება. ეს არის ყველა შეყვარებული ადამიანისა და მისტიკოსის სწრაფვა იმ ტრანსცენდენტური თუ ღვთაებრივი სამყაროსაკენ, რომელთან ქვეცნობიერი შერწყმაც მას დედასთან ურთიერთობის ბავშვობისდროინდელ სამყაროში დააბრუნებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დროს სწორედ ამ ურთიერთობიდან მიღებულ გამოცდილებას ენიჭება. ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც სუსტი დეპრესია აღენიშნება, დიდი სიყვარულის, ერთგულების და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის უნარი გააჩნია; მას შეუძლია, პარტნიორთან ერთად გადალახოს ნებისმიერი სიძნელე, და, ასევე, უპირობოდ გამოხატოს საკუთარი გულწრფელობა და კეთილგანწყობა.

ღრმა დეპრესიით შეპყრობილ ადამიანებში სიყვარულის განცდას «დაკარგვის შიში» გადასძლევს. ამ დროს საქმე ეხება ისეთ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელსაც უმთავრესად დეპრესიის ორი კონკრეტული ფორმა გააჩნია და დაახლოებით ასე გამოიყურება: ადამიანი ცდილობს, თავისი პარტნიორის ცხოვრებით იცხოვროს და მასთან სრულ იდენტიფიკაციას ახდენს, რომლის დროსაც ადამიანებს შორის ურთიერთობა სიახლოვის მართლაც მაღალ ხარისხს აღწევს; ადამიანი თითქოს მეორე ადამიანად გარდაიქმნება, აღარ არსებობს როგორც ცალკე პიროვნება და საკუთარი ცხოვრება აღარ გააჩნია; ამ დროს იგი მეორე ადამიანის ფიქრებს, გრძნობებს და განცდებს გამოხატავს და შეუძლია პარტნიორის ნებისმიერი სურვილი «მის თვალებში ამოიკითხოს». დეპრესიულმა პიროვნებამ იცის, რაზე შეიძლება თქვას უარი მისმა პარტნიორმა, ან რა უშლის ხელს და მზადაა, ყველა სიძნელე მასთან ერთად გადალახოს.

მოკლედ, დეპრესიულ ადამიანს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება თითქოს სახიფათოდ მიაჩნია და ამაზე ფიქრი მასში მეორე ადამიანის «დაკარგვის შიშს» იწვევს. ამრიგად, იგი მთლიანად შეერწყმის პარტნიორს, მისდამი თავგანწირულ სიყვარულსა და ერთგულებას გამოხატავს. ამგვარი სიყვარულის ჭეშმარიტი არსი იმით შეგვიძლია განვსაზღვროთ, არიდებს დეპრესიული პიროვნება თავს «საკუთარ ღერძზე ტრიალს», თუ ცდილობს თავი დააღწიოს «დაკარგვის შიშს», გააცნობიეროს სიყვარულთან დაკავშირებული საფრთხეები და ყოფნის თუ არა გამბედაობა, საკუთარ თავსაც და პარტნიორსაც მისცეს განვითარების საშუალება, თან ამ დროს ის ისევ უყვარდეს? ამ შემთხვევაში თითქოს ხდება სრული განზოგადება გამოთქმისა: «შენ საითაც წახვალ, მეც იქით გამოგყვები». ასეთი ურთიერთობა, ბევრი თვალსაზრისით, ნამდვილად ხელსაყრელია, მაგრამ, ვინც პარტნიორისგან უფრო მეტს მოითხოვს და არ სურს, მასში მხოლოდ საკუთარი პიროვნების აჩრდილს ან მუდმივად მორჩილ მსახურს ხედავდეს, მას ამგვარი ურთიერთობა არ დააკმაყოფილებს და იმედგაცრუებული დარჩება, როდესაც იგრძნობს, რომ მისმა პარტნიორმა «დაკარგვის შიშით» საკუთარ თავზე უარი განაცხადა და, ფაქტობრივად, თავის ბავშვობისდროინდელ პერიოდს დაუბრუნდა. რაკი დეპრესიული პიროვნება საკუთარ ფუნქციებს პარტნიორს გადაულოცავს, რაც კონკრეტულად თავად უნდა შეესრულებინა, იგი სულ უფრო დამოკიდებული ხდება მასზე და მის გარეშე საშინელ უმწეობას გრძნობს; დროდადრო კი მის დახმარებას ცდილობს, რათა უფრო საიმედოდ «გამოიჭიროს» იგი. დეპრესიული პიროვნება ამ დროს პარტნიორთან გაუცნობიერებლად ისეთ ურთიერთობას ამყარებს, რომელიც ბავშვობაში მასსა და მშობლებს შორის არსებობდა; ამიტომ ხშირია ქორწინებები, რომელთა საფუძველსაც ამგვარი პარტნიორული ურთიერთობები შეადგენს. იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც დეპრესიული პიროვნება დაქვრივების შემდეგ კვლავ ქორწინდება, თუმცა გარდაცვლილი მეუღლე თავისებურად უყვარდა. ასეთი ადამიანები დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ ეგუებიან და ნებისმიერ პარტნიორს მთლიანად მიენდობიან ხოლმე. როგორც ჩანს, აქ ის სიმპტომი მოქმედებს, რომლის დროსაც დეპრესიული პიროვნება ცდილობს «მე»-სა და «შენ»-ს შორის ყოველგვარი ზღვარი წაშალოს და ისინი ერთმანეთს შეურწყას; როგორც ერთმა დეპრესიულმა პიროვნებამ თქვა: «ამ დროს ადამიანმა აღარ იცის, სად მთავრდება თვითონ და სად იწყება ის «სხვა». დეპრესიული პიროვნება სიამოვნებით გაერთიანდებოდა ერთ არსებად მეორე ადამიანთან ან «სიყვარულით შესანსლავდა» მას ისე, რომ თავს არ დაკარგავდა და პიროვნებადაც დარჩებოდა; მაგრამ პრობლემას ქმნის ის, რომ დეპრესიული პიროვნება თავს არიდებს ინდივიდუაციის პროცესს და არც პარტნიორს აძლევს მასში მონაწილეობის საშუალებას.
imageპარტნიორული ურთიერთობის დროს ხშირად გავიგონებთ ასეთი გამონათქვამს – «ჩემი სიყვარული შენ რაში გეხება?» ამ სიტყვებში აშკარად ჩანს «დაკარგვის შიშისაგან» გათავისუფლების მცდელობა: პარტნიორი თავისუფალია და შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც მოესურვება; დეპრესიულ ადამიანს საკუთარი სიყვარულის გრძნობა ბოლოს და ბოლოს პარტნიორზე მეტად უღირს, ამიტომ მხოლოდ თავისთავზე და ამ სიყვარულზეა მიყურადებული; ამდენად, მას შეუძლია ამ გზით მარადიულ სიყვარულს ეზიაროს.

