x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
კიდევ ერთხელ სანდრო გირგვლიანის საქმის გარშემო
image

18 წლის წინ, 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოებთან იპოვეს სანდრო გირგვლიანის გვამი, რომელიც იქცა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.


დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებეთ ამ მკვლელობის ქრონოლოგიას



კონფლიქტი



2006 წლის 27(28) იანვარს "გაერთიანებული ქართული ბანკის“თანამშრომელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი მეგობართან მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად „შარდენ–ბარში“ შევიდა, სადაც მეგობარი გოგონა, თამარ მაისურაძე ეგულებოდა.


იქ ის შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.


გირგვლიანს არ მოწონებია მეგობარი გოგონას თანამესუფრენი და გაუკიცხავს ამის გამო.


"მან მკითხა თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ „პედერასტთან“, მიუთითა რა გურამ დონაძეზე "(თამარ მაისურაძის ჩვენებიდან)




ამის შემდეგ, სავარაუდოდ დათა ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ვერცხლისფერ ML კლასის "მერსედეს-ბენცში"

და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.

გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა, ხოლო ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი დილით ნახეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.




მკვლელობის გახმაურება


2006 წლის 12 თებერვალს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ეს პირები შესაძლოა დანაშაულის მონაწილენი იყო . სატელევიზიო გადაცემას ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა.


21 თებერვალს სანდრო გირგვლიანის დედამ, ირინა ენუქიძემ ღიად დაადანაშაულა შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი შვილის მკვლელობაში.


22 თებერვალს ოპოზიციური ფრაქციების „ახალი მემარჯვენეების“ და „დემოკრატიული ფრონტის“ დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პარლამენტში მიწვევა და ეჭვმიტანილი შსს თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.


25 თებერვალს მერაბიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან არავის გადაყენებას არ აპირებდა, რომ " ეს არის პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა... არის მცდელობები, ეს საქმე ჩემი ოჯახის წევრებს დაუკავშირონ. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რომ ჩემს ნერვებზე იმოქმედონ. რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც ჩემს ოჯახის წევრებს ან ჩემს თანამშრომლებს ეხებათ"


image



დაკავება



6 მარტს პოლიციამ დააკავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი - გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილური, რომლებმაც აღიარეს, რომ 28 იანვარს სანდრო გირგვლიანი გაიტაცეს ტყეში, სადაც ის სცემეს. შემდეგ, მათივე თქმით, გირგვლიანმა გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც „გზა აებნა და 20 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა“.

შს მინისტრს გამოძიების დეტალები არ გაუხმაურებია, თუმცა თქვა, რომ არსებობდა „მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებდა“. თუმცა ამ პირთა სახელები არ ფიგურირებდა ტელეკომპანია იმედის მიერ 12 თებერვალს ეთერში გაშვებულ გადაცემაში.




16 მარტს თბილისსა და საქართველოს ქალაქებში ათასობით ავტომობილის მფლობელი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ასიგნალებდნენ.


რამდენიმე საათის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა პირდაპირ ეთერში, სადაც ვანო მერაბიშვილს "კარგი მინისტრი" უწოდა და უარი თქვა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე.


დაკითხვები


30 ივნისს სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მკვლელობის დღეს ბარში მყოფი პირები, მათ შორის მინისტრის მეუღლე. თუმცა, მათ განაცხადეს, რომ მათ არ გაუგიათ გირგვლიანისა და დონაძის საუბარი, რა დროსაც ჩხუბი მოხდა.



განაჩენი


2006 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ალანიას, აფციაურს, ღაჭავას და ბიბილურს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავებისთანავე, სპეციალურად ამ საქმისთვის, მაშინდელმა საქართველოს პარლამენტმა ორჯერ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები - სსკ-ს ის მუხლი, რომელიც 12 წლიან სასჯელს ითვალისწინებდა, ექვს წლამდე შემცირდა.


ოლეგ მელნიკოვი



კობა დავითაშვილმა და კოკა გუნცაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მთავრობას საქმის დაუყოვნებლივი გამოძიება მოსთხოვეს. საქმის გამოძიებას ითხოვდა მაშინდელი ოპოზიციის ყველა წევრი, მათი მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი იმ პირთა შორის იყო, რომლებმაც გირგვლიანი და მისი მეგობარი გაიტაცეს.


ლევან ბუხაიძამ, მთავარმა თვითმხილველმა და სანდრო გირგვლიანის მეგობარმა, 9 მარტს აღიარა, რომ ვერ შეძლო იმავე დღეს ოლეგ მელნიკოვის ამოცნობა პოლიციაში მოყვანილ ოთხ ადამიანთა შორის. თუმცა მოგვიანებით მან იმედს განუცხადა, რომ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ეს პირი არ იყო იმ ოთხ მამაკაცთა შორის.


მიუხედავად იმისა, რომ ბუხაიძემ ვერ შეძლო ოლეგ მელნიკოვის ამოცნობა, გირგვლიანის მეგობარი გოგონას, თამარ მაისურაძის, ჩვენება მიუთითებს მელნიკოვის შესაძლო ჩარევაზე ამ ინციდენტში. მისი თქმით მელნიკოვმა ბარი დატოვა სიგარეტის ყიდვის საბაბით, მყისვე ბუხაიძისა და გირგვლიანის გასვლის შემდეგ. ის უკან მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა, ვინაიდან, მისი თქმით, ახლომდებარე მაღაზიაში მან სიგარეტის ყიდვა ვერ შეძლო და სხვა, უფრო შორს მდებარე სუპერმარკეტში მოუწია წასვლა. მაისურაძის თქმით, „მე ვუყურე იმ სუპერმარკეტის დაცვის ვიდეოკამერის ჩანაწერს, მაგრამ იქ მელნიკოვი არ ჩანს“.


ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია


დათა ახალიამ და ოლეგ მელნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს დროებით, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა. ახალაიამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო 28 იანვარს ჩადენილ დანაშაულთან, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. ზოგიერთს გაუკვირდება, მაგრამ ამ საქმის გახსნა ჩვენი მცდელობის შედეგად მოხერხდა. ამის მიუხედავად, ვინაიდან ჩვენ მორალურად ვთვლით თავს პასუხიმსგებლად საზოგადოების, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ოჯახების წინაშე, ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მან მოგვხსნას თანამდებობრივი უფლებები“.


2018 წელს სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 3 წლით, ხოლო დავით ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში.


" დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ივანე მერაბიშვილის, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩანა ახალაიას და მისი ძმის დავით ახალაიას მიერ, ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზე დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.


კერძოდ, ივანე მერაბიშვილმა საქმის გამოძიების ხელმძღვანელობა დაავალა თავად დანაშაულის ორგანიზატორს დავით ახალაიას.

თავის მხრივ, დავით ახალაიამ, 2006 წლის თებერვლის მეორე ნახევარში, გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები შეკრიბა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა, არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სანაცვლოდ კი თითოეულ მათგანს დაჰპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელისგან ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ. ასევე თითოეულს დაჰპირდა საპატიმროში ყოფნის პერიოდში, ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ თანხებს და სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგირებული პირობების შექმნას. "-ნათქვამია პროკურატურის დასკვნაში.



მიხეილ სააკაშვილი


2018 წლის 5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა.


სტრასბურგის სასამართლო


მოსარჩელეები - ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა, რომელიც 2007 წლის აგვისტოში გარდაიცვალა სტრასბურგში სარჩელის წარდგენის შემდეგ) და გურამ გირგვლიანი (მამა) .


2011 წლის 26 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა შესაბამისი გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოყვებოდა, “ სასამართლომ მოსარჩელის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა;

0
293
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0