x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო, ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი-მეთქი!''-ლევან თედიაშვილი
image

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, 75 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სააქაო ცხოვრებას გამოაკლდა დიდებული ქართველი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი-ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973)


ლევან თედიაშვილი ასევე თამაშობდა ფილმებში "ხარება და გოგია(1987) და "მეოთხე ბრაიტონი"(2021)


შემოგთავაზებთ ერთ საინტერესო ნაწყვეტს ნუგზარ შატაიძის წიგნიდან" ლევან თედიაშვილი", რომელიც 2011 წელს გამოიცა.




" თეირანში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი შაჰის თასზე. თეირანის ახალაშენებული სპორტის სასახლის ტრიბუნებზე ნემსი არ ჩავარდება. ფინალურ შეხვედრებს ირანის შაჰიც დაესწრო. ლევანმა ირანელი ჯაფარი 20 წამში წააქცია, ეგვიპტელი ხოდაბალა – 25 წამში, ბულგარელი ჩერნაგოვი – 2 წუთში, პოლონელი ტომასი – 10 წამში და ფინალში ირანელ სულეიმანს უნდა შეხვდეს. „ფინალამდე 1 საათია დარჩენილი, მაგრამ უკვე სპორტის სასახლეში ვარ, ჩვენს მოჭიდავეებს ვგულშემატკივრობ. ჩვენი მთავარი მწვრთნელი იურა შახმურადოვი მოშორებით ზის, რაღაც არ მომწონს. შემომხედავს – გაიღიმებს, კიდევ შემომხედავს, კიდევ გაიღიმებს. მივედი და გვერდით მივუჯექი.

– რა არის მეთქი?

– არაფერიო.

– მა რა გაცინებს, შე ჩემის ვერანო-მეთქი.

– გითხრაო?

– მითხარი-მეთქი.

– წეღან აქ ერთ ირანელთან შემახვედრეს. ეგ შენი სულეიმანი, თურმე, შაჰის ნათესავი ყოფილა. ძალიან უნდათ, რომ გაიმარჯვოს, ოღონდაც ლევანა დაწვეს და ძალიან დიდ ფულს მივცემთო.

– მაინც რამდენს?

– 50 ათას დოლარსაო.

– ავუტყდი. მოდი რა იმ კაცს მე შემახვედრეთ-მეთქი.

– წადი დაიკარგე, რაღაც უნდა იციგნო და გახდეს შარიო. ერთი სიტყვით, უარი მტკიცა, მაგრამ ის კაცი, გავიხედოთ და, თავად არ მომადგა?! თარჯიმანი ახლავს. გამიყვანეს განზე და მეტუტუნებიან.

– რა გინდა, ლევან, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ხარ, მსოფლიოს – ხუთგზისა. ეს ოხერი ტურნირი რა გაგიხდა. აიღე ფული (ქეისს მაჩეჩებენ და დაწექიო).

– შევიკარი შუბლი, ცოტაა-მეთქი.

– აბა, რამდენი გინდაო.

– 80 ათასს არაფერი დააკლდება-მეთქი!

– ეხლავეო და გაცვივდნენ.

– რა ვქნა? გამიხდა მართლა შარი-ხათაბალა. იმათ რომ ის ფული მოიტანონ, უარი როგორღა ვუთხრა? წავედი და დავიმალე ტუალეტში. თავი აღარ გამომიყვია, ვიდრე საჭიდაოდ არ გამომაცხადეს. გავიქეცი ხალიჩისკენ სირბილით. მომდევს ის საწყალი ირანელი, მაწვდის ქეისს და მეხვეწება, მაგრამ, აბა, გვიანია. დავიწყეთ ჭიდაობა. ის სულეიმანი დიდი ვერაფერი შვილი გამოდგა. დავუწყე ღლაბუცი. ისე ვეთამაშები, როგორც კატა – თაგვს. ის ერთთავად ხალიჩის გარეთ მიიწევს, თუმცა არ ვუშვებ. სულ თავბედი ვაწყევლინე, ბოლოს ავიყვანე და დავაწყვიტე ხალიჩაზე. ისეთი ვაყა დავაძახებინე, კედლებმა სულ ზანზარი დაიწყეს. ჩამოვარდა იმხელა დარბაზში სამარისებური სიჩუმე. გავიხედე შაჰის ლოჟისკენ, გამტკნარებული ზის. ავდექი და ფეხბურთელი რომ გოლს გაიტანს და უხამს ჟესტს აჩვენებს, ამ შაჰს ეგრე არ გავუკეთე?! გაგიჟდა ხალხი. აიშალა მაყურებელი და ქვემოთ წამოვიდა. პოლიცია ძლივს აკავებს. კიდევ კარგი, გამოცვივდნენ ეს ჩვენი რუსები, შახმურადოვის თამადობით, ალყაში მომაქციეს და ეგრე გამიყვანეს სამშვიდობოს, თორემ ცოცხლად შემჭამდნენ. რა თქმა უნდა, ბევრი საყვედური მივიღე, მაგრამ მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რადგან რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო, ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი-მეთქი!”

0
338
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0