პარტნიორობის უფრო რთულ ფორმას ე.წ. «დამაშანტაჟებელი» ანუ გამომძალველი სიყვარული წარმოადგენს. დეპრესიული პიროვნება ამ გრძნობას სიამოვნებით ნიღბავს საგანგებო მზრუნველობით, მის მიღმა კი მბრძანებლობის სურვილს მალავს, რაც ისევ და ისევ «დაკარგვის შიშით» არის გამოწვეული. როდესაც დეპრესიული პიროვნება სურვილს ვერ ისრულებს, იგი უფრო მკაცრ საშუალებებს (მაგ., თვითმკვლელობის მუქარასაც კი) მიმართავს, თუმცა ცდილობს, პარტნიორს, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის გრძნობა შთაუნერგოს, და, თუ ესეც ამაო აღმოჩნდა, დეპრესიული პიროვნება სასოწარკვეთილებაში ვარდება და ამბობს: «თუ შენ აღარ გიყვარვარ, თავს არ ვიცოცხლებ». ამით იგი პარტნიორს მიანიშნებს, რომ მას პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანის სიცოცხლეზე. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი სისუსტეს გამოავლენს, დანაშაულს იგრძნობს და სიტუაციას ალღოს ვერ აუღებს, შესაძლოა, სიტუაცია გართულდეს და ტრაგედია დატრიალდეს. არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც პარტნიორი იძულებულია, მხოლოდ შიშის, სიბრალულის და დანაშაულის გრძნობის გამო შეინარჩუნოს ურთიერთობები დეპრესიულ პიროვნებასთან, თუმცა ამის მიღმა მისდამი სიძულვილს და მისი სიკვდილის სურვილს მალავს. ამ დროს შანტაჟის იარაღი შეიძლება ავადმყოფობაც გახდეს, რასაც, არცთუ იშვიათად, ტრაგიკული ფინალი მოსდევს.

ჩვენ ისევ დავინახავთ, რომ დეპრესიული პიროვნებების
შიშებსა და კონფლიქტებს მნიშვნელოვანი ზოგადი საფუძველი გააჩნია; გამოდის, რომ ადამიანს, რაც უფრო ძლიერად უყვარს, მით უფრო მეტი აქვს დასაკარგი; იგი ნებისმიერი საფრთხის დროს თავშესაფარს სიყვარულში ეძებს და მისი პოვნის იმედი აქვს. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ინდივიდუაციაზე უარისთქმა «დაკარგვის შიშს» ვერ აქრობს; პირიქით, როდესაც დეპრესიული პიროვნება საკუთარ არსს უარყოფს, ისევ იმ სიტუაციას უბრუნდება, საიდანაც თავის დაღწევას ცდილობდა. ადამიანებს შორის პარტნიორობა კარგად გააზრებული მანძილის არსებობას მოითხოვს, რათა ორივე მხარემ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და განვითარება შეძლოს. ჭეშმარიტი პარტნიორობა მხოლოდ ორ დამოუკიდებელ ინდივიდს შორის ურთიერთობას ნიშნავს; თუ ერთ-ერთი პარტნიორი მეორეზეა დამოკიდებული, იგი იმ ობიექტად გადაიქცევა, რომელიც საკუთარ თავს არ ენდობა და ფიქრობს, რომ დამოუკიდებელ პარტნიორად არ გამოდგება. დეპრესიულ პიროვნებას სწორედ ეს უქმნის მის გვერდით მყოფი ადამიანების დაკარგვის საფრთხეს, რადგან სხვაზე დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი პატივისცემას უგულებელყოფს და ადამიანი დგება საშიშროების წინაშე, რომ პარტნიორის პატივისცემას დაკარგავს; ამის შედეგად კი დეპრესიულ პიროვნებას უჩნდება გრძნობა, რომ მისი გამოყენება «მთლიანი დატვირთვით» არ სურთ. მეორე მხრივ, ვინც ცდილობს პარტნიორი უმწეო ბავშვად აქციოს, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ის როდესმე შეეცდება ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას და მოინდომებს, მასაც სერიოზულად მოეკიდონ. შესაძლებელია, მან ამ დროს ტოლერანტობის ზღვარს გადააბიჯოს, და მაშინ მის სიყვარულს სიძულვილი შეცვლის. ასეთი სიტუაცია ორივე პარტნიორში «ნევროზის» ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობაში სტაგნაცია დაისადგურებს და მისი შემდგომი განვითარება აღარ მოხდება. ამ სიტუაციაში თითქმის ზუსტად ხდება ბავშვებისთვის დამახასიათებელი ურთიერთობის განმეორება.

დეპრესიული პიროვნება ნაკლებ
მნიშვნელობას ანიჭებს სექსუალობას. მის მთავარ საზრუნავს სიყვარული, კეთილგანწყობა და სინაზე შეადგენს. თუ პარტნიორი მის ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დეპრესიულ პიროვნებას მასთან ფიზიკური სიახლოვეც სიამოვნებს და ფიქრობს, რომ სიყვარულში არ შეიძლება რაიმე სახის აკრძალვა არსებობდეს. იმ დეპრესიული პიროვნებებისთვის, რომლებიც მეტისმეტად დამოუკიდებლები არიან, დასაშვებია მაზოხიზმის ნებისმიერი ფორმა, რაც, არცთუ იშვიათად, პარტნიორის სრულ მორჩილებას გულისხმობს. ამასთან, ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა პარტნიორის შესანარჩუნებლად, რადგან ადამიანი ამ დროს მთლიანად მიენდობა მის ნება-სურვილს.

არ არსებობს ზოგადი წესი,
რომელიც დაადგენდა, რა სახის თავისუფლება სჭირდება ადამიანს ან რა არის მისთვის მისაღები და მიუღებელი. ყველა შემთხვევაში იგი საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებს. თავად ადამიანების ცხოვრება, ემოციები თუ სოციალური პირობები იმდენად განსხვავებულია, რომ პარტნიორული ურთიერთობების დროს რთულია მათთვის მისაღები მოთხოვნების წამოყენება, მით უფრო, რომ ზოგიერთი მათგანი ნორმიდან გადახრილია და არცთუ მთლად ჯანსაღად აზროვნებს. ამიტომ, ჩვენი მხრივ, კეთილგონიერება და გულისხმიერება უნდა გამოვიჩინოთ და სიყვარულის იმ ფორმებსაც პატივისცემით მოვეკიდოთ, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ იმ ადამიანების განსჯა მოგვიწევს, რომლებმაც ბავშვობის მძიმე წლები გამოიარეს და მოგვიანებით ვეღარ შეძლეს სრულყოფილი სიყვარულის განცდა; ახლა კი გამოდის, რომ ისინი ამისათვის უნდა დაისაჯონ.
*
*
წყარო: შიშის ძირითადი ფორმები - ფრიც რიმანი

0
11
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0